Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-203(კ-24) 10 მარტი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ნოემბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – მ. თ-ე, მოპასუხეები - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2021 წლის 30 ივნისს მ. თ-ეის წარმომადგენელმა სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის მიმართ და მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 04 მაისის №... გადაწყვეტილების და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 21 ივნისის №... გადაწყვეტილების (საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) ბათილად ცნობა. ასევე, მოითხოვა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე უძრავი ქონების (მაღაზია) საკუთრებად დარეგისტრირების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 09 დეკემბრის საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 02 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ. თ-ეის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 04 მაისის N... და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 21 ივნისის N... გადაწყვეტილებები. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა, წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...ში მდებარე 170 კვ.მ მაღაზიის შენობა - ნაგებობის მ. თ-ეის საკუთრებად რეგისტრაციის თაობაზე. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ნოემბრის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 02 სექტემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს მსჯელობით, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და შემდგომ სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის საფუძველი გახდა სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტების არასაკმარისობა. სადავო გადაწყვეტილებებით მოთხოვნილი იქნა ისეთი დოკუმენტის წარდგენა, რომელიც დაადასტურებდა აღნიშნული მიწის ნაკვეთის შენობა - ნაგებობასთან ერთად, ქ...ს საკუთრებას და ასევე, მოთხოვნილი იქნა მტკიცებულება რომლითაც დადასტურდებოდა ო. თ-ეის, როგორც ქედის სამომხმარებლო რაიოკოოპერატივის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება.

პალატამ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, 2002 წლის 11 ნოემბრის №10 ოქმით, 2002 წლის 12 ნოემბრის ქ...ს გამგეობის დადგენილებით, 2002 წლის 6 დეკემბრის მიღება - ჩაბარების აქტით, 2002 წლის ნოემბრით დათარიღებული აქტით, მ. თ-ეის მიერ მაღაზიის საფასურის გადახდის ქვითრით, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 27 თებერვლის N42 განკარგულებით, 2006 წლის შეთანხმებით და სახელმწიფოსათვის ქონების უსასყიდლოდ გადაცემის ნუსხით, ასევე მხარეთა ახსნა - განმარტებებით და წარდგენილი ფოტომასალით დადასტურებულად მიიჩნია, რომ სადავო მაღაზია ნამდვილად ეკუთვნოდა ქ...ს და რომ კოოპერატივმა იგი შემდგომში მიყიდა მ. თ-ეს. სასამართლოს მსჯელობით, აღნიშნული გარემოება კოოპერატივმა ასევე დაადასტურა 2021 წლის 29 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულებით, სადაც მიუთითა მ. თ-ეის მიერ მაღაზიის საფასურის გადახდის თაობაზე და დააფიქსირა პრეტენზიის არქონა.

რაც შეეხება ადმინისტრაციული ორგანოების ძირითად შედავებას ფართის კოოპერატივისადმი კუთვნილებაზე, ასევე ტექ. ბიუროს მონაცემებში ჩანაწერის მოუძიებლობაზე, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების საწინააღმდეგო და გამაბათილებელი მტკიცებულება ადმინისტრაციული ორგანოების წარმომადგენელთა მიერ ვერ იქნა წარდგენილი, ასევე გასათვალისწინებლად იქნა მიჩნეული მხარეთა დადასტურება, სამომხმარებლო კოოპერატივის ბალანსზე რიცხული ქონების, მათი მოვლა - პატრონობის შეუძლებლობის გამო სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე და შეფასდა 2006 წლის შეთანხმება თანდართული ნუსხით, რომელშიც სადავო მაღაზიის შენობა, სახელმწიფოსთვის გადაცემულად არ ფიქსირდება. აღნიშნულმა კი პალატის მსჯელობით გაამყარა ის პოზიცია, რომ შენობა მანამდე, ერთ - ერთ მეპაიეზე (მ. თ-ეზე) იყო გასხვისებული.

რაც შეეხება რეგისტრაციის შეჩერების მეორე საფუძველს - ო. თ-ეის წარმომადგენლობით უფლებამოსილებაში არსებულ ხარვეზს, აღნიშნულზე სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმეში წარდგენილ ქ...ს გამგეობის 2006 წლის 28 აპრილის №3 ბრძანებაზე, სადაც მითითებულია, რომ ო. თ-ე არჩეული იქნა ქ...ს გამგეობის თავმჯდომარედ 2006 წლიდან. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის 2014 წლისა და 2023 წლის ამონაწერებით სასამართლომ მიიჩნია, რომ რკ ქ... რეგისტრაციაში გატარდა 07.04.1998 წელს (საიდენტიფიკაციო ნომერი ..., მის: ქედი, ...ის ქ.N...), კოოპერატივის თავმჯდომარე და ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია - ო. თ-ე (...). ამდენად, პალატამ დადგენილად მიიჩნია 2021 წლის 29 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულების წარდგენისას, ო. თ-ეის უფლებამოსილება ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებაზე. აღნიშნულით დადასტურებულად მიიჩნია რაიოკოოპერატივის მიერ, შენობის გაყიდვისა და მყიდველისაგან ნასყიდობის ღირებულების მიღების ფაქტი. სააპელაციო სასამართლოს მსჯელობით, წერილობითი მტკიცებულებები, რომლებიც მ. თ-ეის სარეგისტრაციო განაცხადს ერთოდა, მითითებული ხელშეკრულების გარეშეც საკმარისი იყო საჯარო რეესტრში მისი საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ.

კასატორის განმარტებით, მ. თ-ე 2021 წლის 25 თებერვლის N... განცხადებით ითხოვდა საკუთრების უფლების რეგისტრაციას ქედის მუნიციპალიტეტ სოფელ ...ში მდებარე 170 კვ.მ. არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ ერთ არასაცხოვრებელ შენობა - ნაგებობაზე. მ. თ-ეის განმარტებით, სარეგისტრაციო უძრავ ნივთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ არსებობდა და მოითხოვა საკითხის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში გადაგზავნა. წარმომადგენლის განმარტებით, სადავო ტერიტორიის აღიარების საკითხზე, N... წარმოების ფარგლებში უკვე ნამსჯელი ჰქონდა ადმინისტრაციულ ორგანოს და მიღებული იყო უარყოფითი გადაწყვეტილება, რაც კასატორის მოსაზრებით ცალსახად გამორიცხავდა მარეგისტრირებელი ორგანოს უფლებამოსილებას კვლავ მიემართა აღიარების კომისიისთვის. ვინაიდან განმცხადებელმა საჯარო რეესტრის მიერ განსაზღვრულ ვადაში ვერ წარადგინა მიწის ნაკვეთის (შენობა - ნაგებობასთან ერთად) კოოპერატივის კუთვნილებისა და ო. თ-ეის უფლებამოსილების დამადასტურებელი მტკიცებულებები, საჯარო რეესტრის 2021 წლის 4 მაისის N... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა, რომელიც ძალაში დარჩა ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს 2021 წლის 21 ივნისის N... გადაწყვეტილებით.

წარმომადგენლის მსჯელობით, 2002 წლის 11 ნოემბრის N10 ოქმით, ქ...ს 2002 წლის 12 ნოემბრის დადგენილებით (7 ოქმი) და 2021 წლის 29 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულებით ვერ დადასტურდა, ის გარემოება, რომ სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთი მასზე განლაგებული შენობა - ნაგებობით წარმოადგენდა კოოპერატივის საკუთრებას. ასევე, ვერ დადასტურდა ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირის ო. თ-ეის (სამომხმარებლო კოოპერატივის გამგეობის თავმჯდომარე) უფლებამოსილება, ყოფილიყო ამგვარი გარიგების მონაწილე. კასატორი აპელირებს „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის“ (2002 წელს მოქმედი რედაქციით) 183-ე მუხლზე და მიიჩნევს, რომ საქმის მასალებში არ არის წარდგენილი 2002 წელს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი ნასყიდობის ხელშეკრულება. მიუთითებს, რომ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება შედგა შემდგომ, 2021 წლის 29 მარტს, ო. თ-ეის ხელმოწერით (უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე). კასატორის მსჯელობით, სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი, ო. თ-ეის ქედის რაიონის სამომხმარებლო კოოპერატივის თავმჯდომარედ დანიშვნის შესახებ ბრძანების ასლი, ვერ ადასტურებს უძრავი ქონების კოოპერატივის სახელით გასხვისების უფლებამოსილებას, მით უფრო იმ ქონების, რომელიც არ წარმოადგენდა ქ...ს საკუთრებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 თებერვლის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2021 წლის 25 თებერვალს მ. თ-ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ ოფისს და მოითხოვა ქედაში, სოფელ ...ში მდებარე 170 კვ.მ არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ ერთ არასაცხოვრებელ შენობა - ნაგებობაზე საკუთრების უფლებათა სპორადული რეგისტრაცია. განცხადებას თან დაურთო შპს „რ...ს" 2020 წლის 21 დეკემბრის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი; შენობის აზომვითი ნახაზი; 2002 წლის 6 დეკემბრით დათარიღებული მიღება - ჩაბარების აქტის ასლი; 2002 წლის ნოემბრით დათარიღებული აქტის ასლი; 2002 წლის 11 ნოემბრით დათარიღებული №10 ოქმის ასლი; 2002 წლის 12 ნოემბრით დათარიღებული ქ...ს გამგეობის დადგენილების ასლი; ქვითრის ასლი.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 02 აპრილის №...-05 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა და მოთხოვნილი იქნა მაღაზიის ფართზე რაიკოოპერატივის საკუთრების დამადასტურებელი და კოოპერატივის წარმომადგენლად ო. თ-ეის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტები.

დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 04 მაისის №... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა იმ დასაბუთებით, რომ ქონების რეგისტრაციისათვის მარეგისტრირებელ ორგანოში არ იქნა წარდგენილი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა მაღაზიის ფართზე რაიკოოპერატივის საკუთრებას, ასევე წარდგენილი არ იყო მტკიცებულება კოოპერატივის წარმომადგენლად ო. თ-ეის უფლებამოსილების შესახებ.

დადგენილია, რომ 2021 წლის 20 მაისს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა მ. თ-ეის წარმომადგენელმა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 2021 წლის 04 მაისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 21 ივნისის N... გადაწყვეტილებით, მ. თ-ეის საჩივარი არ დააკმაყოფილა.

2002 წლის 11 ნოემბრის N10 ოქმით ირკვევა, რომ ,,ცეკავშირის“ გამგეობის 1996 წლის №40 დადგენილების და ,,ა...ს“ საბჭოს დადგენილებების საფუძველზე, ქ...ს ინვენტარის გაყიდვის თაობაზე შექმნილმა კომისიამ განიხილა სოფელ ...ში მდებარე მაღაზიის შენობის გაყიდვის საკითხი. კრებაზე კოოპერატივის წევრებმა განმარტეს, რომ კოოპერატივს არ ჰქონდა მაღაზიის შენობის გარემონტებისა და ამუშავების ფინანსური რესურსი. თავისუფალი სახსრების მოზიდვის მიზნით მიზანშეწონილად მიაჩნდათ მისი გაყიდვა ერთ - ერთ მეპაიეზე - მ. თ-ეზე. გასხვისების ფასად დადგინდა - 500 ლარი. ასევე გადაწყდა, რომ საკითხი გატანილი ყოფილიყო სამომხმარებლო კოოპერატივის გამგეობის სხდომაზე.

ქ...ს გამგეობის 2002 წლის 12 ნოემბრის დადგენილებით (ოქმი N7, მუხლი N1) გადაწყდა კოოპერატივის საკუთრებაში არსებული ქონების, კერძოდ, ქედის რაიონის სოფელ ...ში მდებარე, ავარიული მაღაზიის შენობის მ. თ-ეისათვის 500 ლარად მიყიდვის საკითხი. ღირებულება უნდა გადახდილიყო 2002 წლის 5 დეკემბრამდე. საქმეში წარმოდგენილია ქვითრის ასლი, რომლის მიხედვით, მ. თ-ემ გადაიხადა მაღაზიის ღირებულება 500 ლარი. საქმეში წარმოდგენილი 2002 წლის 6 დეკემბრის მიღება - ჩაბარების აქტით ირკვევა, რომ რაიკოოპერატივმა მ. თ-ეს გადასცა სოფელ პირველი მაისის ცენტრში მდებარე ყოფილი სამრეწველო მაღაზია.

საქმეში წარმოდგენილი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის 2014 წლისა და 2023 წლის ამონაწერებიდან ირკვევა, რომ რკ ქ... რეგისტრაციაში გატარდა 1998 წლის 7 აპრილს (საიდენტიფიკაციო ნომერი ..., მის: ქედი, ...ის ქ.N...), კოოპერატივის თავმჯდომარე და ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი - ო. თ-ე (...).

მუნიციპალიტეტის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 27 თებერვლის N42 განკარგულებით, კომისიამ მიუთითა, რომ სადავო ქონება წარმოადგენს ქ...ს მიერ გასხვისებულ (გაყიდულ) ქონებას, რომელიც შეიძინა მ. თ-ემ. აღნიშნული საფუძვლით კომისიამ უარი თქვა მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების (თვითნებურად დაკავების მოტივით) აღიარებაზე.

2021 წლის 29 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულებით, ქ... ადასტურებს, რომ მ. თ-ეს მიჰყიდა მის საკუთრებაში არსებული ქედის რაიონის სოფელ ...ში მდებარე მაღაზიის ფართი 170 კვ.მ ხელშეკრულებაზე თანდართული აზომვითი ნახაზის თანახმად. ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ მყიდველის მიერ შეძენილი ფართის ღირებულება სრულად არის გადახდილი, რაზედაც ქ...ს პრეტენზია არ გააჩნია.

საქმეში წარმოდგენილია აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ქ...ს შორის გაფორმებული შეთანხმება და ქონებათა ნუსხა, რომლითაც 2006 წელს კოოპერატივმა ნუსხაში მითითებული ქონებები უსასყიდლოდ გადასცა სახელმწიფოს. ნუსხაში არსებულ ჩამონათვალში არ არის დავის საგნად ქცეული უძრავი ქონება. აღნიშნულთან დაკავშირებით, მოსარჩელე მხარის პოზიციით, 2006 წლის მდგომარეობით კოოპერატივს სადავო ქონება უკვე გასხვისებული ჰქონდა და ბუნებრივია იგი ვეღარ აისახებოდა სახელმწიფოსათვის გადასაცემ ქონებათა ნუსხაში.

საკასაციო საჩივარზე მსჯელობის მიზნით, პალატა მიუთითებს საკითხისადმი რელევანტურ ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია) მე-2, მე-8, მე-9, მე-11, 21-ე, 22-ე მუხლებს და მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში როგორც გასაჩივრებული აქტებით ირკვევა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების და შემდგომ სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის საფუძველი გახდა სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტების არასაკმარისობა. კერძოდ, სადავო გადაწყვეტილებებით მოთხოვნილი იყო აღნიშნული მიწის ნაკვეთის, შენობა - ნაგებობასთან ერთად ქ...ს კუთვნილების დამადასტურებელი მტკიცებულება, ასევე დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა ო. თ-ეის, ქედის სამომხმარებლო რაიოკოოპერატივის წარმომადგენლობით უფლებამოსილებას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის და 96-ე მუხლის პირველი ნაწილის ჩანაწერის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება. ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა, საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება.

საქმეში წარდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ, 2002 წლის 11 ნოემბრის №10 ოქმი, 2002 წლის 12 ნოემბრის ქ...ს გამგეობის დადგენილება, 2002 წლის 6 დეკემბრის მიღება - ჩაბარების აქტი, 2002 წლის ნოემბრით დათარიღებული აქტი, მ. თ-ეის მიერ მაღაზიის საფასურის გადახდის ქვითარი, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 27 თებერვლის N42 განკარგულება, 2006 წლის შეთანხმება და სახელმწიფოსათვის ქონების უსასყიდლოდ გადაცემის ნუსხა, მხარეთა ახსნა - განმარტებები და ფოტომასალა ადასტურებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების იმ მსჯელობას, რომ სადავო მაღაზია ნამდვილად ეკუთვნოდა ქ...ს და რომ კოოპერატივმა იგი შემდგომში მიყიდა მ. თ-ეს. აღნიშნული გარემოება ასევე დასტურდება კოოპერატივის 2021 წლის 29 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულებით, სადაც მითითებულია, რომ მ. თ-ეს გადახდილი ჰქონდა მაღაზიის საფასური და მასზე რაიმე პრეტენზია არ გააჩნდათ. საკასაციო საჩივრის ავტორი ეჭვქვეშ აყენებს სადავო ფართის კოოპერატივისადმი კუთვნილებას იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ტექ. ბიუროს მონაცემებში ვერ მოიძებნა აღნიშნულის შესახებ ჩანაწერი, თუმცა ვერც ქვედა ინსტანციის სასამართლოებში და ვერც საკასაციო ეტაპზე ვერ იქნა მითითებული გარემოებაზე რაც ქვედა ინსტანციის მიერ დადგენილი ფაქტების საწინააღმდეგოს დაადასტურებდა.

საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის ეტაპზე, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის იმ პოზიციაზე, რომ ქ...ს ნამდვილად ჰქონდა გარკვეული ქონებები საკუთრებაში, რომელთა დიდი ნაწილიც სახელმწიფოს გადასცა. ასევე ჰქონდა მაღაზიის შენობა, თუმცა კონკრეტულად იდენტიფიცირებას ვერ შეძლებს. ასევე დაადასტურა ის გარემოება, რომ სადავო ქონება არასდროს წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას. სააპელაციო ეტაპზე საქმის განხილვისას მოსარჩელე მხარემ წარადგინა და საქმეს ერთვის ფოტოსურათები რომლითაც დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მ. თ-ემ მის მიერ შეძენილ ყოფილ მაღაზიის შენობას იყენებს საცხოვრებლად, მოახდინა მისი საცხოვრისად კეთილმოწყობა და 2004 წლიდან დღემდე ცხოვრობს ოჯახთან ერთად. აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგო არგუმენტი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოუდგენია.

საკასაციო პალატის მსჯელობით, ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ მართებულად გამახვილდა ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ მხარეებმა დაადასტურეს სამომხმარებლო კოოპერატივის ბალანსზე რიცხული ქონების, მათი მოვლა - პატრონობის შეუძლებლობის გამო, სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემის ფაქტი და წარადგინეს 2006 წლის შეთანხმება თანდართული ნუსხით, რომელშიც სადავო მაღაზიის შენობა სახელმწიფოსთვის გადაცემულად არ ფიქსირდება, რაც ამყარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების იმ პოზიციას, რომ შენობა მანამდე, ერთ - ერთ მეპაიეზე (მ. თ-ეზე) იყო გასხვისებული. რაც შეეხება რეგისტრაციის შეჩერების საფუძველს, ო. თ-ეის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ხარვეზთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ ასევე მართებულად გაამახვილა ყურადღება საქმეში წარდგენილ ქ...ს გამგეობის 2006 წლის 28 აპრილის №3 ბრძანებაზე, რომლითაც ო. თ-ე არჩეული იქნა ქ...ს გამგეობის თავმჯდომარედ 2006 წლიდან. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის 2014 წლისა და 2023 წლის ამონაწერებით დადგინდა, რომ რკ ქ... რეგისტრაციაში გატარდა 1998 წლის 7 აპრილს (საიდენტიფიკაციო ნომერი ..., მის: ქედი, ...ის ქ.N...;, კოოპერატივის თავმჯდომარე და ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი - ო. თ-ე, პ/ნ ...). ამდენად, გასაზიარებელია ის მსჯელობა, რომ 2021 წლის 29 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულების წარდგენისას, ო. თ-ე წარმოადგენდა უფლებამოსილ პირს გაეფორმებინა ნასყიდობის ხელშეკრულება მ. თ-ესთან, რომლითაც ფაქტობრივად დაადასტურა რაიოკოოპერატივის მიერ შენობის გაყიდვისა და მყიდველისაგან ნასყიდობის ღირებულების მიღების ფაქტი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა - განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის გათვალისწინებით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

საკასაციო პალატა შეჯამების მიზნით მიუთითებს, რომ საკუთრების უფლება, განსახილველ შემთხვევაში კი მ. თ-ეის უფლება იმ ბუნებითი უფლებების რიცხვს განეკუთვნება, რომლებიც დემოკრატიული სახელმწიფოს ბაზისს ქმნიან. იგი წარმოადგენს ყოველი ინდივიდის ღირსეული ცხოვრების საფუძველს და ამავდროულად, საბაზრო ეკონომიკის, სამოქალაქო ბრუნვისა და სამეწარმეო ურთიერთობების წინაპირობას. საკუთრების უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციითაც. სახელმწიფო ცნობს და იცავს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს და რომელთაც პირდაპირ მოქმედი სამართლის ძალა აქვთ. კონსტიტუციის მე-19 მუხლი ასახავს საკუთრების უფლების უშუალო კონსტიტუციურ გარანტიას. აღნიშნულიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს ვალდებულებები - უზრუნველყოს საკუთრების, როგორც ინსტიტუტის დაცვა, ყოველი ინდივიდის მიერ საკუთრების შეუფერხებელი მოხმარება (პოზიტიური ვალდებულება) და, ამავდროულად, არ ჩაერიოს საკუთრების უფლებაში თვითნებურად და გაუმართლებლად (ნეგატიური ვალდებულება). საკუთრების კონსტიტუციურ სამართლებრივი ცნების უმთავრესი მიზანი სწორედ სახელმწიფოს ჩარევისაგან დაცვაში მდგომარეობს. კონსტიტუციის მე-19 მუხლიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს ნეგატიური ვალდებულება, თავი შეიკავოს ისეთი მოქმედებებისაგან, რომელიც გამოიწვევს საკუთრების უფლებაში ჩარევას. ამავე დროს იგი პოზიტიურადაა ვალდებული, შექმნას ისეთი სამართლებრივი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიან ბალანსს საზოგადოების წევრებს შორის.

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

გიორგი გოგიაშვილი