ბს-448 (კ-24) 20 მარტი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.01.2024წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
დ. ნ-ემ 26.01.2023წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 29.12.2022წ. NIDP 8 22 00001208 ბრძანების ბათილად ცნობა, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით დ. ნ-ეისათვის კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოპასუხისათვის დავალდებულება, ასევე მოსარჩელის მიერ გაწეული ადვოკატის მომსახურების ხარჯების - 1000 ლარის ოდენობით ანაზღაურების მოპასუხისათვის დავალდებულება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.06.2023წ. გადაწყვეტილებით დ. ნ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 29.12.2022წ. NIDP 8 22 00001208 ბრძანება, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ფარგლებში დ. ნ-ეისათვის კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვის თაობაზე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით დ. ნ-ეისათვის ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.01.2024წ. განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 08.04.2021წ. N01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლზე და აღნიშნა, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელემ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მისი ოჯახისთვის კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის მოთხოვნით. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 29.12.2022წ. NIDP 8 22 00001208 ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 27.12.2022წ. (ოქმი N98) გადაწყვეტილების საფუძველზე, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფარგლებში, დ. ნ-ეის ოჯახს უარი ეთქვა კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვაზე ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, ძმის საკუთრებაში ცხოვრების გამო.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელე არის პენსიონერი, რომელიც მრავალი წელია ელოდება სახელმწიფოს მხრიდან მისი, როგორც დევნილის სტატუსის მქონე პირის, სამართლიან დაკმაყოფილებას. საქმეში დაცული მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ მოსარჩელე უსასყიდლოდ ცხოვრობს ხან მისი შვილის პ. რ-ის საკუთრებაში არსებულ 15 კვ.მ. ფართის სახლში, ხან ამბროლაურის რაიონში, სოფელ ...ში მდებარე მისი ძმის თანასაკუთრებაში არსებულ სახლში. საქმის მასალებით დადასტურებულია მოსარჩელის განქორწინების ფაქტი, შესაბამისად, მოპასუხის არგუმენტი, იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის მეუღლე დაკმაყოფილებულია სახელმწიფოს მხრიდან გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით და სახეზეა ოჯახის ხელოვნური დაყოფა, სააპელაციო სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული შესაბამისი მტკიცებულებების არარსებობის გამო. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელე ამჟამად დროებით ცხოვრობს მისი ძმის თანასაკუთრებაში არსებულ ფართში ქირის გარეშე, არ შეიძლება გახდეს დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის უპირობო სამართლებრივი საფუძველი, რამდენადაც მოცემული სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 08.04.2021წ. №01-30 ბრძანებით დამტკიცებული წესი, დევნილი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების დროს ითვალისწინებს სწორედ იმ შემთხვევებსაც, როდესაც ბინით დასაკმაყოფილებელი დევნილი ოჯახი ცხოვრობს ნათესავის ან ახლობლის ბინაში ქირის გარეშე და ეს გარემოება კონკრეტული ქულით ფასდება შეფასების საერთო სისტემაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.01.2024წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ 03.07.2022წ. ამბროლაურის რაიონში, სოფელ ...ში განხორციელდა მონიტორინგი. მოსარჩელემ მიუთითა, რომ ერთი თვეა რაც ზემოაღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს. მონიტორინგის მისამართზე არსებული სახლი არის დ. ნ-ეის ძმის, კ. ნ-ეის თანასაკუთრებაში. საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაციით ირკვევა, რომ მოსარჩელე 2011 წლიდან ძირითადად იმყოფება საზღვარგარეთ, ხოლო საქართველოში ჩამოსვლის დროს ჩერდება შვილთან ქ. თბილისში. კასატორმა მიუთითა, რომ დ. ნ-ეის შვილს, ც. რ-ის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე 2013 წელს დაუკანონდა საცხოვრებელი ფართი (მის.: ... ქ. N2). მისი მეორე შვილი პ. რ-ი დაკმაყოფილებულია 30.14 კვ.მ. საცხოვრებელი ფართით (მის.: ქ. თბილისი, ...ის ქ N...), რაც შეეხება მეუღლეს, მასაც 2016 წელს სახელმწიფოს მიერ დევნილის სტატუსიდან გამომდინარე გადაეცა 34.08 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი ... ქუჩაზე. მოსარჩელე მეუღლესთან დაკავშირებით ზეპირად განმარტავს, რომ გაშორებულია, თუმცა განქორწინების მოწმობა არ არის წარმოდგენილი.
კასატორმა მიუთითა, რომ სახელმწიფოს ვალდებულებას წარმოადგენს დევნილ ოჯახთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა, თუმცა მატერიალური და ფინანსური რესურსების მოცულობიდან და სახელმწიფოს ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე საქართველოს კანონმდებლობა რიგითობას განსაზღვრავს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 08.04.2021წ. N01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ 1.3 მუხლის თანახმად, სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ბოლო ეტაპზე განიხილება იმ დევნილი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას ამ ეტაპზე. კასატორმა აღნიშნა, რომ მონიტორინგის სამსახურის მიერ მოპოვებული მასალები წარედგინა დევნილთა საკითხების განმხილველ კომისიას. ადმინისტრაციული ორგანოს მოკვლევის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია გახდა მოსარჩელისათვის უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. ამასთან, კასატორმა აღნიშნა, რომ საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმა დევნილ ოჯახს არ ართმევს შესაძლებლობას არსებული მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში განმეორებით მიმართოს სააგენტოს საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნით და მოითხოვოს მისი ოჯახის თავიდან შეფასება/გადამოწმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმეში დაცული მასალების მიხედვით მოსარჩელე დ. ნ-ე არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. 07.10.2020წ. დ. ნ-ემ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე. დ. ნ-ე სარეიტინგო ნომერზე არის მარტო და განაცხადს აკეთებს თავად. მონიტორინგი განხორციელდა ამბროლაურის რაიონში, სოფელ ...ში, სადაც მოსარჩელე დროებით, ძმის სახლში იმყოფებოდა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 27.12.2022წ. №98 სხდომის ოქმის თანახმად, საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა დ. ნ-ეს. უარის თქმის საფუძვლად მითითებულია ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობა ძმის საკუთრებაში ცხოვრების გამო. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 29.12.2022წ. NIDP 8 22 00001208 ბრძანებით დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 27.12.2022წ. გადაწყვეტილების (№98 სხდომის ოქმი) საფუძველზე, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფარგლებში, დ. ნ-ეის ოჯახს უარი ეთქვა კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვაზე, ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 08.04.2021წ. N01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ 6.1 მუხლის თანახმად გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. საქმის მასალების მიხედვით დადგენილია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას დ. ნ-ეის საკუთრებაში არ ყოფილა რეგისტრირებული რაიმე სახის უძრავი ქონება. საქმეში დაცული მასალებით დასტურდება, რომ დ. ნ-ე უსასყიდლოდ ცხოვრობს ხან მისი შვილის საკუთრებაში და ხან მისი ძმის თანასაკუთრებაში არსებულ სახლში. ის ფაქტი, რომ მოსარჩელე იძულებულია დროებით, ქირის გარეშე იცხოვროს სხვის საკუთრებაში არსებულ სახლში - არ წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს, რამდენადაც დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის ფაქტი არ გამორიცხავს დევნილის უფლებას, ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე დაკმაყოფილდეს საცხოვრებლით.
კასატორი საკასაციო საჩივარში აყალიბებს ურთიერთსაწინაღმდეგო მოსაზრებებს. ერთ შემთხვევაში სადავოდ არ ხდის იმ ფაქტს, რომ დ. ნ-ეის, როგორც იძულებით გადაადგილებული პირის, მიმართ არსებობს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება, თუმცა ამავდროულად მიუთითებს იმაზე, რომ მოსარჩელის შვილები და მეუღლე დაკმაყოფილებულები არიან შესაბამისი ფართებით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში დაცული განქორწინების მოწმობის თანახმად დ. ნ-ე და მ. რ-ი განქორწინდნენ 18.12.2013., ამდენად, კასატორის მითითება მ. რ-ისათვის 2016 წელს სახელმწიფოს მიერ საცხოვრებელი ფართის გადაცემის თაობაზე უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, რამეთუ აღნიშნულ პერიოდში (2016 წელს) დ. ნ-ე მეუღლესთან უკვე განქორწინებული იყო. ამასთან, აღსანიშნავია, რომ დ. ნ-ე სარეგისტრაციო ნომერზე არის მარტო. საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლითაც დევნილი ოჯახი განიმარტება, როგორც განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრები, ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დევნილი ოჯახის ცნებიდან გამომდინარე, პირთა წრის ოჯახად განხილვის ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ამ პირების ერთად მუდმივად ცხოვრების ფაქტი. ამასთან, იმისათვის, რომ ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა ჯგუფი განხილულ იქნეს დევნილ ოჯახად, ამ კანონის მიზნებისათვის, აუცილებელია ერთობლივად ეწეოდნენ შინასამეურნეო საქმიანობას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არ ყოფილა წარდგენილი მოსარჩელის და მისი შვილების ერთ ოჯახად მიჩნევის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, ამასთანავე, საქმის მასალებით დასტურდება, რომ დ. ნ-ე 2011 წლიდან პერიოდულად იმყოფება საზღვარგარეთ და საქართველოში ყოფნის პერიოდში დროებით რჩება შვილისა და ძმის სახლში. აღსანიშნავია, რომ გასაჩივრებული აქტით დ. ნ-ეს საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვა არა საკასაციო საჩივარში მითითებული ზემოაღნიშნული გარემოებების გამო, არამედ ამ ეტაპზე მოსარჩელის განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, ამასთან, შესაბამისი საჭიროების არარსებობა დასაბუთებული არ არის.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.01.2024წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: გ. გოგიაშვილი
თ. ოქროპირიძე