საქმე №1100აგ-13 24 მარტი, 2014 წელი
ლ-ა თ., 1100აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. ლ-ას საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 26 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით თ. ლ-ა, – ნასამართლევი (ფოთის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 4 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 238-ე, 252-ე მუხლებით (1960 წლის რედ.) მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა), – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით – 11 წლითა და 8 თვით, 363–ე მუხლის მე-2 ნაწილით – 1 წლით, ხოლო 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; დანაშაულთა ერთობლიობით მას განესაზღვრა 19 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2007 წლის 15 აპრილიდან; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 5500 ლარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 24 დეკემბრის დადგენილებით „ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე თ. ლ-ას გაუნახევრდა საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და ამ მუხლით განესაზღვრა 7 დღითა და 12 საათით, ხოლო სასჯელის საბოლოო ზომად – 19 წლით, 7 თვით, 22 დღითა და 12 საათით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 6 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 25 ოქტომბრის განაჩენი შეიცვალა: თ. ლ-ას საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით – 11 წლითა და 8 თვით, 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით, „ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე – 6 თვით, ხოლო 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; დანაშაულთა ერთობლიობით მას განესაზღვრა 19 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2007 წლის 15 აპრილიდან; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 5500 ლარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე თ. ლ-ას ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 14 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
2013 წლის 21 მაისს მსჯავრდებულმა თ. ლ-ამ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილების გათვალისწინებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 26 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ თ. ლ-ას შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 25 ოქტომბრის განაჩენი და 2013 წლის 4 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული თ. ლ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 ივლისის განაჩენის გაუქმებას და სასჯელის შემსუბუქებას შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ან სასჯელები იკრიბება ნაწილობრივ ან მთლიანად. ამდენად, სააპელაციო პალატა უფლებამოსილი იყო, უცვლელად დაეტოვებინა გადასასინჯი გადაწყვეტილება.
მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების ან შთანთქმის წესის გამოყენება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ თ. ლ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 26 ივლისის განაჩენი თ. ლ-ას მიმართ დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე