Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-1378(კ-24) 20 მარტი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ი.პ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 სექტემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი.პ-მა 2023 წლის 12 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 29 მარტის N1000871858 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ი.პ-ისათვის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის შესახებ მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით ი.პ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ მიუთითა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტზე, ამავე კანონის მე-18 მუხლის მეორე პუნქტსა და პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებზე, აგრეთვე, მიუთითა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესზე“, „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონზე და დადგენილად მიიჩნია, რომ ი.პ-მა 2023 წლის 28 თებერვალს განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის მოთხოვნით. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2023 წლის 27 მარტის SSG 8 23 00071567 წერილით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ი.პ-ისათვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემა მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 29 მარტის N1000871858 გადაწყვეტილებით ი.პ-ის 2023 წლის 28 თებერვლის N1000871858 განცხადება არ დაკმაყოფილდა და მას უარი ეთქვა საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე. ზემოაღნიშნულის საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი.პ-ისთვის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლებია „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები. სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 33-ე მუხლზე, აგრეთვე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე და მიიჩნია, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები, ვინაიდან არ არსებობს სადავო აქტის ბათილად ცნობისა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ მოსარჩელისათვის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მინიჭების საკითხის გადასაწყვეტად სრულყოფილად მოიძია და გამოიკვლია სათანადო ინფორმაცია, ამასთან, ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოიცა მუდმივი ცხოვრების ნებართვის მინიჭების საკითხის გადასაწყვეტად საჭირო ინფორმაციის მოძიებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 სექტემბრის განჩინებით ი.პ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. პალატამ აღნიშნა, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მიზანს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებისა და თავისუფლებების, აგრეთვე საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად, უპირველესად ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების, აგრეთვე სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად, საქართველოში მყოფ უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთათვის შექმნას სამართლებრივი გარანტიები და დაიცვას უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა საყოველთაოდ აღიარებული უფლებები, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა. ამრიგად, სახელმწიფოს დისკრეცია - იკისროს ვალდებულებები კონკრეტული უცხოელის მიმართ - შემოსაზღვრულია თავად კანონმდებლის მიერ ზემოაღნიშნული ინტერესების ურთიერთკავშირით. ამასთან, სახელმწიფოს მხრიდან გაკეთებული ამგვარი არჩევანი გაცხადებული მიზნის კვალდაკვალ არ არის თვითნებური, გამორიცხავს ყოველგვარ დიფერენციაციას ნორმაში მითითებული ნიშნით და წარმოადგენს მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის მიღწევის დასაშვებ, პროპორციულ და აუცილებელ საშუალებას - საქართველოში მყოფ უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთათვის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების უზრუნველყოფით სამართლებრივი გარანტიები შექმნას სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად. პალატის მითითებით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით გაწერილია საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები. საფუძვლები ამომწურავია, რაც ნიშნავს, რომ მხოლოდ ნორმით მითითებული საფუძველი შეიძლება გახდეს უარის თქმის წინაპირობა და ეხმიანება კანონით განსაზღვრულ მიზანს - სახელმწიფო ინტერესების უზრუნველყოფას. პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში სწორედ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებზე მითითებით ეთქვა უარი მოსარჩელეს მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე. სადავო აქტის გამოცემის საფუძველი კი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2023 წლის 27 მარტის SSG 8 23 00071567 წერილი გახდა, რომლითაც დეპარტამენტმა ი.პ-ისათვის მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემა მიზანშეუწონლად მიიჩნია. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ სააგენტომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად შეამოწმა ი.პ-ის მიმართ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების მოთხოვნათა არსებობის საფუძველი. სააპელაციო პალატამ ასევე განმარტა, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილი წარმოადგენს სწორედ კანონით გათვალისწინებულ დასკვნას, რომელიც მომზადებულია ოპერატიული საქმიანობის შედეგად. ამასთან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური წარმოადგენს იმ უფლებამოსილ ორგანოს, რომელიც საქართველოში ახორციელებს კონტრდაზვერვით საქმიანობას. შესაბამისად, მისი დასკვნა - წერილი წარმოადგენს ექსკლუზიური უფლებამოსილების განხორციელების შედეგად მომზადებულ მტკიცებულებას, რომლის გათვალისწინებაც სავალდებულოა ადმინისტრაციული ორგანოსათვის. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ უცხოელისათვის ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხის გადაწყვეტის პროცესში მოქმედი კანონმდებლობა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ანიჭებს უფლებას, ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის გადაწყვეტის მიზნით, მიმართოს და გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და მათზე დაყრდნობით მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან დამატებით გამოთხოვილი ინფორმაციის გათვალისწინებით, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს და მხარეებისთვის ხელმისაწვდომი არ არის, დაადასტურა, რომ სააგენტომ მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება განახორციელა იმ მიზნის შესაბამისად, რასაც განსაზღვრავს კანონი - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის ზემოხსენებული წერილის (დასკვნის) არსებობის პირობებში, მას შეეძლო მიეღო გადაწყვეტილება ი.პ-ისათვის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების მოთხოვნათა შესაბამისად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ი.პ-ის მიერ.

კასატორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას, საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებას მოითხოვს და აღნიშნავს, რომ სასამართლომ საკითხის გადაწყვეტისას არ გაითვალისწინა ბავშვის საუკეთესო ინტერესები და დაეყრდნო მხოლოდ სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნას, რომლის შინაარსიც კასატორისთვის უცნობია და წარმოადგენს ვარაუდებს, რომელზე უპირატესიც სწორედ ბავშვის უფლებებია - ი.პ-ი დაქორწინებულია საქართველოს მოქალაქეზე, არის საქართველოს მოქალაქის მამა და გასაჩივრებული აქტი არღვევს როგორც მოსარჩელის, აგრეთვე, მისი ახალშობილი შვილის უფლებასაც. ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციასთან დაკავშირებით კასატორი მიიჩნევს, რომ ი.პ-ისთვის ბინადრობის ნებართვაზე უარის თქმა არ წარმოადგენს მოპასუხის ოპტიმალურ გადაწყვეტილებას, რადგან კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ვარაუდებზე უპირატესია ბავშვის უფლება, იზრდებოდეს ოჯახში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 იანვრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ი.პ-ის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 10 მარტის განჩინებით ი.პ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეული იქნა დასაშვებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი.პ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ი.პ-მა 2023 წლის 28 თებერვალს განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის მოთხოვნით. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2023 წლის 27 მარტის SSG 8 23 00071567 წერილით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ი.პ-ისათვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემა მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 29 მარტის N1000871858 გადაწყვეტილებით ი.პ-ის 2023 წლის 28 თებერვლის N1000871858 განცხადება არ დაკმაყოფილდა და მას უარი ეთქვა საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს არეგულირებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონი, რომლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-15 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის შესაძლებლობას საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, არასრულწლოვან შვილზე, საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის მშობელზე, აგრეთვე უცხოელზე, რომელმაც საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე იცხოვრა ბოლო 10 წლის განმავლობაში (ამ ვადაში არ ითვლება საქართველოში სწავლის ან მკურნალობის მიზნით ცხოვრებისა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობებში მუშაობის პერიოდი). ამავე კანონის მე-17 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი განიხილება და წყდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად სააგენტო ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, კონტრდაზვერვით საქმიანობად მიიჩნევა სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქმიანობის სპეციალური სახე, რომლის მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობიდან მომდინარე საფრთხეების გამოვლენა და თავიდან აცილება. აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. კონტრდაზვერვითი საქმიანობის პროცესში ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შედეგად მიღებული დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები არ შეიძლება გამოყენებული იქნეს სამართალდაცვითი მიზნებისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაცია და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია ეკისრება სპეციალურ სამსახურს - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს.

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები ითვალისწინებს ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესაძლებლობას, თუ უცხოელი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს და ამის შესახებ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა.

განსახილველ შემთხვევაში, სააგენტოს მიერ ინფორმაცია გამოთხოვილ იქნა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან, რომლის 2023 წლის 27 მარტის SSG 8 23 00071567 წერილით მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული მოსარჩელისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემა. სადავო აქტი გამოიცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ზემოაღნიშნული წერილის საფუძველზე.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების საკითხის გადაწყვეტისათვის, აუცილებელია იმ ინფორმაციის გაცნობა და შესწავლა, რომელიც კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნის გაკეთების მიზეზი გახდა. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იმ ინფორმაციას, რომელიც საფუძვლად დაედო მოსარჩელისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლად მიჩნევას. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ვინაიდან საქმეზე გამოთხოვილი ინფორმაცია სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, მისი შინაარსი მხარეებს გააცნოს და სასამართლო გადაწყვეტილებაში ასახოს. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა თვლის, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ოპერატიულ ინფორმაციაში მითითებული გარემოებები არ ქმნის მოსარჩელის მიერ საქართველოს უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნის საფუძვლიან ვარაუდს.

კასატორი მართებულად მიუთითებს და როგორც ადმინისტრაციული ორგანოს, ისე ქვედა ინსტანციის სასამართლოების ყურადღების მიღმა დარჩა საკითხის გადაწყვეტისას ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინების აუცილებლობა. სრულად უგულებელყოფილია ის გარემოებები, რომ მოსარჩელეს ჰყავს საქართველოს მოქალაქე მეუღლე და შვილი, რომლებიც საქართველოში მუდმივად ცხოვრობენ.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს იგი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველი. ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.), მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საჯარო და კერძო ინტერესების სათანადოდ იდენტიფიცირება და მათ პროპორციულობაზე მსჯელობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ დავებში, რომელშიც არასრულწლოვანის ინტერესების დაცვის საჭიროება იკვეთება. ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა, ოჯახის ერთიანობა უცხოელის საქართველოში შემოსვლის, ყოფნის ერთ-ერთი პრინციპთაგანია („უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის „ბ“ და „ე“ ქვ.პ.). მშობლებისა და მათი შვილის ერთმანეთთან ურთიერთობა ოჯახური ცხოვრების ფუნდამენტურ ელემენტს წარმოადგენს (19.01.2012წ. „Popov v France“ (§134)). მნიშვნელოვანია ერთმანეთს დაუპირისპირდეს, ერთი მხრივ, ოჯახის ერთიანობისა და ბავშვთა საუკეთესო ინტერესების დაცვის უფლება, ხოლო, მეორე მხრივ, ეროვნული უშიშროებისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მიზნებისათვის პირის ამ უფლებაში ჩარევის თანაზომიერება და აუცილებლობა. ამასთანავე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ ორი ინტერესიდან რომელიმე მათგანი იმთავითვე არ გადაწონის მეორე ინტერესს, მათი შეპირისპირება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და საიდუმლო ინფორმაციის შინაარსის გათვალისწინებით უნდა მოხდეს. ბავშვებთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილების მიღებისას მათი საუკეთესო ინტერესები უმნიშვნელოვანესია. მიუხედავად იმისა, რომ ცალკე აღებული ისინი არ არის გადამწყვეტი, მსგავს ინტერესებზე უნდა გამახვილდეს მნიშვნელოვანი ყურადღება (03.10.2014წ. „Jeunesse v. The Netherlands“ (§109, 118)).

ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ უნდა შეაფასოს სახელმწიფო უსაფრთხოების კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უარყოფითი დასკვნის საფუძვლად არსებულ საიდუმლო ინფორმაციაში ასახული დასაბუთებულობის, სარწმუნოობის, საფრთხის შინაარსის, მოსალოდნელობის გათვალისწინებით, ბინადრობის ნებართვის გაცემის დამაბრკოლებელი საფუძვლების არსებობა და აღნიშნულის დაპირისპირებულ ინტერესთან - არასრულწლოვან შვილთან ერთ ოჯახად ცხოვრების შეზღუდვასთან პროპორციულობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ი.პ-ის საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 29 მარტის N1000871858 გადაწყვეტილება, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უნდა დაევალოს, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების გამოცემა.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. ამდენად, სადავო საკითხის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე გადაწყვეტის პირობებში, სსიპ სახელმწიფო სერვისების ეროვნულ სააგენტოს ი.პ-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი 100 ლარის, სააპელაციო სასამართლოში გადახდილი 150 ლარის და საკასაციო სასამართლოში გადახდილი 300 ლარის (სულ 550 ლარის) ანაზღაურება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, ამავე კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილით და 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი.პ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 სექტემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ი.პ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 29 მარტის N1000871858 გადაწყვეტილება;

5. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შეფასების და გამოკვლევის შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა;

6. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ი.პ-ის სასარგებლოდ დაეკისროს ი.პ-ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი - 100 ლარის, სააპელაციო სასამართლოში გადახდილი 150 ლარის და საკასაციო სასამართლოში გადახდილი - 300 ლარის, ჯამში - 550 ლარის ანაზღაურება;

7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

გიორგი გოგიაშვილი