Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

ას-405-797-06 21 სექტემბერი, 2006

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი (მომხსენებელი),

თ. თოდრია

დავის საგანი: ყადაღის აქტიდან ქონების ამორიცხვა.

აღწერილობითი ნაწილი:

რ. თ-იამ და ვ. ქ-ძემ სარჩელით მიმართეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს ... ბიუროს მიმართ და მოითხოვეს ყადაღის აქტიდან ქონების ამორიცხვა. მოსარჩელეთა განმარტებით, 2005წ. 13 ივლისს ... ბიუროს აღმასრულებლმა შ. ფ-ავამ აღწერა და დააყადაღა ქ.ფოთში, ... ¹25\4 სახლში არსებული მოძრავი ქონება, რომელიც წარმოადგენს არა მოვალის, არამედ მათ საკუთრებას.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2005წ. 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სარჩელი, ყადაღისაგან გათავისუფლდა ქ.ფოთში, ... ¹25\4 სახლში არსებული, აღწერის აქტით დაყადაღებული შემდეგი ნივთები: რბილი სავარძელი, ჭაღი, სერვისი და ვაზა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ.თ-იამ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 13 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 365-ე მუხლით, რომლის თანახმად სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის ღირებულება შეადგენს 780 ლარს, რის გამოც სააპელაციო პალატამ იგი დაუშვებლად ცნო.

2006წ. 13 აპრილის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა რ. თ-იამ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 27 ივნისის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა უზენაეს სასამართლოში.

სამოტივაციო ნაწილი :

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო :

სსკ-ის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

მოცემული მუხლი განსაზღვრავს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის მხოლოდ ერთ პირობას _ მის ღირებულებას.

სააპელაციო საჩივრის ღირებულების განსაზღვრისას სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით და სარჩელით, რომელშიც ჩამოყალიბებულია მოსარჩელის მოთხოვნა. მოცემულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნაა ყადაღის აქტიდან ქონების ამორიცხვა. სასარჩელო მოთხოვნის ღირებულებას მოსარჩელე არ უთითებს, მაგრამ ქონების აღწერის აქტიდან დგინდება, რომ დაყადაღებული ქონების საერთო ღირებულება 1360 ლარია.

დადგენილია, რომ რ. თ-იამ გადაწყვეტილება გაასაჩივრა ნაწილობრივ – 780 ლარის ნაწილში. ამდენად, გადაწყვეტილების გასაჩივრებული ნაწილის ღირებულება არ აღემატება 1000 ლარს და სააპელაციო პალატამ სწორად ცნო იგი დაუშვებლად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

r. თ-იას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 13 აპრილის განჩინება;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.