საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1211(კ-24) 25 მარტი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
პროცესუალური მოწინააღმდეგეები (მოსარჩელეები) - მ. პ-ი, ლ. პ-ი, რ. პ-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2023 წლის 26 დეკემბერს მ. პ-იმა, ლ. პ-იმა და რ. პ-იმა სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვეს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 28 ივნისის №IDP 6 23 00001241 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის მ. პ-ის, ლ. პ-ისა და რ. პ-ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
სარჩელის თანახმად, მ. პ-ი და ლ. პ-ი წარმოადგენენ იძულებით გადაადგილებულ პირებს - დევნილებს, ხოლო რ. პ-ი წარმოადგენს მათ არადევნილ ოჯახის წევრს (დედა). აფხაზეთის დატოვების შემდგომ, მათ საკუთრებაში უძრავი ქონების არ არსებობის გამო, მოსარჩელეები ცხოვრობდნენ სხვადასხვა მისამართზე; კერძოდ ბოლო წლებში, 2020 წლის ოქტომბრამდე ისინი ცხოვრობდნენ სხვის საკუთრებაში მისამართზე: ქ. ქუთაისი, ...ის ქ. №..., ბინა №..., ხოლო მას შემდეგ, რაც აღნიშნული ბინა მესაკუთრემ გაასხვისა, მოსარჩელეები ქირით გადავიდნენ მისამართზე: ქ. თბილისი, ...ს №... (ყოფილი ...ის ქ. №...), ... სადარბაზო, ... სართული, ბინა №....
მოსარჩელეების მითითებით, მ. პ-ის და ლ. პ-ის მამამ - გ. პ-იმა 2013 წლის 12 ნოემბერს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, თუმცა იგი 2015 წლის 15 სექტემბერს გარდაიცვალა. განაცხადის შეფასების შედეგად, ოჯახს მიენიჭა 6 ქულა, თუმცა მათ არ მიუღიათ საბოლოო პასუხი. ინფორმაციის გამოთხოვის შედეგად გაირკვა, რომ სააგენტოს 2023 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით, მოსარჩელეებს ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არ არსებობის გამო, უარი ეთქვათ ქ. ქუთაისში გრძელვადიანი ფართით უზრუნველყოფაზე, აღნიშნული კი მოხდა იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეების მითითებით, 2023 წელს, ქ. ქუთაისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ფარგლებში ოროთახიანი ბინებით დაკმაყოფილდნენ ოჯახები, რომლებსაც მინიჭებული ჰქონდათ 4.5 ქულა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით მ. პ-ის, ლ. პ-ისა და რ. პ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 28 ივნისის №IDP 6 23 00001241 ბრძანება; სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ მ. პ-ის განცხადების დაკმაყოფილების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 ივლისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. პ-ი და ლ. პ-ი არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები აფხაზეთიდან, რეგისტრაციის მისამართი - იმერეთი, ქუთაისი, ს. ...ის ქუჩა №..., ბინა 20. დაბადების მოწმობებით, მ. პ-ის და ლ. პ-ის მშობლები არიან დედა - რ. პ-ი, მამა - გ. პ-იი. 2013 წლის 12 ნოემბერს სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს განაცხადით მიმართა გ. პ-იმა, მეუღლესთან და შვილებთან ერთად და გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა მოითხოვა, თუმცა იგი გარდაიცვალა 2015 წლის 15 სექტემბერს.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, ვინაიდან განმცხადებელი გ. პ-იი გარდაიცვალა, განაცხადი შეფასდა შვილის - მ. პ-ის სახელზე. კერძოდ, 2018 წლის 3 თებერვლის მდგომარეობით მ. პ-ის ოჯახი შეფასდა 0.00 ქულით. საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონულ ფორმაში იქნა მითითებული, რომ განმცხადებლის არადევნილ დედას - რ. პ-ის გააჩნდა ბინა საკუთრებაში, ხოლო საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმით, 2022 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით, მ. პ-ის ოჯახი შეფასდა 6.00 ქულით. მიუხედავად ამისა, სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 28 ივნისის №IDP 6 23 00001241 ბრძანებით, მ. პ-ის ოჯახს გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, უარი ეთქვა ქ. ქუთაისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.
სააპელაციო სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის საფუძველი გახდა არა ოჯახისთვის მინიჭებულ ქულათა ნაკლებობა, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება, მოცემული მომენტისათვის მოსარჩელის ოჯახის გადაუდებელი განსახლების აუცილებლობის არარსებობის შესახებ. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სააგენტოს მითითება მოსარჩელის ოჯახის ნათესავის ბინაში ქირის გარეშე ცხოვრების თაობაზე იყო უსაფუძვლო და არ ქმნიდა დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის უპირობო სამართლებრივ საფუძველს, რამდენადაც დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის ფაქტი, არ გამორიცხავდა დევნილის უფლებას, მოცემულ ეტაპზე დაკმაყოფილებულიყო საცხოვრებლით, ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე. ამასთან, პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელეთა ოჯახს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, 6 ქულიდან 1.5 ქულა მიენიჭათ სწორედ იმ კრიტერიუმის გამო, რომელიც ქირის გარეშე ცხოვრების ფაქტს ადგენდა, ამდენად, აღნიშნული გარემოება არათუ გამორიცხავდა მოსარჩელის ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის აუცილებლობას, არამედ ადასტურებდა მათი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საჭიროებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა არასწორად განმარტა იგი. კასატორის მითითებით, გასაჩივრებული განჩინების სამოტივაციო ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების ერთადერთ არგუმენტად მითითებულ იქნა ქულათა პრიორიტეტულობა და განიმარტა, რომ დევნილ ოჯახს სააგენტოს მიერ საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვა საჭიროების არ არსებობის გამო, მაშინ როდესაც საქმეში არ მოიპოვებოდა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება. დასახელებული არგუმენტის საპირისპიროდ, კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მამის - გ. პ-იის მიერ განაცხადი შევსებული იყო 2013 წელს, თუმცა მას ქულა არ ჰქონდა მინიჭებული რ. პ-ის საკუთრების გამო, რამდენადაც საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით ირკვეოდა, რომ უძრავი ქონება მდებარე ქ. ქუთაისი, ...ს ქუჩა №..., 2010 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ფიქსირდებოდა რ. პ-ის სახელზე. 2018 წლის ვერიფიკაციის შედეგად, 2018 წლის 3 თებერვლის განაცხადი შეფასდა განმცხადებლის - გ. პ-იის გარეშე მისი გარდაცვალების გამო და განაცხადი შეფასდა 0 ქულით, განცხადებაში შეყვანილი ოჯახის წევრის - რ. პ-ის საკუთრებაში უძრავი ქონების არსებობის გამო. 2018 წლის 5 დეკემბრის ამონაწერის მიხედვით კი აღნიშნული უძრავი ქონება გასხვისებულ იქნა ლ. ბ-ეზე. ასევე, კასატორის მითითებით, ოჯახი წლების განმავლობაში ცხოვრობდა ნათესავის სახლში უსასყიდლოდ (მესაკუთრე იყო გარდაცვლილი, ხოლო ოჯახი ცხოვრობდა რუსეთში), ხოლო საკუთრებას ...ს ქუჩაზე დევნილი ოჯახი აქირავებდა, რაც დასტურდებოდა 2023 წლის გასაუბრების ოქმით. კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი იყო ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (მის: ქ. თბილისი, ... №..., ბინა №1ა, მესაკუთრე მ. ლ-ე) და მოსარჩელე მ. პ-ი, ამონაწერის მიხედვით, ფიქსირდებოდა როგორც იპოთეკარი 2018 წლიდან.
კასატორმა ასევე მიუთითა ქ. ქუთაისში, ...ის ქ. №..., ბინა №...-ში 2022 წლის 4 მარტს განხორციელებულ მონიტორინგზე, რა დროსაც მისამართზე მხოლოდ რ. პ-ი იმყოფებოდა, რომელმაც განმარტა, რომ მისი შვილები ცხოვრობდნენ ქ. თბილისში, ...ს ქ. №..., ბინა №...-ში, ხოლო ქ. ქუთაისში ...ს ქ. №... ბინა მას მშობლებმა აჩუქეს და ბინაში არ უცხოვრიათ. კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ იმავე მისამართზე 2023 წლის 8 თებერვალს განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში, მისამართზე არავინ იმყოფებოდა, ხოლო მეზობლების მიერ განიმარტა, რომ ბინა 2-3 წლის წინ გაიყიდა, მესაკუთრეს არ იცნობდნენ და ბინაში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ მდგმურები. ამასთან, გამოიკვეთა, რომ ბინა რამდენიმე თვის წინ კიდევ გაიყიდა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს აქვს დევნილ ოჯახთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება, თუმცა მატერიალური და ფინანსური რესურსის მოცულობიდან და სახელმწიფოს ფინანსური შესაძლებლობიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობა, განსაზღვრავს რიგითობას, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, საჭიროებათა პრიორიტეტულობის პრინციპით. ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც დევნილ ოჯახს გააჩნია ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი, უპირატესობა ენიჭება იმ ოჯახებს, რომლებსაც ამის გადაუდებელი საჭიროება აქვთ.
კასატორმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ შეჯიბრებითობის პრინციპი უზრუნველყოფს როგორც მოსარჩელის, ასევე მოპასუხის აქტიურ ჩართულობას და მონაწილეობას სამართალწარმოებაში. შესაბამისად, საპროცესო კანონმდებლობა არ უშვებს ადმინისტრაციული ორგანოსთვის მტკიცების ტვირთის სრულად გადაკისრებას და აღნიშნულის ხარჯზე მოწინააღმდეგე მხარის პასიურ მდგომარეობაში ყოფნას. მოცემულ შემთხვევაში სააგენტო თავისი მტკიცების ფარგლებში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების და ფაქტობრივი გარემოებების მითითებით დადასტურებულად მიიჩნევს დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის მიზეზს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 14 ნოემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იგი იმსჯელებს იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 28 ივნისის №IDP 6 23 00001241 ბრძანების კანონიერება და მოსარჩელეთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წინაპირობების არსებობა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს განსაზღვრავს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი.
საკასაციო პალატა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტსა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ; კერძოდ, ის სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. ამავე კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა. ამავე წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით კი დადგენილია, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
მითითებულ ნორმათა სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დევნილ ოჯახებს გააჩნიათ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლება. მოცემული უფლების რეალიზაცია დაკავშირებულია, ერთი მხრივ, დევნილის სტატუსის ქონასთან, მეორე მხრივ, კი დევნილთა ოჯახის შეფასების შედეგებთან. კერძოდ, უფლებამოსილი პირის მიერ ხდება დევნილი ოჯახის გადამოწმება, შეფასება, კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად ქულათა მინიჭება. სწორედ მინიჭებული ქულების ოდენობაზე არის დამოკიდებული ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრისით დაკმაყოფილების რიგითობის, პრიორიტეტულობის განსაზღვრა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელეები მ. პ-ი და ლ. პ-ი არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები აფხაზეთიდან. მათი რეგისტრაციის მისამართია იმერეთი, ქუთაისი, ს. ...ის ქუჩა №..., ბინა .... მ. პ-ის და ლ. პ-ის მშობლები არიან დედა - რ. პ-ი, მამა - გ. პ-იი. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის №150 300 0547 მოწმობით დგინდება, რომ გ. პ-იი იყო ომის მონაწილე, იგი გარდაიცვალა 2015 წლის 15 სექტემბერს, ხოლო სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანის მოწმობის თანახმად, მოსარჩელე რ. პ-ის 2016 წლის 11 იანვრიდან მიენიჭა მარჩენალდაკარგულის სტატუსი. ასევე დადგენილია, რომ გ. პ-იის მამა - ჩ. პ-ი გარდაიცვალა 1993 წლის 23 სექტემბერს საქართველოს თავდაცვითი შეიარაღების დროს.
დადგენილია, რომ 2013 წლის 12 ნოემბერს სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს განაცხადით მიმართა გ. პ-იმა და მეუღლესთან და შვილებთან ერთად და გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა მოითხოვა. ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართად მიუთითა - ქუთაისი, ...ის ქუჩა №.... საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, 2022 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით, მ. პ-ის ოჯახი შეფასდა 6.00 ქულით, კერძოდ, საცხოვრებლის ფინანსური პირობები - ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე - 1.50 ქულა, მარჩენალ დაკარგული - გარდაცვლილი ომის ვეტერანი - 1.50 ქულა, ომში დაღუპული წევრი/წევრები - გარდაიცვალა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში - 3.00 ქულა. საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონულ ფორმაში მითითებულ იქნა, რომ განმცხადებელი გ. პ-იი გარდაიცვალა, განაცხადი შეფასდა შვილზე - მ. პ-იზე; განმცხადებლის არადევნილ დედას რ. პ-ის საკუთრებაში გააჩნდა ბინა, რომელიც გაასხვისა ვინმე ლ. ბ-ეზე 2018 წლის 5 დეკემბერს, მისამართი: ქ. ქუთაისი, ...ს ქუჩა №..., ბინა №.... საკასაციო სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელეების დედის - რ. პ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ლ. ბ-ეზე გასხვისება დადასტურებულია საჯარო რეესტრის 2010 წლის 7 ივლისის და 2018 წლის 5 დეკემბრის ამონაწერებით.
დადგენილია, რომ დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2023 წლის 3 მაისის №30 სხდომის ოქმით, მ. პ-ის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძვლად მითითებულ იქნა გადაუდებელი საჭიროების არარსებობა, ნათესავის სახლში ქირის გარეშე ცხოვრების გამო. აღნიშნული ოქმის საფუძველზე კი, სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 28 ივნისის №IDP 6 23 00001241 ბრძანებით, მ. პ-ის ოჯახს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, უარი ეთქვა ქ. ქუთაისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.
საყურადღებოა, რომ განსახილველ შემთხვევაში, თავად ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, მოსარჩელეთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის საფუძვლად მითითებულ იქნა არა ზემოაღნიშნული წესის შესაბამისად მინიჭებულ ქულათა ნაკლებობა, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება, მოცემული მომენტისათვის მოსარჩელეთა ოჯახის გადაუდებელი განსახლების აუცილებლობის არარსებობის შესახებ, ნათესავის სახლში ქირის გარეშე ცხოვრების გამო.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ მხოლოდ სხვის საკუთრებაში ცხოვრების ფაქტი არ აძლევდა ადმინისტრაციულ ორგანოს განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველს და არ გამორიცხავდა მოსარჩელეების უფლებას მოცემულ ეტაპზე, შესაბამისი კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე დაკმაყოფილებულიყვნენ გრძელვადიანი საცხოვრებლით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელესთან დაკავშირებული პირის (ამ შემთხვევაში ნათესავის) საკუთრებაში ან მფლობელობაში ბინების არსებობა არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ აღნიშნული ფართის მესაკუთრე/მფლობელი ვალდებულია მის საკუთრებაში მცხოვრებ დევნილ პირს მუდმივად დაუთმოს საკუთარი საცხოვრებელი ან შეუზღუდავად მისცეს მასში ცხოვრების უფლება. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 25 ნოემბრის განჩინებაში მოყვანილ სამართლებრივ მსჯელობაზე: „აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით დროებით სარგებლობის ფაქტი, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული ფართი ნათესავს ეკუთვნის, არ იძლევა შესაძლებლობას ზუსტად იქნეს დადგენილი, რამდენად აქვს მოსარჩელეს ხსენებულ საცხოვრებელში ცხოვრების შეუზღუდავი შესაძლებლობა, ასეთი დასკვნის გაკეთება კი განსაკუთრებით რთულია აღნიშნული ფართით შეუზღუდავი სარგებლობის სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრის კუთხით“ (სუსგ №ბს-607(კ-21), 25.11.2021წ.). საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 17 სექტემბრის განჩინებაში მოყვანილ სამართლებრივ მსჯელობაზე: „იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფოს აკისრია განსაკუთრებული ვალდებულებები დევნილთა მიმართ, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილი პირების ღირსეული განსახლება კი გულისხმობს, სათანადო პირობების არსებობის შემთხვევაში (მაგ: ქულათა სათანადო რაოდენობა და სხვ.) მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფას მიმდინარე ეტაპზე და არა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც შესაბამის პირს თუ ოჯახს არ გააჩნია არავითარი თავშესაფარი. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ განსახილველ შემთხვევაში, შვილის ბინაში ცხოვრება არათუ გამორიცხავდა მოსარჩელის ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის აუცილებლობას, არამედ ადასტურებდა მათი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საჭიროებას“ (სუსგ №ბს-643(კ-24), 17.09.2021წ.). ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დევნილი პირების შესაძლებლობა დროის გარკვეულ მონაკვეთში ისარგებლოს სხვის (თუნდაც ნათესავის) საკუთრებაში არსებული ფართით, ან მასთან დაკავშირებული პირების საკუთრებაში უძრავი ქონების არსებობა, არ გამორიცხავს მოსარჩელეების უფლებას როგორც დევნილი ოჯახი, ქულათა საკმარისი ოდენობის პირობებში, განსახლებულ იქნეს კანონით დადგენილი წესით მიმდინარე და არა რომელიმე სხვა ეტაპზე.
ამასთან, გარდა ნათესავის საკუთრებაში ქირის გარეშე ცხოვრების ფაქტისა, საკასაციო საჩივარში კასატორმა მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ თავდაპირველად მოსარჩელეთა ოჯახის განაცხადი შეფასდა 0 ქულით, განცხადებაში შეყვანილი ოჯახის წევრის - რ. პ-ის საკუთრებაში უძრავი ქონების არსებობის გამო. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალებით დადასტურებულია აღნიშნული უძრავი ქონების გასხვისება და იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ წარსულში უძრავი ქონების საკუთრებაში არსებობის ფაქტი და შემდგომ მისი გასხვისება არ გამორიცხავს დევნილის უფლებას, საჭიროებიდან გამომდინარე, მოითხოვოს საცხოვრებელი ფართი და მისი სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით დაკმაყოფილდეს საცხოვრებლით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 ივლისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა