საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1243(კ-24) 18 მარტი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარეები - მ. მ-ი, ნ. რ-ი, ნი. რ-ი
თავდაპირველი მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი- ნაძალადევის სერვის ცენტრი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 ოქტომბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2023 წლის 16 ნოემბერს მ. მ-იმა, ნ. რ-იმა და ნი. რ-იმა სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სერვის ცენტრისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2023 წლის 17 ივლისს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა შეავსო ოჯახის დეკლარაცია, სააგენტოსათვის მიწოდებული ინფორმაციის შემდგომ განისაზღვრა სარეიტინგო ქულა 121470 და შეუწყდა საარსებო შემწეობა. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მინიჭებული ქულა არის არაობიექტური და დეკლარაციაში მითითებული გარემოებები არ არის თანხვედრაში მის მიერ მიწოდებულ ინფორმაციასთან. დეკლარაციაში არ აღინიშნა, რომ კომუნალურ ხარჯებს იხდიდა მოსარჩელის და, რაც დასტურდება ასევე ლ...ის გადახდის ქვითრებით. დაზუსტებული სარჩელით მოსარჩელე მხარემ მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 17 ოქტომბრის №SSA 7 23 01096995 გადაწყვეტილებისა და ოჯახისათვის 120740 სარეიტინგო ქულის მინიჭების შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; ასევე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის 120 000 სარეიტინგო ქულის მინიჭებისა და შემწეობის დანიშვნის თაობაზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით მ. მ-ის, ნ. რ-ისა და ნი. რ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 17 ოქტომბრის №SSA 7 23 01096995 გადაწყვეტილება, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 17 ივლისის ოჯახის დეკლარაცია და მის საფუძველზე სარეიტინგო ქულის 121 470 მინიჭების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა, კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს სრულყოფილად არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ, ადმინისტრაციული წარმოების პროცესშიც და სასამართლოში საქმის განხილვის დროსაც, მოსარჩელე განმარტავდა, რომ ბუნებრივი აირის წვის სრულ თანხას იხდიდა მისი და - ლ. მ-იი (საცხოვრებელი ფართის თანამესაკუთრე), რის დასამტკიცებლადაც წარადგინა „ლ...ში“ გადახდილი ქვითრები. მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ კი, ვერ დაადასტურა სადავო „ოჯახის დეკლარაციაში“ შეტანილი მონაცემების უტყუარობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „კომუნალური ხარჯები“ ფიქსირდება ოჯახის მიერ დეკლარაციის შევსების თვის წინა მეორე თვიდან გასული თორმეტი თვის განმავლობაში გაწეული ხარჯი. ამავე ბრძანების მე-10 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით დეკლარაციის „E“ ბლოკში – „კომუნალური ხარჯები“, ფიქსირდება ოჯახის მიერ გაწეულ ხარჯებს გამოკლებული სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ კომუნალური სუბსიდირების მიზნით გაცემული ფულადი დახმარების/ვაუჩერის ოდენობა, ოჯახის მიერ სააგენტოში მიმართვისა და შესაბამისი უწყების მიერ დადასტურებული დოკუმენტის საფუძველზე. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურა ხორციელდება სააგენტოს უფლებამოსილი პირის ოჯახში ვიზიტისას და დეკლარაციის „E“ ბლოკის შევსების დროს ოჯახი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ კომუნალური სუბსიდირების მიზნით ჩაერიცხა ფულადი დახმარება, რაც დასტურდება სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ გაცემული (ოჯახის ხელთ არსებული ან სააგენტოსათვის მიწოდებული) ინფორმაციით, ამავე პუნქტით გათვალისწინებული სხვაობა შესაძლებელია დაფიქსირდეს ოჯახის მიერ სააგენტოში მიმართვის გარეშე. ასეთი დოკუმენტი კი, მ. მ-ის ოჯახს არ გააჩნია. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, მ. მ-ის „ოჯახის დეკლარაციაში“ სწორად არის დაფიქსირებული 2022 წლის ივნისიდან 2023 წლის მაისის ჩათვლით ოჯახის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, წყლის და დასუფთავების გადასახადები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში სადავოა ოჯახის დეკლარაციის შევსების შედეგად სარეიტინგო ქულის მინიჭების სისწორე და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის კანონიერება.
საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველო არის სოციალური სახელმწიფო. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე. ასევე, მითითებული მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, „დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს მუდმივ პრიორიტეტს წარმოადგენს ადამიანის უფლება-თავისუფლების დაცვა, საზოგადოების, მისი თითოეული წევრის ნორმალური, სრულფასოვანი განვითარებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის №1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარების სფეროში უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს, ადგენს სოციალური დახმარების სახეებსა და მისი დანიშვნის ძირითად პრინციპებს. კანონის პირველი მუხლი ამ კანონის მიზნად ასახელებს დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფას.
მითითებული კანონი სოციალური დახმარების ერთ-ერთ სახედ განსაზღვრავს საარსებო შემწეობას (კანონის მე-6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი), რომლის დეფინიციასაც ახდენს ამავე კანონის მე-7 მუხლი, კერძოდ, საარსებო შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც განკუთვნილია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. ოჯახს უფლება აქვს მოითხოვოს საარსებო შემწეობა. საარსებო შემწეობის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. საარსებო შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ოჯახის იდენტიფიკაციისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დასადგენად სააგენტოს უფლებამოსილი პირი ახორციელებს ოჯახის საცხოვრებელი პირობების ვიზუალური დათვალიერებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმების შედეგად მიღებული ობიექტური და ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლისგან ინტერვიურების შედეგად მიღებული სუბიექტური ინფორმაციის მოპოვებას.
ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სოციალური დახმარების საჭიროების მქონე ოჯახს კანონმდებლობა ანიჭებს უფლებას სოციალურად დაუცველი პირების მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს, რომელიც შესაბამისი წესისა და მეთოდოლოგიის გათვალისწინებით ამოწმებს ოჯახის სოციალურ მდგომარეობას. შემოწმების შედეგად ოჯახს ენიჭება კონკრეტული სარეიტინგო ქულა, რომლის ოდენობაც განსაზღვრავს სოციალური შემწეობის მიღების უფლებას. ქულის ოდენობის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მისი გამოთვლის პროცედურა მოიცავს არა მხოლოდ ქულის მექანიკურ დაანგარიშებას, არამედ სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ მოპოვებულ სუბიექტურ ინფორმაციას, საქმეზე დადგენილ და გამოკვლეულ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთაც არსებითი მნიშვნელობა ენიჭებათ სარეიტინგო ქულის განსაზღვრის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების პროცესში. ამრიგად, აუცილებელია, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახის როგორც პირველადი შეფასება, ისე შემდგომი გადამოწმება განხორციელდეს ნორმატიულად დადგენილი პროცედურების დაცვით, რამდენადაც ოჯახისათვის სარეიტინგო ქულის განსაზღვრისას მნიშვნელობა ენიჭება უფლებამოსილი პირის მიერ ოჯახის დეკლარაციაში შეტანილ თითოეულ მონაცემს, მათ შორის მიღებულ შემოსავალს. ამდენად, აუცილებელია, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახის როგორც პირველადი შეფასება, ისე შემდგომი გადამოწმება განხორციელდეს ნორმატიულად დადგენილი პროცედურების დაცვით.
განსახილველ შემთხვევაში, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სერვის ცენტრის 2023 წლის 5 ოქტომბრის №SSA 2 23 01055544 წერილით ირკვევა, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დაცული ინფორმაციით: ... საიდენტიფიკაციო კოდზე მ. მ-ის ოჯახმა პირველადი განაცხადით მიმართა სააგენტოს 2020 წლის 25 აგვისტოს, მისამართზე: ქ. თბილისი, გლდანი-ნაძალადევის რაიონი, ...ს ქუჩა, კორპუსი ..., ბინა 18. განაცხადის საფუძველზე ოჯახის დეკლარაცია შეივსო 2020 წლის 24 სექტემბერს შემდეგ წევრებზე: მ. მ-ი (პირადი ნომერი ...); ნ. რ-ი (პირადი ნომერი ...) და ნი. რ-ი (პირადი ნომერი ...). 2020 წლის 24 ოქტომბერს ოჯახისათვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა განისაზღვრა 137 210 ერთეულით.
2023 წლის 1 მარტს მ. მ-იმა განმეორებითი განაცხადით მიმართა სააგენტოს. ოჯახის დეკლარაცია შეივსო 2023 წლის 11 მარტს. ოჯახი განთავსდა საკონტროლო გენერაციაში. უფროსმა სოციალურმა აგენტმა განახორციელა ვიზიტი 2023 წლის 1 აპრილს და სარეიტინგო ქულა 131 150 ერთეულით განისაზღვრა.
სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 19 ივნისის №636625 გადაწყვეტილებით გლდანი-ნაძალადევის სოციალური მომსახურების სერვის ცენტრს დაევალა მ. მ-ის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შესწავლა. საცხოვრისის ვიზუალური დათვალიერებით და უფლებამოსილ პირთან ინტერვიუს შედეგად დადგინდა, რომ ოჯახში ნამდვილად ცხოვრობს სამი წევრი. კერძოდ, მ. მ-ი თავის 2 არასრულწლოვან შვილთან ერთად. საცხოვრისის საერთო ფართი შეადგენს 77.32 კვადრატულ მეტრს და შედგება ოთხი ოთახისაგან. დეკლარაციაში ოჯახის წევრის ნი. რ-ის მიმართ მონიშნულია „დაუხმარებლად გადაადგილება არ შეუძლია და/ან საჭიროებს მომვლელს“, მასვე უფიქსირდება დეკლარაციის B4 პუნქტში მეოთხე გრაფა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი (18 წლამდე)“. „C3“ კითხვის მეოთხე პუნქტში „სოციალური პაკეტი“ ნი. რ-ის დაფიქსირებული აქვს 340.00 ლარი; „C4“ პუნქტის „რამდენი იყო ოჯახის ჯამური ფულადი შემოსავლები ქვემოთ ჩამოთვლილი წყაროებიდან გასულ 12 თვეში“ - მე-5 გრაფაში დაფიქსირდა 1000 ლარი (თანხა, რომელიც წლის განმავლობაში ოჯახმა მიიღო საქართველოში მცხოვრები ახლობლებისგან (ნათესავი, მეზობელი, მეგობარი და სხვა).
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სერვის ცენტრის უფროსი სოციალური აგენტის 2023 წლის 5 ოქტომბრის №SSA 3 23 01052863 მოხსენებით ბარათში მითითებულია, რომ მ. მ-ის ოჯახში (მისამართი: თბილისი, ...ს ქ. ..., ბინა 18) ვიზიტისას სოციალური აგენტი შეხვდა განმცხადებლის დას - ლ. მ-ის. ლ. მ-იმა სააგენტოს უფლებამოსილ პირს განუმარტა, რომ იგი ცხოვრობს ისანი-სამგორის რაიონში თავის ოჯახთან ერთად და მუშაობს იმავე რაიონის ერთ-ერთ სკოლაში. იგი მხოლოდ სტუმრად მიდის დასთან, ეხმარება თანხით და მიაქვს საკვები. საცხოვრისის მთლიან ფართს იყენებს მ. მ-ის ოჯახი, მიუხედავად იმისა, რომ საჯარო რეესტრში 1/3 წილი მასზეა რეგისტრირებული. აგენტმა კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მ. მ-ის მართლაც ეხმარება მისი და კომუნალური ხარჯების გადახდაში, თუმცა ნათესავის მიერ გადახდილი კომუნალური ხარჯების თანხის ანულირების საშუალებას მოქმედი კანონმდებლობა არ იძლეოდა. ამიტომ კომუნალური ხარჯების ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის გადახდებში დააფიქსირა ის ინფორმაცია, რაც ასახულია დენის (...) და გაზის (...) სააბონენტო ნომრებზე დეკლარაციის შევსების წინა მეორე თვიდან გასულ 12 თვეში. სოციალური აგენტის განმარტებით, ოჯახი არის შეჭირვებული და საჭიროებს მხარდაჭერას. ოჯახის წევრი ნი. რ-ი არის აუტისტური სპექტრის ბავშვი, მინიჭებული აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის სტატუსი, არის სოციალური პაკეტის მიმღები და მუდმივად საჭიროებს მომვლელს.
2023 წლის 14 სექტემბერს მ. მ-იმა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა 2023 წლის 17 ივლისს შევსებული ოჯახის დეკლარაციის და მის საფუძველზე სარეიტინგო ქულის 121 470 ერთეულის განსაზღვრის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. მ. მ-იმა განმარტა, რომ დეკლარაციაში მითითებული გარემოებები არ არის თანხვედრაში მის მიერ სოციალური აგენტისთვის მიწოდებულ ინფორმაციასთან. ოჯახის დეკლარაციის შევსება განხორციელდა ისე, რომ სააგენტოს უფლებამოსილ პირს არ გაუთვალისწინებია მისი რეალური სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და არ მონიშნა მოსარჩელის განმარტება კომუნალურ ხარჯებთან დაკავშირებით. კერძოდ, მ. მ-იმა განუმარტა სააგენტოს უფლებამოსილ პირს, რომ კომუნალურ ხარჯებს იხდის მისი და, რომელიც ასევე არის ბინის თანამესაკუთრე, რის დასამტკიცებლადაც წარდგენილი აქვს დანართის სახით „ლ...ში“ გადახდილი ქვითრები, საიდანაც დასტურდებოდა, რომ ბუნებრივი აირის წვის სრულ თანხას იხდიდა ლ. მ-იი.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 17 ოქტომბრის №SSA 7 23 01096995 გადაწყვეტილებით მ. მ-ის 2023 წლის 14 სექტემბრის №971606 ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მ. მ-ის უარი ეთქვა სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სერვის ცენტრის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ 2023 წლის 17 ივლისს შევსებული ოჯახის დეკლარაციის და მის საფუძველზე 2023 წლის 16 აგვისტოს სარეიტინგო ქულის 121 470 ერთეულის განსაზღვრის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე; სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სერვის ცენტრს დაევალა მ. მ-ის ოჯახის სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის ხელახლა შესწავლა
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ სადავო გადაწყვეტილება მიღებულია არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის სარეიტინგო ქულის გაზრდა გამოიწვია კომუნალური გადასახადების, კერძოდ, ბუნებრივი არის გადასახადის შეცვლილმა მონაცემმა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებულ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“ მე-11 მუხლზე, რომლის მიხედვითაც, უფლებამოსილი პირი დაკისრებული ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების ფარგლებში უზრუნველყოფს მაძიებლის ინტერვიუირებას, ადგენს მაძიებლის განაცხადში შეტანილ მონაცემთა სიზუსტეს, ახდენს მაძიებლის ქონებისა და ყოფითი პირობების შესწავლა-შეფასებას დადგენილი წესების შესაბამისად, ახორციელებს მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. იმავე წესის 9.1 მუხლის თანახმად, სააგენტო მოიძიებს და იღებს ინფორმაციას ოჯახთან დაკავშირებით მომხდარი ცვლილებების შესახებ. ცვლილების შინაარსი შეიძლება ეხებოდეს წევრის დაბადებას, გარდაცვალებას, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის არსებით შეცვლას (დასაქმება, ლეგალური შემოსავალი და ა.შ.), ოჯახის ან მისი რომელიმე წევრის მიერ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლას და სხვა. სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებით დამტკიცებული სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ოჯახის იდენტიფიკაციისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დასადგენად სააგენტოს უფლებამოსილი პირი ახორციელებს ობიექტური და სუბიექტური ინფორმაციის მოპოვებას. ამდენად, ამა თუ იმ მაძიებლის კეთილდღეობის ინდექსის გამოთვლის პროცედურა ეფუძნება არა მხოლოდ ქულათა მექანიკურ დაანგარიშებას, რომელიც დაყვანილია ტექნიკურ დონემდე, არამედ სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ მოპოვებულ ინფორმაციას, მის მიერ შეგროვილ კონკრეტულ მონაცემთა ერთობლიობასა და საქმეზე დადგენილ და გამოკვლეულ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთა შესწავლა, შემოწმება და ანალიზი განმსაზღვრელია ნებისმიერი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების პროცესში.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დეკლარაციის შევსებისას მხედველობაში არ იქნა მიღებული მოსარჩელის - მა. მ-ის განმარტება კომუნალურ ხარჯებთან დაკავშირებით. კერძოდ, ის ფაქტი, რომ ბუნებრივი აირის წვის სრულ თანხას იხდიდა მისი და - ლ. მ-იი, რის დასამტკიცებლადაც სააგენტოში წარადგინა „ლ...ში“ გადახდილი ქვითრები. აღნიშნული გარემოება ადასტურებს ადმინისტრაციული წარმოების არასრულყოფილად ჩატარების ფაქტს და საჭიროებს დამატებით კვლევას კრიტერიუმების შეფასების შედეგად მინიჭებული ქულის რაოდენობის დადგენის თვალსაზრისით. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის გარემოებების ხელახალი შესწავლისა და გამოკვლევის დროს, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებით, გამოიკვლიოს ზემოაღნიშნული საკითხი. ამდენად, ვინაიდან დადასტურებულია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, არსებობს საკითხის ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაბრუნების წინაპირობები.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე