Facebook Twitter

ბს-885(კ-24) 20 მარტი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.12.2023წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. რ-იმ 11.05.2023წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 04.05.2023წ. №1000815084 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.07.2023წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 04.05.2023წ. №10000815084 გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელის მიერ წარდგენილ განცხადებასთან (მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემა) დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.12.2023წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ მიუთითა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის კანონის მე-18 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებზე, რომლის თანახმად უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ ან თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს. ამ ნორმებზე მითითებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა მიზანშეუწონლად მიიჩნია მოსარჩელისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემა, რომლის საფუძველზე სააგენტოს 22.08.2022წ. გადაწყვეტილებით უარი ეთქვა მოსარჩელეს მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.12.2022წ. გადაწყვეტილებით აღნიშნული აქტი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად იქნა ბათილად ცნობილი და სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი აქტის გამოცემა. სააგენტოს 04.05.2023წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელის განცხადება კვლავ არ დაკმაყოფილდა და „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, უარი ეთქვა საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მართალია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობა და ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა არ გულისხმობს მოსარჩელის სასარგებლო აქტის გამოცემას, თუმცა ახალი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა მოპასუხის მიერ უნდა მოხდეს სასამართლოს მითითებების გათვალისწინებით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 20.12.2022წ. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გამოცემული სადავო აქტის მიღების საფუძველი გახდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 03.05.2023წ. წერილი, რომლითაც სააგენტოს ეცნობა ა. რ-ისთვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლობის შესახებ. პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული აქტი არ შეიცავს დასაბუთებას დამატებითი მასალების გამოითხოვისა და შესწავლის თაობაზე, ასევე კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაციაში მითითებული გარემოებები სათანადო სტანდარტით არ აჩენს საფუძვლიან ვარაუდს, რომ ა. რ-ი შესაძლოა წარმოადგენდეს საფრთხეს საქართველოს უსაფრთხოებისთვის. მოცემულ შემთხვევაში არსებობს მოსარჩელისთვის საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის კანონით გათვალისწინებული საფუძვლები, შესაბამისად სადავო აქტით დაუსაბუთებლად იზღუდება მოსარჩელის კანონიერი უფლება და ინტერესი, ა. რ-ის უფლებების შეზღუდვა არ გამომდინარეობს ლეგიტიმური მიზნის - სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მისაღწევად, კანონით პირდაპირ გათვალისწინებული საფუძვლიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.12.2023წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ. კასატორი მიიჩნევს, რომ სადავო აქტი მიღებული იქნა კანონიერების პრინციპის დაცვით. ბინადრობის ნებართვის სამართლებრივი ბუნება ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს დისკრეციულ უფლებამოსილებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. სააგენტო ვალდებული იყო სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ინფორმაცია გამოეთხოვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, რომლის წერილითაც დადგინდა, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით, მოსარჩელისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემა მიზანშეუწონელი იყო. ამდენად, სააგენტო დაეყრდნო კომპეტენტური ორგანოს დასკვნას და უპირატესობა მიანიჭა საჯარო ინტერესს, ამასთან განცხადების განმხილველი ორგანო კანონმდებლობით შეზღუდულია მოიპოვოს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნის გამაბათილებელი მტკიცებულება. საქმეზე „ლუპსა რუმინეთის წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ეროვნული საფრთხე განსხვავდება ხასიათისა და ბუნების მიხედვით, რის გამო იგი წინასწარ რთული განსასაზღვრია (§37). საქმეზე „ლეანდერი შვედეთის წინააღმდეგ“ ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ შვედეთის მთავრობას უფლება ჰქონდა დაედგინა ეროვნული უსაფრთხოების უპირატესი ინტერესი აპლიკანტის ინდივიდუალურ ინტერესთან შედარებით. კასატორმა აგრეთვე მიუთითა საკასაციო სასამართლოს 16.04.2020წ. (საქმე №815(კ-19)) და 07.10.2020წ. (საქმე №ბს-207(კ-20), №ბს-311(კ-20)) განჩინებებზე და აღნიშნა, რომ უსაფუძვლოა მოსარჩელის მითითება დაუსაბუთებელი აქტით მისი უფლების დარღვევის თაობაზე, ვინაიდან კონკრეტულ შემთხვევაში პირს უფლება შეეზღუდა ლეგიტიმური მიზნის - სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მისაღწევად კანონით პირდაპირ გათვალისწინებული საფუძვლით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთანავე, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს არეგულირებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონი, რომლის მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესაძლებლობას. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ წარმოდგენილი ადმინისტრაციული წარმოების მასალების მიხედვით ა. რ-იმ სააგენტოს მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით 22.08.2022წ. მიმართა. მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა გაიცემა უცხოელზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აქვს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 100 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში (მე-15 მუხ. „კ“ ქვ.პ.). საქმის მასალებში დაცული საჯარო რეესტრიდან ამონაწერების თანახმად, ა. რ-ის სახელზე 2018 წლის ივლისიდან აღრიცხულია ქ. თბილისში, ...ს ქ. №35-ში მდებარე 49.33 კვ.მ. კომერციული ფართი (გვ. 96-97), რომლის საბაზრო ღირებულება შპს „ი...ს“ 29.07.2019წ. დასკვნის თანახმად შეადგენს 75 000 აშშ დოლარს (220 000 ლარს), მოსარჩელის სახელზე 2018 წლის ივლისიდან ასევე რეგისტრირებულია ქ. თბილისში, ...ს ქ. №35-ში მდებარე 62,83 კვ.მ. ფართი (გვ. 108-109), რომლის საბაზრო ღირებულება შპს „ი...ს“ 29.07.2018წ. დასკვნის თანახმად შეადგენს 71 000 აშშ დოლარს (174 000 ლარს). საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ შეიცავს რაიმე პრეტენზიებს ბინის ღირებულებასთან მიმართებით. საქმის მასალებიდან, მათ შორის, სადავო აქტიდან და საკასაციო საჩივრიდან იკვეთება, რომ ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის ერთადერთი საფუძველი გახდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უარყოფითი დასკვნა. სსკ-ის 404.1 მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო საჩივარი ეფუძნება მხოლოდ იმ გარემოებას, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ გაცემული უარყოფითი დასკვნის პირობებში, სააგენტო მოკლებული იყო მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი განიხილება და წყდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად (კანონის 17.10 მუხ.). საქართველოს მთავრობის 01.09.2014წ. №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მიხედვით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად სააგენტო ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან (13.5 მუხ.). განსახილველ შემთხვევაში სააგენტოს მიერ ინფორმაცია გამოთხოვილ იქნა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან, რომლის 03.05.2023წ. წერილით მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული მოსარჩელისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემა. კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები ითვალისწინებს ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესაძლებლობას, უკეთუ უცხოელი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს და ამის შესახებ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა. საკასაციო სასამართლოს მიერ 24.02.2025წ. №ბს-885(კ-24) წერილით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა ის ინფორმაცია, რომელიც საფუძვლად დაედო ალირეზა რეზეაეისთვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლად მიჩნევას. გამოთხოვილი ინფორმაციის შინაარსის გაცნობის შედეგად საკასაციო პალატა თვლის, რომ მოსარჩელისთვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლობა სათანადოდ არ არის დასაბუთებული. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ მოსარჩელის სახელზე სააგენტოს რამდენჯერმე ჰქონდა გაცემული ბინადრობის ნებართვა. მართალია, ბინადრობის ნებართვის წარსულში გაცემის ფაქტი იმთავითვე არ გულისხმობს უცხოელის ყოველი შემდგომი მოთხოვნის დაკმაყოფილების სავალდებულობას, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარი საქმის გარემოებების სათანადოდ გამოკვლევის შედეგი იყოს და შესაბამის დასაბუთებას ეფუძნებოდეს. ამასთანავე ა. რ-ისთვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის კანონიერებაზე ერთხელ უკვე იმსჯელა სასამართლომ და კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.12.2022წ. გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ უარი არ ეფუძნებოდა სრულყოფილად გამოკვლეულ ფაქტობრივ გარემოებებს, ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საქმის გარემოებათა ხელახლა გამოკვლევა და შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება. სასამართლოს კანონიერ ძალაში მყოფ გადაწყვეტილებაში არსებული მითითებების მიუხედავად, ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო აქტი გამოსცა მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის კონკრეტული საფუძვლების დადგენის გარეშე, სადავო აქტი არ შეიცავს მითითებას რაიმე ახალ გარემოებაზე ან დამატებით მტკიცებულებებზე, რაც საფუძვლად დაედო მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს არ ქმნის აგრეთვე კასატორის მითითება საკასაციო სასამართლოს განჩინებებზე. საკასაციო პალატის მითითებული განჩინებები (სუსგ 16.04.2020წ. №ბს-815(კ-19), 07.10.2020წ. №ბს-207(კ-20), 07.10.2020წ. №ბს-311(კ-20)) არ შეიცავენ განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უარყოფითი დასკვნა, იმთავითვე, ყოველგავრი შეფასების გარეშე უცხოელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს ქმნის, მითითებულ დავებში საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ გაეცნო კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უარყოფითი დასკვნის საფუძვლად არსებულ დოკუმენტაციას და მიიჩნია, რომ სააგენტოს ჰქონდა უცხოელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უფლება, საკასაციო პალატამ შეაფასა კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნის შინაარსი, საფუძვლები და მიიჩნია, რომ იგი მოცემულ შემთხვევაში, კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით ქმნიდა ბინადრობის ნებართვის გაცემის დამაბრკოლებელ საკმარის წინაპირობას. აღნიშნული განმარტება არ გულისხმობს იმას, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უარყოფითი დასკვნა მისი შინაარსისა და განსახილველი საქმის ფაქტობრივი გარემოებების მიუხედავად იმთავითვე, ყველა შემთხვევაში ქმნის ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საკმარის საფუძველს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებზე („ლუპსა რუმინეთის წინააღმდეგ“ და „ლეანდერი შვედეთის წინააღმდეგ“) მითითება ასევე არ ადასტურებს სადავო აქტის მართლზომიერებას. ევროპული სასამართლო არ უარყოფს სახელმწიფოს მიერ უცხოელის თავის ტერიტორიაზე შესვლის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას, თუმცა იმ პირობით, რომ სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებას ექნება შესაბამისი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი და რომ მასზე ქმედითი კონტროლი განხორციელდება. მითითებული გადაწყვეტილებებით არ გამოირიცხება აუცილებლობისა და პროპორციულობის საკითხების შეფასების, საჯარო და კერძო ინტერესის ურთიერთშეპირისპირების საჭიროება. ეროვნული უშიშროებისა და საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხის არსებობის შემთხვევაშიც კი გადაწყვეტილებები, რომლებმაც პირის უფლებებში ჩარევა გამოიწვია, უნდა დაექვემდებაროს სათანადო კონტროლს, რომელიც უნდა განხორციელდეს დამოუკიდებელი, კომპეტენტური ორგანოს მეშვეობით, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში საიდუმლო ინფორმაციის გამოყენება შეეძლება (20.06.2002წ. „Al-Nashif v. Bulgaria“ (§123, 124), 15.11.1996წ. „Chahal v. The United Kingdom“ (§127, 145)). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მხოლოდ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილზე მითითება, მისი შინაარსის გათვალისწინებით, არ ქმნის სადავო აქტის საკმარის დასაბუთებას. სააგენტოს არ დაუსაბუთებია საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოების დადასტურებისა და სასამართლოს კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილების მითითებების მიუხედავად, მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის სათანადო საფუძვლების არსებობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.12.2023წ. განჩინება;

3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (საიდენტიფიკაციო კოდი 202307404) დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე 15.04.2024წ. №07833 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: გ. გოგიაშვილი

თ. ოქროპირიძე