გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
ას-404-796-06 21 დეკემბერი, 2006
ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
მოსამართლე თ. თოდრია
დავის საგანი: თანხის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს ... პროფკავშირმა სარჩელი აღძრა სასამართლოში სს «...” წინააღმდეგ შრომითი ანაზღაურების შედეგად საწევრო ანარიცხების სახით თანხის დაკისრების შესახებ.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხე ყოველთვიურად ახდენდა მუშა-მოსამსახურეებზე ხელფასიდან პროფსაწევროს დაქვითვას, დაქვითული თანხა დღემდე პროფკავშირის ანგარიშსზე არ ჩარიცხულა. 2004წ. 10 იანვრამდე მოპასუხეს დარგობრივი პროფკავშირის სასარგებლოდ უნდა ჩაერიცხა 8515 ლარი, ხოლო პირველად პროფკავშირის სასარგებლოდ 24039 ლარი, სულ 32554 ლარი. მიუხედავად ამისა, აღნიშნული თანხის პროფკავშირების ანგარიშსზე ჩარიცხვა არ მომხდარა.
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005წ. 7 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
სს «...” სააპელაციო საჩივარი შეიტანა სასამართლოში.
ვინაიდან სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილ ვადაში არ იყო წარმოდგენილი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006წ. 23 მარტის განჩინებით სს «...” სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა სს «...”.
კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2006წ. 7 ივლისის გადაწყვეტილება მათ ჩაჰბარდათ 2006წ. 14 თებერვალს და სააპელაციო საჩივარი შეტანილია 2006წ. 20 თებერვალს, ანუ მათ სააპელაციო საჩივრის შეტანისათვის კანონით დადგენილი 14 დღიანი ვადა არ დაურღვევიათ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006წ. 15 ივნისის განჩინებით კერძო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და, შემდგომი განხილვის მიზნით, გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ კერძო საჩივარი შეტანილია გასაჩივრებისათვის დადგენილი 12 – დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, რის გამოც კერძო საჩივარი დარჩა განუხილველად.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ სს «...” კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 416-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება განჩინების გადაცემის მომენტიდან 12 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.
დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006წ. 23 მარტის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ სს «...” ჩაჰბარდა 2006წ. 15 მაისს. მან კერძო საჩივარი შეიტანა 2006წ. 5 ივნისს. განჩინების გასაჩივრების ვადა ამოიწურა 2006წ. 27 მაისს. ე.ი. კერძო საჩივარი შეტანილია 9 დღის დაგვიანებით.
სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება ქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.
საკასაციო პალატა თვლის, რომ თუ მხარე კანონით დადგენილ ვადაში არ გაასაჩივრებს სასამართლოს გადაწყვეტილებას (განჩინებას), იგი კარგავს ამ უფლებას, ანუ ეს უფლება ქარწყლდება და გადაწყვეტილება (განჩინება) შედის კანონიერ ძალაში. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სს «...” კერძო საჩივრი კანონით დადგენილ ვადაში არ შეიტანა, მისი კერძო საჩივარი დაუშვებელია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კერძო საჩივარი შეტანილია კერძო საჩივრის შეტანისათვის დადგენილი 12-დღიანი ვადის გასვლით, რის გამოც კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 420-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სს «...” კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.