საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელითნ
საქმე №ბს-1163(კ-24) 25 მარტი, 2025 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ბ. დ-ე
მოწინააღმდეგე მხარეები - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია
მესამე პირები (სასკ 16.2) - ვ. ჯ-ე; ს. ჯ-ე
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივლისის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა; ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2022 წლის 2 მაისს ბ. დ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.
სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ, მოსარჩელემ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში მდებარე უძრავ ქონებაზე (ს/კ:...) ვ. ჯ-ეისა და ს. ჯ-ეის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 25 მაისის №... და 2021 წლის 2 ივნისის №... გადაწყვეტილებების ნაწილობრივ, 1100 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიწის ნაკვეთების რეგისტრაციასთან დაკავშირებით სსიპ საჯარო რეესტრთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის 2021 წლის 1 მარტის ცნობის ბათილად ცნობა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში მდებარე ს/კ ... უძრავი ქონების ნაწილზე - 1100 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, ბ. დ-ეის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 1 მაისის გადაწყვეტილებით ბ. დ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 1 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. დ-ემ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივლისის განჩინებით ბ. დ-ეის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 01 მაისის გადაწყვეტილება;
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2020 წლის 25 მაისს ვ. ჯ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში მდებარე 2757 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. 2020 წლის 3 ივნისს იმავე მიწის ნაკვეთის ნაწილთან დაკავშირებით ბ. დ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში მდებარე 1100 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა.
2020 წლის 10 დეკემბერს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილმა პირებმა, „მიწის ნაკვეთზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში, დაათვალიერეს ის მიწის ნაკვეთი, რომელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასაც მოითხოვდა ვ. ჯ-ე. კომისიამ დაადგინა, რომ მიწის ნაკვეთი მოქცეული იყო ნაწილობრივ მყარ საზღვრებში. ნაკვეთში გაშენებული იყო ვაშლი, მსხალი, კაკალი და ტყემალი. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიწის ნაკვეთების რეგისტრაციასთან და საჯარო რეესტრთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა, კომისიის მიერ განხორციელებული დათვალიერების შედეგების საფუძველზე, 2021 წლის 1 მარტს გასცა ცნობა, რომ ვ. ჯ-ეის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემულ ნაკვეთს.
საარქივო ცნობისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის №45 ცნობის საფუძველზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2021 წლის 25 მაისის მიიღო №... გადაწყვეტილება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში მდებარე 2757 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ვ. ჯ-ეის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2021 წლის 16 აპრილს მიიღო №... გადაწყვეტილება, რომლითაც ბ. დ-ეის განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება შეწყვიტა. შეწყვეტის საფუძვლად მითითებული იყო ის გარემოება, რომ ბ. დ-ემ სააგენტოს ვერ წარუდგინა მიწის ნაკვეთზე სარგებლობისა და მფლობელობის უფლების დამდგენი საბუთი.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2021 წლის 2 ივნისს განახორციელა ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების კომლის წევრების იდენტიფიცირება, რის შემდეგაც უძრავ ქონებაზე დარეგისტრირდა ვ. და ს. ჯ-ეების საკუთრების უფლება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმეზე გამოკითხულ მოწმეთა ახსნა-განმარტებებზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, მათ შორის მიწის ნაკვეთის დათვალიერების აქტზე და აღნიშნა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებებით მართებულად დაკმაყოფილდა მესამე პირთა მოთხოვნა სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდებოდა მათ მიერ სადავო ნაკვეთის მართლზომიერად ფლობის ფაქტი და მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი დოკუმენტები სრულად აკმაყოფილებდა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას, პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ ვერც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და ვერც მოწმეთა ჩვენებებით, ვერ შეძლო დაემტკიცებინა სადავო მიწის ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის ფაქტი (როგორც მართლზომიერი მფლობელობის, ისე თვითნებურად დაკავების).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბ. დ-ემ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2021 წლის 02 აპრილს მიიღო №... გადაწყვეტილება, რომელშიც აღნიშნა, რომ ბ. დ-ეის მიერ საკადასტრო აზომვით ნახაზზე დატანილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამება მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრება მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში (ს/კ ..., დაინტერესებული პირი ვ. ჯ-ე). ბ. დ-ეის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთზე უკვე რეგისტრირებული იყო ვ. ჯ-ეის საკუთრების უფლება. ხელვაჩაურის რაიონში, სოფელ ...ში მდებარე 2757 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 2021 წლის 25 მაისს ჯერ დარეგისტრირდა მხოლოდ ვ. ჯ-ეის, ხოლო 2021 წლის 02 ივნისიდან ვ. ჯ-ეისა და მისი შვილის ს. ჯ-ეის თანასაკუთრებად. ბ. დ-ეის მიერ სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი 1100 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან გადაფარვაში მყოფი არის მხოლოდ 1068 კვ.მ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საარქივო სამმართველოს ტერიტორიული ორგანოს ხელვაჩაურის არქივის 2019 წლის 17 აპრილის №01-20/557 წერილის შინაარსიდან ირკვევა, რომ „კომლის საცხოვრებელი სახლისა და მიწის ფართის რაოდენობის შესახებ ინფორმაცია შევსებული არ არის“. ანუ აღნიშნულ კომლს რა ოდენობის მიწის ნაკვეთი აწერია ან/და აწერია თუ არა მიწის ნაკვეთი, ამის შესახებ არქივში ინფორმაცია არ არის. შესაბამისად, გაუგებარი და დაუდგენელია, რის საფუძველზე გადაწყვიტა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულმა ოფისმა, რომ ვ. ჯ-ეის კომლს გამოყოფილი აქვს 2757 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიწის ნაკვეთების რეგისტრაციასთან და საჯარო რეესტრთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის 2021 წლის 01 მარტის №45 წერილის შინაარსიდან ირკვევა, რომ „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ში მდებარე 2757 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლისა და ადგილზე დათვალიერების შედეგად დასტურდება, რომ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი მიწის ნაკვეთი წარმოადგენს საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემულ მიწის ნაკვეთს“, თუმცა დაუდგენელია კონკრეტულად, რომელი დოკუმენტების საფუძველზე გადაწყდა, რომ ეს მიწა წარმოადგენს საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემულ მიწის ნაკვეთს.
ხელვაჩაურის რაიონში სოფელ ...ში მდებარე 1100 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც დღეისათვის მოქცეულია ვ. და ს. ჯ-ეების საკუთრებად რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის საზღვრებში (ს/კ ...), წარმოადგენს ბ. დ-ეის სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთს, რომელსაც ის ფლობს და სარგებლობს მრავალი წლის განმავლობაში. აღნიშნულ ფაქტს ადასტურებენ სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების მესაკუთრე და მოსარგებლე გ. ბ-ი და ა. დ-ე ნოტარიულად დამოწმებულ 2022 წლის 09 დეკემბრის განცხადებებში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ბ. დ-ეის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. დ-ეის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის შესაბამისად, საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დროს მოქმედი „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება-მოვალეობებს (მუხლი 1.1). მოცემული კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება საკუთრება. მე-2 მუხლის „ლ“ და ,,კ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები, რომლებიც წარმოშობს კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.
მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ საქართველოს კანონი განსაზღვრავს მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესს, ადგენს ამ რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლებს და ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს (მუხლი 1.1).
მოცემული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირი არის პირი, რომელსაც მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე წარმოეშვა. მოცემული პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი განმარტავს, რომ საკარმიდამო მიწის ნაკვეთი არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც, უფლების დამდგენი დოკუმენტის შესაბამისად, გაცემულია საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად, მასზე განთავსებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), სამეურნეო ნაგებობით ან/და დამხმარე ნაგებობით ან მის გარეშე; მიწის ნაკვეთი, რომელზედაც უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ იძებნება (არ გაცემულა ან დაკარგულია), ამასთანავე, მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ ეს მიწის ნაკვეთი გაცემულია საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად და მისი ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰა-ს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰა-ს. ამავე პუნქტის „ჟ“ და „რ“ ქვეპუნქტების მიხედვით, ჟ) საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არის ადმინისტრაციული ხელშეკრულება (მიღება-ჩაბარების აქტი ან სხვა დოკუმენტი), ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, გარიგება ან სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ხოლო მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი არის 2004 წლის 4 ოქტომბრამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია (შემდგომ − განაწილების სია) თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისთვის გადასახადის გადამხდელთა სია (შემდგომ − საგადასახადო სია), სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი, საქართველოს ეროვნულ არქივში ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს არქივში დაცული დოკუმენტი (მათ შორის, ბინის მეპატრონეთა წიგნის ჩანაწერი, მიწის საკადასტრო წიგნის ჩანაწერი) თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, სარეგისტრაციო წარმოებისას მოძიებული/წარმოდგენილი სხვა შესაბამისი დოკუმენტი.
მოცემული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომ − იუსტიციის სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომ – სააგენტო) საკუთარი ინიციატივით: ა) ახორციელებს სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მოძიებასა და სისტემატიზაციას; ბ) სისტემური რეგისტრაციის მიზნებისთვის ახორციელებს მიწის ნაკვეთების საკადასტრო აღწერას და შესრულებული სამუშაოს შედეგების დოკუმენტირებას მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალებში, აგრეთვე განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის ფარგლებში, თუ განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განმახორციელებელი სააგენტოა; გ) ახორციელებს საკადასტრო მონაცემების ცვლილების უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციას; დ) სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში ფაქტების კონსტატაციის მიზნით მიმართავს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს; ე) უზრუნველყოფს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების სრულყოფას და მათ ურთიერთშესაბამისობას; ვ) ახორციელებს ამ კანონით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
ამავე კანონის 41 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, სარეგისტრაციო წარმოების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი: ა) საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა სისტემური რეგისტრაციისა და იმ შემთხვევისა, როდესაც სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა; ბ) საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილია სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში სააგენტოს წარუდგინოს განცხადება მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირის ან მისი უფლებამონაცვლის სახელზე რეგისტრაციის მოთხოვნით, თუ არსებობს/მოძიებულია საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი/მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) ამ კანონის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადასტურებს კომლის წევრთა მიერ მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ ფლობას; გ1) საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემულ მიწის ნაკვეთზე გასცემს ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ცნობას.
განსახილველ საქმეში, კასატორის არგუმენტები ემყარება იმ გარემოებას, რომ სადავო უძრავი ქონება წარმოადგენდა მის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთს, რაც გამორიცხავდა სხვა პირ(ებ)ის საკუთრების უფლების რეგისტრაციას ამავე მიწის ნაკვეთზე. კასატორი აღნიშნავს, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას არ უნდა გაეცა ცნობა მასზედ, რომ ვ. ჯ-ეის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემულ ნაკვეთს, ხოლო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არ უნდა დაერეგისტრირებინა მესამე პირების საკუთრების უფლება იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელე თავად წარმოადგენდა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის მფლობელს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, 2020 წლის 25 მაისს ვ. ჯ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში მდებარე, 2757 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. 2020 წლის 3 ივნისს იმავე მიწის ნაკვეთის ნაწილთან დაკავშირებით ბ. დ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში მდებარე, 1100 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ორივე განცხადება მიიღო განსახილველად და დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ბ. დ-ეისა და ვ. ჯ-ეის განცხადებებზე მიმდინარე წარმოების ფარგლებში, სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოდან გამოითხოვა მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული ინფორმაცია.
2020 წლის 27 მაისს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ინფორმაცია ვ. ჯ-ეის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი გაცემული იყო თუ არა საკარმიდამო ან საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად. რაც შეეხება ბ. დ-ეის განცხადებას, ამ ნაწილში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ რამდენიმეჯერ შეაჩერა ადმინისტრაციული წარმოება და ბ. დ-ეს მოსთხოვა მტკიცებულებების წარდგენა. 2020 წლის 10 დეკემბერს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილმა პირებმა, „მიწის ნაკვეთზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში დაათვალიერეს ის მიწის ნაკვეთი, რომელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასაც მოითხოვდა ვ. ჯ-ე. კომისიამ დაადგინა, რომ მიწის ნაკვეთი მოქცეული იყო ნაწილობრივ მყარ საზღვრებში. ნაკვეთში გაშენებული იყო ვაშლის, მსხალის, კაკალისა და ტყემალის ხეები. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიწის ნაკვეთების რეგისტრაციასთან და საჯარო რეესტრთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა, კომისიის მიერ განხორციელებული დათვალიერების შედეგების საფუძველზე, 2021 წლის 1 მარტს გასცა ცნობა, რომ ვ. ჯ-ეის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემულ ნაკვეთს.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2021 წლის 25 მაისს მიიღო №... გადაწყვეტილება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში მდებარე, 2757 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ვ. ჯ-ეის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2021 წლის 16 აპრილს მიიღო №... გადაწყვეტილება, რომლითაც ბ. დ-ეის განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება შეწყვიტა. შეწყვეტის საფუძვლად მითითებული იყო ის გარემოება, რომ ბ. დ-ემ სააგენტოს ვერ წარუდგინა მიწის ნაკვეთზე სარგებლობისა და მფლობელობის უფლების დამდგენი საბუთი. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2021 წლის 2 ივნისს განახორციელა ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების კომლის წევრების იდენტიფიცირება, რის შემდეგაც უძრავ ქონებაზე დარეგისტრირდა ვ. და ს. ჯ-ეების საკუთრების უფლება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საკუთრების უფლების რეგისტრაციის შეჩერების, შეწყვეტისა და რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები დადგენილია „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე-23-ე მუხლებით. ადმინისტრაციული ორგანო მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლების არსებობის შემთხვევაშია უფლებამოსილი, არ მოახდინოს მოთხოვნილი საკუთრების უფლების რეგისტრაცია. რეგისტრაციის დამაბრკოლებელ საფუძვლებს შორისაა სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდების არსებობა, რა დროსაც ხდება წარმოების შეჩერება, ხოლო სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაციის ან დოკუმენტის წარუდგენლობის შემთხვევაში, წარმოება წყდება (მუხლები 21, 23).
განსახილველ შემთხვევაში, უსაფუძვლოა მოსარჩელის მითითება მოპასუხეთა მხრიდან, საკანონმდებლო ვალდებულებების დარღვევის შესახებ, რადგან არც ადმინისტრაციულ ორგანოში წარმოების მიმდინარეობისას და არც სასამართლოში საქმის განხილვისას, საქმეზე არ დადასტურდა სადავო საკუთრების უფლების რეგისტრაციების დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა. არ არსებობს კასატორის პოზიციის გაზიარების საფუძველი, რომ სადავო მიწის ნაკვეთი (ზედდების/გადაფარვის ნაწილში), საკადასტრო მონაცემების, ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, წარმოადგენდა მისი და არა მესამე პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთს. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოთა შეფასებას, რომ სახეზე არ არის განხორციელებული სადავო რეგისტრაციების ბათილად ცნობის საფუძვლები.
საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, 2020 წლის 10 დეკემბერს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილმა პირებმა, „მიწის ნაკვეთზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში დაათვალიერეს ის მიწის ნაკვეთი, რომელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასაც მოითხოვდა ვ. ჯ-ე. კომისიამ დაადგინა, რომ მიწის ნაკვეთი მოქცეული იყო ნაწილობრივ მყარ საზღვრებში. ნაკვეთში გაშენებული იყო ვაშლი, მსხალი, კაკალი და ტყემალი. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიწის ნაკვეთების რეგისტრაციასთან და საჯარო რეესტრთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა, კომისიის მიერ განხორციელებული დათვალიერების შედეგების საფუძველზე, 2021 წლის 1 მარტს გასცა ცნობა, რომ ვ. ჯ-ეის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემულ ნაკვეთს.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე, მოსარჩელე მხარემ - ბ. დ-ემ ვერ უზრუნველყო სხდომაზე მოწმეების წარმოდგენა. შესაბამისად, მფლობელობის დასადასტურებლად მოწმეები არ დაკითხულან, თუმცა, სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ იქნა როინ ჯიჯავაძე, რომელმაც მოსარჩელის პოზიციის საპირისპიროდ განმარტა, რომ სადავო მიწის ნაკვეთის მიმდებარედ მასაც გააჩნია მიწის ნაკვეთი. შესაბამისად, მისთვის ცნობილია სადავო ნაკვეთის ისტორია, კერძოდ, ნაკვეთს 2000 წლიდან ფლობს და სარგებლობს ვ. ჯ-ე. მიწის ნაკვეთი შეღობილი აქვს და გაშენებული აქვს ხეხილი.
მოცემული საკანონმდებლო ნორმების და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების უკანონობა.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად არსებითად სწორად შეაფასა საქმის გარემოებები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ბ. დ-ეის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ. დ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ბ. შონია
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. მაკარიძე