საქმე №ბს-1387(კ-24) 20 მარტი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები:გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე)– სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ბ. მ-ა
მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის
ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახური
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ივლისის განჩინება
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2023 წლის 13 ნოემბერს ბ. მ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, ფოთის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის N12/447 გადაწყვეტილებით (გადაწყვეტილება დათარიღებული 1986 წლის 18 ივნისით), მცურავ საშუალებათა კოოპერატივს გამოეყო ტერიტორია მდინარე ...ს სანაპირო ზოლში. ფოთის აღმასკომის 1986 წლის 17 დეკემბრის N25/980 გადაწყვეტილებით დაიგეგმა განსახორციელებელი ღონისძიებები. კოოპერატივის თითოეული წევრისთვის ...ის ტერიტორია დადგინდა სიგანით 5.2 მეტრი, გადასახდელი თანხა - 350 მანეთი, ...ის გასხვისების უფლებით. მიწის ნაკვეთის ფართი შეადგენს 150 კვ.მ-ს. მოსარჩელე ბ. მ-ა იყო აღნიშნული კოოპერატივის წევრი. საფასურის გადახდის შემდეგ, მას გადაეცა მიწის ნაკვეთი, რომელსაც დღემდე ფლობს.
2023 წლის 4 აგვისტოს, ბ. მ-ამ განცხადებით მიმართა ფოთის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა ქ. ფოთში, ...ს დასახლებაში მდებარე უძრავი ქონების რეგისტრაცია. სსიპ შემოსავლების სამსახურიდან და სსიპ საქართველოს ეროვნული არქივიდან გამოთხოვილი იქნა დოკუმენტაცია, თუმცა ვერ იქნა მოძიებული კონკრეტული ინფორმაცია, რის გამოც ბ. მ-ას მოსთხოვეს უფლების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება. გადაწყვეტილება გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა: 1.სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 6 ოქტომბრის ... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; 2.ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 7 ნოემბრის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; 3. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მონაცემთა კორექტირების დავალება ბ. მ-ას მიწის ნაკვეთთან ზედდების ნაწილში (შესაბამისად ცვლილება განახორციელოს შესაბამის ბრძანებაში, ნახაზში და საჯარო რეესტრის ამონაწერში); 4. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულება ქ. ფოთში, ...ს გზატკეცილზე არსებული ბ. მ-ას მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ 150 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით ბ. მ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 6 ოქტომბრის ... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 7 ნოემბრის N... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მონაცემთა კორექტირება ბ. მ-ას მიწის ნაკვეთთან ზედდების ნაწილში (შესაბამისად ცვლილება განახორციელოს შესაბამის ბრძანებაში, ნახაზში და საჯარო რეესტრის ამონაწერში). სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა ქ. ფოთში, ...ს გზატკეცილზე არსებული ბ. მ-ას მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ 150 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ივლისის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფოთის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1986 წლის 18 ივნისის №12/447 და 1986 წლის 17 დეკემბრის №25/980 გადაწყვეტილებების საფუძველზე, მცურავ საშუალებათა კოოპერატივს გამოეყო ტერიტორია მდინარე ...ს სანაპირო ზოლში, სიგანით 20 მეტრი, ...ის ...მდე. მცურავ საშუალებათა მოწყობის კოოპერატივის გამგეობას რეკომენდაცია მიეცა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1986 წლის 18 ივნისის №12/447 გადაწყვეტილების უზრუნველსაყოფად გაეტარებინა საჭირო ღონისძიებები, მათ შორის, კოოპერატივის წევრებს ...ის გასხვისების უფლების მოპოვებისათვის უნდა შეეტანათ 350 მანეთი, თითოეულ წევრზე ტერიტორიის სიგანე მოიცავდა 5x10 მეტრს. კოოპერატივის წევრებისაგან შედგენილ იქნა ,,...ს ზოლში ...თა მფლობელთა სია”, სადაც 64-ე ნომრად მითითებულია ბ. ა.-ის ძე მ-ა. სააპელაციო პალატამ საქმეში წარმოდგენილი ზემოაღნიშნული სიით და საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ ბ. მ-ა იყო მითითებული კოოპერატივის წევრი. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა მოწმის სახით დაკითხული ამავე კოოპერატივის წევრის თ. ნ-ას განმარტებაზე, რომლის თანახმად, მეთევზეთა და მონადირეთა კავშირის თავმჯდომარე აძლევდა მათ ნომერს, მიდიოდნენ შემნახველ სალაროში, იხდიდნენ ფულს და შემდეგ ხდებოდა მიწის მოზომვა. სწორედ ამ წესით გადაიხადეს თ. ნ-ამ და ბ. მ-ამ თანხა და მოხდა მათთვის მიწის ნაკვეთების აზომვა. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი სანოტარო აქტით (ხელწერილი) რ. კ-ემ დაადასტურა ბ. მ-ას მიერ 350 მანეთის გადახდისა და მოსარჩელის მიერ 150 კვ.მ მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტი, საწინააღმდეგო მტკიცებულებები კი საქმეში წარმოდგენილი არ არის.
სააპელაციო პალატის მითითებით, ბ. მ-ას, როგორც კოოპერატივის წევრს, სათანადო თანხის გადახდის შემდეგ, რეალურად გამოეყო 150 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელიც მან მონიშნა და ფლობს დღემდე. საქმის მასალებში არ მოიპოვება მონაცემები აღნიშნული ნაკვეთის გასხვისების, დათმობის ან ჩამორთმევის შესახებ. სააპელაციო პალატის განმარტებით, კოოპერატივის გაუქმებას, ხელახალი თუ ახალი კოოპერატივის შექმნას, უკვე მიღებული და განკარგული მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით სამართლებრივი დაბრკოლების შექმნა არ შეუძლია, რადგან 90-იან წლებში (ან ბოლოს) ყოფილი აღმასკომის ადმინისტრაციული აქტი უკვე აღსრულებული იქნა და შემდგომ პერიოდში ამ ურთიერთობის მომწესრიგებელი მარეგულირებელი ახალი აქტი ქ. ფოთის, არც მმართველობის და არც თვითმმართველობის ორგანოებს არ მიუღიათ. შესაბამისად, დღემდე არსებობს აღმასკომის მითითებული გადაწყვეტილებისადმი კანონიერი ნდობა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტზე და მიიჩნია, რომ მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ დოკუმენტად უნდა იქნას მიჩნეული ფოთის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1986 წლის 18 ივნისის №12/447 და 1986 წლის 17 დეკემბრის №25/980 გადაწყვეტილებები, რომელთა საფუძველზე ბ. მ-ას გამოეყო სადავო მიწის ნაკვეთი. ზემოხსენებული დოკუმენტები კონკრეტულ შემთხვევაში, აკმაყოფილებს ხსენებული ბრძანებულების მოთხოვნას ”სხვა დოკუმენტის” განსაზღვრის შესახებ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, საქმეში დაცული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ბ. მ-ას გადაეცა მდინარე ...ს სანაპირო ზოლში მდებარე მიწის ნაკვეთი. კასატორი ყურადღებას ამახვილებს სსიპ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 18 აგვისტოს N21-02-1/67036 წერილზე, რომლის თანახმად, ქ. ფოთში, ...ს ქუჩაზე 2004 წლის მიწის გადასახადის გადამხდელთა სიებში, არ იძებნებოდა ბ. მ-ა. ასევე, სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2023 წლის 17 აგვისტოს N57/29873 წერილის თანახმად, ფოთის ადგილობრივ არქივში დაცული ფოთის საფინანსო განყოფილების სახლთმფლობელთა საგადასახადო აღრიცხვის 1981-1983 წლების წიგნში, დასახლება ...ში მოქალაქე ბ. მ-ა გადასახადის გადამხდელად არ ფიქსირდება. ეროვნული არქივის წერილობითი კორესპონდენციით ფოთის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1986 წლის 18 ივნისის N12/447 გადაწყვეტილებას "მცურავ საშუალებათა სადგომის კოოპერატივის ტერიტორიის გამოყოფის შესახებ განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ" გადამხდელთა სიები არ ერთვის. გარდა აღნიშნულისა, სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის N57/110978 წერილით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გადაეგზავნა ქ. ფოთის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2008 წლის 8 აპრილს გაცემული საკუთრების უფლების მოწმობაზე თანდართული ,,მცურავ საშუალებათა ...ის კოოპერატივისათვის გამოყოფილი ტერიტორიის სიტუაციური გეგმა", რომელზეც ბ. მ-ა მითითებული არ არის. სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის N57/132211 წერილიდან ირკვევა, რომ ფოთის ადგილობრივ არქივში დაცული ,,...ს უბანში ინდივიდუალური მენაშენეთათვის ნავსაყუდის მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ" ქალაქ ფოთის მერის 1994 წლის 29 ივლისის N440 განკარგულების მე-3 მუხლში ჩამოთვლილი იმ პირთა სიაში, რომლებზეც უნდა გადანაწილებულიყო ნავსაყუდის ტერიტორია მშენებლობისათვის, ბ. მ-ა არ ფიქსირდება.
კასატორი აღნიშნავს, რომ პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოები გადაწყვეტილების მიღებისას იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ ბ. მ-ამ თანხის გადახდის სანაცვლოდ მიიღო სადავო მიწის ნაკვეთი დაეყრდნენ მხოლოდ მოწმის ჩვენებას, რაც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლთან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი.სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 6 ოქტომბრის ... გადაწყვეტილების და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 7 ნოემბრის N... გადაწყვეტილების კანონიერება. მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მონაცემთა კორექტირება ბ. მ-ას მიწის ნაკვეთთან ზედდების ნაწილში (შესაბამისად ცვლილება განახორციელოს შესაბამის ბრძანებაში, ნახაზში და საჯარო რეესტრის ამონაწერში), ასევე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულება ქ. ფოთში, ...ს გზატკეცილზე არსებული ბ. მ-ას მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ 150 კვ.მ მიწის ნაკვეთზე რეგისტრაციის თაობაზე.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ფოთის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს 1986 წლის 18 ივნისის N12/447 გადაწყვეტილებით, გამოყოფილ იქნა მცურავ საშუალებათა კოოპერატივის ...ისათვის ტერიტორია მდინარე ...ს სანაპირო ზოლში, სიგანით 20 მეტრი, ...ის ...მდე და ამასთან, განთავისუფლებულ იქნა ინდივიდუალური დასახლების მიერ, უნებართვოდ მიტაცებული მდინარისპირა ზოლი ყოველგვარი ნაგებობისაგან.
ფოთის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს 1986 წლის 17 დეკემბრის N25/980 გადაწყვეტილებით, დაიგეგმა განსახორციელებელი ღონისძიებები. კოოპერატივის თითოეული წევრისთვის ...ის ტერიტორია დადგინდა სიგანით 5.2 მეტრი, გადასახდელი თანხა - 350 მანეთი, ...ის გასხვისების უფლებით.
ფოთის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 17.12.1986 წლის N25/980 გადაწყვეტილებით: ,,1. რეკომენდაცია მიეცა მცურავ საშუალებათა სადგომის მოწყობის კოოპერატივის გამგეობას, გამგეობის თავმჯდომარედ არჩეულ იქნას სამონადირეო კავშირის გამგეობის თავმჯდომარე ამხ.რ.ქ-ა. 2. დაევალა კოოპერატივის გამგეობას საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1986 წლის 18 ივნისის N12/447 გადაწყვეტილების უზრუნველსაყოფად გაატაროს საჭირო ღონისძიებები, რისთვისაც: ა) ნავსადგომის ტერიტორიის მისასვლელი გზისა და ღობეების მოწყობის სამუშაოების ჩასატარებლად, თანახმად შედგენილი ხარჯთაღრიცხვისა, დადგინდა თანხის შესატანი მოცულობა თითოეულ წევრზე 350 მანეთის ოდენობით, ...ის გასხვისების უფლებით. ბ) კოოპერატივის თითოეულ წევრს ...ის ტერიტორია დაუდგინდა სიგანით 5,2 მეტრი, დაკვალვა და სქემატური გეგმის შედგენა დაევალა არქიტექტურულ დაგეგმარებასა (გამგე ლ.ნ-ა) და ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს/უფროსი ა.ჯ-ა. გ) კოოპერატივის გამგეობამ პირველ რიგში უზრუნველყოს მ/წლის ბოლომდე N147 ნავსაყუდელის (75 მოქალაქის) მცურავ საშუალებათა მეპატრონეთა გაწევრიანება და ასევე ახლის მიღება, ამავე პერიოდში განთავისუფლდეს N147 ნავსაყუდელი . . . (ს.ფ.73-75). კოოპერატივის წევრებისაგან შედგენილი ...ს ზოლში ...თა მფლობელთა სიაში 64-ე ნომრად მითითებულია ბ. ა.-ის ძე მ-ა.
2023 წლის 24 აგვისტოს სანოტარო აქტით (ხელწერილის) რ. კ-ე ადასტურებს, რომ ბ. მ-ა იყო კოოპერატივის წევრი. მას საფასურის გადახდის შემდეგ გადაეცა ქ. ფოთში, ...ს დასახლებაში მდებარე 150 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელსაც ფლობს და უვლის, მას მოდავე არ ჰყავს.
2023 წლის 4 აგვისტოს, ბ. მ-ამ განცხადებით მიმართა ფოთის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა ქ. ფოთში, ...ს დასახლებაში მდებარე უძრავი ქონების რეგისტრაცია. საქმის წარმოების დროს, გამოვლინდა ზედდება სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებთან (ს/კ N...). სსიპ შემოსავლების სამსახურიდან და სსიპ საქართველოს ეროვნული არქივიდან გამოთხოვილ იქნა დოკუმენტაცია, თუმცა ვერ იქნა მოძიებული შესაბამისი ინფორმაცია. ამდენად, ბ. მ-ას მოეთხოვა უფლების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 6 ოქტომბრის ... გადაწყვეტილებით, შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ბ. მ-ას მიერ ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრდა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 7 ნოემბრის N... გადაწყვეტილებით, ბ. მ-ას უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ 2023 წლის 7 აგვისტოს მომზადებული სიტუაციური ნახაზისა და სსიპ საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები ხვდება სახელმწიფოს საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ნივთისა (ს/კ N...) და მიმდინარე განცხადებით წარდგენილი ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებში (ზედდება). საჯარო რეესტრის 14.08.2013წ. ამონაწერის თანახმად, ქალაქ ფოთში, ...ს დასახლებაში მდებარე არასასოფლო-სამურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ N...) მესაკუთრე არის სახელმწიფო.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 18 აგვისტოს N21-02-1/67036 წერილით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ ქ. ფოთში, ...ს ქუჩაზე 2004 წლის მიწის (დანიშნულება გაურკვეველი) გადასახადის გადამხდელთა სიებში, ბ. ა.-ის ძე მ-ა არ ფიქსირდება. სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2023 წლის 17 აგვისტოს N57/29873 წერილით დგინდება, რომ ფოთის ადგილობრივ არქივში დაცული ფოთის საფინანსო განყოფილების სახლთმფლობელთა საგადასახადო აღრიცხვის 1981-1983 წლების წიგნში, დასახლება ...ში მოქალაქე ბ. ა.-ის ძე მ-ა გადასახადის გადამხდელად არ ფიქსირდება. არასასოფლო/სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების გადასახადების აღრიცხვის წიგნები და მიწის განაწილების სია ფოთის ადგილობრივ არქივში დაცვაზე არ შესულა. სხვა დოკუმენტაციის მოსაძიებლად აუცილებელია წლების დაზუსტება. ქალაქ ფოთს საკომლო წიგნები არ გააჩნია.
სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2023 წლის 31 აგვისტოს N57/31408 წერილით, ფოთის ადგილობრივ არქივში დაცულია ფოთის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1986 წლის 17 დეკემბრის N25/980 გადაწყვეტილება. ფოთის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1986 წლის 18 ივნისის N12/447 გადაწყვეტილებას "მცურავ საშუალებათა სადგომის კოოპერატივის ტერიტორიის გამოყოფის შესახებ განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ" გადამხდელთა სიები არ ერთვის. ფოთის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1986 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება ფოთის ადგილობრივ არქივში დაცვაზე არ შესულა.
სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის N57/132211 (15.12.2020წ.) წერილით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გადაეგზავნა ფოთის ადგილობრივ არქივში დაცული ქალაქ ფოთის მერის 1994 წლის 29 ივლისის N440 განკარგულება "...ს უბანში ინდივიდუალურ მენაშენეთათვის ნავსაყუდის მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ". ამ განკარგულების მე-3 მუხლში ჩამოთვლილია იმ პირების სია, რომლებზედაც უნდა განაწილებულიყო ნავსაყუდის ტერიტორია მშენებლობისათვის. ამ სიაში მოსარჩელე ბ. მ-ა მითითებული არ არის.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ”ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლზე, რომლის თანახმად, ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით (შემდგომში – საკუთრების უფლების აღიარება) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. ამავე კანონის მე-41 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც აღნიშნულ უფლებამოსილებას ახორციელებს კანონით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება ხორციელდება უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში მართლზომიერი მფლობელის (მოსარგებლის) საკუთრების უფლების რეგისტრაციით.
”ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულების (ძალადაკარგულია საქართველოს პრეზიდენტის 04.08.2016წ. №191 ბრძანებულებით) პირველი მუხლის თანახმად, ეს წესი არეგულირებს მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო-სამეურნეო ან/და არასასაოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნის საკუთრების უფლების აღიარების წესსა და პირობებს, განსაზღვრავს იმ ორგანოს უფლებამოსილებასა და საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს, რომელიც საკუთრების უფლების აღიარების პროცესში წარმოადგენს სახელმწიფოს, ამ პროცესში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს. ამავე ბრძანებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ”გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი - ცნობა დახასიათება თანდართული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საკამოლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, ”საქართველოს რესპუბლიკაში საასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანადართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორაგანოების მიერ დამტკიცებული სასაოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისათვის სარეგისტრაციო პერიოდში მოქმედი საგადასახადო სია, ”ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, ხოლო სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების შემთხვევაში ასევე აღნიშნული კანონის ამოქმედების შემდეგ, დადგენილი წესით, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან/და სხვა დოკუმენტი, აგრეთვე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის 73-ე მუხლის პირველი პუქნტით განსაზღვრული პირების მიმართ ამავე პუნქტით განსაზღვრული ვადის დადგომამდე - პრივაზტიცაციის გეგმა, 1999 წლამდე შედგენილი დროებით სარგებლობის დამადასტურებელი მოქმედი დოკუმენტი, 1999 წლამდე მიწის ნაკვეთის ან/და მასზე განთავასებული შენობა-ნაგებობების ბალანზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით არ არის გაუქმებული, ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი, მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობების პროექტი.
მსგავს დანაწესს შეიცავს ამჟამად მოქმედი საქართველოს მთავრობის 28.07.2016წ. №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი“. მითითებული ნორმატიული აქტით დადგენილია მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ დოკუმენტად „სხვა დოკუმენტის“ მიჩნევის შესაძლებლობა (მე-2 მუხლის "გ" ქვეპუნქტი). ამდენად, მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამონათვალი არ არის ამომწურავი, რაც განპირობებულია მიწის რეფორმის ხარვეზებით მიმდინარეობით და ისეთი სახის დოკუმენტების არაერთგვაროვნებით, რომლებიც პირთა მიერ ნაკვეთების მართლზომიერ მფლობელობას (სარგებლობას) ადასტურებს. მიწის ნაკვეთების სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემების შექმნის უზრუნველყოფის მიზნით 3.06.2016წ. მიღებული იქნა კანონი „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ (კანონის ამჟამინდელი სათაურია „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონი), რომელიც აგრეთვე უშვებს მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ დოკუმენტად „სხვა დოკუმენტის“ მიჩნევის შესაძლებლობას. ხსენებული კანონის მე-3 მუხლის "რ" ქვეპუნქტის თანახმად, მიწის მართლზომიერი სარგებლობის ერთ-ერთი დოკუმენტია სარეგისტრაციო წარმოებისას მოძიებული სხვა შესაბამისი დოკუმენტი.
ხსენებული კანონის განმარტებითი ბარათის მიხედვით მიწის რეფორმის მიმდინარეობისას დაშვებული იქნა მნიშვნელოვანი შეცდომები და მთელ რიგ შემთხვევებში საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტაცია არ გაცემულა ან გაცემული დოკუმენტაცია შედგენილი იქნა მნიშვნელოვანი დარღვევებით, აღნიშნული კანონპროექტით გათვალისწინებული სახელმწიფო პროექტი წარმოადგენს იმ საჯარო მმართველობითი ღონისძიებების ერთობლიობას, რომლებიც განხორციელდება დაინტერესებული პირის მომართვის საფუძველზე, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამ კანონით დადგენილი შეღავათიანი წესებით მიწის ნაკვეთების კერძო საკუთრებაში რეგისტრაციის წახალისების მიზნით.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ზემოთ აღნიშნული საკანონმდებლო რეგულაციით მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ დოკუმენტად „სხვა დოკუმენტის“ მიჩნევა გულისხმობს არა ნებისმიერ, არამედ ისეთი სახის დოკუმენტს, რომელიც პირს უქმნის ლეგიტიმურ მოლოდინს და კანონით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებთან ერთობლიობაში ქმნის უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების წარმოშობის შესაძლებლობას. ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის მიზნებისთვის „ქონება“ შესაძლოა წარმოადგენდეს, როგორც „რეალურად არსებულ ქონებას“, ასევე აქტივებს, მათ შორის ისეთი მოთხოვნის უფლებას, რომელთა მიმართებითაც განმცხადებელს შეუძლია ამტკიცოს, რომ უკიდურეს შემთხვევაში მას გააჩნია ქონებრივი უფლებების ეფექტური გამოყენების შესაძლებლობის მიღების „კანონიერი მოლოდინი“ („ფონ მალცანი გერმანიის წინააღმდეგ“, 02.03.2005წ. §74; „კოპეცკი სლოვაკეთის წინააღმდეგ“, 28.09.2004წ. §35). იმისათვის, რომ „მოლოდინი“ იყოს „კანონიერი“, მას უნდა გააჩნდეს არა უბრალოდ იმედის სახე, არამედ უფრო კონკრეტული ხასიათი, რასაც საფუძვლად სამართლის ნორმა ან სამართლებრივი აქტი უნდა ეფუძნებოდეს („კოპეცკი სლოვაკეთის წინააღმდეგ“, 28.09.2004წ. §49). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხოლოდ სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ დოკუმენტად მიჩნევა არ ქმნის უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების აღიარების საკმარის საფუძველს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მართლზომიერი მფლობელობის გამო ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარდა სახეზე უნდა იყოს თვით მფლობელობა (სარგებლობა). მფლობელობა არის ფაქტი და მართლზომიერად მფლობელად ითვლება ყველა ის პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას მაშინ, როდესაც არამართლზომიერი მფლობელობის დროს ნივთზე ბატონობა ხორციელდება სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. ორივე შემთხვევაში სავალდებულოა, რომ პირი დაუფლებული იყოს ნივთს და ახორციელებდეს მასზე ფაქტობრივ ბატონობას. მართლზომიერი მფლობელობისთვის საჭიროა, რომ პირი მართლზომიერი საფუძვლით იყოს ნივთს დაუფლებული და მართლზომიერად განაგრძობდეს მის მფლობელობას/სარგებლობას (სუსგ 31.01.2013წ. საქმე №ბს-22-22(კ-12), 08.05.2014წ. საქმე №ბს-640-615(კ-13)).
აღნიშნული საფუძვლით ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვებისთვის სახეზე უნდა იყოს აგრეთვე ნივთის მიმართ ფაქტობრივი ბატონობის ფაქტი. ამ მხრივ საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში დაცულ სანოტარო წესით დამოწმებულ 24.08.2023წ. ხელწერილზე, რომლითაც რ. კ-ე ადასტურებს სადავო მიწის ნაკვეთის მოსარჩელის მიერ დღემდე ფლობა-სარგებლობის ფაქტს. მოწმე თ. ნ-ა მის მიერ მიცემულ ახსნა-განმარტებაში უთითებს, რომ ბ. მ-ა დღევანდელი მოცემულობით ფლობს და უვლის სადავო მიწის ნაკვეთს. ამ მხრივ ასევე მნიშვნელოვანია, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია, რომ ფოთის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1986 წლის 18 ივნისის №12/447 და 1986 წლის 17 დეკემბრის №25/980 გადაწყვეტილებები აღსრულებულია, რადგან მოსარჩელე იმთავითვე დაეუფლა მიწის ნაკვეთს და სარგებლობს დღემდე.
საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტების რეგულაციის თანახმად, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტს შეიძლება მიეკუთვნოს სახელმწიფო ორგანოს მიერ წარმოებული და გაცემული დოკუმენტი (ან/და სამართლებრივი აქტი).
"მცურავ საშუალებათა სადგომის კოოპერატივთან“ მიმართებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის თაობაზე საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 28 ოქტომბრის დადგენილების მე-2 მუხლის თანახმად, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის ამოქმედებამდე კერძო სამართლებრივი წესით შექმნილი საწარმოები ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად დაექვემდებარნენ ხელახალ რეგისტრაციას 1996 წლის 1 სექტემბრამდე. ამავე დადგენილების მე-3 მუხლის თანახმად, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის ამოქმედებამდე რეგისტრირებული საწარმოები 1996 წლის 1 სექტემბრამდე გარდაიქმნებოდნენ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ისინი ამ კანონის 2.4 მუხლის შესაბამისად სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნას დაექვემდებარნენ. საქმის მასალებით ირკვევა აღნიშნულ კოოპერატივს ,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, ხელახალი რეგისტრაცია არ გაუვლია.
“წყლის შესახებ“ კანონის თანახმად, დასაშვებია წყალდაცვითი ზოლის მიწების გადაცემა ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის როგორც საკუთრებაში, ისე სარგებლობაში (22.1 მუხ.). ამასთან, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის 3.2 მუხლის დანაწესი დასაშვებად თვლის ასევე წყალდაცვით ზოლში მდებარე მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით აღიარებას.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. საჯარო რეესტრის მიერ საკუთრების უფლების რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს კანონიერებისა და ყველა ფაქტობრივი გარემოების სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების პრინციპების დაცვით, მხოლოდ ასე შეიძლება უზრუნველყოფილი იქნას საკუთრების უფლების დაცვა. მით უფრო, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის (ამჟამად მოქმედი რედაქციის მე-19 მუხლი) თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ დამატებითი ოქმის პირველი მუხლის შესაბამისად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.
მითითებულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება დაცული და გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით. საკუთრების უფლება ვლინდება პირის უფლებაში, ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს საკუთრებაში არსებულ ქონებას, კანონისმიერი თუ სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში. ამასთანავე, საკუთრების უფლებით დაცულია იმ პირთა უფლებაც, რომელთაც კანონით მინიჭებული შესაძლებლობის ფარგლებში წარმოექმნებათ უფლება კონკრეტულ ქონებაზე, თუნდაც ჯერ კიდევ არ იყოს დაცული საკუთრების უფლების წარმოშობის მხოლოდ ფორმალური პროცედურები. სწორედ ამიტომ, მართლზომიერი მფლობელის უფლება უძრავ ნივთზე, ასევე, არის საკუთრების უფლებით დაცვის ღირსი ინტერესი.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას მასზედ, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება ბ. მ-ას მხრიდან სადავო ქონების საფასურის გადახდის ფაქტი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანს წარმოადგენს სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. საქმეზე დადგენილი გარემოებების და დაცული მტკიცებულებების ერთობლიობაში განხილვის შედეგად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ გარემოებას, რომ ბ. მ-ამ შეასრულა ფულადი ვალდებულება, ხოლო ამ კუთხით დასაბუთებული და დასაშვები საკასაციო პრეტენზია წარმოდგენილი არ არის.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია, აღნიშნული არ უნდა იქნეს გამოყენებული, როგორც დამატებითი ბარიერი და მისი გამოყენება არ უნდა მოხდეს დაინტერესებული მხარის საზიანოდ. რაც შეეხება უშუალოდ ბ. მ-ას მოთხოვნას მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ ქ. ფოთში, ...ს დასახლებაში მდებარე 150 კვ.მ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მოსაზრებას მასზედ, რომ ფოთის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 17.12.1986წ. №25/980 გადაწყვეტილება, მცურავ საშუალებათა კოოპერატივისთვის მდ. ...ს სანაპირო ზოლში ...ის ტერიტორიის გამოყოფის თაობაზე, ...ს ზოლში ...ის მფლობელთა სია, აზომვითი ნახაზი, მოწმე თ. ნ-ას ჩვენება ერთობლიობაში აკმაყოფილებს ნორმატიული საკანონმდებლო აქტებით დადგენილ მართლზომიერი სარგებლობის დამადასტურებელ სხვა დოკუმენტს. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების პროცესუალურ-სამართლებრივი წანამძღვრები. საკითხის ამგვარად გადაწყვეტა ასევე სრულ შესაბამისობაშია საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილ პრაქტიკასთან (საქმე Nბს-51-51(კ-18) 1.11.2018წ.).
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ივლისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა დაარ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა