Facebook Twitter

ბს-1125 (კ-23) 20 მარტი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ა. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.09.2023წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. მ-იმა 21.06.2021წ. სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის სსიპ ბ...ს მიმართ. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შემდეგ მოითხოვა ბ...-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელისათვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ სსიპ ბ...ს წარმომადგენლობითი საბჭოს 07.06.2021წ. N07-01/22 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ა. მ-ის ბ...-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე აღდგენა, 2021 წლის 7 ივნისიდან წინამდებარე საქმეზე ა. მ-ის აღდგენის თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, ყოველთვიურად 3 120 (სამი ათას ას ოცი) ლარის ოდენობით იძულებითი განაცდურის მოპასუხისათვის დაკისრება, ი. ჩ-ის ბ...-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დამტკიცების თაობაზე სსიპ ბ...ს წარმომადგენლობითი საბჭოს 28.06.2021წ. N07-01/29 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე ი. ჩ-ის ბ...-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე არჩევის/დანიშვნის თაობაზე სსიპ ბ...ს აკადემიური საბჭოს 28.06.2021წ. N06-01/57 დადგენილების ბათილად ცნობა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიიის 14.02.2022წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ი. ჩ-ი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 04.10.2022წ. გადაწყვეტილებით ა. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ა. მ-ის მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.09.2023წ. განჩინებით ა. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 04.10.2022წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სსიპ ბ...ს (შემდგომში: ბ...) წარმომადგენლობითი საბჭოს 07.06.2021წ. N07-01/22 გადაწყვეტილებით ...ს (...ს) ა. მ-ის ვადაზე ადრე შეუწყდა უფლებამოსილება. N07-01/22 გადაწყვეტილების მიღების უმთავრეს საფუძვლად მიეთითა ...ს მხრიდან თავისი უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში ბ...-ს მართვის ორგანოების მიმართ ანგარიშვალდებულების პრინციპის უგულებელყოფა და საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის წარუდგენლობა. წარმომადგენლობითი საბჭოს 07.06.2021წ. სხდომას ... არ ესწრებოდა. ის სხდომის შესახებ გაფრთხილებული იყო, მასვე ეცნობა სხდომის დღის წესრიგი. დადგენილია ასევე, რომ 2020 წლის საქმიანობის ანგარიში ...ს უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოსთვის დასამტკიცებლად არ წარუდგენია. სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება და აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის შიდა აუდიტის ყოველწლიური ანგარიში, რაზეც აპელირებდა მოსარჩელე, ვერ განიხილებოდა ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წლიური ანგარიშის ტოლფას დოკუმენტად, რადგან შიდა აუდიტის დასკვნა ვერ შეცვლიდა ...ს ვალდებულებას, რაც დადგენილი იყო „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონით და მდგომარეობდა საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის წარმომადგენლობითი საბჭოსთვის დასამტკიცებლად წარდგენაში. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოცემულ საქმეზე არ დასტურდება „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით ან უნივერსიტეტის წესდებით დადგენილი წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომის მოწვევისა და მისი ჩატარების, ასევე გადაწყვეტილების მიღების წესის დარღვევა. აპელანტის პრეტენზია იმის შესახებ, რომ მას არ ჰქონდა საკმარისი დრო მასალების გასაცნობად, პალატამ არ გაიზიარა, რადგან ამ მიზეზებთან დაკავშირებით მას არ მიუმართავს უნივერსიტეტისთვის და არ უთხოვია სხდომის გადადება. ის გარემოება, რომ წარმომადგენლობითმა საბჭომ ...ს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი მისი დასწრების გარეშე განიხილა, საპელაციო პალატის მოსაზრებით ვერ შეფასდება გადაწყვეტილების მიღების პროცედურის ისეთ არსებით დარღვევად, რაც საქმეზე სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღებას განაპირობებდა, ვინაიდან ფაქტი, რის გამოც მოხდა ...ს უფლებამოსილების შეწყვეტა უდადოდ დგინდებოდა - მას 2021 წლის 1 აპრილამდე დასამტკიცებლად არ წარუდგენია 2020 წლის საქმიანობის ანგარიში და ასეთი ანგარიშის არსებობის შესახებ არც წარმომადგენობითი საბჭოსთვის უცნობებია. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი წარმოადგენს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას საფინანსო-ეკონომიკურ ურთიერთობებში. ამავე კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია შესაბამისად რეგენტთა საბჭოსა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კოლეგიური ორგანოს ან წარმომადგენლობითი საბჭოსა და აკადემიური საბჭოს წინაშე. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ...ს საქმიანობა მაღალი საჯარო ინტერესის მატარებელია, შესაბამისად, ამით არის განპირობებული მისი საქმიანობის ანგარიშგება უნივერსიტეტის კოლეგიური ორგანოს წინაშე და გაწეული საქმინობის ლეგიტიმაცია მხოლოდ ამ ორგანოს მიერ ანგარიშის დამტკიცების შედეგად. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ანგარიშგების პრინციპის დარღვევა ...ს მხრიდან წარმოადგენდა იმ სახის დარღვევას, რომლის გამოც წარმომადგენლობითი საბჭო უფლებამოსილი იყო გამოეყენებინა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონითა და უნივერისტეტის წესდებით მინიჭებული, ...ს საკუთარი ინიციატივით, მოტივირებული გადაწყვეტილების საფუძველზე ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ დანაწესი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.09.2023წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ა. მ-ის მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ ფინანსური ანგარიშის წარუდგენლობა არ შეიძლებოდა გამხდარიყო განთავისუფლების საფუძველი. მართალია კანონმდებლობით დადგენილია, რომ ფინანსური ანგარიშის წარდგენა უნდა მომხდარიყო ყოველი წლის პირველ აპრილამდე, მაგრამ აღნიშნული მოთხოვნა ა. მ-ის დანიშვნამდე სხვა კანცელერების მიმართ არ განხორციელებულა. კასატორის მოსაზრებით დასაბუთებული არ არის ის გარემოება თუ რა ზიანს მიაყენებდა უნივერსიტეტს ფინანსური ანგარიშის წარუდგენლობა. კასატორმა მიუთითა, რომ ა. მ-ის გადაყენება მოხდა ფორს-მაჟორულ ვითარებაში. 04.06.2021წ. განისაზღვრა წარმომადგენლობითი საბჭოს მოწვევა 2021 წლის 07 ივნისისათვის. ა. მ-ი იმყოფებოდა ბიულეტენზე, მან აღნიშნულის თაობაზე აცნობა საბჭოს და ითხოვა სხდომის გადადება. ა. მ-ის არ მიეცა ადმინისტრაციულ წარმოებაში თავისი პოზიციის დაცვის საშუალება. კასატორმა აღნიშნა, რომ ფინანსური ანგარიში უნდა წარდგენილიყო 01 აპრილამდე, თუმცა 2020 წლიდან 2021 წლის მაისამდე პანდემიურ პერიოდში ფიზიკურად შეუძლებელი იყო წარმომადგენლობითი საბჭოს მოწვევა. კასატორის მოსაზრებით ფინანსური ანგარიშის წარუდგენლობა ატარებს ფორმალურ ხასიათს და რეალურ ფინანსურ დარღვევას, თუნდაც ხარჯების არასწორად განკარგვას ა. მ-ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია. კასატორი თვლის, რომ იგი გაანთავისუფლეს არა ფინანსური დარღვევების, არამედ ფინანსური ანგარიშის წარუდგენლობის გამო. კასატორმა მიუთითა, რომ არც კანონის და არც უნივერსიტეტის წესდების თანახმად, მას არ ჰქონდა უფლება მოეწვია წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა, ამდენად, ვინაიდან ...ს წარმომადგენლობითი საბჭოს მოწვევის უფლება არ ჰქონდა, დაუსაბუთებელია მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება ანგარიშის წარუდგენლობისათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმის მასალების მიხედვით, 03.06.2021წ. ბ...-ს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს წარედგინა ამავე საბჭოს 16 წევრის ერთობლივი განცხადება, რომლითაც მოთხოვნილ იქნა წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომის დაუყოვნებლივ მოწვევა, ბ...-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელისათვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხის განხილვის მიზნით. ერთობლივ განცხადებაში ჩამოყალიბებული მოთხოვნის საფუძვლად მითითებულ იქნა შემდეგი: ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ უნივერსიტეტის შემოსავლების არაეფექტურად მართვა, პანდემიის პერიოდში პირადი კომფორტის მიზნით ძვირადღირებული ავეჯის შეძენა, საწვავის შეუსაბამოდ, საეჭვო რაოდენობით მოხმარება, სტუდენტთათვის სტიპენდიების დანიშვნისა და გაცემის პროცესის დაყოვნება/შეჩერება, საუნივერსიტეტო მიზნობრივი პროექტების დაფინანსების შეჩერება, პერსონალის გადამზადების/პროფესიული განვითარებისათვის განსაზღვრული დაფინანსების შეჩერება, ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევები, საქმიანობის პროცესში ეთიკური ნორმების უგულებელყოფა, კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულების - საქმიანობის წლიური ანგარიშის წარმოუდგენლობა, მართვის ორგანოების - აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოს - წინაშე ანგარიშვალდებულების უგულებელყოფა. 04.06.2021წ. ბ...-ს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს უნივერსიტეტის საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარედგინა უნივერსიტეტის რექტორის მოადგილეების, ფაკულტეტების დეკანების, დეკანების მოადგილეების, უნივერიტეტის და ფაკულტეტების ხარისხის უზრუნვლეყოფის სამსახურების უფროსების, დამხმარე სტრუქტურული ერთეულების უფროსებისა და სხვა პერსონალის იმავე შინაარსის განცხადება. ბ...-ს წარმომადგენლობითი საბჭოს სამდივნოს მიერ 04.06.2021წ. განისაზღვრა წარმომადგენლობითი საბჭოს მორიგი სხდომის თარიღი 2021 წლის 7 ივნისისათვის. სხდომის შესახებ სათანადო წესით ეცნობა ა. მ-ის, რომელიც ბ...-ს წარმომადგენლობითი საბჭოს 07.06.2021წ. სხდომაზე არ გამოცხადდა. ბ...ს წარმომადგენლობითი საბჭოს 07.06.2021წ. N07-01/22 გადაწყვეტილებით ბ...-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ა. მ-ის ვადაზე ადრე შეუწყდა უფლებამოსილება. N07-01/22 გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთ უმთავრეს საფუძვლად მითითებულ იქნა ა. მ-ის მხრიდან თავისი უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში ბ...-ს მართვის ორგანოების მიმართ ანგარიშვალდებულების პრინციპის უგულებელყოფა და ყოველწლიური ანგარიშის წარუდგენლობა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს "უმაღლესი განათლების შესახებ’’ კანონის 23-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი წარმოადგენს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას საფინანსო-ეკონომიკურ ურთიერთობებში. ამავე კანონის 24-ე მუხლის 1-ელი პუნქტის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პასუხისმგებელია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტიანობაზე, ხოლო ,,ვ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამზადებს შესრულებული სამუშაოს ყოველწლიურ ანგარიშს და დასამტკიცებლად წარუდგენს რეგენტთა საბჭოს ან წარმომადგენლობით საბჭოს. მსგავს დებულებებს შეიცავს ასევე ბ...-ს წესდება. დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ფინანსური ანგარიშის წარუდგენლობა ატარებს ფორმალურ ხასიათს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ბ...-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი უნივერსიტეტის უმაღლესი ადმინისტრაციული მმართველია ფინანსური და მატერიალური რესურსების სფეროებში, რომელიც უნივერსიტეტს წარმოადგენს საფინანსო-ეკონომიკურ ურთიერთობებში, შესაბამისად, უნივერსიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადება- შესრულებასა და ანგარიშგებაზე, ასევე მისი ყოველწლიური ანგარიშის, მათ შორის, ბიუჯეტის შესრულების შესახებ ინფორმაციის წარდგენაზე პასუხისმგებელი პირი სწორედ ადმინისტრაციის ხელმძღვანელია. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (...ს) საქმიანობა მაღალი საჯარო ინტერესის მატარებელია, რომელზეც ვრცელდება "საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობის და კორუფციის შესახებ" კანონით დადგენილი მოთხოვნები ("განათლების შესახებ კანონის" 23.4 მუხ.), შესაბამისად, მისი საქმიანობის ანგარიშგება უნივერსიტეტის კოლეგიური ორგანოს წინაზე ვერ იქნება ფორმალური ხასიათის მატარებელი. ბ...-ს წარმომადგენლობითი საბჭოს 17.05.2018წ. N04 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ბ...-ს საბიუჯეტო პროცესების მართვის წესის“ 25.2 მუხლის თანახმად, საბიუჯეტო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 1 აპრილისა უნივერსიტეტის ბიუჯეტის შესრულების შესახებ ინფორმაციას წარმომადგენლობით საბჭოს წარუდგენს უნივერსიტეტის .... საქმეში დაცული ბ...-ს წარმომადგენლობითი საბჭოს სამდივნოს უფროსის 05.07.2021წ. მოხსენებითი ბარათით დგინდება, რომ არც წარმომადგენლობითი საბჭოს სამდივნოსთვის და არც რომელიმე წევრისთვის ა. მ-ის მიერ არ წარდგენილა 2020 წლის ანგარიში. ამავე მოხსენებით ბარათში აღნიშნულია, რომ 2021 წელს ...ს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის სხდომამდე (07.06.2021წ.) სულ ჩატარდა 9 სხდომა, მათ შორის 4 სხდომას ესწრებოდა ა. მ-ი. ამდენად, საფუძველსაა მოკლებული კასატორის აპელირება იმ გარემოებაზე, რომ 2020 წლიდან 2021 წლის მაისამდე პანდემიურ პერიოდში შეუძლებელი იყო საბჭოს მოწვევა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მითითებულ პერიოდში საბჭო მართავდა სხდომებს, რომელშიც თავად კასატორიც მონაწილეობდა, თუმცა მას არ შეუსრულებია კანონით დადგენილი ვალდებულება და წარმომადგენლობითი საბჭოსათვის საქმიანობის წლიური ანგარიში არ წარუდგენია. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ მას წარმომადგენლობითი საბჭოს მოწვევის უფლება არ ჰქონდა, რაც გამორიცხავდა ანგარიშის წარუდგენლობისათვის მასზე პასუხისმგებლობის გავრცელებას, საკასაციო სასამართლო მიუთითებს ბ...-ს წარმომადგენლობითი საბჭოს რეგლამენტის 6.7 მუხლზე, რომლის თანახმად, წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომაზე განსახილველი საკითხის შესახებ განაცხადი, გადაწყვეტილების პროექტთან ერთად, როგორც წესი წარმომადგენლობითი საბჭოს სამდივნოს უნდა წარედგინოს სხდომის გამართვამდე არაუგვიანეს 1 კვირისა. წარმომადგენლობითი საბჭოს სამდივნოს უფროსი წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერთან შეთანხმებით სხდომის დღის წესრიგის პროექტს დაუგზავნის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრებს, რომელთაც შეუძლიათ 2 დღის ვადაში დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეიტანონ განსახილველი საკითხები. ამდენად, რეგლამენტის თანახმად, სამდივნოში განსახილველი საკითხების შესახებ წინადადებების წარდგენის შემდეგ, წარმომადგენლობითი საბჭოს სამდივნო სპიკერთან შეთანხმებით უზრუნველყოფს სხდომის გამართვის თარიღის განსაზღვრას. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში ა. მ-ის არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ მან წარმომადგენლობით საბჭოს წარუდგინა 2020 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში, რაც განაპირობებდა ანგარიშის დამტკიცების მიზნით წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომის დაგეგმვასა და მის მოწვევას.

კასატორი მიუთითებს აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობა არ მიუღია და შესაბამისად არ მიეცა საკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალება. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით ა. მ-ი წარმომადგენლობითი საბჭოს თარიღის, დროისა და დღის წესრიგით გათვალსწინებული საკითხების შესახებ ინფორმირებული იყო კანონით დადგენილი წესით. მოპასუხე მხარის წარმომადგენელი მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ ა. მ-იმა ბიულეტენზე ყოფნისა და სხდომის გადადების მოთხოვნით 07.06.2021წ. მიმართა საბჭოს, თუმცა სხდომის დასრულების შემდეგ, რისი საწინააღმდეგო მტკიცებულებაც საქმეში დაცული არ არის. აღსანიშნავია, რომ ა. მ-ის შეეძლო საკუთარი მოსაზრებები და პოზიცია წერილობითი დოკუმენტის სახით წარედგინა საბჭოსათვის, ამ უფლების შესახებ მას განემარტა სხდომაზე მოწვევის დროს გაგზავნილი შეტყობინებითაც. ამასთან, ფაქტი, რის გამოც მოხდა ...ს უფლებამოსილების შეწყვეტა უდადოდ დგინდებოდა - მას 2021 წლის 1 აპრილამდე დასამტკიცებლად არ წარუდგენია 2020 წლის საქმიანობის ანგარიში და ასეთი ანგარიშის არსებობის შესახებ არც წარმომადგენობითი საბჭოსთვის უცნობებია.

კასატორის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სხვა ...ების მიმართ არ ხდებოდა ფინანსური ანგარიშის მოთხოვნა, არ ქმნის კასაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების პირობას, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევაში ერთი პირის მიმართ უკანონო გადაწყვეტილების მიღება არ წარმოშობს მეორე პირის უფლებას იმავე სახის გადაწყვეტილებაზე, რამდენადაც არ არსებობს თანასწორობა უკანონობაში. შესრულებული სამუშაოს ყოველწლიური ანგარიშის მომზადება და დასამტკიცებლად მისი წარმომადგენლობითი საბჭოსათვის წარდგენა ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანონით განსაზღვრულ ვალდებულებას წარმოადგენს. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ ანგარიშვალდებულების პრინციპის დარღვევა წარმოადგენდა ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკმარის საფუძველს, შესაბამისად, არ არსებობს წარმომადგენლობითი საბჭოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ა. მ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.09.2023წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: გ. გოგიაშვილი

თ. ოქროპირიძე