№ბს-1023(კ-24) 5 მარტი, 2025 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გენადი მაკარიძე, ბადრი შონია
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ა(ა)იპ „ს...“).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2023 წლის 5 აპრილს ა(ა)იპ „ს...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის - სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ, სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოსთვის საჯარო ინფორმაციის - 2020, 2021 და 2022 წლებში სახელმწიფო ტყის ფონდით გრძელვადიანი ტყითსარგებლობის შესახებ გაფორმებული ყველა ხელშეკრულების ასლისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების სარგოს ოდენობის შესახებ, თანამდებობის მიხედვით, ჩაშლილად 2021-2022 წლებში, ასევე, არსებობის შემთხვევაში, 2021-2022 წლებში პრემია-დანამატების შესახებ, გაცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით ა(ა)იპ ს...ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოს დაევალა ა(ა)იპ ს...ს 2022 წლის 8 დეკემბრისა და 2023 წლის 31 იანვრის განცხადებებით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის კანონით დადგენილი წესით დამუშავება და შედეგად (შესაბამისი სახით) მისთვის გადაცემა: 2022 წლის 8 დეკემბრის განცხადების შესაბამისად მოთხოვნილი 2020, 2021 და 2022 წლებში სახელმწიფო ტყის ფონდით გრძელვადიანი ტყითსარგებლობის შესახებ გაფორმებული ყველა ხელშეკრულების ასლი; 2023 წლის 31 იანვრის განცხადებით მოთხოვნილი ინფორმაცია ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების სარგოს ოდენობის შესახებ, თანამდებობის მიხედვით, ჩაშლილად 2021-2022 წლებში. ასევე, არსებობის შემთხვევაში, პრემია-დანამატების შესახებ ინფორმაცია, 2021-2022 წლებში.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ უარი განაცხადა მასზე დაკისრებული ვალდებულების შესრულებაზე, აღნიშნული კი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე, მოპასუხისათვის ქმედების განხორციელების დავალების წინაპირობას წარმოადგენდა. მოთხოვნილი ინფორმაციის შინაარსისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, თავდაპირველად, სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოს უნდა უზრუნველეყო ა(ა)იპ ს...ს მიერ 2022 წლის 8 დეკემბრისა და 2023 წლის 31 იანვრის განცხადებების განხილვა - მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის დამუშავება და შესაბამისი ფორმით გაცემა, რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენდა საჯარო ინფორმაციის გაცემის პროცესში არ მოეხდინა სხვა პირთა პერსონალური მონაცემის ხელყოფა. ამასთან, განცხადებების პასუხად ინფორმაციის გაცემისას, გარდა ზემოთ აღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა, ყურადღება უნდა მიექცია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი იყო არა ზოგადად ტყის მართვის შესახებ ინფორმაცია, არამედ კონკრეტულად ხელშეკრულებების ასლების გადაცემა. ასევე, მოთხოვნილი იყო არა მხოლოდ თანამდებობის პირების, არამედ სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების სარგოს ოდენობის შესახებ თანამდებობის მიხედვით ინფორმაცია და არსებობის შემთხვევაში, პრემია-დანამატების შესახებ ინფორმაცია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ეროვნულმა სატყეო სააგენტომ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივლისის განჩინებით სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ეროვნულმა სატყეო სააგენტომ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა ის გარემოებები, რაც სააპელაციო საჩივარში იყო მითითებული. კერძოდ, საქართველოს ტყის კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის მიზნებია: ა) საქართველოს ტყის ბიომრავალფეროვნების დაცვა, ტყის ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური ფუნქციების შესასრულებლად მისი თვისებრივი მახასიათებლების, აგრეთვე ტყის რესურსების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების შენარჩუნება და გაუმჯობესება; ბ) თვითმყოფადი ბუნებრივი და კულტურული გარემოს, მათ შორის, მცენარეული საფრისა და ცხოველთა სამყაროს, ტყეში არსებული ბუნებისა და კულტურის ძეგლების, მცენარეთა იშვიათი, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებისა და სხვა ღირებულებათა მომავალი თაობებისთვის შენარჩუნება და მათი ურთიერთგავლენის ჰარმონიული რეგულირება; გ) ტყის რესურსებისა და სხვა ბუნებრივი პოტენციალის მიზნობრივი და რაციონალური გამოყენება; დ) ტყის მართვის ძირითადი პრინციპების განსაზღვრა, რომლებსაც უნდა დაეფუძნოს ტყის მდგრადი მართვა. ამავე კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ტყესთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილე სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ მუნიციპალიტეტის ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფენ ტყის მართვის შესახებ ინფორმაციის საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას, აგრეთვე ტყის მართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობას. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ტყის კოდექსი აწესრიგებს ტყის მართვასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს (მუხლი 1.1). მოცემული კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ტყესთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილე სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/მუნიციპალიტეტის ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფენ ტყის მართვის შესახებ ინფორმაციის საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას, აგრეთვე ტყის მართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობას. ამავე კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ტყის მართვის ორგანოა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ეროვნული სატყეო სააგენტო.
საქართველოს ტყის კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ტყის სფეროში საქართველოს კანონმდებლობა შედგება საქართველოს კონსტიტუციისგან, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისგან, საქართველოს ეროვნული სატყეო კონცეფციისგან, ამ კოდექსისგან, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისა და მათ საფუძველზე მიღებული/გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისგან.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 31 მაისის №2-796 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოს დებულების 121 მუხლის “თ” ქვეპუნქტის მიხედვით საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის გაცემას, ხოლო ამავე დებულების მე-3 მუხლის „შ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სატყეო სამსახურის უფლებამოსილებაა კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო ინფორმაციის გაცემა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, დადგენილია, რომ ა(ა)იპ ს...ს წარმომადგენელმა 2022 წლის 8 დეკემბერს და 2023 წლის 31 იანვარს განცხადებებით მიმართა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოს და 2020, 2021 და 2022 წლებში სახელმწიფო ტყის ფონდით გრძელვადიანი ტყითსარგებლობის შესახებ გაფორმებული ყველა ხელშეკრულების ასლის, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების სარგოს ოდენობისა (თანამდებობების მიხედვით, ჩაშლილად 2021, 2022 წლებში) და არსებობის შემთხვევაში, პრემია-დანამატების (2021, 2022 წლებში) შესახებ ინფორმაციის ელექტრონულად გაცემა მოითხოვა.
ა(ა)იპ ს...ს წარმომადგენელმა 2023 წლის 10 და 22 თებერვალს ადმინისტრაციული საჩივრებით მიმართა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოს და 2022 წლის 8 დეკემბრისა და 2023 წლის 31 იანვრის განცხადებებით მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდება მოითხოვა.
მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მოსარჩელე მხარისათვის არ გადაუცია მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტების შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით დაცული „ინფორმაციის ღიაობა ხელს უწყობს სახელმწიფო დაწესებულებების ანგარიშვალდებულების ამაღლებასა და საქმიანობის ეფექტიანობის ზრდას. ღია მმართველობის პირობებში სახელმწიფო ორგანოებს/თანამდებობის პირებს აქვთ მოლოდინი, რომ შესაძლოა, მათი საქმიანობა გადამოწმდეს ნებისმიერი დაინტერესებული პირის მიერ და გადაცდომების აღმოჩენის შემთხვევაში დაექვემდებარონ როგორც სამართლებრივ, ისე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას. შესაბამისად, სახელმწიფო დაწესებულებებში დაცული საჯარო ინფორმაციის ღიაობა წარმოადგენს სახელმწიფო ორგანოების საქმიანობაზე ეფექტიანი საზოგადოებრივი კონტროლის მნიშვნელოვან წინაპირობას. ღია მმართველობა არსებითად მნიშვნელოვანია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო დაწესებულებებსა და მოქალაქეებს შორის ნდობის განსამტკიცებლად, სამართალდარღვევების (მაგალითად, კორუფცია, ნეპოტიზმი, საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა) პრევენციისა და არსებული დარღვევების დროულად გამოსავლენად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 მარტის №1/4/757 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი კრავეიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“,II-5).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულება ეკისრება არა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს, არამედ საჯარო დაწესებულებას (სზაკ 27ა.). ამასთან, საჯარო ინფორმაციის გაცემის მარეგულირებელი კანონმდებლობა იმგვარად არის ჩამოყალიბებული, რომ საჯარო დაწესებულება ვალდებულია ყოველთვის გასცეს საჯარო ინფორმაცია, თუკი არ არსებობს ინფორმაციის გაცემის დამაბრკოლებელი საფუძვლები, როგორიცაა - ინფორმაციის მიკუთვნება კომერციული ან პროფესიული საიდუმლოებისთვის ან პერსონალური მონაცემებისთვის (სზაკ 28; 10).
ამდენად, საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საქართველოს ტყის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ტყესთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილე სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/მუნიციპალიტეტის ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფენ ტყის მართვის შესახებ ინფორმაციის საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას, ხოლო, მოთხოვნილი ინფორმაციის (2020, 2021 და 2022 წლებში სახელმწიფო ტყის ფონდით გრძელვადიანი ტყითსარგებლობის შესახებ გაფორმებული ყველა ხელშეკრულების ასლის; ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების სარგოს ოდენობის შესახებ, თანამდებობის მიხედვით, ჩაშლილად 2021-2022 წლებში; ასევე, არსებობის შემთხვევაში, პრემია-დანამატების შესახებ ინფორმაცია, 2021-2022 წლებში) გაცემა სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ეკისრება როგორც ადმინისტრაციულ ორგანოს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-10 და 28-ე მუხლების შესაბამისად, პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფით.
ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის კანონიერი საფუძვლები. კერძოდ, მოთხოვნილი ინფორმაცია არ მიეკუთვნება კომერციულ ან/და პროფესიულ საიდუმლოებას, რის გამოც, მოთხოვნილი ინფორმაცია ექვემდებარებოდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად გაცემას, შესაბამისი პერსონალური მონაცემების დაცვით.
კასატორი ვერ უთითებს შესაბამის საკანონმდებლო საფუძვლებს და ინფორმაციის შინაარსიდან გამომდინარე ვერ ასაბუთებს, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების არსებობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, საკასაციო საჩივარზე სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოს 2/09/2024 წ. №23145 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №GE24NB0330100200165022, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივლისის განჩინება;
3. სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოს (ს/ნ 204578581) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2/09/2024 წ. №23145 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №GE24NB0330100200165022, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: გ. მაკარიძე
ბ. შონია