Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-480(კ-24) 10 მარტი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ი/მ ხ...ის (მოსარჩელე) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 თებერვლის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2022 წლის 17 ნოემბერს ი/მ ხ...მ სარჩელით მიმართა ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და ი/მ ხ...ს შორის 2015 წლის 7 დეკემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 12 ოქტომბრის N1/1-5905 ბრძანების ბათილად ცნობა.

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით, ი/მ ხ...ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე მხარემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 თებერვლის განჩინებით, ი/მ ხ...ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე, 251 მუხლის მე-2 ნაწილზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 477-ე, 361-ე, 405-ე, 504-ე მუხლებზე, საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნა, რომ სადავო საკითხი ეხება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტას.

სააპელაციო პალატის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში მხარეები სადავოდ ხდიან სწორედ იმ გარემოებას, შესრულდა თუ არა ნაკისრი ვალდებულებები ჯეროვნად. კერძოდ, მოპასუხე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო აღნიშნავს, რომ მხარეს არ შეუსრულებია ხელშეკრულების პირობები, რაც საბოლოოდ გახდა მათი მხრიდან ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძველი. მოპასუხე მიუთითებს ხელშეკრულების 3.1.1. მუხლის დარღვევაზე, რომლითაც მყიდველმა იკისრა ვალდებულება არაუგვიანეს 2016 წლის 7 დეკემბრისა მოეწყო 200 სულ პირუტყვზე გათვლილი ფერმა, ხოლო მოსარჩელემ მოაწყო 140 სულზე გათვლილი ფერმა. ასევე, ამავე ვადაში, 200 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შეძენის ნაცვლად, შეძენილია 197. სააგენტო მიუთითებს ასევე ხელშეკრულების 5.2. პუნქტზე, რომლის თანახმადაც, „მყიდველი“ ვალდებულია „საბანკო გარანტიის“ თანხის ოდენობის შემცირების შემთხვევაში 1 თვის ვადაში შეავსოს იგი მის სრულ ოდენობამდე.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დგინდება, რომ ი/მ ხ... გაფრთხილებულ იქნა ვალდებულებების შეუსრულებლობისა და ამის გამო პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე (N4/20478, 12.04.2022 წ.; N4/25230, 05.05.2022წ.,), თუმცა მოსარჩელის მხრიდან აღნიშნული წერილები დარჩა რეაგირების გარეშე. ამდენად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარეს ნაკისრი ვალდებულებები სათანადოდ არ შეუსრულებია. ამასთან, საქმეში წარმოდგენილ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაზე მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება იმის თაობაზე, რომ მას შეძენილი ჰყავდა 204 სული პირუტყვი. სააპელაციო პალატის განმარტებით, პალატა რასაკვირველია არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ ი/მ ხ...ის მიერ გაწეულია ფინანსური ხარჯი და ჩატარებულია გარკვეული სამუშაოები, თუმცა დათქმულ ვადაში ხელშეკრულება ჯეროვნად შესრულებულად ვერ ჩაითვლება. ხელშეკრულების მხოლოდ ნაწილობრივ შესრულება არ წარმოადგენს მის ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას შესრულებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი/მ ხ...მ.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინებით უგულებელყო ამავე სასამართლოს 2021 წლის 31 მაისის კანონიერ ძალაში შესული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ ი/მ ხ...ს ძირითადად შესრულებული ჰქონდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და 2018 წლის 12 ივნისის განცხადებით ითხოვდა ხელშეკრულების ცვლილებას, რაზეც უნდა ემსჯელა ადმინისტრაციულ ორგანოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით. კასატორის განმარტებით, აღნიშნულის ნაცვლად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მოსარჩელეს დააკისრა საბანკო გარანტიის შევსება და შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს გადახდა, რის შემდგომაც კანონდარღვევით, ცალმხრივად მოშალა ხელშეკრულება. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია და სათანადო შეფასება არ მისცა ი/მ ხ...ის მიერ 2018 წლის 12 ივნისის განცხადებაში მითითებულ გარემოებებს, წარმოქმნილი სირთულეების გამო (ცუდი კლიმატური პირობები, ნაადრევად დაწყებული ყინვები, ფასების ზრდა და ა.შ.), ხელშეკრულების პირობების შესრულებასთან დაკავშირებით. ასევე, კასატორის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 20 იანვრის დასკვნით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ ფერმის ასამუშავებლად გაწეული დანახარჯები (ინვესტიცია) შეადგენს 489 806.35 ლარს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ი/მ ხ...ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი/მ ხ...ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 სექტემბრის N1907 განკარგულების პირველი პუნქტის თანახმად, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...ში მდებარე 1 762.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა N1 (ფერმა) - განაშენიანების ფართით 1 762 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N...), პირდაპირი მიყიდვის ფორმით 4 000 (ოთხი ათასი) ლარად საკუთრებაში გადაეცა ი/მ ხ...ს. ამავე განკარგულების მე-2 პუნქტის მიხედვით, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვრა პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით: ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში; ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 12 თვის ვადაში: ბ.ა) მეცხოველეობის ფერმის შექმნის მიზნით, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე არანაკლებ 200 სულ პირუტყვზე გათვლილი ფერმის მშენებლობის დასრულება, აღჭურვა და ფუნქციონირების დაწყება; ბ.ბ) არანაკლებ 200 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შეძენა; ბ.გ.) ამ პუნქტის ,,ბ.ა“ და ,,ბ.ბ“ ქვეპუნქტებით ნაკისრი საპრივატიზებო პირობების შესრულების მიზნით, არანაკლებ 300 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება; გ) ამ პუნქტის ,,ბ.ა“ ქვეპუნქტით ნაკისრი ვალდებულების შესრულებიდან არანაკლებ 5 წლის განმავლობაში ამავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფერმის ფუნქციონირების უზრუნველყოფა. მითითებული განკარგულების მე-3 პუნქტით განისაზღვრა, რომ ი/მ ხ... ვალდებულია, ამ განკარგულების მე-2 პუნქტის ,,ა-ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების (მათ შორის, ამ ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის) უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე წარადგინოს ამ განკარგულების მე-2 პუნქტის ,,ბ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინვესტიციის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადას აღემატება არანაკლებ 4 თვით.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 სექტემბრის N1907 განკარგულების საფუძველზე, 2015 წლის 7 დეკემბერს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა (,,გამყიდველი“) და ი/მ ხ...ს (,,მყიდველი“) შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება (,,ხელშეკრულება“), რომლის თანახმად, ,,გამყიდველმა“ გადასცა და ,,მყიდველმა“ საკუთრებაში მიიღო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...ში მდებარე 1 762.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა N1 (ფერმა), განაშენიანების ფართით 1 762 კვ.მ., ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების პირობით.

აღნიშნული ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1 პუნქტის 3.1.1 ქვეპუნქტის თანახმად, ,,მყიდველი“ ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 12 თვის ვადაში, პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით უზრუნველყოს: ა) მეცხოველეობის ფერმის შექმნის მიზნით, „ქონებაზე“ არანაკლებ 200 სულ პირუტყვზე გათვლილი ფერმის მშენებლობის დასრულება, აღჭურვა და ფუნქციონირების დაწყება; ბ) არანაკლებ 200 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შეძენა; გ) ამ მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების მიზნით, არანაკლებ 300 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება. ამავე ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.2 პუნქტის თანახმად, „მყიდველი“ ვალდებულია „საბანკო გარანტიის“ თანხის ოდენობის შემცირების შემთხვევაში 1 თვის ვადაში შეავსოს იგი მის სრულ ოდენობამდე. მითითებული ხელშეკრულების მე-6 მუხლის 6.1 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ,,მყიდველი“ იღებს გაფრთხილებას წერილობითი სახით, სადაც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა, პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების შესახებ და საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები, რომელზეც პირგასამტეხლოს თანხა უნდა იქნეს გადახდილი. ამასთან, აღნიშნული მუხლის 6.11 პუნქტის თანახმად, მყიდველის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების განმეორებით (დამატებით ვადაში) შეუსრულებლობის ან/და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობის შემთხვევაში, გამყიდველს უფლება აქვს ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება.

დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 12 ოქტომბრის N1/1-5905 ბრძანებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და ი/მ ხ...ს შორის 2015 წლის 7 დეკემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყდა.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სწორედ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 12 ოქტომბრის N1/1-5905 ბრძანების კანონიერება. შესაბამისად, მხარეთა შორის არსებითად სადავოა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებებისა და ამ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის საკითხი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. აღნიშნული კოდექსის 361-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამასთან, ამავე კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი.

საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებში წარმოდგენილია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 5 მაისის და 18 აგვისტოს წერილები, რომლითაც ი/მ ხ...ს განესაზღვრა დამატებითი ვადები 2015 წლის 7 დეკემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების სრულად შესასრულებლად, რაც მის მიერ არ განხორციელებულა. საქმის მასალებში წარმოდგენილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომლითაც ირკვევა, რომ 2017 წლის 16 იანვრის მდგომარეობით მშენებლობა განხორციელებული იყო 200 სული პირუტყვისათვის გათვლილი მეცხოველეობის ფერმის შექმნის მიზნით, თუმცა მოცემულ ეტაპზე შექმნილი იყო 140 სულ პირუტყვზე გათვლილი მეცხოველეობის ფერმა და შეძენილი იყო 197 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი. მეტიც, წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში კასატორი არც მიუთითებს მისი მხრიდან ზემოაღნიშნულ წერილებში მითითებული ვალდებულებების სრულად შესრულების თაობაზე და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინებით უგულებელყო ამავე სასამართლოს 2021 წლის 31 მაისის კანონიერ ძალაში შესული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ ი/მ ხ...ს ძირითადად შესრულებული ჰქონდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების მხოლოდ ნაწილობრივ შესრულება არ წარმოადგენს მის ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას შესრულებას.

ამასთან, რაც შეეხება კასატორის აპელირებას ი/მ ხ...ის 2018 წლის 12 ივნისის განცხადებაზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსადმი წარდგენილ აღნიშნულ განცხადებაში, მოსარჩელე მიუთითებდა რთული კლიმატური პირობების გამო ფერმის მშენებლობის შეფერხების შესახებ, გამოხატავდა ნებას მშენებლობის დასასრულებლად დამატებითი თანხების გაღების თაობაზე და ითხოვდა ხელშეკრულების ვადის გაგრძელებას 2020 წლის 30 ოქტომბრამდე. ასევე, აღნიშნავდა, რომ აუცილებლად წარმოადგენდა საბანკო გარანტიას. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მაისის კანონიერ ძალაში შესული განჩინებით კი, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 18 სექტემბრის N1/1-2156 ბრძანება, სააგენტოსა და ი/მ ხ...ს შორის 2015 წლის 7 დეკემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების სააგენტოს მხრიდან ცალმხრივად შეწყვეტის თაობაზე, ი/მ ხ...ის 2018 წლის 12 ივნისის განცხადების შეფასების გარეშე იყო მიღებული, რის გამოც კანონიერად იქნა მიჩნეული რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 18 სექტემბრის №1/1-2156 ბრძანების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობისა და მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე. შესაბამისად, სასამართლოს არ დაუდგენია, რომ ი/მ ხ...ს 2015 წლის 7 დეკემბრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებული ჰქონდა და მოპასუხეს მისთვის აღნიშნული ვალდებულებების შესასრულებლად, მათ შორის, საბანკო გარანტიის წარსადგენად, დამატებითი ვადები აღარ უნდა განესაზღვრა. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ 2018 წლის 12 ივნისის განცხადებით ი/მ ხ... ითხოვდა მხოლოდ განცხადებაში მითითებული გარემოებების საფუძველზე, ხელშეკრულების ვადის/ხელშეკრულებით დადგენილი ვალდებულებების შესრულების ვადის გაგრძელებას კონკრეტული დროით - 2020 წლის 30 ოქტომბრამდე და მიუთითებდა საბანკო გარანტიის წარდგენის თაობაზეც. აღნიშნული შესაძლებლობა მას მიეცა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 5 მაისის და 18 აგვისტოს წერილებით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადის მუდმივად გაგრძელების ვალდებულება კი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი არ არის.

საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ რაც შეეხება კასატორის განმარტებას მოსარჩელის მიერ ფერმის ასამუშავებლად გაწეულ დანახარჯებთან (ინვესტიცია) დაკავშირებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული გარემოება ი/მ ხ...ის მიერ დათქმულ ვადაში ხელშეკრულების ჯეროვნად შესრულებულად მიჩნევის საფუძველს არ წარმოადგენს.

ამდენად, იმ პირობებში, როდესაც 2015 წლის 7 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების 6.11 პუნქტი ცალსახად ადგენდა მყიდველის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების განმეორებით (დამატებით ვადაში) შეუსრულებლობის ან/და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობის შემთხვევაში, გამყიდველის უფლებას ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის თაობაზე, ი/მ ხ...ის მიერ სწორედ აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების განმეორებით (დამატებით ვადაში) შეუსრულებლობის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტებას სადავო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 12 ოქტომბრის N1/1-5905 ბრძანების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის თაობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, ი/მ ხ...ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის პირობებში, ი/მ ხ...ს (ს/კ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით ა. გ-ას (პ/ნ ...) მიერ 2024 წლის 7 მაისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი/მ ხ...ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 თებერვლის განჩინება;

3. ი/მ ხ...ს (ს/კ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით ა. გ-ას (პ/ნ ...) მიერ 2024 წლის 7 მაისის N5812 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

გიორგი გოგიაშვილი