Facebook Twitter

№ბს-1377(2კ-24) 28 მარტი, 2025 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ბადრი შონია

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს პრეზიდენტისა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ლ. კ-ა).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ლ. კ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს პრეზიდენტისა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 2021 წლის 3 ნოემბრის №479 ბრძანებულება, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე და საქართველოს პრეზიდენტს დაევალოს გამოსცეს ბრძანებულება, ლ. კ-ასათვის მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 20 აგვისტოს №1000751455 უარყოფითი დასკვნა, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე; გ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 2 ნოემბრის №1000760968 დასკვნა, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე; დ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობის საკითხთა კომისიის №8488 სხდომის ოქმი; ე) ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი 2021 წლის 20 აგვისტოს №1000751455 უარყოფით დასკვნაზე საქართველოს პრეზიდენტის 2021 წლის 25 აგვისტოს რეზოლუცია-თანხმობა; ვ) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალოს გამოსცეს დადებითი დასკვნა, ლ. კ-ასათვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 6 მაისის განჩინებით ლ. კ-ას სარჩელზე მოპასუხეების სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და საქართველოს პრეზიდენტის მიმართ - მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 20.08.2021 წლის №8488 საოქმო გადაწყვეტილების, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 20.08.2021 წლის №1000751455 დასკვნის, ასევე, 02.11.2021 წლის №1000760968 დასკვნის და უარყოფით დასკვნაზე საქართველოს პრეზიდენტის 25.08.2021 წლის თანხმობის (განკარგულების) ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნების ნაწილში, შეწყდა საქმის წარმოება სარჩელის დაუშვებლობის გამო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 6 მაისის გადაწყვეტილებით ლ. კ-ას სარჩელი საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2021 წლის 3 ნოემბრის №479 ბრძანებულების ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 6 მაისის განჩინება ლ. კ-ას მიერ გასაჩივრდა კერძო საჩივრით, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 6 მაისის გადაწყვეტილებაზე ლ. კ-ას მიერ წარდგენილ იქნა სააპელაციო საჩივარი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით ლ. კ-ას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 6 მაისის განჩინება და საქმე ხელახალა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით ლ. კ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 6 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ. კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 20 აგვისტოს №1000751455 უარყოფითი დასკვნა, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა გამოსცეს დადებითი დასკვნა, ლ. კ-ასათვის მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე. გადაწყვეტილების გამოტანის მომენტიდან ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 2 ნოემბრის №1000760968 დასკვნა, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე. გადაწყვეტილების გამოტანის მომენტიდან ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 2021 წლის 3 ნოემბრის №479 ბრძანებულება, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე. დანარჩენი მოთხოვნების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს პრეზიდენტისა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ივნისის განჩინებით საქართველოს პრეზიდენტისა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ.

7.1 კასატორი - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო აღნიშნავს, რომ არ არსებობს 2021 წლის 20 აგვისტოს №1000751455 დასკვნის ბათილად ცნობის საფუძველი, ვინაიდან დასკვნა სრულად შესაბამისობაშია „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილების მოთხოვნებთან. მოქალაქეობის საკითხთა კომისიამ შინაგანი რწმენის საფუძველზე შეაფასა განცხადებლის მიერ წარმოდგენილი მასალები, კომპეტენტური უწყებებიდან მოპოვებული ინფორმაცია, მათ შორის, გაესაუბრა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მსურველ პირს, ლ. კ-ას და მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების პირობები.

საქართველოს მოქალაქეობის საკითხებთან დაკავშირებით მოქალაქეობის საკითხთა კომისია ორგანული კანონისა და დადგენილების საფუძველზე დასკვნას ამზადებს შინაგანი რწმენის საფუძველზე, რომელიც არ წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხზე საბოლოო აქტს, იგი გადაწყვეტილების მისაღებად ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ სააგენტო დასკვნას ამზადებს მოქალაქეობის საკითხთა კომისიის ოქმის საფუძველზე, შესაბამისად, ოქმს, რომლის მიხედვითაც მოქალაქეობის საკითხთა კომისია აფორმებს თავის გადაწყვეტილებას, საკითხზე მომზადდეს დადებითი თუ უარყოფითი დასკვნა, სააგენტოსთვის აქვს მბოჭავი ძალა. სააგენტო, თავის მხრივ, ვერ გასცდება ოქმის ფარგლებს. საყურადღებოა, რომ მოქალაქეობის საკითხთა კომისია არ არის დაკომპლექტებული მხოლოდ სააგენტოს წარმომადგენლებისგან, კერძოდ, კომისიაში ორი წევრი ჰყავს სააგენტოს, ორი - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, ხოლო ორი წევრი - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. ამრიგად, მოქალაქეობის საკითხთა კომისია, შინაგანი რწმენის საფუძველზე უწყებათაშორის ფორმატში განიხილავს და აფასებს საკითხს.

7.2 კასატორი - საქართველოს პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ სადავო ბრძანებულება საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე, გამოცემული იყო კანონდებლობის სრული დაცვით და კანონით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად, რაც სასამართლომ ნორმის არასწორი ინტერპრეტაციის საფუძველზე განსხვავებულად შეაფასა.

სასამართლოს მიერ უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ ლ. კ-ა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა. 2021 წლის პირველ ივნისს ლ. კ-ამ №1000751455 განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება მოითხოვა. მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2021 წლის 20 აგვისტოს №8488 სხდომის ოქმის თანახმად, კომისიამ ლ. კ-ას განცხადებასთან დაკავშირებით განიხილა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხი. კომისია გაესაუბრა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მსურველ პირს - ლ. კ-ას და დაადგინა: ლ. კ-ა 2020 წლიდან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა, დაბადებულია საქართველოში, წალენჯიხის რაიონში. საქართველოში მიიღო განათლება, სადაც დასაქმებული იყო 2010-2013 წლებში სხვადასხვა ორგანიზაციებში. ამჟამად, დასაქმებულია სამშენებლო კომპანიაში, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან. ლ. კ-ას ჰყავს რუსეთის ფედერაციის მოქალაქე მამა, რომელიც წლების განმავლობაში დასაქმებული იყო მოსკოვში, უსაფრთხოების აკადემიაში, სადაც იკავებდა მაღალ თანამდებობას, მინიჭებული აქვს გენერლის წოდება. ამჟამად, იგი პენსიონერია და ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში. ლ. კ-ას მიერ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მიღების საფუძველი გახდა მამა, ხოლო მოტივი, როგორც განაცხადა, რუსეთის ფედერაციაში იოლად ვიზიტების შესაძლებლობა მამასთან. კომისიამ შეისწავლა და შეაფასა საქმის მასალები, ინფორმაცია და მიიჩნია, რომ ლ. კ-ა არ აკმაყოფილებს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. 2021 წლის 20 აგვისტოს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქის - ლ. კ-ას მიმართ მოამზადა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე №1000751455 უარყოფითი დასკვნა. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტის 2021 წლის 3 ნოემბრის №479 ბრძანებულებით, ლ. კ-ას (დაბადებული - ... წლის ...ს, საქართველოში), სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებასთან დაკავშირებით შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა. განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტის მიერ სხვაგვარი გადაწყვეტილება ვერ იქნებოდა მიღებული, ვინაიდან სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება იწვევს საქართველოს მოქალქეობის დაკარგვას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირს შეუნარჩუნდება საქართველოს მოქალაქეობა, თუმცა ამ შემთხვევაში მოსარჩელეს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე უარი ეთქვა, რაც დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში განხორციელდა.

კასატორის განმარტებით, მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა არ ქმნის საქართველოს პრეზიდენტის აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს. სასამართლოს უნდა ემსჯელა და დაედგინა, რომ საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე სამართალწარმოება არის არსებითად სხვა ადმინისტრაციული წარმოება, ხოლო მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე წარმოება ხორციელდება მისგან დამოუკიდებლად, სათანადო სამართლებრივი საფუძვლებიდან გამომდინარე. აღნიშნულ საქმეში უდავოდ დასტურდება ის გარემოება, რომ ლ. კ-ა არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, რაც სხვა ალტერნატივის გარეშე იწვევს საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტას. სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის აქტის ბათილად ცნობის საფუძვლად მიიჩნია სხვა სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, რომელიც დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში იქნა მომზადებული და რომელსაც, უშუალოდ სადავო აქტის გამოცემასთან დაკავშირებითი პირდაპირი სამართლებრივი კავშირი არ გააჩნია. სასამართლოს ზემოაღნიშნული განმარტება არსებითად მცდარია, ვინაიდან აღნიშნული სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს არ წარმოადგენს.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს პრეზიდენტის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 13 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) 2020 წლის 23 ივნისს გაცემული №28206003409 დაბადების მოწმობის თანახმად, ლ. კ-ა დაბადებულია საქართველოში, წალენჯიხაში, ... წლის ...ს (ტ.1, ს.ფ 17); ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსგს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურის 2021 წლის 3 ივნისის №7020621007088 საინფორმაციო ბარათის თანახმად, ლ. კ-ას რეგისტრაციის ადგილია - ზუგდიდი, ...ის ქუჩა №55 (ტ.1, ს.ფ 82-84); გ) ლ. კ-ას შვილები შ. კ-ა და გ. კ-ა დაბადებულნი არიან საქართველოში, ზუგდიდში, შესაბამისად, ... წლის ...ს და ... წლის ...ს (ტ.1, ს.ფ 18-19); დ) ლ. კ-ამ 1999 წელს დაამთავრა ზუგდიდის ...ის ...ის ფაკულტეტის სრული კურსი ...ის სპეციალობით. სახელმწიფო საგამოცდო კომისიის 1999 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით, ლ. კ-ას მიენიჭა ...ის კვალიფიკაცია (ტ.1, ს.ფ 20); ე) 2014 წლის 5 ნოემბერს მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ ლ. კ-ას საკუთრებაშია ქალაქ თბილისში, ...ს ქუჩაზე №...-ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით ... (ს.ფ. 27-28); 2015 წლის 24 ივნისს მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ ლ. კ-ას საკუთრებაშია ქალაქ თბილისში, ...ს ქუჩაზე №1-ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით ... (ს.ფ. 25-26); 2021 წლის 13 მაისს მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ ლ. კ-ას საკუთრებაშია წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...ში მდებარე მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი ... (ტ.1, ს.ფ 29-30); ვ) ლ. კ-ა არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე (ტ.1, ს.ფ 89-92); ზ) 2021 წლის პირველ ივნისს ლ. კ-ამ №1000751455 განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება მოითხოვა (ტ.1, ს.ფ 76-79, 93-94); თ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2021 წლის 22 ივნისის №SSG 1 21 00081183 მიმართვით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 3 ივნისის №1000751455/1 წერილის პასუხად ეცნობა, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს ლ. კ-ას შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია (ტ.1, ს.ფ 86, 87); საქართველოს დაზვერვის სამსახურის 2021 წლის 21 ივნისის №1/1140 მიმართვით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 4 ივნისის №1000751587/1 წერილის პასუხად ეცნობა, რომ საქართველოს დაზვერვის სამსახურს ლ. კ-ას შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია (ტ.1, ს.ფ 88); ი) მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2021 წლის 20 აგვისტოს №8488 სხდომის ოქმის თანახმად, მოქალაქეობის საკითხთა კომისიამ განიხილა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მსურველი პირის ლ. კ-ას მიმართ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული პირობების დადგენის საკითხი. კომისია გაესაუბრა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მსურველ პირს, ლ. კ-ას და დაადგინა: ლ. კ-ა 2020 წლიდან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა, დაბადებულია საქართველოში, წალენჯიხის რაიონში. საქართველოში მიიღო განათლება, სადაც ასევე დასაქმებული იყო 2010-2013 წლებში სხვადასხვა ორგანიზაციაში. ამჟამად, დასაქმებულია სამშენებლო კომპანიაში, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან. ლ. კ-ას ჰყავს რუსეთის ფედერაციის მოქალაქე მამა, რომელიც წლების განმავლობაში დასაქმებული იყო მოსკოვში, უსაფრთხოების აკადემიაში, სადაც იკავებდა მაღალ თანამდებობას, მინიჭებული აქვს გენერლის წოდება. ამჟამად, იგი პენსიონერია და ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში. ლ. კ-ას მიერ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მიღების საფუძველი გახდა მამა, ხოლო მოტივი, როგორც განაცხადა, რუსეთის ფედერაციაში იოლად ვიზიტების შესაძლებლობა მამასთან. კომისიამ შეისწავლა და შეაფასა საქმის მასალები, ინფორმაცია და მიიჩნია, რომ ლ. კ-ა არ აკმაყოფილებს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ამდენად, მიღებულ ინფორმაციაზე და ადმინისტრაციული წარმოების მასალებზე დაყრდნობით, კომისიამ დაადგინა, რომ ლ. კ-ას მიმართ არ არსებობს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული პირობა (ტ.1, ს.ფ 137-138); კ) 2021 წლის 20 აგვისტოს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის - ლ. კ-ას მიმართ მოამზადა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე №1000751455 უარყოფითი დასკვნა. დასკვნაში სააგენტომ აღნიშნა, რომ ლ. კ-ა საქართველოს მოქალაქეა და მოპოვებული აქვს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა. „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტომ გამოითხოვა ინფორმაცია უფლებამოსილი ორგანოებიდან და დადგინდა, რომ ლ. კ-ას მიმართ არ არსებობს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე უარის თქმის საფუძვლები. ამასთან, 2021 წლის 20 აგვისტოს სხდომაზე (სხდომის ოქმი №8488) კომისიამ განიხილა და შეაფასა ლ. კ-ას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების განცხადებაზე სახელმწიფო დაწესებულებებიდან მოპოვებული ინფორმაცია, ადმინისტრაციული წარმოების მასალები და დაადგინა, რომ ,,საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-19 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, მის მიმართ არ არსებობს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლით განსაზღვრული მოქალაქეობის შენარჩუნების პირობები (ტ.1, ს.ფ 131-132); ლ) 2021 წლის 20 აგვისტოს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ №1000751455/1 მიმართვით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაჯილდოების, მოქალაქეობისა და შეწყალების საკითხთა სამსახურის უფროსს გაუგზავნა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების შესახებ უარყოფითი დასკვნა ლ. კ-ას შესახებ. საქართველოს პრეზიდენტის 2021 წლის 25 აგვისტოს რეზოლუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი დაეთანხმა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს №1000751455 უარყოფით დასკვნას, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის 2021 წლის 26 აგვისტოს №5078 მიმართვით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეცნობა, რომ საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე გადაგზავნილ №1000751455 უარყოფით დასკვნაზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ სამართლებრივი აქტი არ გამოცემულა (ტ.1, ს.ფ 130, 189, 129); მ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 2 ნოემბრის №1000760968 დასკვნის თანახმად, ლ. კ-ას მიმართ არსებობს ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი. შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად მიზანშეწონილად მიიჩნია, 2021 წლის 20 აგვისტოს №1000760968 განცხადების/წარდგინების დაკმაყოფილება და ლ. კ-ასათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლით (ტ.1, ს.ფ 101); ნ) საქართველოს პრეზიდენტის 2021 წლის 3 ნოემბრის №479 ბრძანებულებით, ლ. კ-ას (დაბადებული - ... წლის ...ს, საქართველოში), სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებასთან დაკავშირებით შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა (ტ.1, ს.ფ 48);

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ლ. კ-ას სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება. შესაბამისად, მის მიერ არც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ივნისის განჩინება გასაჩივრებულა საკასაციო წესით. ამდენად, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანს წარმოადგენს მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილი.

საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეობის ძირითად პრინციპებს, ადგენს საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივ მდგომარეობას და საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საფუძვლებს (1-ლი მუხლი).

ზემოაღნიშნული ორგანული კანონის მე-19 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის ერთ-ერთი სახეა საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა. საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლები კი, განმარტებულია ორგანული კანონის 21-ე მუხლში (სადაო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქე დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ მოიპოვებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, გარდა ამ კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. ამ უკანასკნელი ნორმით გათვალისწინებულ შემთხვევად განიხილება სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების პირობები.

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის 211 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქე შეინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ იგი აღნიშნული ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს სახელმწიფოდან მიიღებს თანხმობას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობა გაიცემა, თუ საქართველოს მოქალაქის საქართველოსთან კავშირი სარწმუნოდ იქნება მიჩნეული. აღნიშნული ნორმის მე-4 პუნქტი კი ადგენს მოქალაქეობის შენარჩუნების გამომრიცხავ გარემოებებს, კერძოდ, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქე ვერ შეინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება არ შეესაბამება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს. ამრიგად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია დადგინდეს პირის სარწმუნო კავშირი საქართველოსთან, ამასთან, გამოირიცხოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესების ხელყოფა.

მითითებული ორგანული კანონის 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებისა და საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხებზე განცხადებას განიხილავს სააგენტო კომისიის დახმარებით. ამავე მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი მე-6 პუნქტის მიხედვით, კომისია უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების (გარდა ამ კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირებისათვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებისა) მსურველ პირთა მიერ საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შემოწმებას, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების და სხვა ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების პირობების არსებობის დადგენას. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე შესაბამის დასკვნას ამზადებს სააგენტო. ამავე მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი ამ კანონით დადგენილი წესით.

მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ დებულების მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, განმცხადებლის მიერ განცხადების შეტანიდან 3 დღის ვადაში სააგენტო კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული მოქალაქეობის ნატურალიზაციის გზით მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლების გასარკვევად მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და საქართველოს დაზვერვის სამსახურს, საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით – საქართველოს ფინანსთა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე უარის თქმის საფუძვლების გასარკვევად მიმართავს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და საქართველოს დაზვერვის სამსახურს, ხოლო საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხის განხილვისას, კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინვესტიციის ფაქტის დადასტურების მიზნით – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ან განმცხადებლის მიერ მითითებულ სხვა ნებისმიერ კომპეტენტურ ორგანოს, რომელიც დაადასტურებს მის მიერ საქართველოში ინვესტიციის განხორციელების ფაქტს. ამავე დებულების სადაო პერიოდში მოქმედი მე-19 მუხლის მე-11 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ან/და საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ კანონის 21​1 მუხლით განსაზღვრული მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხის განხილვისას, კომისია იღებს გადაწყვეტილებას საქართველოსთან პირის სარწმუნო კავშირის არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამავე მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი მე-12 და მე-13 პუნქტების თანახმად, საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭებისა და საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხის განხილვისას, პირის მიმართ კანონის მე-17 მუხლის პირველი და 21​1 მუხლის მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული პირობების არსებობას, საამისოდ მნიშვნელოვანი გარემოებების გათვალისწინებით, კომისია ადგენს შინაგანი რწმენის საფუძველზე. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმის სახით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის ყველა დამსწრე წევრი. სხდომაზე დამსწრე წევრის განსხვავებული მოსაზრების არსებობის შემთხვევაში, ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. განსხვავებული მოსაზრება აისახება წერილობითი ფორმით და დაერთვება კომისიის გადაწყვეტილების ამსახველ ოქმს. ოქმში, კომისიის გადაწყვეტილების შინაარსის გარდა, მიეთითება სააგენტოს მიერ კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე დადებითი ან უარყოფითი დასკვნის მომზადების შესახებ.

ზემოაღნიშნული დებულების სადავო პერიოდში მოქმედი მე-40 მუხლის მიხედვით, (1) საქართველოს მოქალაქე ინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში, თუ იგი აღნიშნული ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს სახელმწიფოდან მიიღებს თანხმობას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე. (2) სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობა გაიცემა, თუ საქართველოს მოქალაქის სამომავლო კავშირი საქართველოსთან სარწმუნოდ იქნება მიჩნეული. საქართველოს მოქალაქის სამომავლო კავშირი საქართველოსთან სარწმუნოდ მიჩნევისას, კომისიამ, სხვებს შორის, შეიძლება მხედველობაში მიიღოს შემდეგი გარემოებები: ა) ბიოგრაფიული ცნობები, რომლებიც იძლევა საქართველოს სახელმწიფოსთან პირის კავშირის შეფასების შესაძლებლობას; ბ) საქართველოში უძრავი ქონების ფლობა; გ) საქართველოში საქმიანობა; დ) ოჯახის წევრების სამართლებრივი კავშირი საქართველოსთან.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ლ. კ-ას განცხადების შესწავლისას არ გამოვლენილა რაიმე ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რითაც გამართლებული იქნებოდა განმცხადებლის მიმართ, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხზე უარყოფითი დასკვნის მიღება. მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ ლ. კ-ა დაბადებულია საქართველოში, საქართველოში მიიღო განათლება, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან, საქართველოში საკუთრებაში გააჩნია უძრავი ქონება და დასაქმებულია. მითითებული გარემოებები ადასტურებს ლ. კ-ას კავშირის სარწმუნოობას საქართველოსთან. საგულისხმოა, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და საქართველოს დაზვერვის სამსახურს ლ. კ-ას შესახებ ინფორმაცია არ გააჩნიათ. ასეთ პირობებში კი, მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ ლ. კ-ას ჰყავს რუსეთის ფედერაციის მოქალაქე მამა, რომელიც წლების განმავლობაში დასაქმებული იყო მოსკოვში, უსაფრთხოების აკადემიაში, სადაც იკავებდა მაღალ თანამდებობას, არ ქმნიდა მოპასუხეთა მიერ გასაჩივრებული დასკვნების/ბრძანებულების მიღების საკმარის საფუძველს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა გასაჩივრებულ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლების არსებობის შესახებ.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

სახეზე არ არის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრებს მიიჩნევს დაუშვებლად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს პრეზიდენტისა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ივნისის განჩინება;

3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/ნ 202307404) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 07.11.2024წ. №26291 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. მაკარიძე

ქ. ცინცაძე

ბ. შონია