Facebook Twitter

კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

№ბს-336(კს-25) 31 მარტი, 2025 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბადრი შონია

ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ნ.მ-ის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 1 ნოემბრის განჩინებაზე.

2022 წლის 30 სექტემბერს ნ.მ-იმ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის -საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2022 წლის 29 ივლისის MIA 3 22 02094171 გადაწყვეტილება; ბ) დაევალოს მოპასუხე მხარეს გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელისათვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით ნ.მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ნ.მ-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 1 ნოემბრის განჩინებით ნ.მ-ის სააპელაციო საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 1 ნოემბრის განჩინებაზე ნ.მ-ის მიერ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ იქნა კერძო საჩივარი, ხოლო საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ამავე განჩინებაზე ნ.მ-იმ წარმოადგინა საკასაციო საჩივარი, რომელიც მიჩნეულ უნდა იქნას კერძო საჩივრად.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ.მ-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის მოტივით შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დგინდება, რომ განსახილველი დავის საგანია ნ.მ-ისათვის საქართველოში როგორც ლტოლვილის, ისე ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2022 წლის 29 ივლისის MIA 3 22 02094171 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოსარჩელისათვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII6 თავით რეგულირებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან ან თავშესაფრის მიცემასთან დაკავშირებით. კოდექსის 2125 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო საქმეს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სააპელაციო საჩივრის შეტანიდან 1 თვის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

ამდენად, საპროცესო კანონმდებლობა აღნიშნული კატეგორიის დავებს სრულად გამორიცხავს საკასაციო სასამართლოს კომპეტენციიდან. მართალია, საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შემთხვევაში, მიღებული განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების ზოგად შესაძლებლობას (სსკ-ის 374.1 მუხ.), თუმცა აღნიშნული დანაწესი ეხება მხოლოდ ისეთ შემთხვევებს, როდესაც არსებითი, ძირითადი დავის განხილვის საპროცესო შესაძლებლობა აქვს იმ სასამართლოს, რომელშიც კერძო საჩივარია წარდგენილი. განსახილველ შემთხვევაში არსებითი დავის საგანია საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა. აღნიშნული კატეგორიის დავების განხილვის უფლებამოსილება საქართველოს უზენაეს სასამართლოს არ აქვს მინიჭებული. მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, საკასაციო სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებს სცილდება საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან ან თავშესაფრის მიცემის საკითხთან დაკავშირებულ დავებზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერების შეფასება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით (სსკ-ის 420-ე მუხ.). ამდენად, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი, გასაჩივრების შეზღუდვა არა მხოლოდ არსებით გადაწყვეტილებას, არამედ დავაზე მიღებულ სხვა განჩინებებსაც გულისხმობს და კრძალავს უზენაესი სასამართლოს მიერ არა მხოლოდ საკასაციო, არამედ კერძო საჩივრის განხილვის შესაძლებლობასაც. ამასთანავე, სააპელაციო პალატის მიერ 2024 წლის 1 ნოემბრის განჩინების მეორე პუნქტში გასაჩივრების უფლების განმარტება, დამოუკიდებლად არ წარმოშობს განჩინების გასაჩივრების უფლებამოსილებას, რადგან განჩინების/გადაწყვეტილების გასაჩივრების საპროცესო შესაძლებლობას ქმნის შესაბამისი ნორმატიული საფუძველი და არა სასამართლოს განმარტება. საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი გასაჩივრების სპეციალური წესი იმპერატიულია, შესაბამისად, „ნორმატიული აქტების შესახებ“ ორგანული კანონის 3.1 მუხლის თანახმად, სავალდებულოა შესასრულებლად და არ განეკუთვნება სასამართლოს მიხედულების, მიზანშეწონილობის სფეროს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ.მ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის მოტივით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, 2125 მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ.მ-ის კერძო საჩივარი (კერძო საჩივრები) დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის მოტივით;

2. დ.ნ-ეს (პ/ნ...) დაუბრუნდეს ნ.მ-ის კერძო საჩივარზე 17.03.2025წ. №1742218223 საგადასახადო დავალებით გადახდილი (ბანკში საგადახდო დავალების მიღების/შესრულების თარიღი 18.03.2025წ.) სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. შონია