Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-762(კ-24) 10 მარტი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 ოქტომბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ. პ-ი, მოპასუხე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. პ-იმა 2019 წლის 11 დეკემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიმართ და სარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდგომ მოთხოვნა ჩამოაყალიბა შემდეგი ფორმით: ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2019 წლის 10 ივლისის Nდად-174/15 დადგენილება და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 05 ნოემბრის N 1-1/527 ბრძანება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. პ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 05.11.2019 წ. №11/527 ბრძანება და მოპასუხეს დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა წარდგენილ განცხადებასთან დაკავშირებით. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლზე და განმარტა, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება იწყება დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, რასაც მოჰყვება შემოწმების აქტის შედგენა, რა დროსაც მოწმდება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით და მხოლოდ ამის შემდეგ იღებს ადმინისტრაციული ორგანო სამართალდარღვევის საქმეზე გადაწყვეტილებას. პალატის მსჯელობით, დამრღვევს შემოწმების აქტით მითითების შეუსრულებლობა „ბრალად“ შეერაცხება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა, რომ მხარემ უგულებელყო მითითების მოთხოვნები.

სააპელაციო სასამართლოს მსჯელობით, არქიტექტურულ - სამშენებლო საქმიანობაში დარღვევის შესახებ 2019 წლის 24 ივნისის შემოწმების აქტით ირკვევა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ მითითება შეუსრულებლად მიიჩნია მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ გ. პ-ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით ვერ დადგინდა რამდენად სწორად არის დამონტაჟებული სვეტების ამონაშვერები. სასამართლოს მსჯელობით, ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე შეადგინა შემოწმების აქტი და სამართალდარღვევის საქმეზე მიიღო დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილება (დადგენილება), რომ ვერ დგინდებოდა მითითების შეუსრულებლობის ფაქტი და არც თავად შეუმოწმებია მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ 2019 წლის 7 მაისის №05/705 მითითებით მოსარჩელეს დაევალა გამოვლენილი დარღვევის გამოსწორება და არა დარღვევის აღმოფხვრის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენა. ადმინისტრაციული ორგანოს იმ მსჯელობაზე, რომ მოსარჩელეს მითითებით გათვალისწინებული სამშენებლო გადაცდომა არ გამოუსწორებია, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები საქმეში არ წარდგენილა. ამდენად მიჩნეული იქნა, რომ დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნა და სადავო დადგენილება, გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ.

კასატორი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი დეტალურად მიუთითებს დავის ფაქტობრივ გარემოებებს და განმარტავს, რომ სამინისტრომ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცა 2019 წლის 5 ნოემბრის №1-1/527 ბრძანება. ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2019 წლის 04 ივნისს გ. პ-იმა ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლზე (მდებარე: ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, ...ი (ს/კ ...)) კორექტირებული არქიტექტურული და კონსტრუქციული პროექტის შეთანხმების თაობაზე განცხადებით მიმართა სააგენტოს. სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2019 წლის 21 ივნისის N100077 და 2019 წლის 27 ივნისის N100082 კორესპოდენციით გ. პ-ის ეცნობა, რომ 15 დღის ვადაში სააგენტოში უნდა წარედგინა, სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ქვითარი და მშენებლობის ორგანიზების კალენდარული გრაფიკი (დარჩენილ სამშენებლო სამუშაოებზე). სააგენტოს 2019 წლის 26 ივლისის N100058 წერილით (რომელიც გასაჩივრებულ იქნა სამინისტროში) გ. პ-ის ეცნობა, რომ ვინაიდან წარმოებული მშენებლობის შედეგად, სამშენებლო დოკუმენტში განხორციელდა ცვლილებები, საჭიროებდა მშენებლობის ახალ ნებართვას. შესაბამისად, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო უფლებამოსილი იყო ემსჯელა მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე, დამრღვევის მიერ შესაბამისი დარღვევისათვის გამოცემული აქტისა და დაკისრებული ჯარიმის გადახდის ქვითრის წარდგენის შემდგომ. ასევე, სააგენტოში წარსადგენი იყო საექსპერტო დასკვნა დარღვევით ნაწარმოებ მშენებლობაზე (მათ შორის განხილული უნდა ყოფილიყო მდგრადობის საკითხი).

კასატორის მტკიცებით, საქმის განმხილველმა სასამართლომ არ შეაფასა და არ იმსჯელა საქმეში არსებულ კიდევ ერთ სადავო გარემოებაზე, კერძოდ, გ. პ-ის მიერ, 2019 წლის 04 ივნისის განცხადებით მოთხოვნილი მშენებლობისათვის განსახორციელებელი ცვლილებები საჭიროებდა თუ არა მშენებლობის ახალ ნებართვას, ვინაიდან გ. პ-ი ახალი პროექტით ითხოვდა შეთანხმებული სამშენებლო მასალის შეცვლას ისეთი მასალით, რომელსაც განსხვავებული ტექნიკური მახასიათებლები გააჩნდა. წარმომადგენლის მსჯელობით, მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების დროს სამინისტრომ შეაფასა სადავო გარემოება და თავისი პოზიცია ჩამოაყალიბა წერილობით დოკუმენტში. სამინისტროს მიერ შეფასებული იქნა იყო თუ არა სამართალდარღვევა და იმსჯელა გასაჩივრებულ დადგენილებაზე (მითითებასთან ერთად) გ. პ-ის დაჯარიმების შესახებ და ასევე განიხილა ადმინისტრაციული საჩივრის ავტორის მოთხოვნა, სააგენტოს 2019 წლის 26 ივლისის N100058 წერილის ბათილად ცნობისა და ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლზე სამშენებლო დოკუმენტაციის ცვლილებაზე აქტის გამოცემის თაობაზე.

რაც შეეხება 2019 წლის 4 ივნისს სააგენტოში წარდგენილი განცხადებით დაფიქსირებულ მოთხოვნას, რომლითაც გ. პ-იმა მოითხოვა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ...ში, ... ტერიტორიაზე ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის სამშენებლო დოკუმენტში და შეთანხმებულ პროექტში ცვლილება, კერძოდ, პროექტში მოცემული ფოლადის არმატურა შეცვლილიყო მინა ბოჭკოვანი არმატურით და შესაბამისობაში მოსულიყო მშენებლობის ფაქტობრივ მდგომარეობასთან, წარმომადგენლის მსჯელობით, აღნიშნული ცვლილება წარმოადგენდა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების 63-ე მუხლით განსაზღვრულ სამშენებლო დოკუმენტების ცვლილებებს, რაც საჭიროებს ახალ ნებართვას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ივლისის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, მსჯელობის საგანს წარმოადგენს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ...ში, ... ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე პროექტის დარღვევით მშენებლობის წარმოებისთვის, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 45-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გ. პ-ისთვის დაკისრებული ჯარიმის კანონიერების შეფასება.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით უძრავი ნივთის - მდებარე ყაზბეგის რაიონი, სოფელი ..., საკადასტრო კოდი №..., დაზუსტებული ფართობი 600 კვ.მ. მესაკუთრეს წარმოადგენს გ. პ-ი, რომლის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტადა მითითებულია 2001 წლის 27 ივლისის №122 მიღება - ჩაბარების აქტი.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2018 წლის 15 თებერვლის №BM100012 ბრძანებით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ...ში, ... ტერიტორიაზე (ს/კ №...) მოქალაქე გ. პ-ის სახელზე გაიცა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვა 2019 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ, 2019 წლის 7 მაისს გაიცა №05/705 მითითება, რომლის თანახმად, მიმდინარე წლის 30 აპრილის №მ-100 ბრძანების საფუძველზე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ... ტერიტორიაზე (ს/კ №...) შემოწმებული იქნა საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიმდინარეობა, რა დროსაც დაუდგინდა, რომ საძირკვლიდან პროექტით გათვალისწინებული (F 12 A III) ფოლადის არმატურის ამონაშვერების ნაცვლად ადგილზე შესრულებულია (მინა - ბოჭკოვანი ან ბაზალტის) არმატურები. აღნიშნული დარღვევის გამოსასწორებლად მიცემულ იქნა 30 დღის ვადა.

დადგენილია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2019 წლის 4 ივნისს განცხადებით მიმართა მოსარჩელემ და ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ საქართველოს მთავრობის №57 დადგენილების შესაბამისად მოითხოვა კორექტირებული არქიტექტურული და კონსტრუქციული პროექტის შეთანხმება, პროექტის შეთანხმების უკვე არსებულ ბრძანებაში.

დადგენილია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2019 წლის 21 ივნისის №GA 100077 და 2019 წლის 27 ივნისის №GA 100082 მიმართვებით განმცხადებელს წარდგენილ განცხადებაზე დაუდგინდა შენიშვნები.

დადგენილია, რომ 2019 წლის 24 ივნისს შედგა არქიტექტურულ - სამშენებლო საქმიანობაში დარღვევის შესახებ შემოწმების აქტი, რომლის თანახმად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ...ში, ... ტერიტორიაზე სააგენტოს უფროსის 2019 წლის 30 აპრილის №მ-100 ბრძანების საფუძველზე შემოწმდა ს/კ ... მდებარე საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიმდინარეობა და დადგინდა, რომ საძირკვლიდან პროექტით გათვალისწინებული სვეტებისათვის (F 12 A III) ფოლადის არმატურის ამონაშვერების ნაცვლად ადგილზე შესრულებული იყო (მინაბოჭკოვანი ან ბაზალტის) არმატურები. 2019 წლის 6 ივნისის №1233 განცხადებით წარდგენილ იქნა ფარული სამუშაოების აქტი ორი ფოტოთი, საიდანაც ვერ დადგინდა რამდენად სწორად იყო დამონტაჟებული სვეტების ამონაშვერები.

დადგენილია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2019 წლის 10 ივლისის №დად-174/05 დადგენილებით, გ. პ-ი დაჯარიმდა 20 000 (ოცი ათასი) ლარით.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2019 წლის 10 ივლისის №დად-174/05 დადგენილება გასაჩივრდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში. 2019 წლის 5 ნოემბრის N1-1/527 ბრძანებით გია პაპაშვილს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

საკითხზე მსჯელობის მიზნით პალატა მიუთითებს „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) 45-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.დ“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმად, სამშენებლო დოკუმენტაციითა და სამშენებლო რეგლამენტებით განსაზღვრული სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას: მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო - სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე: მეხუთე კლასის შენობა - ნაგებობისათვის -20 000 ლარით. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია საძირკვლიდან პროექტით გათვალისწინებული (F 12 A III) ფოლადის არმატურის ამონაშვერების ნაცვლად ადგილზე მინა - ბოჭკოვანი ან ბაზალტის არმატურების გამოყენების (შესრულების) ფაქტი, თუმცა, აფიქსირებს, რომ აღმოფხვრა მითითებით გათვალისწინებული დარღვევა, შესაბამისად, 2019 წლის 7 მაისის მითითება შესრულდა და არ არსებობდა ჯარიმის დაკისრების საფუძველი. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეზე სადავო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი მიღებულია სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების ფარგლებში. სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს კი განსაზღვრავს „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“, რომლის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება. ხოლო 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა - ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა - ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.

მითითებული რეგულაციით ცალსახაა, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება იწყება დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, რასაც მოჰყვება შემოწმების აქტის შედგენა, რა დროსაც მოწმდება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით და მხოლოდ ამის შემდეგ იღებს ადმინისტრაციული ორგანო სამართალდარღვევის საქმეზე გადაწყვეტილებას. ამდენად, დამრღვევს შემოწმების აქტით მითითების შეუსრულებლობა ბრალად შეერაცხება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა, რომ მხარემ უგულებელყო მითითების მოთხოვნები. განსახილველ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით არის დადგენილი გ. პ-ის, 2019 წლის 7 მაისის №05/705 მითითებით დაევალა გამოვლენილი დარღვევის გამოსწორება, რისთვისაც განესაზღვრა 30 დღიანი ვადა, წინააღმდეგ შემთხვევაში გაფრთხილებული იქნა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების თაობაზე. საგულისხმოა, რომ მითითებით განსაზღვრულ 30 დღიან ვადაში (04.06.2019 წელი) გ. პ-იმა განცხადებით მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს და აცნობა, რომ მითითებთ გათვალისწინებული მიზეზები აღმოფხვრილია, რის დასადასტურებლადაც განცხადებას დაურთო აღნიშნული დროისთვის არსებული მდგომარეობის ამსახველი 3 ფოტოსურათი. 2019 წლის 6 ივნისს, გ. პ-იმა ადმინისტრაციულ ორგანოს დამატებით ასევე წარუდგინა ფარული სამუშაოების აქტი, თანდართული 2 ფოტოსურათით. საკასაციო პალატა ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოს იმ მსჯელობას, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება, უპირველეს ყოვლისა, არის სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსწორების მიზნით ჩატარებული საქმის წარმოება, რა დროსაც კანონმდებლობა თითოეული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებამდე საჭიროდ მიიჩნევს შესაბამისი პროცედურების დაცვას. ამ დროს დამრღვევს ეძლევა დარღვევის გამოსწორებისა და პასუხისმგებლობის თავიდან არიდების შესაძლებლობა.

საკასაციო პალატა მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებას (საქმე №ბს-468-465 (კ-17) სადაც მითითებულია შემდეგი: "იმ შემთხვევაში, თუ პირი დადგენილ ვადაში გამოასწორებს დარღვევას, მისთვის სახდელის დაკისრების წინაპირობა უქმდება, მიუხედავად იმისა, რომ მითითების მიცემისას გადაცდომა სახეზე იყო. სამართალდარღვევის საქმის წარმოება მიმართულია უკვე არსებულ ფაქტზე, ხდება ისეთ ქმედებაზე რეაგირება, რომელიც უკვე ჩადენილია. აღნიშნულის მიუხედავად არ ხდება დამრღვევისათვის სანქციის დაუყოვნებლივ შეფარდება, მოქმედი მოწესრიგების მიხედვით პირს ეძლევა სამშენებლო გადაცდომის გამოსწორების შესაძლებლობა. ამდენად, ცხადია, რომ კანონმდებლის უპირატესი მიზანია არსებული სამართალდარღვევის აღმოფხვრა, მისი გამოსწორება და არა დამრღვევის დასჯა"

როგორც საქმის მასალებით, კერძოდ, არქიტექტურულ - სამშენებლო საქმიანობაში დარღვევის შესახებ 2019 წლის 24 ივნისის შემოწმების აქტით ირკვევა, ადმინისტრაციულმა ორგანომ მითითება შეუსრულებლად მიიჩნია მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ გ. პ-ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით ვერ დადგინდა რამდენად სწორად არის დამონტაჟებული სვეტების ამონაშვერები. ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე შეადგინა შემოწმების აქტი და სამართალდარღვევის საქმეზე მიიღო დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილება (დადგენილება), რომ მის მიერ ვერ დადგინდა მითითების შეუსრულებლობის ფაქტი და ასევე არ შეუმოწმებია მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით. საკითხზე მსჯელობის ფარგლებში, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მართებულად გამახვილდა ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ 2019 წლის 7 მაისის №05/705 მითითებით გ. პ-ის (მოსარჩელე) დაევალა გამოვლენილი დარღვევის გამოსწორება და არა დარღვევის აღმოფხვრის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენა. ადმინისტრაციული ორგანოს მსჯელობით, მოსარჩელეს მითითებით გათვალისწინებული სამშენებლო გადაცდომა არ გამოუსწორებია, თუმცა, აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები საქმის განხილვის დროს ვერ იქნა წარდგენილი. შესაბამისად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს ის მოსაზრება, რომ ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე, ადმინისტრაციულმა ორგანომ უპირობოდ არ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტაცია და სათანადო მტკიცებულებების არარსებობის პირობებში დადგენილად მიიჩნია სადავო გარემოება.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს ადმინისტრაციულ საჩივარზე (15.07.2019 წელი) რომლითაც მხარის მიერ სადავო გახდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2019 წლის 10 ივლისის №დად-174/05 დადგენილება დაჯარიმების თაობაზე. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ საჩივარზე წარმოებას არ უნდა ჰქონდეს ფორმალური ხასიათი, გასაჩივრების ადმინისტრაციული წესი არის ადმინისტრაციული ორგანოს თვითკონტროლის საშუალება, ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სრულყოფის მნიშვნელოვანი ფაქტორი, იგი იძლევა ადმინისტრაციული ორგანოს სისტემაში დაშვებული შეცდომის შემჭიდროებულ ვადაში, ქმედითად გამოსწორების შესაძლებლობას, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს სადავო საკითხის სწრაფ და ეფექტურ გადაწყვეტას. ამდენად, მნიშვნელოვანია ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას ორგანოს მიერ საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების სრული და ყოველმხრივი გამოკვლევა, საჩივრის ავტორის პრეტენზიების შესწავლა, მათზე დასაბუთებული პასუხების გაცემა, სრულყოფილი წარმოების ჩატარება და მხოლოდ ამის შემდგომ წარდგენილ საჩივარზე გადაწყვეტილების გამოტანა, რომელშიც აისახება ჩატარებული წარმოების შედეგები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით, საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს, ქვედა ინსტანციის სასამართლოს იმ მსჯელობას, რომ სადავო საკითხი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ხელახალ სრულყოფილ შესწავლას საჭიროებს. საკითხის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება, მოიპოვოს მტკიცებულებები, შეფასება მისცეს როგორც მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, ასევე, თავად უზრუნველყოს დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება და გამოკვლევა, დაადგინოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და მხოლოდ ამის შემდგომ მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

გიორგი გოგიაშვილი