№ბს-255(კ-24) 19 მარტი, 2025 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ვ. მ-ე, მესამე პირები - მ. ჩ-ა, კ. ჩ-ა).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ვ. მ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 21 აპრილის №03-1245/ო ბრძანება; ბ) დაევალოს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 იანვრის განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მესამე პირად ჩაბმულ იქნენ მ. ჩ-ა და კ. ჩ-ა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით ვ. მ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 21 აპრილის №03-1245/ო ბრძანება, დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე. დაევალა მოპასუხეს - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ვ. მ-ეის ოჯახის (განაცხადით გათვალისწინებულ პირების) გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 სექტემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
კასატორის განმარტებით, დაუსაბუთებელია სასამართლოს მითითება, რომ სადავო შემთხვევაში შეუძლებელია გამოყენებულ იქნეს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ოჯახის განმარტება, ვინაიდან ამ შემთხვევაში დევნილი ოჯახის განსახლების მიზნებისათვის გათვალისწინებული სოციალური ქულის შინაარსი გამორიცხავს ამ ნორმით მოაზრებულ პირთა და დევნილი ოჯახის ერთ ოჯახად ცხოვრების ფაქტს. სასამართლო უთითებს ვ. მ-ეის დედის - გ. პ-ის ოჯახზე და განმარტავს, რომ სააგენტომ მისი საცხოვრებლით უზრუნველყოფისას მ. გ-ა (დედის ბებია), ე. გ-ა (დედის დეიდა) და ა. პ-ი (მოსარჩელის დედის და) ჩათვალა გ. პ-ის ოჯახის წევრებად, რის გამოც ისინი ავტომატურად ვ. მ-ეის ოჯახის წევრებადაც უნდა ჩათვლილიყვნენ. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ თავად ვ. მ-ე და მისი დედა - გ. პ-ი ცალკე ოჯახს წარმოადგენდნენ, სხვადასხვა საოჯახო ნომერზე იმყოფებიან და ცალკე აკეთებდნენ განაცხადს საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ადმინისტრაციულმა ორგანომ გ. პ-ი, როგორც ცალკე ოჯახი, დააკმაყოფილა საცხოვრებელი ფართით და ვ. მ-ე მისი ოჯახის შემადგენლობაში არ მოიაზრებოდა. იგი როგორც ცალკე ოჯახი ისე აკეთებს განაცხადს.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოსარჩელეს 4,5 ქულა ჰქონდა მინიჭებული შემდეგ კრიტერიუმში: მ. გ-ა - ომში დაღუპული წევრი/წევრები-1,5 ქულა; ე. გ-ა - ომში დაღუპული წევრი/წევრები-1,5 ქულა; ა. პ-ი - ომში დაღუპული წევრი/წევრები-1,5 ქულა. როგორც შევსებული განაცხადის და მონიტორინგის ოქმიდან ირკვევა, მ. გ-ა, რომელიც იყო დედის ბებია, ე. გ-ა - დედის დეიდა და ა. პ-ი - დეიდა არ იყვნენ მისი ოჯახის წევრები, მათ ჰყავდათ ოჯახები. სააგენტო კი ზემოაღნიშნულ კრიტერიუმში მხოლოდ იმ შემთხვევაში ანიჭებს ქულას თუ დადგინდება, რომ მითითებული პირები არიან მოსარჩელის ოჯახის წევრები. საქმეში წარმოდგენილია მოსარჩელის მისამართზე შედგენილი მონიტორინგის ფორმა, საიდანაც ირკვევა, რომ მ. გ-ას, ე. გ-ას და ა. პ-ის ჰყავდათ ოჯახები. ჯამში მოსარჩელის ქულათა ოდენობამ შეადგინა 2 ქულა, რაც არასაკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ დევნილი ოჯახი დაკმაყოფილებულიყო გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის სხდომის ოქმის თანახმად, კომისიას განსახილველად წარედგინა 1193 განაცხადი, რომელთაც წინასწარი შეფასებით მინიჭებული ჰქონდათ 4,5 და მეტი ქულა.
მოსარჩელე ვ. მ-ემ 2016 წელს შეავსო განაცხადი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე. დამუშავების შედეგად მოსარჩელეს წინასწარი შეფასებით მიენიჭა 5.5 ქულა. სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს ორი შვილი. განაცხადს აკეთებენ ერთად. 2020 წლის 9 დეკემბერს მოსარჩელის მიერ განაცხადში მითითებულ მისამართზე ქ. თბილისი, ...ს ქ. №..., ... სართული, ოთახი №21, განხორციელდა მონიტორინგი. მოსარჩელე მისამართზე მივიდა სატელეფონო საუბრის შემდეგ. ბავშვები მისამართზე არ იმყოფებოდნენ. ვ. მ-ეის განმარტებით, ისინი იყვნენ დეიდასთან. მოსარჩელის საცხოვრებელი არის კომპაქტური ობიექტი (სახელმწიფო საკუთრება). საქმეში წარმოდგენილია ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან. მოსარჩელის დედა - გ. პ-ი დაკმაყოფილებულია საცხოვრებელი ფართით და ცხოვრობს ...ში, და - ი. პ-ი ცხოვრობს საბურთალოზე ოჯახთან ერთად.
მონიტორინგის სამსახურის მიერ მოკვლეული მასალები გადაეცა დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას განსახილველად. კომისიამ 2021 წლის 2 აპრილს (ოქმი №19) იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე და გადაწყვიტა, არ დაეკმაყოფილებინა მოსარჩელე საცხოვრებელი ფართით არასაკმარისი ქულის გამო (დააკლდა უგზოუკვლოდ/კონფლიქტის შედეგად ომში დაღუპული ოჯახის წევრის კრიტერიუმში 4,5 ქულა, დაემატა სიღარიბის მაჩვენებელში 1 ქულა). დევნილი ოჯახის ქულათა ოდენობამ შეადგინა 2 ქულა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 1 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) ვ. მ-ემ 2016 წლის 16 აპრილს შეავსო განაცხადი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე. დევნილის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილად მითითებულია, საქართველო, ქ. თბილისი, ...ს ქ. №.... საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების 2016 წლის 31 მაისის ელექტრონული ფორმის თანახმად, ვ. მ-ეის ოჯახი შეფასდა 8.50 ქულით: სოციალური კრიტერიუმი - 1 ქულა, ომში დაღუპული წევრი/წევრები - 4.50 ქულა, მძიმე საცხოვრებელი პირობები არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს - 3 ქულა. მიეთითა, რომ განმცხადებელს სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს ორი შვილი, განაცხადს აკეთებს მათთან ერთად (ს.ფ 43-44, 42); ბ) საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების 2018 წლის 20 ნოემბრის ელექტრონული ფორმის თანახმად, ვ. მ-ეის ოჯახი შეფასდა 5.50 ქულით: 18 წლამდე ასაკის წევრები - 2 არასრულწლოვანი - 1.00 ქულა, ომში დაღუპული წევრი/წევრები - მ. გ-ა, ე. გ-ა, ა. პ-ი, თითოეულის შემთხვევაში 1.50 ქულა. მიეთითა, რომ განმცხადებელს სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს ორი შვილი. განაცხადს აკეთებს მათთან ერთად (ს.ფ 41); გ) 2020 წლის 9 დეკემბერს განაცხადში მითითებულ მისამართზე - ქ. თბილისი, ...ს ქ. №..., ... სართული, ოთახი №21 განხორციელდა მონიტორინგი. აქტში აღნიშნა, რომ განმცხადებელი მისამართზე მივიდა სატელეფონო საუბრის შემდეგ. შვილები მისამართზე არ იმყოფებოდნენ. ვ. მ-ეის განმარტებით, ისინი იმყოფებოდნენ დეიდასთან. განმცხადებლის საცხოვრებელი წარმოადგენს კომპაქტურ ობიექტს (სახელმწიფო საკუთრებას). ამავე აქტში მიეთითა, რომ განმცხადებლის დედა - გ. პ-ი დაკმაყოფილებულია საცხოვრებელი ფართით და ცხოვრობს ...ში. და - ი. პ-ი ცხოვრობს საბურთალოზე ოჯახთან ერთად (ს.ფ 66-69); დ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის თანახმად, ვ. მ-ე, მ. ჩ-ა და კ. ჩ-ა რეგისტრირებული არიან მისამართზე თბილისი, ...ს ქუჩა №3 სართ. კორპ. ..., ბინა 21, მინიჭებული აქვთ 2020 წლის 16 ოქტომბრის მდგომარეობით 69130 სარეიტინგო ქულა (ს.ფ 65); ე) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 აპრილის №19 ოქმით დგინდება, რომ კომისიამ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის №320 ბრძანების შესაბამისად განიხილა, ახლადაშენებულ კორპუსებში დევნილ ოჯახთა გრძელვადიანი განსახლების საკითხი. ვ. მ-ეს უარი ეთქვა განსახლებაზე, ვინაიდან დააკლდა ომში დაღუპული წევრი/წევრების გათვალისწინებით 4,5 ქულა, დაემატა სიღარიბის მაჩვენებელი - 1 ქულა, სულ ვ. მ-ეის განაცხადი შეფასებულ იქნა 2 ქულით, რაც არასაკმარისი აღმოჩნდა იმ ეტაპზე განსახლებისათვის (ს.ფ 70-76); ვ) სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 21 აპრილის №03-1245/ო ბრძანებით დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილების საფუძველზე ვ. მ-ეს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) არასაკმარისი ქულის გამო, ამ ეტაპზე უარი ეთქვა ქ. თბილისში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე (ს.ფ 77); ზ) 2022 წლის 7 აპრილის №03-3419 სამსახურებრივი ბარათით დგინდება, რომ ოჯახს უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე, არასაკმარისი ქულის გამო. დააკლდა (უგზოუკვლოდ/კონფლიქტის შედეგად) 4.5 ქულა, რადგან მონიტორინგის სამსახურის მიერ წარდგენილი მასალების საფუძველზე, კომისიამ ვ. მ-ეის ოჯახის წევრებად არ ჩათვალა განაცხადში მითითებული მ. გ-ა (დედის ბებია), ე. გ-ა (დედის დეიდა) და ა. პ-ი (დეიდა). შესაბამისად, ოჯახის შეფასების ჯამურ ქულას დააკლდა თითოეულის 1,5 ქულა, სულ - 4,5 ქულა (ს.ფ 85); თ) იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ანკეტის მიხედვით, ვ. მ-ეის (სარეგ. №009-02091) მუდმივი საცხოვრებელი ადგილია სოხუმი, ...ს ქ. №18, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი - ..., ...ს ქ. №..., განსახლების ფორმა - ორგანიზებული (ს.ფ 123); იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ანკეტის მიხედვით, გ. პ-ის (სარეგ. №009-03058) მუდმივი საცხოვრებელი ადგილია სოხუმი, ...ს ქ. №18, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი - ..., ...ს ქ. №..., განსახლების ფორმა - ორგანიზებული.(ს.ფ. 126); საცხოვრებელი ფართით მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის მიხედვით, გ. პ-ის განაცხადი შეფასებული იყო 10.50 ქულით, მათ შორის 4,5 ქულა მინიჭებული ჰქონდა 3 ოჯახის წევრის - მ. გ-ას, ე. გ-ას და ა. პ-ის კონფლიქტის შედეგად გარდაცვალების ფაქტის გათვალისწინებით (ს.ფ. 155-156); მ. გ-ას გარდაცვალების მოწმობის თანახმად, პირი გარდაცვლილია 1993 წლის 5 ოქტომბერს, აქტის ჩანაწერი №394, გარდაცვალების მიზეზად მითითებულია: დამწვარია აფხაზი სეპარატისტების მიერ (ს.ფ. 141-143); ე. გ-ას გარდაცვალების მოწმობის თანახმად, პირი გარდაცვლილია 1993 წლის 3 ოქტომბერს, აქტის ჩანაწერი №392, გარდაცვალების მიზეზად მითითებულია: დახვრეტილია აფხაზი სეპარატისტების მიერ (ს.ფ 144-146); ა. პ-ის გარდაცვალების მოწმობის თანახმად, პირი გარდაცვლილია 1993 წლის 30 სექტემბერს, აქტის ჩანაწერი №392, გარდაცვალების მიზეზად მითითებულია: დახვრეტილია აფხაზი სეპარატისტების მიერ (ს.ფ 147-149); ვ. მ-ეის დედა არის გ. პ-ი (ს.ფ. 150); ი) ქალაქ თბილისში, იძულებით გადაადგილებულ პირთა გრძელვადიანი განსახლებისათვის ახალაშენებულ კორპუსებში ოროთახიანი ბინების განაწილების მიზნით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 აპრილის სხდომაზე (ოქმი №19) განსახილველად წარდგენილი იყო 1193 დევნილი ოჯახის განაცხადი, რომლებსაც წინასწარი შეფასებით მინიჭებული ჰქონდა 4,5 და მეტი ქულა. კომისიის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე თანხმობა ეთქვა 203 ოჯახს. აღნიშნული რაოდენობიდან 37 ოჯახს მინიჭებული ჰქონდა 4.5 ქულა (ს.ფ 242).
საკასაციო სასამართლო „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტსა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, კერძოდ, ის სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობები. დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ უნდა მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის მიხედვით, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრებ, ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დევნილთა განსახლების საკითხის გადაწყვეტის კონკრეტულ პროცედურასა და წესს ადგენდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ (ძალადაკარგულია „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით). აღნიშნული წესის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. აღნიშნული ბრძანების №8 დანართის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, სოციალურ კრიტერიუმში შესაბამისი ქულა გათვალისწინებულია ოჯახისთვის, რომლის წევრ(ებ)ი გარდაიცვალა ან უგზოუკვლოდ დაიკარგა საქართველოში არსებული კონფლიქტების შედეგად (თითოეულ გარდაცვლილ ოჯახის წევრზე 1.5 ქულა).
ანალოგიურ დანაწესს ითვალისწინებს დღეის მდგომარეობით მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“, კერძოდ, წესის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. აღნიშნული ბრძანების №8 დანართის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, სოციალურ კრიტერიუმში შესაბამისი ქულა გათვალისწინებულია ოჯახისთვის, რომლის წევრ(ებ)ი გარდაიცვალა ან უგზოუკვლოდ დაიკარგა საქართველოში არსებული კონფლიქტების შედეგად (თითოეულ გარდაცვლილ ოჯახის წევრზე 1.5 ქულა).
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, იგი ვალდებულია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გულისხმიერად მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობის საკითხი, საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის გზით.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატის მიერ მართებულად გამახვილდა ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ მ. გ-ა, ე. გ-ა და ა. პ-ი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხილულ არიან ვ. მ-ეის დედის - გ. პ-ის ოჯახის წევრებად. ასევე მხარეთა შორის სადავო არ არის ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ვ. მ-ეის და გ. პ-ის მისამართი დევნილობამდე იყო ქ. სოხუმი, ...ს ქ. №18. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ დღეის მდგომარეობით ვ. მ-ე და გ. პ-ი არიან ცალ-ცალკე ოჯახად რეგისტრირებულნი, არ გამორიცხავს იმ გარემოებას, რომ ზემოთ მითითებული პირების გარდაცვალების პერიოდში ისინი ერთი ოჯახის წევრებს წარმოადგენდნენ, ხოლო დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი სოციალურ კრიტერიუმში ქულის მინიჭებას ითვალისწინებს ოჯახისთვის, რომლის წევრ(ებ)ი გარდაიცვალა ან უგზოუკვლოდ დაიკარგა საქართველოში არსებული კონფლიქტების შედეგად. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის შედავებას, რომ გარდაცვლილ პირებს ცალკე ოჯახები ჰყავდათ და მიიჩნევს, რომ მ. გ-ა, ე. გ-ა, ა. პ-ი, გ. პ-ი და ვ. მ-ე კონფლიქტის შედეგად გარდაცვლილი პირების გარდაცვალებამდე ერთი ოჯახის წევრებს წარმოადგენდნენ. შესაბამისად, მოსარჩელის ოჯახს ზემოაღნიშნულ კრიტერიუმში უსაფუძვლოდ დააკლდა მინიჭებული 4.5 ქულა.
ამდენად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების არსებობის შესახებ.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 სექტემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე