Facebook Twitter

ას-413-702-04 30 ივნისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

მ. ცისკაძე,

ქ. გაბელაია

დავის საგანი: ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე სს «წ-ის”, მესამე პირი შპს «ნ-ისა” და სახელმწიფო კომპანია «ს-ის” მიმართ, მოითხოვა ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2003წ. 24 იანვრის გადაწყვეტილებით უარი ეთქვა მოსარჩელე სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მოპასუხე სს «წ-ის” და მესამე პირების შპს «ნ-ის”, შპს სახელმწიფო კომპანია «ს-ის” მიმართ 1999წ. 1 აგვისტოს სს «წ-ს” და შპს «ნ-ს” შორის დადებული მიწოდების ხელშეკრულების, სს «წ-ის” სამეთვალყურეო საბჭოს 1999წ. 24 ივნისის ¹1 ოქმის ბათილად ცნობაზე, სიღნაღის რაიონული სასამართლოს 1999წ. 2 ნოემბრის განჩინების გაუქმებაზე და 1999წ. 11 აგვისტოს იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობაზე უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო.

მესამე პირმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე შპს სახელმწიფო კომპანია «ს-მა” სააპელაციო საჩივარი შეიტანეს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2003წ. 24 იანვრის განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომაც.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 14 აპრილის განჩინებით შპს სახელმწიფო კომპანია «ს-ს” დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდა და ხარვეზის გამოსასწორებლად განესაზღვრა 10 დღიანი ვადა ამ განჩინების მიღებიდან.

ამავე პალატის 2003წ. 14 აპრილის განჩინებით სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის განმავლობაში სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 5 მაისის განჩინებით შპს სახელმწიფო კომპანია «ს-ის” სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო.

შპს სახელმწიფო კომპანია «ს-ის” პრეზიდენტმა კერძო საჩივარი შეიტანა სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 5 მაისის განჩინებაზე იმ საფუძვლით, რომ ამ დროისათვის მათ ანგარიშზე თანხა არ გააჩნიათ, რის გამოც ვერ შეავსეს განჩინებაში მითითებული ხარვეზი და მოითხოვეს ბაჟის გადახდის გადადება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 11 ივლისის განჩინებით შპს სახელმწიფო კომპანია «ს-ის” კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად და დაინიშნა საქმის ზეპირი განხილვა.

ამავე პალატის 2003წ. 19 სექტემბრის განჩინებით შპს სახელმწიფო კომპანია «ს-ის” კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2003წ. 5 მაისის განჩინება საქმის განუხილველად დატოვების შესახებ. შპს სახელმწიფო კომპანია «ს-ს” გადაედო სახელმწიფო ბაჟის გადახდა გადაწყვეტილების გამოტანამდე, საქმის განხილვის ვადა გაგრძელდა 5 თვემდე და დაინიშნა საქმის ზეპირი მოსმენა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 13 თებერვლის საოქმო განჩინებით სს «წ-ისა” და მესამე პირი «ნ-ის” წარმომადგენელი ზ. ჯ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და შპს «ს-ის” სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი მისი დაუშვებლობის გამო, კერძოდ სსკ-ის 364-ე მუხლის თანახმად, ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლია მხარეებს და მესამე პირებს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე.

შპს სახელმწიფო კომპანია «ს-ის” პრეზიდენტმა კერძო საჩივარი შეიტანა სააპელაციო სასამართლოში და მოითხოვა მისი სააპელაციო საჩივრის დასაშვებად მიჩნევა იმ საფუძვლით, რომ მას აქვს უფლება თავისი დამოუკიდებელი მოთხოვნა განაცხადოს სს «წ-ის” მიმართ, რომელსაც «ს-ის” ვალი – 58427 ლარი მართებს, მოითხოვა ასევე, საქმეში მოსარჩელედ ჩართვა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადადება იმ საფუძვლით, რომ მათი ანგარიში დაყადაღებულია.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 16 მარტის განჩინებით შპს სახელმწიფო კომპანია «ს-ის” წარმომადგენელს მიეცა ვადა სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღე.

ამავე პალატის 2004წ. 13 აპრილის განჩინებით შპს სახელმწიფო კომპანია «ს-ის” კერძო საჩივარი დარჩა განუხილველი მისი დაუშვებლობის გამო.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2003წ. 24 იანვრის გადაწყვეტილებით უარი ეთქვა მოსარჩელე სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მოპასუხე სს «წ-ის» და მესამე პირების შპს «ნ-ის», შპს სახელმწიფო კომპანია «ს-ის» მიმართ 1999წ. 1 აგვისტოს სს «წ-ს» და შპს «ნ-ს» შორის დადებული მიწოდების ხელშეკრულების, სს «წ-ის” სამეთვალყურეო საბჭოს 1999წ. 24 ივნისის ¹1 ოქმის ბათილად ცნობაზე, სიღნაღის რაიონული სასამართლოს 1999წ. 2 ნოემბრის განჩინების გაუქმებაზე და 1999წ. 11 აგვისტოს იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობაზე უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო.

მესამე პირმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე შპს სახელმწიფო კომპანია «ს-მა» სააპელაციო საჩივარი შეიტანა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სსკ-ის 364-ე მუხლი. ამ ნორმის თანახმად რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეებმა და დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის უფლების მქონე მესამე პირებმა შეიძლება კანონით დადგენილ ვადებში გაასაჩივრონ საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატაში, რომელიც არის სააპელაციო სასამართლო.

ამდენად, დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირის მიერ შეტანილი სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია.

იმის გამო, რომ შპს სახელმწიფო კომპანია «ს-მა» კერძო საჩივრისათვის არ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, სააპელაციო პალატამ სწორად მიიჩნია მისი კერძო საჩივარი დაუშვებლად. სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის «დ» ქვეპუნტის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა დამოკიდებულია დავის საგნის ღირებულებაზე და შეადგენს კერძო საჩივრისათვის სადავო საგნის ღირებულების 1,5 პროცენტს. ამავე კოდექსის 47-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებულია, რომ სასამართლოს მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამ ნორმის თანახმად სასამართლოს აქვს სასამართლო ხარჯებისაგან გათავისუფლების უფლება და იგი არ არის ვალდებული მოქალაქის მდგომარეობის გათვალისწინებით პირი ყველა შემთხვევაში გაათავისუფლოს ბაჟის გადახდისაგან. ამდენად, აღნიშნული ნორმა ეხება მხოლოდ ფიზიკური პირების სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლებას და იურიდიული პირის მიმართ იგი არ ვრცელდება.

ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს სახელმწიფო კომპანია «ს-ის» კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 13 თებერვლის საოქმო და 13 აპრილის განჩინებები.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.