საქმე №ბს-652(კს-24) 17 მარტი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, გოჩა აბუსერიძე
განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
მოსარჩელე - ა. ი-ი
მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მესამე პირები - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ნ. მ-ე, სსიპ ქ. თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, შპს „მ...“, შპს „ს...“
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ზიანის ანაზღაურება
კერძო საჩივრის ავტორი - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
დავის საგანი - საქმეში მესამე პირად ჩაბმა (სასკ 16.2)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 მარტის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ა. ი-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა): ა) ბათილად იქნეს ცნობილი რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 23 თებერვლის №... გადაწყვეტილება; ბ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს - ა. ი-ის სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 410000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით; გ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ა. ი-ის სასარგებლოდ დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურება 1 200 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით; დ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ა. ი-ის სასარგებლოდ დაეკისროს საპროექტო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის სახით მიღებული ზიანის 41 000 ლარის ოდენობით ანაზღაურება.
სარჩელის მიხედვით, რეგისტრაციის შესახებ სადავო გადაწყვეტილება საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული, კერძოდ, აღნიშნული რეგისტრაციის საფუძვლად წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტები მარეგისტრირებელმა ორგანომ არ შეისწავლა ჯეროვნად, რამაც ყალბი დოკუმენტის საფუძველზე უძრავ ნივთზე მესამე პირის უფლების რეგისტრაცია განაპირობა, უკანონო რეგისტრაციით კი, შესაბამის უძრავ ნივთზე უფლების დაკარგვის გამო მოსარჩელეს მიადგა მატერიალური ზიანი ამ ნივთის ღირებულებისა და მისი განვითარების შემთხვევაში მისაღები შემოსავლის, ასევე, მასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯის ოდენობით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაება ნ. მ-ე.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 აპრილის საოქმო განჩინებით არ დაკმაყოფილდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობა საქმეში მესამე პირად სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ჩართვის თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 30 მაისის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 აპრილის საოქმო განჩინება საქმეში მესამე პირის ჩართვაზე უარის შესახებ.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ჩაერთო.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ა. ი-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ა. ი-ის მიერ.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას 2023 წლის 2...ს განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა და იშუამდგომლა შპს „მ...“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტი, ქ. თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო და შპს „ს...“ საქმეში ჩაერთოს მესამე პირად.
შუამდგომლობის ავტორმა აღნიშნა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 23 თებერვლის №... გადაწყვეტილებით ... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ნივთზე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დარეგისტრირდა ნ. მ-ეის საკუთრების უფლება. სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 10 მარტის №... გადაწყვეტილებით ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთი დაიყო ორ მიწის ნაკვეთად და მიენიჭა ... და ... საკადასტრო კოდები. რეგისტრაციის შესახებ 2021 წლის 4 ნოემბრის №... გადაწყვეტილებით ... და ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთები გაერთიანდა ერთ უძრავ ნივთად და მიენიჭა ... საკადასტრო კოდი. საჯარო რეესტრის მონაცემებით ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულია შპს ,,მ...ს’’ (საიდენტიფიკაციო ნომერი ...) საკუთრების უფლება. ამავე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულია ვალდებულება სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ და სერვიტუტის უფლება სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიმართვის საფუძველზე. ამასთან, მოხდა ... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ნივთზე განთავსებული შენობა-ნაგებობის განშლა. კერძოდ, ..., ... და ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ ბინებზე დღეის მდგომარეობით რეგისტრირებულია სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლება, ხოლო ... და ... საკადასტრო კოდების მქონე კომერციულ ფართებზე რეგისტრირებულია შპს ,,ს...ს’’ (საიდენტიფიკაციო ნომერი ...) საკუთრების უფლება.
შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილების თანახმად (საქმე №3/2622-18) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ნ. მ-ეს დაეკისრა ვალდებულება - საპროცესო შეთანხმების დამტკიცებიდან 12 (თორმეტი) თვის ვადაში, დაზარალებულ ი. ა-ის, ზიანის ანაზღაურების მიზნით გადასცეს, მასსა და ვ. ც-ას შორის 2016 წლის 10 მარტს გაფორმებული ფართის გადაცემის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული 425 კვ.მ ფართის მოთხოვნის უფლება. იმავე გადაწყვეტილების თანახმად, ნ. მ-ეს ი. ა-იის წინაშე ვალდებულება აქვს შესასრულებელი, კერძოდ, ი. ა-ის სადავო უძრავი ნივთიდან ზიანის ანაზღაურების მიზნით, უნდა გადასცეს 425 კვ.მ ფართი, თუმცა უცნობია კონკრეტულად სად (რომელ სართულზე) მდებარეობს ის. ვინაიდან აღნიშნულ უძრავ ნივთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაში არსებული ფართები წარმოადგენს სხვა პირთა საკუთრებასაც, წინამდებარე დავაზე მიღებულმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა პირდაპირი და უშუალო ზიანი მიაყენოს მათ კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს.
2024 წლის 4 მარტის სასამართლო სხდომაზე შუამდგომლობის ავტორმა დააზუსტა მოთხოვნა და იშუამდგომლა ადმინისტრაციულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ მესამე პირად ქ. თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების
სააგენტოს ჩაბმის თაობაზე, ხოლო მე-16 მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრულ მესამე
პირებად შპს „მ...ს“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის და შპს „ს...ს“ ჩაბმის თაობაზე.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 მარტის განჩინებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის შუამდგომლობა: ა) ადმინისტრაციულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ჩართულ იქნა სსიპ ქ. თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო. ბ) არ დაკმაყოფილდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე შპს „მ...ს“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და შპს „ს...ს“ ჩართვის შესახებ. გ) დაკმაყოფილდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობა და ადმინისტრაციულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ჩაბმულ იქნენ შპს „მ...“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და შპს „ს...“.
სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლად მიაჩნია, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით შპს „მ...ს“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის და შპს „ს...ს“ ჩართვის შესახებ და განმარტა, რომ ზემოაღნიშნული პირები სადავო სამართლებრივ ურთიერთობაში შეიძლება ჩაბმული იქნენ მხოლოდ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. შესაბამისად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის შუამდგომლობა საფუძვლიანია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით, ვინაიდან აღნიშნულ ადმინისტრაციულ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაძლოა შეეხოს შპს „მ...ს“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა და შპს „ს...ს“ ინტერესებს.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 მარტის განჩინება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით საქმეში შპს „მ...ს“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და შპს „ს...ს“ მესამე პირად ჩაბმაზე უარის თქმის ნაწილში, კერძო საჩივრით გასაჩივრდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.
კერძო საჩივრის თანახმად, შუამდგომლობა საქმეში მესამე პირად ჩაბმის თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ის პირები (შპს „მ...“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, შპს „ს...“) რომელთა ჩართვაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილით იყო მოთხოვნილი, ხსენებული მუხლის პირველი ნაწილით ჩაებნენ. სასამართლო გადაწყვეტილება იმ არგუმენტს დაეყრდნო, რომ ადმინისტრაციულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება შესაძლოა ზემოხსენებულ პირთა ინტერესებს შეეხოს.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლო წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილება, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვის სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს. სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობას და მიზანშეწონილობას. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს ვალდებულებას, რომ მესამე პირი საქმეში უნდა ჩაებას, თუ იგი იმ სამართალურთიერთობის მონაწილეა, რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. ადმინისტრაციულ პროცესში სავალდებულო მოწვევის მესამე პირთა საქმეში ჩართვის უმთავრესი მიზანი იმ პირთა ინტერესის დაცვაა, რომელთაც სასამართლო გადაწყვეტილებით შესაძლოა გარკვეული შეზღუდვები დაუწესდეთ. მესამე პირის სავალდებულო მოწვევის (16.2 მუხლი) წინაპირობის გარკვევა ხდება პირის დავაში არა აბსტრაქტული, არამედ რეალური, კანონით დაცული, პატივსადები ინტერესის დადგენით.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ნ. მ-ეს დაეკისრა ვალდებულება - საპროცესო შეთანხმების დამტკიცებიდან 12 თვის ვადაში, დაზარალებულ ი. ა-ის, ზიანის ანაზღაურების მიზნით გადასცეს, მასსა და ვ. ც-ას შორის 2016 წლის 10 მარტს გაფორმებული ფართის გადაცემის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული 425 კვ.მ ფართის მოთხოვნის უფლება. ხსენებული გადაწყვეტილებით, ნ. მ-ეს ა. ი-ის წინაშე ვალდებულება აქვს შესასრულებელი, კერძოდ, სადავო უძრავი ნივთიდან ზიანის ანაზღაურების მიზნით, უნდა გადასცეს 425 კვ. მ ფართი, თუმცა უცნობია კონკრეტულად სად (რომელ სართულზე) მდებარეობს ის. ვინაიდან აღნიშნულ უძრავ ვინთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაში არსებული ფართები სხვა პირთა საკუთრებაცაა, წინამდებარე დავაზე მიღებულმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა პირდაპირი და უშუალო ზიანი მიაყენოს მათ კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ივნისის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
განსახილველ შემთხვევაში, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ კერძო საჩივრით გასაჩივრებული - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 მარტის განჩინებით, არ დაკმაყოფილდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად შპს „მ...ს“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და შპს „ს...ს“ ჩაბმის შესახებ შუამდგომლობა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში დამკვიდრებულია როგორც მხარეთა და პოტენციურ მესამე პირთა საპროცესო უფლება – მიმართონ სასამართლოს საქმეში მესამე პირის ან მესამე პირად ჩაბმის მოთხოვნით, აგრეთვე, ოფიციალობის პრინციპის გათვალისწინებით სასამართლოს გააჩნია, როგორც უფლებამოსილება, ასევე აკისრია პროცესუალური ვალდებულება მესამე პირის ჩაბმის თაობაზე, რაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი დავების მატერიალურ-სამართლებრივი და პროცესუალური თავისებურებებიდან გამომდინარეობს.
მესამე პირთა სამართლებრივი ინტერესის დაცვის მიზნის მიღწევას ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მოწვევის ინსტიტუტი ემსახურება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მესამე პირის ინსტიტუტი ადმინისტრაციული პროცესის მნიშვნელოვანი ინსტიტუტია, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მესამე პირებს დაიცვან თავიანთი კერძო, სუბიექტური ინტერესები და რეალიზება განახორციელონ ადმინისტრაციული პროცესის ფარგლებში. მესამე პირების ინსტიტუტის საკანონმდებლო საფუძველს ქმნის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი. აღნიშნული მუხლის თანახმად, კანონმდებელი განასხვავებს მესამე პირების მარტივ და სავალდებულო (აუცილებელ) ჩაბმას. მესამე პირთა ადმინისტრაციულ პროცესში მოწვევის მარტივი ფორმა შინაარსობრივად განსხვავდება აუცილებელი, სავალდებულო ფორმისაგან. განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ მესამე პირთა ადმინისტრაციულ პროცესში მარტივი ფორმით ჩაბმა საქმის განმხილველი სასამართლოს უფლებაა, ხოლო მესამე პირთა აუცილებელი, სავალდებულო ჩაბმა კი ვალდებულება კონკრეტული გარემოების არსებობისას. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილი სწორედ მესამე პირთა მარტივი ჩაბმის ფორმულირებას შეიცავს, მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი კი - აუცილებელი, სავალდებულო ჩაბმის ფორმულირებას. ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მარტივ და სავალდებულო ფორმით ჩაბმას შორის განსხვავებას მნიშვნელობა ენიჭება სწორედ მათთვის საპროცესო უფლებაუნარიანობისა და ქმედუნარიანობის მინიჭების თვალსაზრისით. საყურადღებოა, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მარტივი ჩაბმის დროს გადამწყვეტია მესამე პირთა სამართლებრივი ინტერესი, ხოლო რაც შეეხება ადმინისტრაცილ პროცეში მესამე პირთა აუცილებელ, სავალდებულო ჩაბმას, ამ დროს სამართლებრივი ინტერესის პარალელურად მნიშვნელოვანია ისიც, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით მესამე პირთა უფლებები და მოვალეობები შეიძლება განისაზღვროს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მესამე პირთა ინსტიტუტის მიზანს სამართლებრივი ინტერესების დაცვა, საქმის ყოველმხრივი განხილვა, ადმინისტრაციული პროცესის ეკონომიურობის შენარჩუნება და სამართლებრივი უზრუნველყოფა წარმოადგენს. ადმინისტრაციული პროცესის ეკონომიურობა მესამე პირთა მოწვევის ინსტიტუტთან მიმართებაში გამოიხატება იმით, რომ ერთი სასამართლო გადაწყვეტილებით განისაზღვრება რამდენიმე ურთიერთობის შინაარსი, მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებას, რომელიც რამდენიმე ურთიერთობის შინაარსს განსაზღვრავს, პრეიუდიციული დანიშნულება აქვს. ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირის აუცილებელი, სავალდებულო ფორმით ჩაბმისას სახეზეა მესამე პირთა როგორც სამართლებრივ ინტერესზე ზემოქმედება სასამართლოს გადაწყვეტილებით, ასევე მათთვის გარკვეული უფლებებისა და მოვალეობების დაკისრება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი მე-2 ნაწილი მესამე პირებად საქმეში ჩაბმის აუცილებლობას ადგენს იმ პირების მიმართ, რომლებიც არიან სადავო სამართალურთიერთობის მონაწილეები, რომელთან მიმართებაშიც მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი, ანუ ასეთი პირები იმგვარად არიან დაკავშირებულნი სადავო სამართალურთიერთობასთან, რომ სასამართლოს მიერ ამ დავის გადაწყვეტის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს ამ ურთიერთობასთან დაკავშირებულ, კანონით დაცულ მათ უფლებებსა და ინტერესებზე.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, აუცილებელი მოწვევის საფუძველზე ჩაბმული მესამე პირი (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლი) სარგებლობს მოსარჩელისა და მოპასუხის ყველა უფლებით და ეკისრება მოსარჩელის ყველა მოვალეობა, რაც გულისხმობს, რომ ამგვარი სტატუსის მესამე პირი აღჭურვილია მხარის ყველა საპროცესო უფლებით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკმარისია, მესამე პირის მოწვევის დროს იყოს იმის ვარაუდი, რომ გადაწყვეტილებამ შეიძლება გავლენა იქონიოს მის სამართლებრივ ინტერესებზე. მესამე პირის მოწვევა არ შეიძლება წინასწარ იყოს ორიენტირებული გადაწყვეტილების შედეგზე. სამართლებრივი ინტერესი სახეზეა, თუ მოსაწვევი მესამე პირი მოსარჩელესთან ან მოპასუხესთან, ანდა ორივე მხარესთან, ან მხოლოდ დავის საგანთან ისეთ მიმართებაში იმყოფება, რომ მოსარჩელის ან მოპასუხის წინააღმდეგ გამოტანილ გადაწყვეტილებას შეუძლია გააუმჯობესოს ან გააუარესოს მისი სამართლებრივი მდგომარეობა. არ არის გადამწყვეტი, ეყრდნობა თუ არა მოწვეული მესამე პირის შელახული სამართლებრივი ინტერესი საჯარო ან კერძო სამართალს. ინტერესის არსებობა გულისხმობს მხოლოდ რეალურ, ფაქტობრივად არსებულ და კანონით დაცულ ინტერესს.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში გასარკვევია, რამდენად მართებულად ეთქვა უარი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ზემოხსენებულ პირთა სავალდებულო მოწვევის მესამე პირის სტატუსით მოცემულ ადმინისტრაციულ საქმეში ჩაბმაზე და რა გავლენა შეიძლება იქონიოს მოცემულ საქმეზე მიღებულმა გადაწყვეტილებამ მათ სამართლებრივ ინტერესებზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, დასადგენია წინამდებარე დავაში მითითებულ პირთა პროცესუალური უფლებამოსილების მოცულობა სამართლებრივი ინტერესის შეფასების საფუძველზე, რაც შესაძლოა გამხდარიყო დავაში მისი მესამე პირებად ჩაბმის საფუძველი, რა დროსაც მსგავსი ინტერესის არსებობა სარწმუნოდ უნდა იყოს დასაბუთებული.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ა) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 22 აპრილის №... გადაწყვეტილებით №... და №... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთების გაერთიანების შედეგად წარმოქმნილ №... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა ა. ი-ის საკუთრების უფლება; ბ) 2016 წლის 23 თებერვალს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართა ნ. მ-ემ განცხადებით (რეგისტრირებული ნომრით ...) ქალაქ თბილისში, სოფელ ...ში მდებარე №... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთზე გარიგების საფუძველზე უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. განცხადებასთან ერთად მარეგისტრირებელ ორგანოში, მათ შორის, წარდგენილი იყო აზერბაიჯანში, ქალაქ ბაქოში, მე-... სახელმწიფო ნოტარიუსი კ. ჰ-ეს მიერ 2016 წლის 13 თებერვალს აზერბაიჯანულ და ინგლისურ ენებზე შედგენილი 3 მინდობილობა და მისი ინგლისური ეგზემპლარის თარგმანი ქართულ ენაზე (ქართულ თარგმანზე თარჯიმნის ხელმოწერის ნამდვილობა დამოწმებულ იქნა ნოტარიუს ქ. მ-ის მიერ 2016 წლის 23 თებერვლის №160159666 სანოტარო აქტით), რომლის მიხედვით, ქალაქ ბაქოში, სასტუმრო ...ში დროებით მცხოვრებმა ი. ა-იმა (დაბადებული ... წლის ...ს, პ/ნ ...), თარჯიმან ა. კ. ქ. მ-ას მეშვეობით საქართველოს მოქალაქე ნ. მ-ეს (დაბადებულს ... წლის ...ს, პ/ნ ...) 1 წლის ვადით მიანიჭა უფლებამოსილება, ყოფილიყო მისი წარმომადგენელი საქართველოში და ეყიდა, გაეყიდა, გაექირავებინა, გაეყო და დაერეგისტრირებინა თავის სახელზე ნებისმერი უძრავი ქონება, მათ შორის №... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთი; განცხადებაზე ასევე თანდართული იყო 2016 წლის 23 თებერვლის ხელშეკრულება უძრავი ნივთის ნასყიდობის შესახებ, რომლის მიხედვით, ი. ა-იმა (პ/ნ ...), წარმოდგენილმა ნ. მ-ეის მიერ, როგორც გამყიდველმა, ნ. მ-ეს მიჰყიდა ქალაქ თბილისში, სოფელ ...ში მდებარე 2892 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო, №... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთი. ამავე ხელშეკრულების მიხედვით, ნასყიდობის საგნის ღირებულებად განისაზღვრა 208000 აშშ დოლარი; გ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 23 თებერვლის №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნ. მ-ეის განცხადება და ქალაქ თბილისში, სოფელ ...ში მდებარე, 2892 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო, №... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა ნ. მ-ეის საკუთრების უფლება; დ) თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 2 ოქტომბრის განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დაადგინა, რომ 2016 წლის თებერვალში ვ. მ-იმა, მ. ხ-იმა და ნ. მ-ემ გამოძიებით დაუდგენელ სხვა პირებთან ერთად განიზრახეს ისრაელის სახელმწიფოს მოქალაქე ა. ი-ის კუთვნილი, ქალაქ თბილისში, სოფელ ...ში მდებარე 2892 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო, №... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლება, რისთვისაც დაამზადეს 2016 წლის 13 თებერვლით დათარიღებული, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ყალბი მინდბილობა, რომლის მიხედვით, თითქოსდა ნ. მ-ე იყო ა. ი-ის წარმომადგენელი და უფლება ჰქონდა, განეკარგა მისი კუთვნილი ქონება. ამავე განაჩენის მიხედვით, ყალბი მინდობილობის გამოყენებით 2016 წლის 23 თებერვალს მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა ნ. მ-ეის საკუთრებად, ამ უკანასკნელმა კი 2016 წლის 10 მარტს გაასხვისა ვ. ც-აზე, რითაც ა. ი-ის მიადგა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი; ე) თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 2 ოქტომბრის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ნ. მ-ეის ნაწილში ჩამოყალიბებულია შემდეგი სახით: „დამტკიცდეს პროკურორ ვ. ო-ესა და ბრალდებულ ნ. მ-ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. ნ. მ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ი. ა-იის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით. ნ. მ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულების: დ. ვ-ის და ი. ზ. რ-ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ნ. მ-ეის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ი. ა-იის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა ძირითადმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 05 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად, შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ზ. რ-ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული თანაბარი სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ასევე ჩაეთვალა პირობითად. საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ. მ-ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 05 (ხუთი) წელი. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ნ. მ-ეს დაეკისროს ვალდებულება - საპროცესო შეთანხმების დამტკიცებიდან 12 (თორმეტი) თვის ვადაში, დაზარალებულ ი. ა-ის, ზიანის ანაზღაურების მიზნით გადასცეს, მასსა და ვ. ც-ას შორის 2016 წლის 10 მარტს გაფორმებული ფართის გადაცემის შესახებ, შეთანხმებით (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის №160225195) გათვალისწინებული 425 კვ/მეტრი ფართის მოთხოვნის უფლება. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 19 ივლისის განჩინებით, ნ. მ-ეის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე, კანონით დადგენილ ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ნ. მ-ეს დაეკისროს მოვალეობა პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება, ასევე დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ნ. მ-ეის მიმართ, დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს საქართველოს აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად“.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს, რომ წინამდებარე დავაზე მოსარჩელის მიერ მოთხოვნილია ბათილად იქნეს ცნობილი რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 23 თებერვლის №... გადაწყვეტილება, რომლითაც ა. ი-ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთი აღირიცხა ნ. მ-ეის სახელზე. შესაბამისად, ცხადია, რომ შპს „მ...“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და შპს „ს...“ არ არიან იმ სამართალურთიერთობის მონაწილე პირები, რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ მოხდება გადაწყვეტილების გამოტანა. რაც შეეხება, მოსარჩელის სხვა მოთხოვნებს, ყველა მათგანს მოსარჩელე უკავშირებს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 23 თებერვლის №... გადაწყვეტილების შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრებას.
ამდენად, საქმეზე დადგენილი გარემოებების და სასარჩელო მოთხოვნების გათვალისწინებით, შპს „მ...“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და შპს „ს...“ არ წარმოადგენენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირებს. აღნიშნული დავის გადაწყვეტით გამოწვეული შესაძლო შედეგი უმთავრესად მოპასუხის უფლებებსა და მოვალეობებზე მოახდენს გავლენას. გასაჩივრებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 23 თებერვლის №... გადაწყვეტილების ბათილობის შემთხვევაშიც კი, პირდაპირი სამართლებრივი შედეგი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსკენ იქნება მიმართული, რის გამოც, ზემოთჩამოთვლილი სუბიექტები არ წარმოადგენენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ პირებს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სავალდებულო მესამე პირებად საქმის განხილვაში მოწვევა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილება არა მხოლოდ ზემოქმედებას მოახდენს მათ სამართლებრივ ინტერესზე, არამედ სასამართლო გადაწყვეტილებით შესაძლოა განისაზღვროს მესამე პირთა უფლებები და მოვალეობები. მესამე პირების მოწვევის სავალდებულო ხასიათი სახეზეა მაშინ, როდესაც მესამე პირი დაინტერესებულია პროცესის შედეგით და ამავდროულად იგი თავად არის გასაჩივრებული სამართლებრივი აქტის ადრესატი, რაც არ დასტურდება მოცემულ საქმეში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 მარტის განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 მარტის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. აბუსერიძე