Facebook Twitter

ას-40-349-04 29 აპრილი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

მ. ცისკაძე,

ქ. გაბელაია

დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.

აღწერილობითი ნაწილი:

სს “ს. ... კ-ის” წარმომადგენელმა სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე სს “ს-ს” მიმართ და მოითხოვა ქ. თბილისში, ... მდებარე სს “ს. ...კ-ის” კუთვნილი შენობიდან სს “ს-ს” იძულებითი წესით გამოყვანა, როგორც ნივთზე არაუფლებამოსილი პირისა, ასევე, მასზე აღნიშნულ ქონებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის გადაცემის დაკისრება. მოსარჩელემ მოითხოვა ასევე მოპასუხე სს “ს-მა” სს “ს. ... კ-ას” დაუბრუნოს 1999წ. 15 იანვრის მიღება-ჩაბარების აქტით გათვალისწინებული 80462,01 ლარის ღირებულების ქონება და მასთან დაკავშირებული ტექნიკური დოკუმენტაცია. მოსარჩელემ მოითხოვა სს “ს-ს” დაეკისროს სს “ს. ... კ-ის” ბალანსზე რიცხული გაზის მაგისტრალურ მილსადენებსა და შენობა-ნაგებობებზე არსებული მთლიანი ტექნიკური დოკუმენტაციის, ასევე დაუმთავრებელი სამშენებლო ობიექტების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის (მათ შორის შეუსრულებელ სამუშაოებზე _ ფორმა ¹2-ისა და ¹3-ის) გადაცემა, რომელიც მოცემულია სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999წ. 2 აპრილის ¹1-3/161 ბრძანებაში და მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის 1999წ. 15 იანვარს გაფორმებულ მიღება-ჩაბარების აქტებში. მოსარჩელემ მიუთითა, რომ სსკ-ის 198-ე მუხლის “ბ” და “დ” ქვეპუნქტების საფუძველზე სს “ს-ს” აეკრძალოს სს “ს. ... კ-ის” კუთვნილი ქონების განკარგვა, ასევე, აღნიშნულ შენობაში განლაგებულ სხვადასხვა იურიდიულ პირებს აუკრძალონ, “ვითომ მესაკუთრის” (სს “ს-ს”) მიმართ შენობით სარგებლობისათვის ნაკისრი ვალდებულების შესრულება.

ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ 2003წ. 1 აგვისტოს, ვინაიდან სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა სს “ს-ს” წარმომადგენელი, მოსარჩელის შუამდგომლობით გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სს “ს. ... კ-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა. ქ.თბილისში, ... მდებარე სს “ს. ...კ-ის” კუთვნილი შენობიდან იძულების წესით გამოყვანილ იქნა სს “ს-”, როგორც ნივთზე არაუფლებამოსილი პირი. სს “ს-ს” დაეკისრა დაუბრუნოს სს “ს. ... კ-ას” 1999წ. 15 იანვრის მიღება-ჩაბარების აქტით გათვალისწინებული 80462,01 ლარის ღირებულების ქონება და მასთან დაკავშირებული ტექნიკური დოკუმენტაცია. სს “ს-ს” დაეკისრა ასევე დაუბრუნოს მოსარჩელეს სს “ს. ... კ-ის” ბალანსზე რიცხული, გაზის მაგისტრალურ მილსადენებსა და შენობა-ნაგებობებზე არსებული მთლიანი ტექნიკური დოკუმენტაცია, ასევე, დაუმთავრებელი სამშენებლო ობიექტების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია (რომელიც მოცემულია სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999წ. 2 აპრილის ¹1-3/161 ბრძანებაში და 1999წ. 15 იანვრის მიღება-ჩაბარების აქტში). სს “ს-ს” აეკრძალა სს “ს. ... კ-ის” კუთვნილი ქონების განკარგვა, ასევე, აღნიშნულ შენობაში განლაგებული სხვადასხვა იურიდიულ პირებს აეკრძალათ ვითომ მესაკუთრის (სს “ს-”) მიმართ შენობით სარგებლობისათვის ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

სს “ს-ს” წარმომადგენელმა ბ. კ-მა საჩივარი შეიტანა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 1 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვისა და გაუქმების შესახებ.

ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ განიხილა ზემოაღნიშნული საჩივარი და დანიშნა სხდომა ამავე სასამართლოს 2003წ. 1 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის შესახებ.

ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს მიერ 2003წ. 3 სექტემბერს მიღებულ იქნა მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ვინაიდან სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხის წარმომადგენელი, რომელიც გაფრთხილებული იყო სასამართლო სხდომის შესახებ კანონით დადგენილი წესით. მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 1 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

ზემოაღნიშნული სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება სს “ს-ს” წარმომადგენლმა ბ.კ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 13 ნოემბრის განჩინებით აპელანტს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის გადახდის ქვითრის წარმოდგენა, ადვოკატ ბ. კ-ის სახელზე სსკ-ის 98-ე მუხლის შესაბამისად გაცემული მინდობილობის და ამავე კოდექსის 368-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად შედგენილი სააპელაციო საჩივრის წარდგენა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება აპელანტს სს “ს-ს” ჩაბარდა 2003წ. 21 ნოემბერს. მაგრამ აპელანტმა არ გამოასწორა სასამართლოს მიერ მითითებული ხარვეზი.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 5 დეკემბრის განჩინებით სს “ს-ს” წარმომადგენელი ბ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

სს “ს-ს” წარმომადგენელმა ბესო კ-მა კერძო საჩივარი შეიტანა სასამართლოში და მოითხოვა სააპელაციო პალატის 2003წ. 5 დეკემბრის განჩინების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მისთვის სააპელაციო პალატის 2003წ. 13 ნოემბრის განჩინების შესახებ ცნობილი არ ყოფილა, რითაც მას მოესპო ხარვეზის შევსების საშუალება. კერძო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას იმის შესახებ, რომ ვინაიდან განჩინების ასლი ჩაბარდა სს “ს-ს” კანცელარიის თანამშრომელ ვეფხვაძეს, საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, განჩინება ჩაბარებულად ითვლება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 29 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის მოტივები და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

დადგენილია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 13 ნოემბრის განჩინებით სს “ს-ს” წარმომადგენელი ბ. კ-ის სააპელაციო საჩივარი ხარვეზიანად იქნა მიჩნეული და მას დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღეში სააპელაციო საჩივარში არსებული ხარვეზების გამოსწორება.

ეს განჩინება სს “ს-ს” კანცელარიის თანამშრომელმა ვეფხვაძემ ჩაიბარა 2003წ. 21 ნოემბერს, მაგრამ აპელანტმა დათქმულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, რის გამოც სააპელაციო პალატის 2003წ. 5 დეკემბრის განჩინებით სს “ს-ს” სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული დაუშვებლობის გამო.

საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადება, რომლის შესაბამისად, მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, 2003წ. 13 ნოემბრის განჩინება ხარვეზის შევსების შესახებ სს “ს-ს” გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე სსკ-ის 71-ე მუხლის შესაბამისად.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ორგანიზაციისათვის გადასაცემი უწყება ან განჩინება უნდა ჩაბარებოდა სათანადო თანამდებობის პირს და არა კანცელარიის თანამშრომელს, ვინაიდან სსკ-ის 73-ე მუხლის მესამე ნაწილის მეორე წინადადების შესაბამისად, ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაბარდეს სათანადო თანამდებობის პირს, რომელიც ასევე ხელს მოაწერს უწყების მეორე ეგზემპლარზე. მოცემულ შემთხვევაში უწყების მიმღები არის კანცელარიის თანამშრომელი ვეფხვაძე, რომელიც სააქციო საზოგადოების კანცელარიაში შესულ კორესპოდენციებს აბარებს ადრესატს, ამ შემთხვევაში _ საზოგადოების ადმინისტრაციას.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ ხარვეზის შევსების შესახებ სააპელაციო პალატის განჩინების გამოტანის დროისათვის, ე.ი. 2003წ. 13 ნოემბრისათვის ბ.კ-ზე სს “ს-ს” მიერ გაცემული მინდობილობის ვადა გასული იყო, ამიტომ პალატამ სწორად გამოიყენა სკ-ის 109-ე მუხლის “ა” პუნქტი, რომლის თანახმად, წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ქარწყლდება იმ ვადის გასვლით, რა ვადითაც გაიცა უფლებამოსილება.

ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მოცემული დავის განხილვისას სააპელაციო პალატას კანონი არ დაურღვევია, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სს “ს-ს” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 5 დეკემბრისა და 29 დეკემბრის განჩინებები.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.