ბს-92 (კ-24) 20 მარტი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.09.2023წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზ. ნ-ემ 03.11.2021წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა 03.05.2007წ. ხელშეკრულების (კონტრაქტი) 5.1.9. პუნქტით ნაკისრი ვალდებულების შესრულების - მოსარჩელისათვის საცხოვრებელი ბინის საკუთრებაში გადაცემის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის დავალდებულება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.04.2023წ. გადაწყვეტილებით ზ. ნ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება - მოსარჩელისათვის საცხოვრებელი ბინის (არაუმეტეს 40 კვ.მ.) საკუთრებაში გადაცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.09.2023წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.04.2023წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ზ. ნ-ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 03.05.2007წ. გაფორმდა ხელშეკრულება (კონტრაქტი) ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ. მითითებული ხელშეკრულების (კონტრაქტი) მე-3 მუხლის 3.1. პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის ვადა შეადგენდა 5 წელს. ხელშეკრულების 5.1.9. პუნქტის თანახმად, სამინისტრომ იკისრა ვალდებულება, რომ იგი სამხედრო მოსამსახურეს ამ კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე დააკმაყოფილებდა საცხოვრებელი ბინით, არაუმეტეს 40 კვ.მ-სა, რომელიც მას უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაეცემოდა ამ კონტრაქტის მე-3 მუხლის 3.1. პუნქტით განსაზღვრული სამხედრო სამსახურის ვადის დასრულების შემდეგ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 01.03.2012წ. №488 ბრძანებით დგინდება, რომ ზ. ნ-ე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 21.07.2011წ. №583 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს თავდაცვის მინისტრის გაერთიანებული შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის“ მე-13 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში 2012 წლის 30 იანვრიდან. ამდენად, მოსარჩელესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 03.05.2007წ. ხუთწლიანი კონტრაქტი შეწყდა 30.01.2012წ. ზ. ნ-ეის დათხოვნის გამო, თუმცა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის 21.08.2013წ. №2888 ბრძანებით, ზ. ნ-ე კვლავ იქნა გაწვეული საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში, ჩაირიცხა კადრის სამხედრო სამსახურში და დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების საავიაციო ბრიგადის საავიაციო ...ის (...ის) თანამდებობაზე.
სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლზე, რომლის თანახმად ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ან/და აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. შესაბამისად გამოიყენება 139-ე და 140-ე მუხლები. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ზ. ნ-ემ არაერთხელ მიმართა ხელშეკრულების ხელშემკვრელ მხარეს ბინით უზრუნველყოფის ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულების მოთხოვნით, თუმცა უშედეგოდ, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შესრულებულა. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით უფლების რეალიზაციის მოთხოვნით ზ. ნ-ეის მიერ უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოში წარდგენილი განცხადებები (20.03.2015წ. №MOD 9 15 00217081 პატაკი, 07.09.2016წ. №MOD 3 16 00836311 პატაკი, 08.09.2016წ. №MOD 7 16 00843560 პატაკი) ქმნიდა შესაძლებლობას სასამართლოს არსებითად გადაეწყვიტა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების თაობაზე სადავო საკითხი.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსამსახურისათვის ბინის საკუთრებაში გადაცემის ვალდებულება თავდაცვის სამინისტროს წარმოეშობოდა ზ. ნ-ეის მიერ სამხედრო სამსახურის კეთილსინდისიერად, განსაზღვრული პირობების შესაბამისად გავლის შემთხვევაში. საქმის მასალებით დგინდება, რომ ზ. ნ-ემ მხარეთა შორის დადებული კონტრაქტის პირობები პირნათლად შეასრულა, ზ. ნ-ეის მხრიდან ადგილი არ ჰქონია კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევას. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ზ. ნ-ესთან დადებული ხუთწლიანი კონტრაქტი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 01.03.2012წ. N488 ბრძანებით, ამ კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის გასვლამდე რამდენიმე თვით ადრე შეწყდა ადმინისტრაციული ორგანოს ინიციატივით, კერძოდ, ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი გახდა თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რის გამოც ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციული ხელშეკრულების მხარეებს შორის სახელშეკრულებო რისკების არასამართლიან გადანაწილებას. მხოლოდ ის გარემოება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ცალმხრივად, რამდენიმე თვით ადრე, შეწყვიტა ხელშეკრულება, გავლენას ვერ მოახდენს დავის გადაწყვეტის შედეგზე, რადგან უდავოა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტა არ იყო განპირობებული ზ. ნ-ეის მოქმედება/უმოქმებოდით და მის მიერ კონტრაქტით დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობით. შესაბამისად, მას, როგორც კრედიტორს უნდა მიეღო მხარეთა მიერ შეთანხმებული, სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულება, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მისი სამსახურიდან გათავისუფლება მოხდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 21.07.2011წ. №583 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს თავდაცვის მინისტრის გაერთიანებული შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის“ მე-13 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის საფუძველზე, რაც არ წარმოადგენდა კონტრაქტით გათვალისწინებულ ხელშეკრულების შეწყვეტის სამართლებრივ პირობას. ამასთან, სააპელაციო პალატამ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 20.09.2016წ. №1/4/614,616 გადაწყვეტილებით კონტრაქტის (03.05.2007წ.) შეწყვეტის საფუძვლად მითითებული „საქართველოს თავდაცვის მინისტრის გაერთიანებული შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მომსახურეთა სამსახურის გავლის წესის“ მე-13 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტროს მიერ არ შესრულებულა კონტრაქტის ვადის დასრულებამდე ზ. ნ-ეისთვის 1 წლით ადრე ბინის სარგებლობაში გადაცემის, ხოლო დასრულების შემდეგ ბინის საკუთრებაში გადაცემის ვალდებულება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.09.2023წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ „სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონი ერთმანეთისგან განასხვავებს სამხედრო მოსამსახურეს და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ პირს, რაც თავის მხრივ ხაზს უსვამს განსხვავებულ მიდგომას ამ სუბიექტების მიმართ. კასატორმა მიუთითა, რომ „სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-14 მუხლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფს სახელმწიფო. კასატორის მოსაზრებით აღნიშნულ მუხლში საუბარია მხოლოდ მოქმედი სამხედრო მოსამსახურის ბინით უზრუნველყოფაზე და არა სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ პირზე. კასატორი ყურადღებას ამახვილებს მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტის 5.1.9. პუნქტზე და აღნიშნავს, რომ მითითებული პუნქტი ბინის საკუთრების უფლებით გადაცემის წინაპირობად განსაზღვრავს კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე მოქმედი სამხედრო მოსამსახურისათვის ბინის სარგებლობის უფლებით გადაცემას. კასატორი თვლის, რომ კონტრაქტის 5.1.9. მუხლით გათვალისწინებული, ბინაზე საკუთრების უფლების წარმოშობის უპირობო საფუძველია სამსახურის პერიოდში სამხედრო მოსამსახურის მიერ ბინით სარგებლობის ფაქტი. კასატორი მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის კონტრაქტის 5.1.9. პუნქტით გათვალისწინებული სამხედრო მოსამსახურის მიერ ბინით სარგებლობის ფაქტი, შესაბამისად, არ არსებობს არც ბინის საკუთრების უფლებით გადაცემის სამართლებრივი საფუძველი. კასატორის მოსაზრებით აღნიშნული გარემოება არ ყოფილა სათანადოდ შეფასებული და გამოკვლეული სასამართლოს მიერ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ზ. ნ-ეს შორის 03.05.2007წ. დადებული ხელშეკრულება სზაკ-ის 2.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად არის ადმინისტრაციული ხელშეკრულება, ამდენად, დავის საგანს შეადგენს ადმინისტრაციული ხელშეკრულების შესრულება. სზაკ-ის 65.2 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ. სკ-ის 317.1 მუხლის მიხედვით ვალდებულება შეიძლება წარმოიშვას ხელშეკრულებიდან, ზიანის მიყენებიდან (დელიქტიდან) და კანონით განსაზღვრული სხვა საფუძვლებიდან. განსახილველ შემთხვევაში სახეზეა ორმხრივი ხელშეკრულება, კონტრაქტის ორივე მხარე იყო უფლებებითა და მოვალეობებით აღჭურვილი, კერძოდ, სამხედრო მოსამსახურე ზ. ნ-ემ იკისრა ვალდებულება განსაზღვრული პირობებით, კეთილსინდისიერად ემსახურა სამხედრო სამსახურში (კონტრაქტის 1.1. მუხ.), რასაც შეესაბამებოდა თავდაცვის სამინისტროს ვალდებულება კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე დაეკმაყოფილებინა სამხედრო მოსამსახურე არაუმეტეს 40 კვ.მ. ფართის მქონე საცხოვრებელი ბინით, რომელიც მოსამსახურეს საკუთებაში გადაეცემოდა სამხედრო სამსახურის ვადის დასრულების შემდეგ (კონტრაქტის 5.1.9. მუხ.). საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ზ. ნ-ეის მხრიდან ადგილი არ ჰქონია კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევას. ამასთან, საქმის მასალებით დგინდება, რომ ზ. ნ-ე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 1992 წლიდან, ხოლო სამხედრო საჰაერო ძალების რიგებში 1997 წლიდან მსახურობდა. სამსახურის გავლის პერიოდში სხვადასხვა თანამდებობებზე ხასიათდებოდა დადებითად, მეთაურებთან და თანამშრომლებთან სარგებლობდა კარგი ავტორიტეტით. დაჯილდოებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისთვის I ხარისხის მედლით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულების ჯეროვნად და კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას შესრულების ვალდებულებას არ უარყოფს სამხედრო მოსამსახურის და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ პირებს შორის სამართლებრივი მდგომარეობის სხვაობა. ამ ასპექტზე კასატორის მიერ ყურადღების გამახვილება არ ადასტურებს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარს, კრედიტორის მოთხოვნის საპასუხოდ მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს სამოქალაქო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შედეგებს (იხ. სუს 20.11.2014წ. №ბს-662-637(კ-13) გადაწყვეტილება). ზ. ნ-ესთან დადებული კონტრაქტი შეწყდა არა მისი ბრალეული მოქმედება/უმოქმედობით, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს ინიციატივით, კერძოდ, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 21.07.2011წ. №583 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს თავდაცვის მინისტრის გაერთიანებული შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის“ მე-13 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის საფუძველზე, რაც არ წარმოადგენდა კონტრაქტით გათვალისწინებულ ხელშეკრულების შეწყვეტის სამართლებრივ პირობას. ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 220.09.2016წ. №1/4/614,616 გადაწყვეტილებით კონტრაქტის (03.05.2007წ.) შეწყვეტის საფუძვლად მითითებული „საქართველოს თავდაცვის მინისტრის გაერთიანებული შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მომსახურეთა სამსახურის გავლის წესის“ მე-13 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მხარეთა შორის დადებული 03.05.2007წ. კონტრაქტის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების - სამხედრო მოსამსახურისთვის საცხოვრებელი ბინის გადაცემის ვალდებულების შესრულება დაყო ორ ეტაპად, პირველ ეტაპზე სამხედრო მოსამსახურეს საცხოვრებელი ბინა უნდა გადასცემოდა ფაქტობრივ მფლობელობაში სარგებლობის უფლებით ხელშეკრულების ვადის გასვლამდე, ხოლო მეორე ეტაპზე - საკუთრებაში. უდავოა, რომ მოპასუხე მხარემ არ შეასრულა ხსენებული ვალდებულების არცერთი სეგმენტი, ზ. ნ-ეისათვის საცხოვრებელი ბინის საკუთრებაში გადაცემამდე თავდაცვის სამინისტრომ არ უზრუნველყო ბინის ფაქტობრივ მფლობელობაში გადაცემა, ხოლო ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, ბინის საკუთრებაში გადაცემა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამხედრო სამსახურში ყოფნის პერიოდში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ზ. ნ-ეისათვის საცხოვრებელი ფართის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილების მიუღებლობა არ ნიშნავს სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი პირის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების ვალდებულების გაუქმებას. კანონი არ იცნობს ერთი ვალდებულების დარღვევის გამო ამავე მოვალის მიერ ნაკისრი სხვა, თანმდევი ვალდებულების შესრულებისაგან გათავისუფლების შესაძლებლობას. თავდაცვის სამინისტროს მიერ არ შესრულებულა კონტრაქტის ვადის დასრულებამდე ზ. ნ-ეისათვის 1 წლით ადრე ბინის სარგებლობაში გადაცემის, ხოლო დასრულების შემდეგ ბინის საკუთრებაში გადაცემის ვალდებულება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადის დასრულება არ ნიშნავს, რომ აღარ არსებობს ვალდებულება, რომლის შესრულების მოთხოვნის უფლება აქვს შესაბამის პირს (კრედიტორს). ხელშეკრულების ვადის გასვლით სრულდება ხელშეკრულება, მაგრამ არა ვალდებლებითი ურთიერთობა, რომლის დასრულებას იწვევს ჯეროვანი შესრულება, შეთანხმებული შედეგის დადგომა და სხვ. (იხ. სუსგ 22.07.2021წ. Nბს-1137(კ-20), 20.11.2014წ. №ბს-662-637(კ-13)). საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვალდებულება გამომდინარეობს კონტრაჰენტის მიერ ნაკისრი ვალდებულების პირნათლად შესრულებიდან, რაც განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.09.2023წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: გ. გოგიაშვილი
თ. ოქროპირიძე