Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1295(კ-24) 25 მარტი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ნ. ნ-ა

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

მესამე პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ნ. ნ-ამ 2023 წლის 20 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ, რომლითაც მოითხოვა „დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 20 მაისის №MIA 6 23 01308671 ბრძანების ბათილად ცნობა, ნ. ნ-ას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს ...ის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გამოცემის დავალება და მოსარჩელისათვის მისი გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდში, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიური ოდენობის ანაზღაურების დავალება.

სარჩელის თანახმად, ნ. ნ-ა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 10 მაისის №MIA 6 23 01308671 ბრძანებით 2023 წლის 01 მაისიდან გათავისუფლდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს ...ის თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ არ არსებობდა მისი თანამდებობიდან გათავისუფლებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, რამდენადაც სამინისტროში მუშაობის პერიოდში მის მიერ ჯეროვნად ხორციელდებოდა სამსახურებრივი მოვალეობები, რისთვისაც მან მოკლე ვადაში მიაღწია პოლიციის ...ს წოდებამდე. მოსარჩელის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენას გააჩნდა მხოლოდ საგამონაკლისო ხასიათი, რომელიც მის მიმართ მესამე პირის მიერ გამოჩენილმა არასათანადო ქცევამ განაპირობა. ნ. ნ-ას განმარტებით, ბოროტად არ უსარგებლია სამსახურებრივი ინფორმაციით და პერსონალური მონაცემებით კერძო ინტერესების დაკმაყოფილების მიზნით. მისი ქმედება გამოიხატა მხოლოდ სამინისტროს შიდა საინფორმაციო სისტემაში მონაცემის დათვალიერებით, რაც ინფორმაციის ელექტრონულ ან ფიზიკურ მატარებელზე არ გადმოუტანია, არ დაუმუშავებია, არ გამოუყენებია და არ გაუვრცელებია, შესაბამისად მიიჩნია, რომ მას არ შეულახავს სამინისტროს ავტორიტეტი. ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოება გახდა შემდგომ სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 12 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. ნ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ივნისის განჩინებით ნ. ნ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ საქმეში დაცული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის 2023 წლის 25 აპრილის №MIA 6 23 01153998 დასკვნის საფუძველზე, დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. ნ-ამ არ გაითვალისწინა საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსის მე-2 თავის 2.14 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა და ჩაიდინა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაცდომა, რაც გამოიხატა პერსონალური ინფორმაციის პირადი მოტივით, არასამსახურებრივად მოპოვებასა და მოქალაქეზე გადაცემაში, რითაც დაარღვია შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 16 თებერვლის №1/24 ბრძანება. კერძოდ, სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს №71053 წერილის თანახმად, 2023 წლის 21 თებერვალს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურე ნ. ნ-ამ სამსახურებრივ ავტომანქანაში დამონტაჟებული დაცულ კომპიუტერულ ბაზასთან დაკავშირებული ბორტ-კომპიუტერის მეშვეობით, კუთვნილი ე.წ იუზერით მოიძია მოქალაქე ა. თ-ეის პერსონალური მონაცემები. ნ. ნ-ამ დაადასტურა მითითებულ პერიოდში ა. თ-ეის პირადი ინფორმაციის მოპოვების ფაქტი მის სამსახურებრივ ავტომანქანაში დამონტაჟებული დაცულ კომპიუტერულ ბაზასთან დაკავშირებული ბორტ-კომპიუტერის მეშვეობით, კუთვნილი ე.წ იუზერის გამოყენებით, თუმცა უარყო ამ ინფორმაციის მესამე პირებისთვის გადაცემისა და გავრცელების ფაქტი.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ნ. ნ-ას მიერ არ დასტურდებოდა ა. თ-ეის მონაცემების მოპოვების რაიმე კავშირი სამსახურებრივი ამოცანის შესრულებასთან, მნიშვნელოვან იურიდიულ მოქმედებასთან, უფლება-ვალდებულებების რეალიზაციასთან, გადაუდებელ აუცილებლობასთან, ამასთან, თავად მოსარჩელემ დაადასტურა მხოლოდ პირადი ინტერესის საფუძველზე კომპიუტერულ სისტემაში დაცული სხვისი პერსონალური მონაცემების მოძიების ფაქტი, რა ქმედებითაც უხეშად შელახა ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა. პალატამ მიუთითა, რომ ხსენებული ქმედება წარმოადგენდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 16 თებერვლის №1/54 ბრძანების დარღვევას, რამდენადაც მითითებული ბრძანებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეებს აეკრძალათ შიდა საინფორმაციო სისტემაში მონაცემების როგორც მოპოვება, ასევე გამოყენება ან გავრცელება. შესაბამისად, ერთ-ერთი ელემენტის არსებობა, პალატის მოსაზრებით, საკმარისად მიიჩნეოდა ქმედების დისციპლინურ გადაცდომად კვალიფიცირებისთვის და წარმოადგენდა პოლიციელის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველს.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ნ. ნ-ას მოსაზრება უფრო მსუბუქი დისციპლინური სახდელის გამოყენების თაობაზე და ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ნ. ნ-ას მხრიდან ანალოგიური შინაარსის დისციპლინურ გადაცდომას ადგილი ჰქონდა გარკვეული პერიოდით ადრე, როდესაც მის მიმართ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2022 წლის 31 ოქტომბრის №3045632 ბრძანებით, უკვე გამოყენებული იყო დისციპლინური სახდელი - სასტიკი საყვედური, თუმცა აღნიშნულმა მისი ქცევის კორექცია ვერ შეძლო. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ ნ. ნ-ას მიერ ახალი დისციპლინური გადაცდომის ჩადენა იმავე ქმედებისთვის დაკისრებული დისციპლინური სახდელის მოქმედების პერიოდში, ზრდიდა მისი მხრიდან მსგავსი ქმედების კვლავ ჩადენის ვარაუდის საფუძველს და მიზანშეწონილი იყო მისი სამსახურიდან დათხოვნა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ნ-ამ, რომელმაც განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი, ნ. ნ-ა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს არ დაუდგენია ა. თ-ეის განმარტებების უსწორობა და არასწორად დაადგინა, რომ ნ. ნ-ას მიერ განხორციელდა მესამე პირებისათვის ა. თ-ეის პერსონალური ინფორმაციის გადაცემა. მოსარჩელე სადავოდ არ ხდიდა, რომ მის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს ადგილი ჰქონდა, მაგრამ იგი მოითხოვდა, რომ სწორად დადგენილიყო ჩადენილი სამართალდარღვევის შემადგენლობა და სახდელი ყოფილიყო ჩადენილი ქმედების ადეკვატური. შესაბამისად, მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ სამართალდარღვევის შემადგენლობის არასწორად განსაზღვრის გამო სამართლებრივად შეუძლებელია გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმება.

კასატორი მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა იქნეს დასაშვებად ცნობილი იმ საფუძვლით, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მსგავს საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებისგან (იხ. 13.04.2017წ. სუსგ №ბს-494-489(2კ-16)).

კასატორის წარმომადგენელი „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონზე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 31.12.2013წ. №989 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდებაზე“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონზე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 31.12.2013წ. №999 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსზე“, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 16.02.2022წ. №1/54 ბრძანებაზე, საქართველოს მთავრობის 13.12.2013წ. №337 დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულებაზე“ მითითებით აღნიშნავს, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და ობიექტური შეფასების გარეშე. საქმეზე დადგენილი არ არის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის პერიოდში ნ. ნ-ას მიერ ჯეროვნად ხორციელდებოდა სამსახურებრივი მოვალეობები, რისთვისაც მან მოკლე დროში მიაღწია პოლიციის ...ს წოდებამდე. მის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენას ჰქონდა მხოლოდ საგამონაკლისო ხასიათი, რომელიც მის მიმართ მესამე პირის მიერ გამოჩენილმა არასათანადო ქცევამ განაპირობა. მას ბოროტად არ უსარგებლია სამსახურებრივი ინფორმაციით და პერსონალური მონაცემებით კერძო ინტერესების დაკმაყოფილების მიზნით. მისი ქმედება გამოიხატა მხოლოდ სამინისტროს შიდა საინფორმაციო სისტემაში მონაცემის დათვალიერებით. მას ინფორმაციის ელექტრონულ ან ფიზიკურ მატარებელზე არ გადმოუტანია მონაცემი, არ დაუმუშავებია, არ გამოუყენებია და არ გაუვრცელებია (მესამე პირისთვის ან პირებისთვის არ გადაუცია) მოცემული მონაცემი.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ა. თ-ეს გენერალური ინსპექციისათვის მიცემული აქვს არასწორი განმარტებები, რომლებითაც ცდილობს შური იძიოს იმ პირთა მიმართ, რომლებმაც, მისი აზრით, ხელი შეუშალეს ოჯახური ცხოვრების მოწყობაში. მოცემული ჯერ გენერალურ ინსპექციას და შემდეგ სასამართლოს ავალდებულებდა, მისი განმარტებები კრიტიკულად შეეფასებინა. კერძოდ, არ უნდა გაზიარებულიყო მისი განმარტება, რომ მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნა ნ. ნ-ას მიერ მოპოვებული ინფორმაცია, ვინაიდან ამგვარ ინფორმაციას ბორტ-კომპიუტერიდან ნ. ნ-ა ვერ მოიპოვებდა. ამის გარდა, როგორც ლ. ბ-ეის ახსნა-განმარტებიდან დგინდება, მან ინფორმაცია ბორტ-კომპიუტერის დათვალიერებამდე მიიღო თავისი შვილისაგან (ნ. არაბიძისაგან).

კასატორი მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოთა განხილვის ფარგლებში არ შეფასებულა მითითებული გარემოებების არსებობის შემთხვევაში, დისციპლინური წარმოების მიზანი რამდენად იქნებოდა მიღწეული უფრო ნაკლებად მკაცრი დისციპლინური სახდელით (მაგალითად, თანამდებობიდან ჩამოქვეითება ან სპეციალური ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება). მართალია, არასამსახურებრივი მიზნით პერსონალური ინფორმაციის დათვალიერება (მოძიება) გადაცდომაა, მაგრამ მისი არასისტემატური/არაინტენსიური ხასიათიდან გამომდინარე და იმ პირობებში, რომ არ მომხდარა მისი სხვა პირისათვის გადაცემა და გავრცელება, ასევე არ მომხდარა სამინისტროსათვის, ზოგადად საჯარო ინტერესისათვის და სხვა პირისათვის ზიანის მიყენება, ყველაზე მკაცრი დისციპლინური სახდელის გამოყენება არათანაზომიერი პასუხისმგებლობის ზომაა. კასატორი საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე მითითებით აღნიშნავს რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ ორგანოს/სასამართლოს ყოველმხრივ უნდა გამოეკვლია და ობიექტურად შეეფასებინა მითითებული გარემოებები, რაც არ გაუკეთებია (სუსგ №ბს-494-489(2კ-16), 13.04.2017წ.). ამდენად, მიიჩნევს, რომ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და მისი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 02 დეკემბრის განჩინებით ნ. ნ-ას საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ნ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 10 მაისის №MIA 6 23 01308671 ბრძანებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს ...ი, პოლიციის ... ნ. მ.-ს ძე ნ-ა გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან 2023 წლის 01 მაისიდან. აღნიშნული ბრძანების გამოცემის საფუძველი გახდა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ პოლიციის მაიორ ნ. ნ-ას მიმართ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე შედგენილი დასკვნა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დასაქმებული, სპეციალური და სამხედრო წოდების მქონე პირების საქმიანობაზე. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი პოლიციელებსა და სამინისტროს მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ ნ. ნ-ა, წოდებით პოლიციის ..., მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო თანამდებობაზე. შესაბამისად, იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს, რომელზეც ვრცელდება სპეციალური კანონმდებლობდა. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ უკანასკნელით სხვა რამა რ არის დადგენილი, მასზე გავრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება.

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, პოლიციელი სამსახურიდან შეიძლება დათხოვნილ იქნეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო.

ნ. ნ-ა დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლდა და დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 31.12.2013წ. №999 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსის“ მე-2 თავის 2.14 პუნქტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 31.12.2013წ. №989 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და ამავე წესდების მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 31.12.2013წ. №999 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს პოლიციის ეთიკის“ კოდექსის პრეამბულის თანახმად, პოლიციის ეთიკის კოდექსის მოქმედება ვრცელდება შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ ყველა პოლიციელზე. ყველა პოლიციელი ვალდებულია, დაიცვას აღნიშნული კოდექსი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ამავე კოდექსის მე-2 თავის 2.14 პუნქტის თანახმად, პოლიციელმა ბოროტად არ უნდა ისარგებლოს სამსახურებრივი ინფორმაციით და პერსონალური მონაცემებით საკუთარი ან/და ახლობელ პირთა კერძო ინტერესების დაკმაყოფილებისათვის.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 31.12.2013წ. №989 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისციპლინური გადაცდომის სახეს განეკუთვნება მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს, ხოლო ამავე წესდების მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისციპლინური სახდელის ერთ-ერთ სახეა სამსახურიდან დათხოვნა, რაც დისციპლინურ სახდელთა სახეების ჩამონათვალში ყველაზე მკაცრ სახდელს წარმოადგენს.

2023 წლის 09 მარტის №SIS 823 00003678 მიმართვით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დირექტორის მოადგილეს აცნობა, რომ 2023 წლის 28 თებერვალს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში მიღებულ იქნა შეტყობინება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის მხრიდან, ანა თ-ეის მიმართ განხორციელებული შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედების თაობაზე. რამდენადაც განსახილველი საკითხი არ შეიცავდა „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით განსაზღვრული სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარე დანაშაულის ნიშნება, კომპეტენციის ფარგლებში, რეაგირების მიზნით გაიგზავნა ანა თ-ესთან შედგენილი გასაუბრების ოქმები.

ანა თ-ესთან შედგენილი გასაუბრების ოქმების თანახმად, მესამე პირები, რომლებსაც სავარაუდო კავშირი გააჩნიათ ნ. ნ-ასთან, მისი პერსონალური მონაცემების გამოყენებით აქტიურად ცდილობდნენ საზოგადოებაში მის დამცირებას, მათ გააჩნდათ ისეთი სახის ინფორმაცია, რომელიც მანამდე ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი არ იყო, შესაბამისად, ანა თ-ემ მიუთითა, რომ ნ. ნ-ამ, რომელიც მუშაობს პოლიციაში, მისი ნებართვის გარეშე უკანონოდ და უსაფუძვლოდ მოიძია ანა თ-ეის პირადი მონაცემები, კერძოდ, ინფორმაცია მისი ყოფილი მეუღლის შესახებ, ქორწინებისა და განქორწინების შესახებ, პირადობის ფოტოსურათი, ინფორმაცია მისი ასაკისა და ავტოსატრანსპორტო შემთხვევების შესახებ და შემდგომ მიაწოდა მესამე პირებს. ამდენად, ანა თ-ემ მოითხოვა იმის გარკვევა, გადამოწმდა თუ არა მისი პიროვნების შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიან საინფორმაციო ბაზაში და ვის მიერ, ასევე რა სახის ინფორმაცია იქნა მოძიებული.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დირექტორის მოადგილემ 2023 წლის 23 მარტს №MIA 4 23 00828097 წერილით სსიპ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსისგან გამოითხოვა მოქალაქე ა. თ-ეის მონაცემების დაცულ კომპიუტერულ ბაზაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურე ნ. ნ-ას მიერ გადამოწმების შესახებ ინფორმაცია.

სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის 2023 წლის 27 მარტის №SSG 8 23 00071053 წერილის თანახმად, 2023 წლის 21 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურე ნ. ნ-ამ სამსახურებრივ ავტომანქანაში დამონტაჟებული დაცულ კომპიუტერულ ბაზასთან დაკავშირებული ბორტ-კომპიუტერის მეშვეობით, კუთვნილი „იუზერით“ მოიძია მოქალაქე ა. თ-ეის პერსონალური მონაცემები.

ნ. ნ-ას 2023 წლის 27 მარტის ახსნა-განმარტების თანახმად, მცირე ალბათობა იმისა, რომ ა. თ-ე სამსახურებრივად გადაემოწმებინა არსებობდა, ასევე დაადასტურა ა. თ-ეის მიერ განცხადებაში ნახსენებ ერთ-ერთ პირთან ურთიერთობის არსებობა და განმარტა, რომ იგი იყო მისი საცოლე, თუმცა ა. თ-ეის შესახებ რაიმე სახის პერსონალური ინფორმაცია, ზეპირსიტყვიერად, ფოტოს სახით ან სხვა საშუალებით ამ პირისთვის არ გადაუცია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის 2023 წლის 25 აპრილის №MIA 6 23 01153998 დასკვნის თანახმად, ნ. ნ-ამ არ გაითვალისწინა საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსის მე-2 თავის 2.14 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა და ჩაიდინა შს სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა, რაც მისი მხრიდან გამოიხატა პერსონალური ინფორმაციის პირადი მოტივით, არასამსახურებრივად მოპოვებაში და მოქალაქეზე გადაცემაში, რითაც დაარღვია შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 16 თებერვლის №1/54 ბრძანება. ამავდროულად, ნ. ნ-ას მხრიდან ჩადენილი მოცემული დისციპლინური გადაცდომის ხასიათის, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების არაერთგზის დარღვევის შემთხვევის, გენერალურ ინსპექციაში გამოჩენილი არაგულწრფელობისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებებისადმი დამოკიდებულების გათვალისწინებით, ინსპექციამ მიიჩნია, რომ არსებობდა ნ. ნ-ას მხრიდან მსგავსი საქციელის განმეორების ვარაუდის საფუძველი, ხოლო ეს უკანასკნელი კი ზრდიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს დისკრედიტაციისა და მოქალაქეთა უფლებების დარღვევის რისკს. ამდენად, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული პოლიციის მაიორ ნ. ნ-ასთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელის - სამსახურიდან დათხოვნის შეფარდება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ (დამტკიცებული შს მინისტრის 31.12.2013წ. №989 ბრძანებით) მე-3 მუხლი ჩამოთვლის დისციპლინურ სახდელებს, რომლებსაც განეკუთვნება: შენიშვნა, საყვედური, სასტიკი საყვედური, სამინისტროს სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა, თანამდებობიდან ჩამოქვეითება, სპეციალური ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება, სამსახურიდან დათხოვნა. აღნიშნული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი განსაზღვრავს დისციპლინური გადაცდომისათვის გამოსაყენებელ სახდელთა სახეებს მათი სიმძიმის მიხედვით, მაშასადამე, კანონმდებლობა ადგენს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომათა გრადაციას, რაც უფლებამოსილ პირს ანიჭებს დისკრეციულ უფლებამოსილებას კონკრეტული გადაცდომისათვის სახდელის ზომა თავად განსაზღვროს. ნორმატიულ აქტებში დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომათა გრადაციის არსებობა იმთავითვე მოითხოვს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დისციპლინური გადაცდომის სრულყოფილად შესწავლასა და შეფასებას. მართალია ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნია დისკრეციული უფლებამოსილება თუ რომელ დისციპლინურ სახდელს აირჩევს, თუმცა ამავდროულად, ყურადსაღებია, რომ სამსახურიდან გათავისუფლება უნდა წარმოადგენდეს Ultima Ratio (უკანასკნელი არგუმენტი, უკანასკნელი საშუალება) - იმ სახდელს, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს უკანასკნელ შემთხვევაში, მაშინ, როდესაც დასაქმებულის მიმართ მის მიერ ჩადენილი გადაცდომის ხასიათიდან და სიმძიმიდან გამომდინარე უფრო მსუბუქი სანქციის შეფარდებას აზრი აქვს დაკარგული. ამასთანავე, ადმინისტრაციული ორგანოსთვის დისკრეციის მინიჭება არ ათავისუფლებს მას აქტის დასაბუთებიდან. პირიქით, დისკრეციული უფლებამოსილების ქონა პირდაპირ კავშირშია აქტის დასაბუთებულობასთან; მით უფრო, როდესაც საქმე ეხება უმკაცრესი სახდელის გამოყენებას, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აქტის დასაბუთებულობამ უნდა მიაღწიოს იმ ხარისხს, რომ ობიექტური დამკვირვებელი დაარწმუნოს საქმის სხვაგვარად გადაწყვეტის მიზანშეუწონლობაში (სუსგ №ბს-523(2კ-23), 28.11.2023წ.).

საქმის გარემოებებით დადასტურებულია, რომ ნ. ნ-ამ პირადი მოტივით, არასამსახურებრივად მოიპოვა სხვა პირის პერსონალური ინფორმაცია. ამავდროულად, დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ 2022 წლის 25 ოქტომბერს დამტკიცდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურე ნ. ნ-ას მიმართ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე №MIA 4 22 02988297 დასკვნა, რომლის საფუძველზეც ნ. ნ-ას შეეფარდა დისციპლინური სახდელი სასტიკი საყვედური, რამდენადაც მის მიერ სამსახურებრივ ავტომანქანაში დამონტაჟებული დაცულ კომპიუტერულ ბასასთან დაკავშირებული ბორტ-კომპიუტერის მეშვეობით, კუთვნილი „იუზერით“ არასამსახურებრივად, პირადი მიზნებისთვის მოიძია მოქალაქე ლ. ო-ის პერსონალური მონაცემები, რომლის ამსახველი ფოტოსურათები მობილური ტელეფონის აპლიკაცია „whatsapp”-ის მეშვეობით გადაუგზავნა მოქალაქე ა. ხ-ას.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მეირ დასაბუთებულია სახდელის უმკაცრესი ზომის გამოყენება. აქტის დასაბუთებით ირკვევა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულად იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მონე გარემოებები და სწორედ მათი შეფასების საფუძველზე მივიდა იგი ამ დასკვნამდე. მართებულია გენერალური ინსპექციის მოსაზრება სახდელის უფრო მსუბუქი ზომის გამოყენების შეუძლებლობაზე, რამდენადაც ნ. ნ-ას მიმართ კონკრეტული გადაცდომის ჩადენამდე, იმავე ხასიათის გადაცდომისთვის შეფარდებული ჰქონდა უფრო მსუბუქი სახდელი - სასტიკი საყვედური, რამაც როგორც ჩანს, დასახული მიზანი ვერ შეასრულა.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ნ. ნ-ას მიერ მოძიებული ინფორმაცია, თავისი შინაარსით წარმოადგენს პერსონალურ მონაცემებს („პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი). ა. ხ-ასთვის ინფორმაციის გადაცემის დადასტურება/არ დადასტურების მიუხედავად, პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის არასამსახურებრივი მიზნით მოძიება და დამუშავება თავისთავად წარმოადგენს სამართალდარღვევას. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მონაცემთა დამუშავება არის ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის შეგროვება, ჩაწერა, ფოტოზე აღბეჭდვა, ორგანიზება, შენახვა, გამოთხოვა, გამოყენება, დაჯგუფება, კომბინაცია და სხვა. ამავე კანონის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული, კანონიერი მიზნებისათვის. საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია შეაგროვოს ის პირადი მონაცემები, რომლებიც აუცილებელია მის წინაშე მდგარი ამოცანების შესასრულებლად. აღნიშნულის შესაბამისად, დამმუშავებლის მიერ მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად საჭირო მონაცემების დამუშავება არის მონაცემთა დამუშავების დასაშვებობის ერთ-ერთი საფუძველი („პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი). მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება მონაცემების დამუშავების კავშირი რაიმე სამსახურებრივი ამოცანის შესრულებასთან, მნიშვნელოვან იურიდიულ მოქმედებასთან, უფლება-ვალდებულებების რეალიზაციასთან, გადაუდებელ აუცილებლობასთან (დამატებით იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 14.04.2016წ. N1/1/625,640 გადაწყვეტილება, 87 პ.), (სუსგ №ბს-494-489(2კ-16), 13.04.2017წ.).

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მონაცემთა დამუშავების კანონიერების მტკიცების ტვირთი, აგრეთვე მონაცემთა დამუშავებაზე მონაცემთა სუბიექტის თანხმობის არსებობასთან დაკავშირებით დავის წარმოშობის შემთხვევაში მონაცემთა დამუშავების კანონიერების, მონაცემთა სუბიექტის თანხმობის ფაქტის არსებობის მტკიცების ტვირთი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის 26.4 მუხლის თანახმად ეკისრება მონაცემთა დამმუშავებელს, მოცემულ შემთხვევაში ნ. ნ-ას. სამსახურებრივი უფლებამოსილების მიღმა ინფორმაციული ინტერესის დაკმაყოფილება დამოკიდებულია იმ პირის თანხმობაზე, რომელსაც ის ეხება. მონაცემების სხვა მიზნებისათვის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ, ასევე პირის თანხმობის შემთხვევაში ან როდესაც აშკარაა მონაცემების პირის ინტერესებში გამოყენების საჭიროება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. კანონიერი მიზნის საფუძველზე მონაცემთა დამუშავება არის დამმუშავებლის კანონისმიერი, იმპერატიული ვალდებულება და არა დისკრეციის სფერო. ის ფაქტი, რომ კონკრეტულ ადმინისტრაციულ ორგანოში დაცულია გარკვეული პერსონალური თუ პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია, ავტომატურად არ გულისხმობს მათზე ორგანოს მოსამსახურეთა შეუზღუდავი წვდომის, დამუშავებისა და გავრცელების შესაძლებლობას. კანონმდებლობით პრინციპის დონეზეა გარანტირებული მონაცემთა დამუშავების მიზნობრიობა. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაუშვებელია მონაცემთა შემდგომი დამუშავება სხვა, თავდაპირველ მიზანთან შეუთავსებელი მიზნით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირადი ცხოვრების დაცულობისათვის მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ მონაცემთა გავრცელებას, არამედ მონაცემთა დამუშავების, მოპოვების წესების დაცვას ანუ იმისათვის, რომ პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლება დარღვეულად ჩაითვალოს, არ არის სავალდებულო ტრიადის: „მოპოვება - შენახვა - გავრცელება“ ყველა ელემენტის დარღვევის არსებობა. დარღვევის დასადგენად, დავაზე გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისია იმ ფაქტის დადასტურება, რომ ნ. ნ-ამ არასამსახურებრივი მიზნით მოიძია და დაამუშავა ადმინისტრაციული ორგანოს კომპიუტერულ სისტემაში დაცული პერსონალური ინფორმაცია (სუსგ №ბს-494-489(2კ-16), 13.04.2017წ.).

კასატორის მოთხოვნის საფუძვლიანობას არ ადასტურებს ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.04.2017წ. საქმე №ბს-494-489(2კ-19)-ზე მიღებულ განჩინებაზე მითითება, რამდენადაც ხსენებულ საქმეში საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძვლად მითითებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების შესაბამისად, ფაქტების დადგენის შესაძლებლობიდან გამომდინარე სასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების დაუშვებლობაზე. იმავე საქმეზე სააპელაციო პალატამ უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ფიზიკური პირის სასარჩელო მოთხოვნა სამსახურში აღდგენის შესახებ არ დაკმაყოფილდა, რაც შემდგომში გაზიარებულ იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ (იხ. სუსგ №ბს-1244(კ-20, 11.03.2021წ.).

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მხრიდან ადგილი აქვს სამსახურებრივი მოვალეობის უხეშ დარღვევას დისციპლინური სახდელის მოქმედების პირობებში, რა დროსაც დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, ადმინისტრაციული ორგანო, უფლებამოსილია მიიღოს დისციპლინური პასუხისმგებლობის უკიდურესი ზომის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება. პალატის მოსაზრებით, სადავო აქტი გამოცემულია კონკრეტული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლის შესაბამისად, კასატორი ვერ ასაბუთებს მის არამართლზომიერებას - ამ მიმართებით მას დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია წარმოდგენილი არ აქვს. ვინაიდან არ დასტურდება ნ. ნ-ას სამსახურიდან გათავისუფლების უკანონობა, არ არსებობს თანამდებობაზე მისი აღდგენისა და განაცდური ხელფასის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველიც.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ნ. ნ-ას საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ნ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ივნისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა