Facebook Twitter

საქმე №1088აგ-13 26 მარტი, 2014 წელი მ-ე მ., 1088აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. მ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 11 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 25 ივნისის განაჩენით მ. მ-ე, –ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 22 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და 1500 ლარი ჯარიმა და საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, ასევე ჯარიმა – 1500 ლარი. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 23 ივნისიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე მ. მ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

აღნიშნული განჩინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის16 მარტის განჩინებით შეიცვალა: მ. მ-ეს საბოლოოდ განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

2013 წლის 21 მაისს მსჯავრდებულმა მ. მ-ემ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილების გათვალისწინებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ მ. მ-ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 25 ივნისის განაჩენი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 16 მარტის განჩინება დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული მ. მ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივლისის განაჩენის გაუქმებას და სასჯელის განსაზღვრას საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილების გათვალისწინებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილით განსაზღვრული წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების შემთხვევაში - ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, დანაშაულთა ერთობლიობისას სასჯელების ნაწილობრივ ან სრულად შეკრება შესაძლებელია მხოლოდ დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად ემატება წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მსჯავრდებულმა მ. მ-ემ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 22 იანვრის განაჩენით ბრალად შერაცხული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 12 სექტემბრის განაჩენის დადგენამდე. საქმის მასალებიდან ასევე ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 12 სექტემბრისა და 2009 წლის 22 იანვრის განაჩენებით ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენისას მ. მ-ე იყო ნასამართლობის არმქონე. შესაბამისად, მ. მ-ეს ამ განაჩენებით სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, კერძოდ: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 12 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნულმა და ამნისტიით შემცირებულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთამ - უნდა შთანთქას ამავე სასამართლოს 2009 წლის 22 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი - ჯარიმა 1500 ლარი და ამ ნაწილში საბოლოოდ უნდა განესაზღვროს 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, უნდა დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 25 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნულ და ამნისტიით შემცირებულ სასჯელს - 9 თვეს და საბოლოოდ მ. მ-ეს სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

მხედველობაში იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ მ. მ-ეს დღეის მდგომარეობით დანიშნული სასჯელი მოხდილი აქვს და იგი გათავისუფლებულია სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ მ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 11 ივლისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 12 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნულმა და ამნისტიით შემცირებულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქას ამავე სასამართლოს 2009 წლის 22 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი - ჯარიმა 1500 ლარი და ამ ნაწილში საბოლოოდ განესაზღვროს 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 25 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნულ და ამნისტიით შემცირებულ სასჯელს - 9 თვეს და საბოლოოდ მ. მ-ეს სასჯელის სახით განესაზღვროს 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 25 ივნისის განაჩენი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 16 მარტის განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე