საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-534(კ-24) 10 მარტი, 2025 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გენადი მაკარიძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ლ. დ-ეის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 მარტის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლა).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. დ-ემ 2017 წლის 10 იანვარს საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატას, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში იუსტიციის მსმენელად ჩარიცხვაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 31 ოქტომბრის №1/273 გადაწყვეტილების გაუქმებისა და მისი კანდიდატურის ხელახლა განხილვის საბჭოსთვის დავალების მოთხოვნით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის 2017 წლის 11 იანვრის განჩინებით, ლ. დ-ეის საჩივარი განსჯადობით გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 იანვრის განჩინებით ლ. დ-ეის დაზუსტებული სარჩელი, მოპასუხე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ მოთხოვნით - გაუქმდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ლ. დ-ეს უარი ეთქვა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მსმენელად ჩარიცხვაზე; დაევალოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, ხელახლა იმსჯელოს ლ. დ-ეის კანდიდატურაზე და დადებითი გადაწყვეტილების საფუძველზე, ჩარიცხოს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში; დადგინდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ლ. დ-ეის გამოხატვის თავისუფლების დაუშვებელი ხელყოფა, დისკრიმინაციული გადაწყვეტილების მიღების ფაქტი და დაეკისროს მოპასუხეს მორალური ზიანის ანაზღაურება 1 ლარის ოდენობით, მიღებული იქნა წარმოებაში.
2021 წლის 01 ივლისს ლ. დ-ეის მიერ დაზუსტდა მოპასუხეთა წრე, კერძოდ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან ერთად მოპასუხე მხარედ მიეთითა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ. დ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელე მხარის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება. ამავე განჩინებით, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 02 ივნისის საოქმო განჩინებები.
სააპელაციო პალატამ დავის საგნის გათვალისწინებით მიუთითა „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) 1-ლი მუხლის მეორე პუნქტი, მე-11 მუხლის პირველი პუნქტი, მე-13 მუხლი, იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს 2008 წლის 18 აპრილის №1/1 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის უმაღლესი სკოლის წესდების“ მე-8, 81 მუხლები და განმარტა, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების სასამართლო კონტროლი შეზღუდულია ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციური პრინციპით, სასამართლო ვერ იქცევა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოდ და თავად ვერ განახორციელებს დისკრეციულ უფლებამოსილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კომისიის უფლებამოსილებაში ჩარევით სასამართლო მთლიანად შეცვლიდა საგამოცდო კომისიას, გადაიქცეოდა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოდ, ხოლო ადმინისტრაციული ორგანო შებოჭილი იქნებოდა არა კანონით, არამედ სასამართლოს მიხედულებით. სასამართლოს მსჯელობით აღსანიშნავია, რომ სასამართლო იცავს რა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის სფეროს, იმავდროულად, თვითნებობის ფაქტების აცილების მიზნით, აქვს შესაძლებლობა მოახდინოს ზემოქმედება მმართველობის ამ სფეროზე, ვინაიდან ამ საკითხზე არ არსებობს აბსოლუტურად დისკრეციული უფლებამოსილება, ისევე როგორც აბსოლუტური საკანონმდებლო განსაზღვრულობა. სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, საბჭომ ისარგებლა სკოლის წესდებით წინასწარ დამტკიცებული შეფასების მეთოდით და იმ კრიტერიუმებით, რომლითაც უნდა შეეფასებინა თითოეული კონკურსანტი, მათ შორის, ლ. დ-ე. საბჭომ მოსარჩელე შეაფასა მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და იმ პირობებში როდესაც პროცედურულ დარღვევებს სადავოდ არ ხდის მხარე, არ არსებობს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი იმ ნაწილში, რომლითაც ლ. დ-ეს უარი ეთქვა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მსმენელად ჩარიცხვაზე. შესაბამისად სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელ საბჭოსათვის დადებითი გადაწყვეტილების საფუძველზე, ლ. დ-ეის იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ჩარიცხვის დავალებისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსათვის ლ. დ-ეის მიმართ მორალური ზიანის 1 ლარის ანაზღაურების დავალდებულების ფაქტობრივი და სამართლებრივ საფუძველი.
რაც შეეხება აპელირებას 2016 წლის 5 ოქტომბრის გასაუბრების ეტაპზე გამოთქმულ მოსაზრებებზე, საკითხის სწორად შეფასების/გადაწყვეტის მიზნით, სააპელაციო სასამართლომ მნიშვნელოვნად მიიჩნია უშუალოდ მოსარჩელესთან ჩატარებული გასაუბრების მიმდინარეობა და გასაუბრების შინაარსი. გასათვალისწინებლად მიიჩნია, რომ გასაუბრებისას დასმული შეკითხვების შინაარსთან და ფორმულირებასთან, ასევე, უშუალოდ გასაუბრების პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით პრეტენზია არ გამოუთქვამს არც უშუალოდ საბჭოს წევრებთან და არც სასამართლოში, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისათვის კი სააპელაციო პალატის მსჯელობით, არსებითი მნიშვნელობა გააჩნია საბჭოს წევრების ქმედებას, მათ შორის, დასმული კითხვის ფორმულირებას და ხასიათს. ამასთან, საყურადღებოდ იქნა მიჩნეული, რომ კანდიდატთან დასასმელი შეკითხვები წინასწარ გაწერილი არ არის რომელიმე ნორმატიული აქტით და კომისიის წევრი ინდივიდუალურად განსაზღვრავს კანდიდატის მიმართ დასასმელ შეკითხვას, შეკითხვაზე მიღებული პასუხის გაანალიზების შედეგად კი უყალიბდება მოსაზრება რამდენად აკმაყოფილებს კანდიდატი მოთხოვნებს. 2016 წლის 5 ოქტომბრის გასაუბრების ჩანაწერის გათვალისწინებით, სასამართლომ განმარტა, რომ გასაუბრების მიმდინარეობისას კანდიდატს ჰქონდა საკუთარი პოზიციისა და მსჯელობის წარმოჩენის შესაძლებლობა, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ გასაუბრება მიზნად ისახავდა კონკურსანტის კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის დონის განსაზღვრას და არა მის ჩაყენებას არათანაბარ მდგომარეობაში სხვა კანდიდატებთან მიმართებით. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაუბრებაზე დასმული შეკითხვის შინაარსითა თუ გასაუბრების მიმდინარეობით, მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას, მათ შორის, განსხვავებული აზრის გამოხატვის გამო, ადგილი არ ჰქონია.
სასამართლომ საკითხზე მსჯელობის ფარგლებში მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3633-ე მუხლი და განმარტა, რომ დისკრიმინაცია, როგორც გამორჩევა, შეზღუდვა ან უპირატესობის მინიჭება თანაბარი უფლებებისა და მათი დაცვის უარყოფის მიზნით, არის თანასწორობის პრინციპის შელახვა და ადამიანის ღირსების ხელყოფა. ადამიანთა გარკვეული კატეგორიის დისკრიმინაცია შეიძლება ხდებოდეს მათი რასობრივი კუთვნილების, ეროვნების, სარწმუნოების, პოლიტიკური მრწამსისა და სხვა ამგვარი ნიშნებითა თუ მოტივით. დისკრიმინაცია რა ფორმითაც უნდა იყოს იგი გამოხატული, ეწინააღმდეგება სამართლიანობის პრინციპებს და აკრძალულია როგორც შიდასახელმწიფოებრივი, ისე საერთაშორისო სამართლის ნორმებით.
საქმის გარემოებების ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიცია მასზედ, რომ გასაუბრებაზე არც მითითებული საკითხის ირგვლივ და არც სხვა საკითხზე საბჭოს წევრების მიერ არ დასმულა იმგვარი შეკითხვა, რომელიც სასამართლოს შეუქმნიდა რწმენას, რომ საბჭოს წევრების მხრიდან ადგილი ჰქონდა კანდიდატის მიმართ განსხვავებულ მოპყრობას, მის მიერ ამ ან/და წინა კონკურსებში გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებების/შეხედულებების გამო. გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტები და პოზიცია და აღნიშნა, აპელანტის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმ გარემოების წარმოჩენა და დასაბუთებული ვარაუდის შექმნა, რომ მის მიმართ განსხვავებული მოპყრობა დაცული ნიშნის - გამოხატვის თავისუფლების გამო განხორციელდა, რაც წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და ახსნა - განმარტებების პირობებში, პალატის მოსაზრებით ვერ იქნა უზრუნველყოფილი. ამდენად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან ლ. დ-ეის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი დადასტურებულად ვერ იქნა მიჩნეული და ვინაიდან მოსარჩელის მიმართ დაცული ნიშნით განსხვავებული მოპყრობა არ განხორციელებულა, რაიმე უფლების შეზღუდვის გონივრულობაზე ან მის ლეგიტიმურ მიზნებზე მსჯელობა სააპელაციო პალატის მოსაზრებით საფუძველს მოკლებულია. სააპელაციო სასამართლომ ასევე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები მოსარჩელის შუამდგომლობების (მოწმის დაკითხვა და მტკიცებულებათა გამოთხოვა) დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, არ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 02 ივნისის საოქმო განჩინებების გაუქმების საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 მარტის განჩინება საკასაციო წესით ამავე კოლეგიის 2021 წლის 02 ივნისის საოქმო განჩინებებთან ერთად გასაჩივრდა ლ. დ-ეის მიერ.
კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ დავის გადაწყვეტის დროს არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის ირგვლივ არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს. არ იზიარებს მსჯელობას იმ მტკიცებულებათა წარუდგენლობის თაობაზე, რომელიც შექმნიდა ვარაუდს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დისკრიმინაციული მოპყრობის თაობაზე. მიუთითებს, რომ 2013 - 2016 წლებში გასაუბრებისას დასმულ შეკითხვებზე პასუხის ეტაპზე კრიტიკულად შეაფასა სასამართლოს წარსული საქმიანობა. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა და საქმისათვის მნიშვნელობის არმქონედ ჩათვალა ის გარემოება, რომ საბჭოს მოსამართლე წევრები იყვნენ ის პირები, რომლებიც ახორციელებდნენ მართლმსაჯულებას იმ პერიოდში, რომელიც მის მიერ კრიტიკულად იქნა შეფასებული. განმარტავს, რომ სამი კონკურსის განმავლობაში იუსტიციის უმაღლეს სკოლაში კონკურსის წესით ჩაირიცხა დაახლოებით 50 პირი და არ მოხდა მისი ჩარიცხვა. გასათვალისწინებლად მიიჩნევს, რომ 2016 წლისათვის ჰქონდა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი, იყო სამართლებრივი სტატიის ავტორი, ჰქონდა პროფესიით მუშაობის 12 წლიანი გამოცდილება, მათ შორის ადვოკატის, ასევე იყო როგორც რამდენიმე უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი (... ...) ასევე ...ის ხელმძღვანელი. მიუთითებს, რომ 2016 წლის გასაუბრების დროს არც ერთ სამართლებრივ კითხვაზე არ გაუცია არასწორი პასუხი, პირად საქმეში არ აღმოჩნდა არც ერთი წერილობითი დოკუმენტი, რომელიც უარყოფითი გადაწყვეტილების საფუძველი გახდებოდა. ასევე შესაბამის სერტიფიკატზე მითითებით განმარტავს, რომ ფლობს ინგლისურ ენას, ორჯერ აქვს ჩაბარებული მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა. მიუხედავად ზემოაღნიშნული გარემოებებისა არ მოხდა მისი იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ჩარიცხვა.
კასატორი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3633 მუხლს და განმარტავს, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომ მათი გადაწყვეტილების მიღებისათვის არსებობდა ობიექტური და აშკარა საფუძვლები და სახეზე არ იყო დისკრიმინაცია. მიიჩნევს, რომ ამისთვის მოპასუხე მხარეს ერთადერთი ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება ევალება, კერძოდ, უნდა დაამტკიცოს, რომ გამარჯვებული კანდიდატები იყვნენ უფრო მაღალი ან შესაბამისი კვალიფიკაციისა და მორალური რეპუტაციის მქონენი. კასატორის მსჯელობით, დავის განმხილველმა ორგანომ უნდა დაადგინოს რომელი მონაცემების საფუძველზე გახდნენ კონკრეტული პირები გამარჯვებულნი და რომელი თვისებები აქვთ მათ უკეთესი სხვა კანდიდატებთან შედარებით.
საჩივრის ავტორის მსჯელობით, არასწორია ქვედა ინსტანციის სასამართლოების ის შეფასება, რომ მოთხოვნას წარმოადგენს საბჭოს წევრების გადაწყვეტილების მიზანშეწონილობის კუთხით გადასინჯვა. მიუთითებს, რომ ითხოვს საბჭოს არაკანონიერი და დისკრიმინაციული გადაწყვეტილების გაუქმებას. მიიჩნევს, რომ საბჭოს წევრები უგულებელყოფენ საერთო სასამართლოების შესახებ კანონის 36-ე მუხლის მე-5 ნაწილს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ კანონის მე-11 მუხლს და იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს 2008 წლის 18 აპრილის №1/1 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის უმაღლესი სკოლის წესდების“ მე-8 მუხლის საწინააღმდეგოდ იღებენ გადაწყვეტილებას, რაც კასატორის მოსაზრებით არის კანონსაწინააღმდეგო მოქმედება და რომლის კონტროლიც სასამართლოს ვალდებულებაა. კასატორის მსჯელობით, არაკეთილსინდისიერი შეფასება და არაგონივრული კანონის განმარტებაა როცა სასამართლო აღნიშნული გადაწყვეტილების დაფარვას ცდილობს იმ პოზიციით, თითქოს მიზანშეწონილობის საკითხის კონტროლის უფლება არ აქვს სასამართლოს.
საკასაციო საჩივრის ავტორი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 მარტის განჩინებასთან ერთად, რომლითაც უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება, სადავოდ ხდის პალატის 2024 წლის 19 მარტის განჩინების იმ პუნქტს, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 02 ივნისის საოქმო განჩინებები (მოწმის დაკითხვა და მტკიცებულებათა გამოთხოვა) შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
საოქმო განჩინებების გასაჩივრების ნაწილში კასატორი მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 140-ე მუხლს, რომლის თანახმად, მოწმედ შეიძლება იყოს ყოველი პირი, რომლისთვისაც ცნობილია რაიმე გარემოება საქმის შესახებ. აღნიშნულ შემთხვევაში მიიჩნევს, რომ ვ. მ-ის ექნება არა მხოლოდ რაიმე ზოგადი ინფორმაცია საბჭოს მიერ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ჩარიცხვასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე, არამედ მას შეუძლია დაასაბუთოს რომ საბჭო იღებდა დაუსაბუთებელ და დისკრიმინაციულ გადაწყვეტილებებს. შეძლებს დამატებით მიაწოდოს სასამართლოს ინფორმაცია იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ჩარიცხვასთან დაკავშირებული შიდა პროცესებზე, რომელიც კასატორის მსჯელობით, საქმის განმხილველ სასამართლოს დაეხმარება სრული წარმოდგენა შეექმნას აღნიშნულ პროცესზე.
კასატორი ასევე მიუთითებს იმ შუამდგომლობაზე, რომლითაც ითხოვდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან 2017 წლის ორი კონკურსის ფარგლებში მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის დროს ნ. ხ-ის გასაუბრების ჩანაწერის და შესაბამისად მისი საკონკურსო საქმის გამოთხოვას, ასევე ითხოვდა 2013 - 2016 წლებში ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებული კანდიდატების ავტობიოგრაფიის, მათთან გამართული გასაუბრების ჩანაწერების და მათზე გამოთხოვილი ნებისმიერი დოკუმენტაციის წარმოდგენის დავალებას მოპასუხე საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსათვის. კასატორი მიიჩნევს, რომ 2013 – 2016 წლებში გამართული კონკურსის დეტალები და გამარჯვებული კანდიდატების შესახებ ინფორმაცია დაადასტურებს მის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და სასამართლოს მიერ უნდა შეფასდეს რამდენად კანონიერად მოქმედებდა იუსტიციის უმაღლესი საბჭო წინა კონკურსის პირობებში, ასევე ჰქონდა თუ არა გამარჯვებულ კანდიდატებს უკეთესი თვისებები მასთან შედარებით. მიუთითებს, რომ მართალია ასაჩივრებს 2016 წელს გამართული კონკურსის შედეგებს, მაგრამ აკონკრეტებს, რომ დისკრიმინაციის საფუძველი იყო 2013 წელს გამოთქმული მოსაზრებები.
ამდენად, საკასაციო საჩივრის ავტორი ითხოვს გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 მარტის განჩინება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილების და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 02 ივნისის საოქმო განჩინებების უცვლელად დატოვების თაობაზე და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფარგლებში, სარჩელი დაკმაყოფილდეს. წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში კასატორი კვლავ შუამდგომლობს მოწმის გამოკითხვას და მტკიცებულებათა გამოთხოვას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ლ. დ-ეის საკასაციო საჩივარი და ამავე პალატის 2024 წლის 2 აგვისტოს თვითაცილების შესახებ განჩინების საფუძველზე, საქმე გადმოეცა მოცემულ ეტაპზე საქმის განმხილველ მოსამართლეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
უპირველესად საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ შეფასების საგანს წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ლ. დ-ეს უარი ეთქვა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მსმენელად ჩარიცხვაზე. კასატორი ითხოვს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელ საბჭოს დაევალოს, დადებითი გადაწყვეტილების საფუძველზე, ლ. დ-ე ჩარიცხოს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში და დაეკისროს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ლ. დ-ეის მიმართ მორალური ზიანის ანაზღაურება, 1 ლარის ოდენობით. საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში, კასატორის მოთხოვნა ასევე, მოიცავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ლ. დ-ეის მიმართ გამოხატვის თავისუფლების დაუშვებელი ხელყოფისა და დისკრიმინაციული გადაწყვეტილების მიღების ფაქტის დადგენას.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ლ. დ-ე მონაწილეობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2013 წლის 1 ნოემბრის №1/170 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში იუსტიციის მსმენელთა მისაღებ კონკურსში. 2014 წლის 18 მარტს შედგა ხმის მიცემის ბარათების შეჯამების ოქმი, რომლის თანახმად, ლ. დ-ემ მიიღო საბჭოს 5 წევრის ხმა.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2014 წლის 18 მარტის №1/28 გადაწყვეტილებით, ლ. დ-ე არ ჩაირიცხა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში იუსტიციის მსმენელად.
ლ. დ-ე მონაწილეობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2014 წლის 8 დეკემბრის №1/105 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში იუსტიციის მსმენელთა მისაღები კონკურსში.
აღნიშნული კონკურსის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭომ ლ. დ-ესთან გასაუბრების ეტაპი ჩაატარა 2015 წლის 13 მაისს, რაც დაფიქსირდა აუდიო/ვიდეო ჩანაწერის სახით.
დადგენილია, რომ 2015 წლის 13 მაისს განხორციელდა იუსტიციის მსმენელობის კანდიდატის - ლ. დ-ეის შეფასება შემდეგი კრიტერიუმებით: 1. მორალური რეპუტაცია, 2. პიროვნული თვისებები, 3. კვალიფიკაცია, 4. პიროვნული უნარ - ჩვევები, 5. მტკიცების და გამოხატვის უნარი, 6. ანალიტიკურ - ლოგიკური აზროვნებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი. საბჭოს 14 წევრიდან 11 წევრის მიერ ლ. დ-ე შეფასდა დადებითად. 2015 წლის 25 მაისს შედგა ბიულეტენების შეჯამების ოქმი, რომლის თანახმად, ლ. დ-ემ მიიღო საბჭოს 2 წევრის ხმა. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2015 წლის 25 მაისის №1/51 გადაწყვეტილებით ლ. დ-ე არ ჩაირიცხა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში იუსტიციის მსმენელად.
დადგენილია, რომ ლ. დ-ემ მონაწილეობა მიიღო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2015 წლის 5 ოქტომბრის №1/160 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში იუსტიციის მსმენელთა მისაღებ კონკურსი.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 3 ოქტომბრის №1/259 გადაწყვეტილებით იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მსმენელთა მისაღები კონკურსის მეორე ეტაპზე დაშვებულ იქნა 105 კანდიდატი, მათ შორის, ლ. დ-ე. იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელთა შესარჩევი კონკურსის ფარგლებში, ლ. დ-ესთან გასაუბრება ჩატარდა 2016 წლის 5 ოქტომბერს, რაც დაფიქსირდა აუდიო/ვიდეო ჩანაწერის სახით. 2016 წლის 5 ოქტომბერს განხორციელდა იუსტიციის მსმენელობის კანდიდატის ლ. დ-ეის შეფასება შემდეგი კრიტერიუმებით: 1. მორალური რეპუტაცია, 2. პიროვნული თვისებები, 3. კვალიფიკაცია, 4. პიროვნული უნარ - ჩვევები, 5. მტკიცების და გამოხატვის უნარი, 6. ანალიტიკურ-ლოგიკური აზროვნებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი. ამასთან, საბჭოს 14 წევრიდან 9 წევრის მიერ ლ. დ-ე შეფასდა დადებითად.
2016 წლის 31 ოქტომბერს შედგა ბიულეტენების შეჯამების ოქმი, რომლის თანახმად, ლ. დ-ემ მიიღო საბჭოს 2 წევრის ხმა. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 31 ოქტომბრის №1/273 გადაწყვეტილებით ლ. დ-ე არ ჩაირიცხა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში იუსტიციის მსმენელად.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2021 წლის 16 ივნისის №357-03 (რეგ. №4762928, თარიღი: 22.06.2021წ.) წერილის თანახმად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2013 წლის 4 ნოემბრის №1/170 გადაწყვეტილებით გამოცხადებული იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელთა მისაღები კონკურსის ფარგლებში საბჭოს წევრების მიერ კანდიდატთა შეფასების ფურცლები იწარმოებოდა ელექტრონული სისტემის გამოყენებით. 2014 წლის სექტემბრის თვეში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სერვერზე შექმნილი ტექნიკური პრობლემის გამო, დაიკარგა ამ პერიოდამდე არსებული როგორც ვიდეო/აუდიო, ისე ფაილური კატალოგების სახით ნაწარმოები ჩანაწერები, მათ შორის, 2013-2014 წლების იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელთა მისაღებ კონკურსებში მონაწილე მსმენელობის კანდიდატთა შეფასების ფურცლები და გასაუბრების ჩანაწერები.
სადავო საკითხზე მსჯელობისა და გასაჩივრებული ინდივიდუალური აქტის კანონიერების შემოწმების ფარგლებში, საკასაციო პალატა პირველყოვლისა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გასაუბრების მიმდინარეობისას პროცედურული დარღვევების არსებობის ფაქტს სადავოდ არ ხდის მხარე. კასატორი სადავოდ ხდის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 31 ოქტომბრის №1/273 გადაწყვეტილებას და მიიჩნევს, რომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა განსხვავებული აზრის, შეხედულებების გამოხატვის გამო, დისკრიმინაციულ მოპყრობას, კერძოდ, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2015 წლის 5 ოქტომბრის №1/160 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში იუსტიციის მსმენელთა მისაღები კონკურსის ფარგლებში, 2016 წლის 5 ოქტომბრის გასაუბრებაზე უარყოფითად შეაფასა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე, რაც, მისივე მსჯელობით გახდა მის მიმართ განსხვავებული მოპყრობისა და შესაბამისად, საბჭოს მიერ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. გასათვალისწინებელია, რომ მხარეს კანონმდებლობით დადგენილი წესით სადავოდ არ გაუხდია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 2013-2014 წლებში ჩატარებული კონკურსების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა 2013-2014 წლების კონკურსებში მიღებული გადაწყვეტილებები შეაფასეს იმ კუთხით, თუ რამდენად შეიძლება ჩაითვალოს დისკრიმინაციად იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ჩარიცხვაზე მესამე უარი წინა ორ უართან ერთად. ასევე, წინა კონკურსებში კონკურსანტის მიერ გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს გავლენა ხომ არ მოუხდენია სადავო კონკურსის შედეგზე.
საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო საკითხისადმი რელევანტურ „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) 1-ლი მუხლის მეორე პუნქტს, მე-11 მუხლის პირველ პუნქტს, მე-13 მუხლს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს 2008 წლის 18 აპრილის №1/1 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის უმაღლესი სკოლის წესდების“ 81 მუხლს სადაც დეტალურად არის გაწერილი იუსტიციის უმაღლესი სკოლის დანიშნულება, სკოლის მიზანი, სკოლაში მისაღები კონკურსის ფორმა, იუსტიციის მსმენელობის კანდიდატთა რეგისტრაცია, იუსტიციის მსმენელად შერჩევის კრიტერიუმები და კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, ასევე კანდიდატის შესარჩევი კრიტერიუმები.
მოცემულ სადავო საკითხთან მიმართებით საკასაციო პალატა ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარებით განმარტავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების სასამართლო კონტროლი შეზღუდულია ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციური პრინციპით, სასამართლო ვერ იქცევა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოდ და თავად ვერ განახორციელებს დისკრეციულ უფლებამოსილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კომისიის უფლებამოსილებაში ჩარევით სასამართლო მთლიანად შეცვლიდა საგამოცდო კომისიას, გადაიქცეოდა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოდ, ხოლო ადმინისტრაციული ორგანო შებოჭილი იქნებოდა არა კანონით, არამედ სასამართლოს მიხედულებით. თუმცა, ასევე აღსანიშნავია, რომ სასამართლო იცავს რა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის სფეროს, იმავდროულად, თვითნებობის ფაქტების აცილების მიზნით, აქვს შესაძლებლობა მოახდინოს ზემოქმედება მმართველობის ამ სფეროზე, ვინაიდან ამ საკითხზე არ არსებობს აბსოლუტურად დისკრეციული უფლებამოსილება, ისევე როგორც აბსოლუტური საკანონმდებლო განსაზღვრულობა (იხ.სუსგ 2019 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება Nბს-1312(კ-18); 2019 წლის 20 ივნისის №ბს-997 (კ-18); 2019 წლის 21 მარტის №ბს-1312 (კ-18)).
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საბჭომ ისარგებლა სკოლის წესდებით წინასწარ დამტკიცებული შეფასების მეთოდით და იმ კრიტერიუმებით, რომლითაც უნდა შეეფასებინა თითოეული კონკურსანტი, მათ შორის, ლ. დ-ე. საბჭომ კასატორი შეაფასა მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და იმ პირობებში როდესაც პროცედურულ დარღვევებს სადავოდ არ ხდის მხარე, არ არსებობს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი იმ ნაწილში, რომლითაც ლ. დ-ეს უარი ეთქვა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მსმენელად ჩარიცხვაზე. შესაბამისად ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის მოტივით, გასაზიარებელია ქვედა ინსტანციის სასამართლოების უარი იმ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რომლითაც მხარე ითხოვს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელ საბჭოსათვის დადებითი გადაწყვეტილების საფუძველზე, ლ. დ-ეის იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ჩარიცხვის დავალებისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსათვის ლ. დ-ეის მიმართ მორალური ზიანის 1 ლარის ანაზღაურების დავალება.
კასატორი განსაკუთრებით ყურადღებას ამახვილებს 2016 წლის 5 ოქტომბრის გასაუბრების ეტაპზე მის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებზე, შესაბამისად მნიშვნელოვანია უშუალოდ მასთან ჩატარებული გასაუბრების მიმდინარეობა და გასაუბრების შინაარსი. გასაუბრების ჩანაწერის თანახმად, კანდიდატმა გასაუბრებაზე თავის ნაშრომებსა და კვლევებს შორის ხაზგასმით მიუთითა „მოსამართლის გამოხატვის უფლებასთან“ დაკავშირებით ჩატარებული კვლევაზე. სწორედ აღნიშნული კვლევის შედეგთან დაკავშირებით დასვა შეკითხვა საბჭოს ერთ - ერთმა წევრმა და მიუთითა კანდიდატს, იდენტიფიცირების გარეშე, ესაუბრა კვლევის შედეგზე, თუმცა კითხვაზე პასუხის გაცემისას კანდიდატმა თავად დაიწყო საუბარი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების კანონიერებაზე. ამასთან, საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ, მიუხედავად კონკრეტულ თემაზე კონკურსანტის მიერ საუბრის დაწყებისა, საბჭოს წევრების მხრიდან საკითხს შემდგომი განვითარება არ მოჰყოლია. გასაუბრებაზე არც მითითებული საკითხის ირგვლივ და არც სხვა საკითხზე საბჭოს წევრების მიერ არ დასმულა იმგვარი შეკითხვა, რომელიც სასამართლოს შეუქმნიდა რწმენას, რომ საბჭოს წევრების მხრიდან ადგილი ჰქონდა კანდიდატის მიმართ განსხვავებულ მოპყრობას, მის მიერ ამ ან/და წინა კონკურსებში გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებების/შეხედულებების გამო.
ამასთან, იმ საკითხზე - წინა კონკურსებში კონკურსანტის მიერ გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს გავლენა ხომ არ მოუხდენია სადავო კონკურსის შედეგზე - შეფასებისას, გასათვალისწინებელია ლ. დ-ეის მიერ 2014 წლის კონკურსის ფარგლებში ჩატარებული გასაუბრებისას გამოთქმულ პოზიცია, კერძოდ, საბჭოს ერთ - ერთმა წევრმა მოსარჩელეს ჰკითხა მოსაზრება საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან (პირველი კონკურსის უარყოფით შედეგთან) დაკავშირებით, დისკრიმინაციულად ხომ არ მიაჩნდა. კონკურსანტმა უპასუხა, რომ პირველი კონკურსის გასაუბრებაზე გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებების გამო, ხმები მიიღო მხოლოდ საბჭოს არამოსამართლე წევრებისგან, თუმცა დისკრიმინაციის ფაქტზე ვერ ისაუბრებდა, ვინაიდან მისი ოჯახის წევრი იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ჩაირიცხა იმავე კონკურსის შედეგად. მოსარჩელეს გასაუბრებისას დასმული შეკითხვების შინაარსთან და ფორმულირებასთან, ასევე, უშუალოდ გასაუბრების პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით პრეტენზია არ გამოუთქვამს არც უშუალოდ საბჭოს წევრებთან და არც სასამართლოში. სააპელაციო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისათვის არსებითი მნიშვნელობა გააჩნია საბჭოს წევრების ქმედებას, მათ შორის, დასმული კითხვის ფორმულირებას და ხასიათს. საკასაციო პალატა აქვე მიუთითებს, რომ კანდიდატთან დასასმელი შეკითხვები წინასწარ გაწერილი არ არის რომელიმე ნორმატიული აქტით და შესაბამისად კომისიის წევრი ინდივიდუალურად განსაზღვრავს კანდიდატის მიმართ დასასმელ შეკითხვას, შეკითხვაზე მიღებული პასუხის გაანალიზების შედეგად კი უყალიბდება მოსაზრება რამდენად აკმაყოფილებს კანდიდატი მოთხოვნებს. „იუსტიციის უმაღლესი საბჭო ცალკეული კანდიდატის მოსამართლედ განმწესების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ამ კანდიდატის გამოცდილების, კვალიფიკაციის, კომპეტენციისა და კეთილსინდისიერების ნიშნით. შესაბამისად, განსხვავებულია გასაუბრებისას კანდიდატებთან დასმული კითხვების შინაარსი, ფორმულირება და რაოდენობა“. „კანდიდატებისათვის განსხვავებული შეკითხვების დასმა არ ადასტურებს მათ არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენებას, დისკრიმინაციულ მოპყრობას. ასევე, აღსანიშნავია, რომ დასმული შეკითხვების შინაარსი და ფორმა კანდიდატს სადავოდ არ გაუხდია და დაეთანხმა მათზე პასუხის გაცემას“. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მაისის №ბს-171 (კ-19) განჩინება).
მითითებული ფაქტობრივი გარემოებების, საკასაციო საჩივრისა და ასევე, 2016 წლის 5 ოქტომბრის გასაუბრების ჩანაწერის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაუბრების მიმდინარეობისას კანდიდატს ჰქონდა საკუთარი პოზიციისა და მსჯელობის წარმოჩენის შესაძლებლობა, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ გასაუბრება მიზნად ისახავდა კონკურსანტის კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის დონის განსაზღვრას და არა მის ჩაყენებას არათანაბარ მდგომარეობაში სხვა კანდიდატებთან მიმართებით. შესაბამისად, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად მიიჩნიეს, რომ გასაუბრებაზე დასმული შეკითხვის შინაარსითა თუ გასაუბრების მიმდინარეობით, მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას, მათ შორის, განსხვავებული აზრის გამოხატვის გამო, ადგილი არ ჰქონია.
რაც შეეხება კასატორის იმ მსჯელობას, რომ სხვა კონკურსანტებისგან განსხვავებით მას გააჩნდა დოქტორის აკადემიური ხარისხი, რაც ადასტურებდა მის უპირატესობას, იუსტიციის უმაღლესი სკოლის წესდების მე-5 მუხლზე, ასევე „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ე1“ ქვეპუნქტზე მითითებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ აკადემიური უმაღლესი განათლება გულისხმობს როგორც ბაკალავრიატის, ასევე, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებს. ამდენად, აღნიშნულ ნაწილშიც მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოს ის მსჯელობა, რომ იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი შეიძლება იყოს როგორც ბაკალავრიატის, ასევე, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებული. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კონკურსის გამოცხადების დროს მოთხოვნებში არ ყოფილა განსაზღვრული, რომ კანდიდატს უნდა ჰქონოდა/სასურველი იყო ჰქონოდა დოქტორის ხარისხი ან უპირატესობა მიენიჭებოდა ასეთი ხარისხის მქონე პირს. შესაბამისად, აღნიშნულით კანდიდატისათვის უპირატესობის მინიჭება და სკოლაში მსმენელად ჩარიცხვა ვერ მოხდებოდა, იმ დროს, როდესაც საკონკურსო კომისიის თითოეული წევრი ვალდებულია კანდიდატი შეაფასოს და მის მიმართ გადაწყვეტილება მიიღოს ყველა კრიტერიუმის და მათი შემადგენელი ნაწილების საფუძველზე. ამასთან, თითოეული წევრის ერთპიროვნულად მიღებულ გადაწყვეტილებათა ერთობლიობით მიიღება საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილება.
რაც შეეხება კასატორის აპელირებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3633-ე მუხლზე და მოთხოვნას დადგინდეს დისკრიმინაციული გადაწყვეტილების მიღების ფაქტი საკასაციო პალატა განმარტავს შემდეგს: დისკრიმინაცია მე-17 საუკუნეში ინგლისურ ენაში დამკვიდრებული ტერმინია, რომელსაც საფუძვლად უდევს ლათინური სიტყვა discriminatio, რაც განსხვავებას ნიშნავს. ტერმინის ლინგვისტური მნიშვნელობა განსხვავებულ მოპყრობას გულისხმობს. დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა არის ადამიანის უფლებათა დამკვიდრებისა და დაცვის ერთ - ერთი უმთავრესი მიმართულება. თანასწორობის იდეა და პრინციპები დღეს მოქმედ მრავალ საერთაშორისო სამართლის აქტითაა გამტკიცებული. მათ შორის არის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია და სხვა საერთაშორისო აქტები. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-14 მუხლი (დისკრიმინაციის აკრძალვა) ადგენს, რომ „ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, განურჩევლად სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა ნიშნისა“. საერთაშორისო სამართლის აღნიშნული ნორმა, ადამიანის უფლებათა თანასწორად სარგებლობის სტანდარტს ამკვიდრებს. ადამიანები თანასწორნი არიან იმ უფლებებით სარგებლობაში, რომლებსაც კონვენცია ადამიანის წარუვალ უფლებებად მიიჩნევს. მოგვიანებით, კონვენციის მე-12 დამატებითი ოქმის პირველი მუხლით, ასეთივე თანასწორობა დადგინდა არა მხოლოდ კონვენციით გარანტირებულ უფლებებთან მიმართებაში, არამედ ზოგადად ხელშემკვრელი სახელმწიფოს ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობის დროს. აღსანიშნავია, რომ დისკრიმინაციის აკრძალვა ემსახურება არა მხოლოდ თანასწორობის უფლების, არამედ თანასწორობის პრინციპის რეალიზებას, რომელიც უფრო ფართო შინაარსის მატარებელია და არ გულისხმობს მხოლოდ უფლებებით თანასწორად სარგებლობას. ამიტომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-12 დამატებითი ოქმით აიკრძალა ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია საჯარო დაწესებულებების მიერ, რაც შეზღუდული არ არის მხოლოდ უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფით. ნორმა საჯარო დაწესებულებას აგრეთვე უკრძალავს პირის დისკრიმინაციას რაიმე დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას ან ნებისმიერი სხვა ქმედების დროს, რომელიც შეიძლება გამოიხატოს მოქმედებით ან უმოქმედობით.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3633-ე მუხლზე დაყრდნობით სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა. დასახელებული საპროცესო ნორმა ადგენს დისკრიმინირებული პირის ვალდებულებას, სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულებები და მიუთითოს ფაქტებზე, რომელთა ანალიზი იძლევა გარკვეული ნიშნით პირის მიმართ არათანაბარი მოპყრობის ვარაუდის საფუძველს. სწორედ ამ საპროცესო სტანდარტის დაცვის შემთხვევაში წარმოიშობა მოპასუხის ვალდებულება: ა) ამტკიცოს განსხვავებული მოპყრობის არარსებობა; ბ) გაამართლოს განსხვავებული მოპყრობა ობიექტური და გონივრული არგუმენტებით, რომლებიც გადაწონის განსხვავებულ მოპყრობას და გამართლებული იქნება დემოკრატიული ღირებულებებით.
საკასაციო პალატა უთითებს, რომ ყოველგვარი განსხვავებული მოპყრობა არ ქმნის დისკრიმინაციის შემადგენლობას, არამედ, განსხვავებული მოპყრობა მოტივირებული უნდა იყოს აკრძალული ნიშნით. შესაბამისად, ქმედების დისკრიმინაციად კვალიფიკაციისათვის აუცილებელია არათანაბარი მოპყრობის საფუძველი იყოს აკრძალული ნიშანი (შველიძე ზ. შრომითი დისკრიმინაციის აკრძალვის რეგულირება ქართული კანონმდებლობის მიხედვით, ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის ჟურნალი №2, 2012, 249).
ამრიგად, პირი, რომელიც თავს უთანასწორო მოპყრობის მსხვერპლად განიხილავს, სასამართლოს წარუდგენს ფაქტებს და ამავე ფაქტების დამადასტურებელ მტკიცებულებებს, რომლებმაც ნეიტრალურ მესამე პირს _ საქმის განმხილველ მოსამართლეს, უნდა ჩამოუყალიბოს ვარაუდი, რომ მოსარჩელის მიერ დასახელებული განმასხვავებელი ნიშნის გამო მის მიმართ განხორციელებულია უთანასწორო მოპყრობა. ევროსასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, მტკიცებულება შეიძლება, გამომდინარეობდეს ძლიერი, ნათელი და შესაბამისი დასკვნების ერთობლიობიდან ან ფაქტის მსგავსად გაუბათილებელი დაშვებიდან. ამასთანავე, კონკრეტული დასკვნის მისაღებად საჭირო დარწმუნების ხარისხი და ამ მხრივ მტკიცების ტვირთის დაკისრება ურთიერთდაკავშირებულია ფაქტების კონკრეტიკასთან, ბრალდების ბუნებასა და კონვენციით განსახილველ უფლებასთან (Salman v. Turkey [GC], no. 21986/93, § 100, ECHR 2000-VII; და Anguelova v. Bulgaria, no. 38361/97, § 111, ECHR 2002-IV).
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოში შესაძლებლობათა თანაბარი ხელმისაწვდომობის გარანტია ასევე განმტკიცებულია ეროვნული კანონმდებლობით, კერძოდ, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონით, რომლის მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. მითითებული კანონის მე-2 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია. პირდაპირი დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს, ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად. ეროვნული კანონმდებლობით, ირიბი დისკრიმინაცია არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა პირს ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მდგომარეობა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად. ამავე საკანონმდებლო აქტის მე-3 მუხლის თანახმად, ამ კანონის მოთხოვნები ვრცელდება საჯარო დაწესებულებების, ორგანიზაციების, ფიზიკური და იურიდიული პირების ქმედებებზე ყველა სფეროში, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ქმედებები არ რეგულირდება სხვა სამართლებრივი აქტით, რომელიც შეესაბამება ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებს.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შეხედულების ნიშნით განპირობებული განსხვავებული მოპყრობის დასადგენად რაზედაც აპელირებს კასატორი აუცილებელია, გამოხატული განსხვავებული შეხედულებები აღწევდეს სიმწვავის გარკვეულ ზღვარს, რათა შეიქმნას ვარაუდი, რომ შეხედულების შინაარსსა და განსხვავებულ მოპყრობას შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი, ვინაიდან ნებისმიერი აზრობრივი შეუსაბამობა არ შეიძლება, გონიერი დამკვირვებლის თვალში დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდს აღძრავდეს.
დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვასთან დაკავშირებული საერთაშორისო სტანდარტები კრძალავს ყველა სახის განსხვავებულ მოპყრობას, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფომ ვინმეს მიმართ განახორციელა განსხვავებული მოპყრობა, მაშინ ამ განსხვავებულ მოპყრობას თან უნდა სდევდეს ,,ობიექტური და გონივრული გამართლება“. ხოლო იმისათვის, რომ განსხვავებული მოპყრობა გამართლებულად ჩაითვალოს, პირველ რიგში იგი უნდა ემსახურებოდეს კანონიერი მიზნის მიღწევის ინტერესებს და დაცული უნდა იყოს გონივრული პროპორციულობა მისაღწევ მიზანსა და გამოყენებულ საშუალებებს შორის, ანუ მიზნის მისაღწევად გამოყენებული საშუალებები უნდა იყოს აუცილებელი და შესაფერისი (დისკრიმინაციის ტესტი).
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, მტკიცების ტვირთი მოცემულ სფეროში შემდეგნაირად არის გადანაწილებული: მას შემდეგ, რაც მომჩივანი დაადასტურებს განსხვავებული მოპყრობის არსებობას, უკვე მთავრობის ვალდებულებაა, დაამტკიცოს, რომ მას ჰქონდა გამართლება (Chassagnou and Others v. France [GC], №25088/94, №28331/95). რაც შეეხება იმას, თუ რა წარმოადგენს prima facie მტკიცებულებას, რომელიც შეძლებს მტკიცების ტვირთის მოპასუხე სახელმწიფოზე გადაკისრებას, სასამართლომ აღნიშნა (Nachova and Others), რომ მის წინაშე არსებულ სამართალწარმოებაში არ არსებობს პროცედურული ბარიერები მტკიცებულების მისაღებობასთან დაკავშირებით ან წინასწარ განსაზღვრული ფორმულა მის შესაფასებლად. სასამართლო იღებს დასკვნებს, რომლებიც, მისი აზრით, არის გამყარებული ყველა მტკიცებულების თავისუფალი შეფასებით, მათ შორის - ისეთი დასკვნებით, რომლებიც შესაძლოა, გამომდინარეობდეს ფაქტებიდან და მხარეთა არგუმენტებიდან. დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, მტკიცებულება შეიძლება გამომდინარეობდეს ძლიერი, ნათელი და შესაბამისობაში მყოფი დასკვნების ერთობლიობიდან ან ფაქტის მსგავსად გაუბათილებელი დაშვებებიდან. ამასთანავე, კონკრეტული დასკვნის მისაღებად საჭიროა დარწმუნების ხარისხი და ამ მხრივ მტკიცების ტვირთის დაკისრება ურთიერთკავშირშია ფაქტების კონკრეტიკასთან, ბრალდების ბუნებასა და კონვენციით განსახილველ უფლებასთან.
მითითებული ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობის, ასევე სასამართლო პრაქტიკისა და საქმეში წარმოდგენილი თითოეული დოკუმენტის, ჩანაწერის, მხარის პოზიციის გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაუბრებაზე მითითებული საკითხის ირგვლივ და არც სხვა საკითხზე საბჭოს წევრების მიერ არ დასმულა იმგვარი შეკითხვა, რომელიც სასამართლოს შეუქმნიდა რწმენას, რომ საბჭოს წევრების მხრიდან ადგილი ჰქონდა კანდიდატის მიმართ განსხვავებულ მოპყრობას, მის მიერ ამ ან/და წინა კონკურსებში გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებების/შეხედულებების გამო. კასატორის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმ გარემოების წარმოჩენა და დასაბუთებული ვარაუდის შექმნა, რომ მის მიმართ განსხვავებული მოპყრობა დაცული ნიშნის - გამოხატვის თავისუფლების გამო განხორციელდა, რაც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის და საქმეში არსებული მტკიცებულებების პირობებში, ვერ იქნა უზრუნველყოფილი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა -განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველოში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მითითებული ფაქტები. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებლი პრეტენზია (შედავება).
ამრიგად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, კასატორმა ვერ დაძლია იმ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს წარმოშობდა, რაც დისკრიმინაციის ფაქტის დადგენასა და დისკრიმინაციული მოპყრობით გამოწვეული მორალური ზიანის ანაზღაურების სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ, გასაჩივრებული კონკურსის ფარგლებში ლ. დ-ეის მიმართ განსხვავებული მოპყრობის ფაქტის დაუდასტურებლობის პირობებში, შესაბამისად არ არსებობს სადავო გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
კასატორი ასევე სადავოდ ხდის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 მარტის განჩინების იმ ნაწილს, რომლითაც უცვლელი დარჩა მოწმის დაკითხვაზე, ასევე მტკიცებულებათა გამოთხოვაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 02 ივნისის საოქმო განჩინებები.
საკასაციო პალატა კასატორის პრეტენზიას საქმეზე მოწმის - ვ. მ-იის დაკითხვისა და მტკიცებულებათა გამოთხოვის თაობაზე არ იზიარებს უსაფუძვლობის მოტივით და აღნიშნავს, რომ ამ საკითხზე სავსებით მართებულად იმსჯელა სააპელაციო სასამართლომ. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ სასამართლოებმა უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილეს მისი მოთხოვნა მოწმის დაკითხვისა და მტკიცებულებათა გამოთხოვის თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არარელევანტურია კასატორის შუამდგომლობა მოწმის - ვ. მ-იის საკასაციო ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან 2017 წლის ორი კონკურსის ფარგლებში მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის დროს ნ. ხ-ის გასაუბრების ჩანაწერის, მისი საკონკურსო საქმის, ასევე 2013 -2016 წლებში ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებული კანდიდატების ავტობიოგრაფიის, მათთან გამართული გასაუბრების ჩანაწერების გამოთხოვის თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული საოქმო განჩინებების უცვლელად დატოვების საფუძვლად საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტს.
საკასაციო პალატის მოსაზრებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, კასატორმა ვერ შეძლო ისეთი მტკიცებულებების წარდგენა, რომელიც გააქარწყლებდა სააპელაციო პალატის მსჯელობას, მის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დაადასტურებდა სააპელაციო პალატის სამართლებრივი დასკვნების მცდარობას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და საკასაციო საჩივრის შინაარსის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ არც ერთ საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, ლ. დ-ეის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 მარტის განჩინებაზე მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, ლ. დ-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2024 წლის 02 მაისს საკასაციო საჩივარზე სს „ს...ში“ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. დ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 მარტის განჩინება;
3. ლ. დ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს მის მიერ 2024 წლის 02 მაისს საკასაციო საჩივარზე სს „ს...ში“ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: გენადი მაკარიძე
გიორგი გოგიაშვილი