საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე № ბს-1176(კ-24) 4 მარტი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
მოწინააღმდეგე მხარე - ზ. დ-ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ივლისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2023 წლის 7 თებერვალს ზ. დ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 21 ივლისს განცხადებით მიმართა მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა საკუთრების უფლების აღიარება უძრავ ნივთზე მდებარე, ქ. თბილისში, ...ს ..., №.... განცხადებას თან ერთოდა საკადასტრო აზომვითი ნახაზი, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ქონება სსიპ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ არის, ასევე მეზობლების თანხმობა. 2016 წლის 25 მაისის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექინვენტარიზაციის არქივის წერილით ირკვევა, რომ ქ. თბილისში, ...ს მე-..., №...-ში აღრიცხულია ორი უძრავი ნივთი, ერთი შ. გ-ის სახელზე, ხოლო მეორე - ხ. გ-ის სახელზე. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 28 ივნისის №1345 განკარგულებით ზ. დ-ის უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ.თბილისი, ...ს ... №... საერთო ფართობი 77 კვ.მ.) საკუთრების უფლების აღიარებაზე, იმ საფუძვლით, რომ მიწის ნაკვეთი, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებული სიტუაციური ნახაზის მიხედვით აღრიცხულია ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 28 ივნისის №1345 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ზ. დ-ისათვის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით ზ. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 28 ივნისის №1345 განკარგულება და მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ივლისის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ზოგადად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მიზნებისათვის, სადავო უძრავი ქონების განკარგვა მესამე პირზე წარმოადგენს საკუთრების უფლების აღიარების გამომრიცხავ გარემოებას, თუმცა მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოების განმავლობაში სათანადოდ არ არის გამოკვლეული იდენტურია თუ არა ტექნიკური აღრიცხვის არქივში მითითებული უძრავი ქონება, იმ უძრავი ქონებისა, რომელზეც პრეტენზიას აცხადებს ზ. დ-ი და რეალურად რა უფლებრივი მდგომარეობა გააჩნია განმცხადებლის დაინტერესებაში არსებულ 77 კვ.მ მიწის ნაკვეთს.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ საქმეში წარმოდგენილ გ. გ-ის და შ. გ-ის 2016 წლის 12 აპრილის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებებს არ ექნება რაიმე მნიშვნელობა მოცემული საქმისთვის. აღნიშნული განცხადებებით მითითებული პირები ადასტურებენ ზ. დ-ის და მისი ოჯახის მიერ 1970 წლიდან უძრავი ქონების ფლობის და სარგებლობის ფაქტს, აქვე თანხმობას აცხადებენ, რომ ზ. დ-იმა მოახდინოს ზემოაღნიშნული ქონების დაკანონება, ლეგალიზაცია და რეგისტრაცია. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ იზიარებს მოწმის ჩვენების სუბიექტური ბუნების შესახებ სააპელაციო საჩივარში ციტირებული სასამართლოს პრაქტიკის შინაარსს, თუმცა განმარტა, რომ თითოეული ჩვენებისა თუ პოზიციის შეფასება უნდა მოხდეს ერთობლივად, საქმის სხვა გარემოებებთან ერთად. მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანო ერთის მხრივ უარს ეუბნება განმცხადებელს საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, თითქოს მოცემულ ტერიტორიაზე იკვეთება სხვათა საკუთრების უფლება, მეორეს მხრივ კი, მნიშვნელობას არ ანიჭებს ამავე პირების მიერ გამოთქმულ თანხმობას, განმცხადებელს ეღიაროს საკუთრების უფლება კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე. სააპელაციო პალატის განმარტებით, ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია და არ შეუსწავლია საქმეზე არსებული ფაქტობრივი მდგომარეობა, არ დაუზუსტებია კონკრეტულად რომელი მიწის ნაკვეთი იყო რეგისტრირებული საკუთრების უფლებით და რომელ მიწის ნაკვეთზე აცხადებდა საკუთრების უფლების აღიარების პრეტენზიას განმცხადებელი. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადავო აქტი იმგვარ არგუმენტებს ეყრდნობა, რაც სათანადოდ არ გამოკვლეულა ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ.
კასატორის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის განმარტებით, არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ კომისიის მიერ სრულყოფილად არ იქნა შესწავლილი და შეფასებული უფლებასაღიარებელი მიწის ნაკვეთის რეალური მდგომარეობა. ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე კომისიამ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და გამოითხოვა ინფორმაცია უძრავი ნივთის (მდებარე ქ. თბილისი, ...ს მე-..., N...) უფლებრივი მდგომარეობის შესახებ. დადგინდა, რომ ზ. დ-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი აღრიცხულია ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში. შესაბამისად, კასატორის განმარტებით, დაუსაბუთებელია სასამართლოს განმარტება, თითქოს კომისიის მიერ არ ყოფილა გარემოებები სათანადოდ გამოკვლეული. კასატორის მოსაზრებით, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების საპირწონე ვერ გახდება ასევე მოწმეთა ნოტარიულად დამოწმებული განცხადება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად, წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 28 ივნისის №1345 განკარგულების კანონიერების შემოწმება, როლითაც ზ. დ-ის უარი ეთქვა ქალაქ თბილისში, ...ს ... №...-ში მდებარე 77 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე. მოსარჩელე ასევე ითხოვდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის ქალაქ თბილისი, ...ს ... №...-ში მდებარე 77 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ზ. დ-ისათვის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ფიზიკური პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების საფუძვლებსა და წესებს განსაზღვრავს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი. ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით (შემდგომში – საკუთრების უფლების აღიარება) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა (მუხლი 1). ამავე კანონის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარება არის ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნისათვის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურის შესაბამისად, საკუთრებაში სასყიდლიანი ან უსასყიდლო ფორმით გადაცემა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განმარტებულია თვითნებურად დაკავებული მიწის დეფინიცია, კერძოდ, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს; კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამდენად, მითითებული ნორმის კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობაზე გასავრცელებლად სავალდებულოა, რომ საკუთრების უფლებით ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდეს სახელმწიფოს საკუთრებას (არ იყოს განკარგული) და საქმის მასალებით უტყუარად დასტურდებოდეს მისი თვითნებურად ფლობის ფაქტი. ამასთან, სახეზე უნდა იყოს ერთ-ერთი შემდეგი პირობა: თვითნებურად დაკავებულ მიწაზე განთავსებული უნდა იყოს საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), რაც ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად მოიაზრებს მხოლოდ ისეთ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ეს შენობა-ნაგებობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), კანონის ამოქმედების პერიოდამდე აგებული უნდა იყოს უშუალოდ განმცხადებლის (მოთხოვნის მქონე პირი) ან მისი მამკვიდრებლის (უნდა წარმოადგენდეს სამკვიდრო უფლებაში შემავალ აქტივს) მიერ, ან თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი უნდა იყოს საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მიხედვით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის განკერძოება ხდება იმ შემთხვევაში თუ მიწის თვითნებურად დაკავების, მასზე საცხოვრებელი სახლის ან/და არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის განთავსება დასტურდება კანონის ამოქმედებამდე. ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მანძილი მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ზ. დ-ისათვის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის კანონიერება იმ საფუძვლით, რომ მის მიერ მოთხოვნილი ქონება აღრიცხული იყო ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში და მიეთითა, რომ იკვეთებოდა სხვა პირთა - ხ. გ-ისა და შ. გ-ის საკუთრების უფლება. ამრიგად, მოცემულ საქმეზე, სადავო აქტის კანონიერების შემოწმება უნდა მოხდეს სწორედ მითითებული გარემოების ფარგლებში და დადგინდეს, არსებობდა თუ არა ზ. დ-ის საკუთრების უფლების აღიარების გამომრიცხავი გარემოებები.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2016 წლის 21 ივლისს, ზ. დ-ის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების კომისიას სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით, უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, ...ს ... №... (77 კვ.მ). განცხადებაზე წარდგენილ იქნა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ორთოფოტო, ინფორმაცია უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ; რეესტრის ხელმისაწვდომობის შესახებ გადაწყვეტილება; სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2013 წლის 11 დეკემბრის №58/255439 წერილი; ნოტარიულად დამოწმებული განცხადებები; ქვითრები; ინფორმაცია ობიექტებზე; საინვენტარიზაციო გეგმები.
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს N... გადაწყვეტილებით დგინდება, რომ ტექნიკური არქივის აღრიცხვის მონაცემებით (ელექტრონული ვერსიის საფუძველზე) ქ. თბილისში, ...ს ... №...-ში აღრიცხულია ორი უძრავი ნივთი. ერთი უძრავი ნივთი აღრიცხულია შ. გ-ის სახელზე, ხოლო მეორე ხ. გ-ის სახელზე. საქმის მასალებიდან ასევე ირკვევა, რომ ზ. დ-ის მიერ სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი მოქცეულია ...; ...; ...; ...; ... საკადასტრო კოდებს შორის.
აღსანიშნავია, რომ უძრავ ნივთებზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ...ს ... შესახვევში არსებობს რამდენიმე შენობა აღრიცხული 18 ნომრად, გარდა ამისა, ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საჯარო რეესტრის მონაცემებით საკუთრების უფლება რეგისტრირებულია იმ მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც რუკაზე მოცემულია შეფერილობით, შემოსაზღვრულია კონტურით და მათზე დატანილია თორმეტნიშნა საკადასტრო კოდი. იმ ნაკვეთებზე, რომლებზეც არ არის დატანილი თორმეტნიშნა საკადასტრო კოდი, არ არის შემოსაზღვრული კონტურით და არ აქვს შეფერილობა საკუთრების უფლება არ არის რეგისტრირებული. აღნიშნული დოკუმენტიდან გამომდინარე, შეფერილობით არის მოცემული შ. გ-ისა და ლ. გ-ის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები, თუმცა მათ შორის დარჩენილია სივრცე, რომელიც არ არის შემოსაზღვრული კონტურით, არ არის შეფერილი და არ ახლავს თორმეტნიშნა საკადასტრო კოდი. ასევე საქმის მასალებიდან დგინდება, რომ მოცემული სივრცე კონფიგურაციით ემთხვევა იმ საკადასტრო აზომვით ნახაზს, რომელიც ზ. დ-იმა წარუდგინა კომისიას, მის დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მიზნით.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ ზოგადად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მიზნებისათვის, სადავო უძრავი ქონების განკარგვა მესამე პირზე წარმოადგენს საკუთრების უფლების აღიარების გამომრიცხავ გარემოებას, თუმცა მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოების განმავლობაში სათანადოდ არ არის გამოკვლეული იდენტურია თუ არა ტექნიკური აღრიცხვის არქივში აღნიშნული უძრავი ქონება, იმ უძრავი ქონებისა, რომელზეც პრეტენზიას აცხადებს ზ. დ-ი და რეალურად რა უფლებრივი მდგომარეობა გააჩნია განმცხადებლის დაინტერესებაში არსებულ 77 კვ.მ მიწის ნაკვეთს. ასევე საყურადღებოა, რომ საქმეში წარმოდგენილი გ. გ-ის და შ. გ-ის 2016 წლის 12 აპრილის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებებით, ზ. დ-ი და მისი ოჯახი 1970 წლიდან ფლობს და სარგებლობს 77.5 კვ.მ ფართის უძრავი ქონებით მდებარე - ქ. თბილისში, ...ს ... №18-ში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს, სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს გასაჩივრებულ განკარგულებაში არსებითად არ უმსჯელია დასახელებულ გარემოებებზე და არ შეუფასებია ზ. დ-ის მიერ წარდგენილი დოკუმენტები ერთობლიობაში წარმოადგენდნენ თუ არა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების საფუძველს. ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია და არ შეუსწავლია საქმეზე არსებული ფაქტობრივი მდგომარეობა, არ დაუზუსტებია კონკრეტულად რომელი მიწის ნაკვეთი იყო რეგისტრირებულ საკუთრების უფლებით და რომელ მიწის ნაკვეთზე აცხადებდა საკუთრების უფლების აღიარების პრეტენზიას განმცხადებელი, კომისიას არ მიუთითებია არცერთი იმ არგუმენტის თაობაზე, რაც საკმარისი იქნებოდა მოცემულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების გამორიცხვისათვის.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.5 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე; დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, სათანადოდ შეაფასოს ზ. დ-ის მიერ წარდგენილი დოკუმენტები და დაინტერესებული მხარეებისა და მოწმეების ახსნა-განმარტებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად დაადგინოს წარმოადგენდა თუ არა მხარის მიერ წარდგენილი დოკუმენტები უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების საკმარის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე