Facebook Twitter

საქმე #ბს-1339(2კს-24) 20 მარტი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები (მოპასუხეები) – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – მ.მ-ი

მესამე პირი – რ.ა-ა

დავის საგანი – საქმის წარმოების შეჩერება

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 20 მარტის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2020 წლის 7 აგვისტოს მ.მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ.

მოსარჩელემ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 3 იანვრის #000483 დადგენილების, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 6 იანვრის #000482 დადგენილების, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 22 ივნისის #613 ბრძანებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 22 ივნისის #615 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით მ.მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ.მ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. ამასთან, ამავე სააპელაციო საჩივრით მ.მ-მა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მიმდინარე საქმის წარმოების დასრულებამდე, განსახილველი საქმის წარმოების შეჩერება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 20 მარტის განჩინებით მ.მ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; მოცემული ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეჩერდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის წარმოებაში არსებულ #3/2458-20 საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მიმდინარე #3/2458-20 ადმინისტრაციული დავაზე დამდგარი სამართლებრივი შედეგი შესაძლოა განმსაზღვრელი აღმოჩნდეს განსახილველი დავის მიზნებისთვის, რის გამო დასტურდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლის არსებობა.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ მ.მ-ის მიერ სარჩელი აღძრულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის მიმართ არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 15 მარტის ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით (საქმე #3/2458-20). სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის მიხედვითაც აღნიშნული დავის ფარგლებში მისაღები გადაწყვეტილება შეიძლება შეიცავდეს სასამართლოს დასკვნას სარჩელის დაკმაყოფილების ან სარჩელზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ. სასამართლომ განმარტა, რომ ზემოაღნიშნული სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, დადასტურდება ლეგალიზების შესახებ ბრძანების გაუქმების უკანონობა და შენარჩუნდება 2019 წლის 15 მარტის ბრძანების გამოცემამდე არსებული სამართლებრივი მდგომარეობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 20 მარტის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს როგორც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ასევე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოების განახლება მოითხოვეს.

კერძო საჩივრის ავტორთა განმარტებით, შეუძლებელია თბილისის საქალაქო სასამართლოში მ.მ-სა და მათ შორის მიმდინარე დავის შედეგმა რაიმე ზეგავლენა მოახდინოს წინამდებარე დავის შედეგზე, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის წარმოებაში არსებულ საქმეზე სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 15 მარტის გამოცემული #ბ60.01190841 ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც ძალადაკარგულად იქნა ცნობილი არქიტექტურის სამსახურის 2010 წლის 13 აგვისტოს #ლეგ-463 ბრძანება. კერძო საჩივრის ავტორთა მითითებით, ზემოაღნიშნული ბრძანებით ლეგალიზებულად ჩაითვალა მ.მ-ის საკუთრებაში არსებული ქ. თბილისში, სოფ. ...ში, ...ის ქუჩის #94-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი (ს.კ. ...). ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოები ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზე, რომ სადავიო განჩინებით შეჩერდა საქმე, რომლის დავის საგანს წარმოადგენს ს.კ. ... საკადასტრო კოდზე ჩადენილი სამართალდარღვევა, რასაც შესაბამისი ნებართვის გარეშე საცხოვრებელი სახლის განთავსება წარმოადგენს.

კერძო საჩივრების ავტორები მიიჩნევენ, რომ შეუძლებელია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მიმდინარე დავის შედეგმა რაიმე ზეგავლენა მოახდინოს განსახილველ საქმეზე, რამეთუ ს.კ. ... საკადასტრო კოდზე განთავსებული შენობის ლეგალიზება ვერ გამოიწვევს ს.კ. ... საკადასტრო კოდზე მდებარე საცხოვრებელი სახლის კანონიერ ჩარჩოებში მოქცევას.

გარდა ამისა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მიუთითებს, რომ საცხოვრებელი სახლის უმეტესი ნაწილი განთავსებულია სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ხოლო „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის #39-18 დადგენილებით, ზემოაღნიშნულ ტერიტორიაზე ვრცელდება სატრანსპორტო ზონა 1 (ტზ-1). შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, გამოირიცხება სადავო საცხოვრებელი სახლის ლეგალიზების შესაძლებლობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 13 დეკემბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის კერძო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის კერძო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო, უპირველესად, აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქმის წარმოების შეჩერების კანონიერება. მითითებული ნორმის თანახმად, სასამართლო ვალდებულია, შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქმის წარმოება შეჩერდება 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - სასამართლოს გადაწყვეტილების, განაჩენის, განჩინების, დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან ადმინისტრაციული წესით განხილულ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანამდე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამართალწარმოების პროცესში შესაძლებელია შეიქმნას იმგვარი ფაქტობრივი ვითარება, რომლის არსებობის პირობებში შეუძლებელია ან არ არის მიზანშეწონილი დავის განხილვა და გადაწყვეტა. საპროცესო კანონმდებლობა განასხვავებს შემთხვევებს, როდესაც სასამართლო ვალდებულია, შეაჩეროს საქმის წარმოება, საპროცესო კოდექსით პირდაპირ განსაზღვრული საფუძვლების არსებობისას და ვითარებას, როდესაც სასამართლო არ არის ვალდებული, მაგრამ უფლებამოსილია, შეაჩეროს საქმის წარმოება. საქმის წარმოების შეჩერების ფაკულტატური შემთხვევებისას სასამართლოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, რომ ობიექტური შეფასების საფუძველზე, მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული ესა თუ ის საპროცესო ინსტიტუტი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეჩერების საფუძველი საქმის წარმოების შეჩერების სავალდებულო შემთხვევათა რიგს განეკუთვნება. საკასაციო სასამართლოს არაერთგზის განუმარტავს, რომ მითითებული ნორმით საქმის წარმოების შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას, უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა საქმეთა შორის ისეთი აუცილებელი კავშირი, რაც, შეჩერების ღონისძიების გამოუყენებლობის პირობებში, ობიექტურად შეუძლებელს გახდის სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის განხილვას. საქმისწარმოების შეჩერება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას შეიძლება მიეცეს პრეიუდიციული მნიშვნელობა სასამართლოს განხილვაში არსებული საქმის გადაწყვეტისას. შესაბამისად, წარმოდგენილი კერძო საჩივრის ფარგლებში, სააპელაციო სასამართლოს განჩინების საფუძვლიანობის შემოწმების კუთხით, საკასაციო სასამართლომ უნდა განსაზღვროს, არსებობდა თუ არა აუცილებელი კავშირი განსახილველ საქმესა და გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულ ადმინისტრაციულ საქმეს შორის, რაც ობიექტურად შეუძლებელს ხდიდა მოცემული დავის განხილვა-გადაწყვეტას (იხ. სუსგ #ბს-848(2კს-24), 21.11.2024წ.).

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას იმის თაობაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მიმდინარე ადმინისტრაციულ დავაზე დამდგარი სამართლებრივი შედეგი, შესაძლოა, განმსაზღვრელი აღმოჩნდეს განსახილველი დავის მიზნებისთვის, ვინაიდან, როგორც სააპელაციო პალატამ განმარტა, მიუხედავად იმისა, რომ საკადასტრო კოდი შეცვლილია, ხოლო ლეგალიზების ობიექტი - საცხოვრებელი სახლი არ შეცვლილა, არ გამოირიცხება ამ საცხოვრებელ სახლთან მიმართებით არქიტექტურის სამსახურის 2010 წლის 13 აგვისტოს ბრძანებით დამდგარი სამართლებრივი შედეგის გავრცელება. ამასთან, საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება მოსარჩელის მითითებაზე, რომ მისთვის ჯარიმის დაკისრება ნაგებობის ლეგალიზების არასწორად გაუქმების გამო უკანონო იყო.

ამდენად, საკასაციო სასამართლო ნიშანდობლივად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ საცხოვრებელი სახლის უნებართვო მშენებლობის გამო მ.მ-ის დაჯარიმების საფუძველი წარმოშვა სწორედ იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებამ, რომლითაც განხორციელდა ამავე საცხოვრებელი სახლის ლეგალიზება. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მიმდინარე ადმინისტრაციულ საქმეზე კი მ.მ-ი სადავოდ ხდის სწორედ ლეგალიზების გაუქმების შესახებ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 15 მარტის ბრძანებას. შესაბამისად, ამ საქმესთან დაკავშირებით სარჩელის დაკმაყოფილების ან სარჩელზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გავლენას ახდენს განსახილველი საქმის შედეგზე, რამდენადაც ობიექტის ლეგალიზების და, ზოგადად, მისი მართლზომიერად განთავსების საკითხს არსებითი მნიშვნელობა აქვს მ.მ-ის დაჯარიმების მართებულობის შეფასებისათვის. უფრო კონკრეტულად, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, დადასტურდება ლეგალიზების შესახებ ბრძანების გაუქმების უკანონობა და შენარჩუნდება 2019 წლის 15 მარტის ბრძანების გამოცემამდე არსებული სამართლებრივი მდგომარეობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის კერძო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 20 მარტის განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 20 მარტის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა