Facebook Twitter

ბს-130 (კ-23) 20 მარტი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.10.2022წ. და 16.11.2022წ. განჩინებებზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. ს-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ, მოსარჩელის სასარგებლოდ 2012 წლის 2 ივნისიდან (უკანონოდ გათავისუფლების დღიდან) 2014 წლის 5 მაისის ჩათვლით (08.05.2014წ. №879764 ბრძანებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის დღემდე) განაცდური ხელფასის ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.04.2022წ. გადაწყვეტილებით თ. ს-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა თ. ს-ას მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.10.2022წ. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ, მოითხოვა 2012 წლის 2 ივნისიდან 2014 წლის 5 მაისამდე მისაღები შრომის ანაზღაურების ოდენობით მატერიალური ზიანის მოპასუხისათვის დაკისრება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.10.2022წ. განჩინებით დაკმაყოფილდა თ. ს-ას შუამდგომლობა სათანადო მოპასუხის შეცვლის თაობაზე და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო შეიცვალა სათანადო მოპასუხით - საქართველოს გენერალური პროკურატურით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.11.2022წ. განჩინებით თ. ს-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.04.2022წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის ეტაპზე დაზუსტდა და დაკონკრეტდა სასარჩელო მოთხოვნა. სააპელაციო პალატამ მიუთითა სსკ-ის 83-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებზე და აღნიშნა, რომ სასარჩელო მოთხოვნების დაკონკრეტება არ ნიშნავს სარჩელის შეცვლას და შესაბამისად, დასაშვებია საქმის სასამართლო განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, მაშინ როცა, სარჩელის საფუძვლის შეცვლა დასაშვებია საქმის წინასწარი განხილვის დასრულებამდე, ხოლო დასრულების შემდეგ დაიშვება მხოლოდ მოპასუხის თანხმობით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით სისხლის სამართლის საქმეში თ. ს-ას მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგომის პირობებში, მას უფლება აქვს სისხლის სამართლებრივი დევნის გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს საქართველოს გენერალური პროკურატურისაგან. პალატამ უზენაესი სასამართლოს 17.09.2020წ. Nბს-1228(კ-19) განჩინებაზე მითითებით აღნიშნა, რომ ბრალის უკანონოდ წაყენების დადასტურებისა და გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შედეგად, წარმოიშვა არა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრების ვალდებულება დამსაქმებელი საჯარო დაწესებულებისათვის, არამედ სამოქალაქო კოდექსის 1005.3 მუხლის საფუძველზე, გამართლებული პირისათვის სახელმწიფო ორგანოების მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობა, რაშიც მოიაზრება მატერიალური ზიანის სახით სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების განმავლობაში მიუღებელი თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურების მოთხოვნაც. მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის ეტაპზე სათანადო წესით მოწვეული იქნა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო - საქართველოს გენერალური პროკურატურა, პალატის მოსაზრებით, აღნიშნული ვერ შეცვლის ინსტანციურობის პრინციპს და აღნიშნული გარემოება წარმოადგენს პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველს. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არაჯეროვნად იქნა შესრულებული ადმინისტრაციული სასამართლოს სახელმძღვანელო პრინციპი ინკვიზიციურობის თაობაზე. განსახილველ საქმეზე მოსარჩელის მიერ ფორმულირებული სასარჩელო მოთხოვნა, მოპასუხე მხარე, სამართლებრივი საფუძვლები და მხარის იურიდიული ინტერესი არ იყო ურთიერთშესაბამისობაში და სამართლებრივი შედეგის მომტანი, ხოლო სასამართლო არ დაეხმარა მხარეს მოთხოვნის ტრანსფორმირებაში.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლების არსებობისას, სსკ-ის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი. თუმცა სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ყოველთვის არაა შესაძლებელი საკითხის გადაწყვეტა სააპელაციო სასამართლოს მიერ, ზემოაღნიშნულ ნორმაში მითითებულია შესაძლებლობა და არა ვალდებულება. ამასთან, აღნიშნული ჩანაწერი არ გულისხმობს იმას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს ვალდებულება საქმის სრულყოფილად გამოკვლევისა და გადაწყვეტილების სათანადოდ დასაბუთების თაობაზე, შესაძლოა სრულად ჩანაცვლდეს სააპელაციო სასამართლოს, როგორც ფაქტების დადგენაზე პროცესუალურად ასევე უფლებამოსილი სასამართლოს მიერ, ამგვარი გაგება ეწინააღმდეგება ნორმის მიზანს, გადაწყვეტილების დასაბუთებულობის ვალდებულებასა და ინსტანციურობის პრინციპს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.10.2022წ. და 16.11.2022წ. განჩინებები საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივრის განხილვისას გასცდა საჩივრის ფარგლებს. სააპელაციო საჩივარი შეეხებოდა ხანდაზმულობის საფუძვლით მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ პრეტენზიას. ამდენად, სააპელაციო პალატამ დაარღვია სსკ-ის 377.1 მუხლი, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში. კასატორი თვლის, რომ შუამდგომლობა მოპასუხის შეცვლისა და სასარჩელო მოთხოვნის განსაზღვრის თაობაზე წარმოდგენილია პროცესუალური ნორმების დარღვევით. კასატორმა აღნიშნა, რომ სსკ-ის 83-ე მუხლი განსაზღვრავს მხარეთა საპროცესო უფლებებს, რომელთა შორის აპელაციის სტადიაზე მოპასუხის შეცვლის, დავის საგნისა თუ სასარჩელო მოთხოვნის შეცვლის უფლება რეგლამენტირებული არ არის. კასატორი თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში მოხდა დავის საგნის შეცვლა, რადგან თ. ს-ას სასარჩელო მოთხოვნა იყო შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე განაცდური ხელფასის ანაზღაურება, ხოლო სააპელაციო სასამართლოში მხარემ დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე მატერიალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვა. კასატორის მოსაზრებით სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 83-ე და 381-ე მუხლები. ამასთან, კასატორმა მიუთითა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 13.12.2012წ. ბრძანებით თ. ს-ა გათავისუფლდა დაკავებული თანამდეობიდან რეორგანიზაციის საფუძვლით და აყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში. შს სამინისტროს ზემოაღნიშნული მოქმედებები არ განხორციელებულა საქართველოს პროკურატურის ჩართულობით და პროკურატურის ქმედებებიდან გამომდინარე. კასატორი თვლის, რომ პროკურატურის როგორც სათანადო მოპასუხით შეცვლა, სცდება დავის საგნის (განაცდური ხელფასის ანაზღაურება) ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინებების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინებების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებები არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმეში დაცული თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 11.10.2012წ. (საქმე №1/3125-12) განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება, თ. ს-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახედ დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა სამი წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა ოთხი წელი. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 13.07.2012წ. №947695 ბრძანებით ... თ. ს-ა გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის კადრების მთავარი სამმართველოს განყოფილებაში, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 13.11.2012წ. №1507149 ბრძანებით თ. ს-ა დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო სამსახურიდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში. კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.04.2013წ. №3ბ/361-13 გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიიის 18.02.2013წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, თ. ს-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 13.07.2012წ. №947695 ბრძანება და 13.11.2012წ. №1507149 ბრძანება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში თ. ს-ას მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ამავე გადაწყვეტილებით თ. ს-ას სარჩელი სამუშაოზე აღდგენის და იძულებით განაცდურის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.04.2013წ. გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 30.04.2014წ. №818953 ბრძანებით თ. ს-ა დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ...ად. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 08.05.2014წ. №879764 ბრძანებით თ. ს-ა, პირადი განცხადების საფუძველზე, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში, 2014 წლის 5 მაისიდან. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 27.06.2017წ. №1/ა.გ.792-16 განაჩენით ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 11.10.2012წ. (საქმე №1/3125-12) განაჩენი გადაისინჯა ახლად გამოვლენილ გარემოებათა საფუძველზე. ამავე განაჩენით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 11.10. 2012წ. განაჩენი თ. ს-ას მიმართ და მის ნაცვლად დადგა გამამართლებელი განაჩენი, თ. ს-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრდების ნაწილში და გამართლდა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სკ-ის 1005.3 მუხლის საფუძველზე გამართლებული პირისათვის სახელმწიფო ორგანოების მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობაში მოიაზრება აგრეთვე მატერიალური ზიანის სახით მიუღებელი თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურების მოთხოვნაც. აღსანიშნავია, რომ თ. ს-ა საქალაქო სასამართლოში წარდგენილ სარჩელში მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 27.06.2017წ. №1/ა.გ.792-16 განაჩენით იგი გამართლდა შერაცხულ ბრალდებაში და მიეცა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლება, თუმცა იგი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ითხოვდა მიუღებელ თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურებას. საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის ეტაპზე სასარჩელო მოთხოვნა დაზუსტდა და მოთხოვნილ იქნა მატერიალური ზიანის ანაზღაურება 2012 წლის 2 ივნისიდან 2014 წლის 05 მაისამდე მისაღები შრომის ანაზღაურების ოდენობით, ხოლო სარჩელზე სათანადო მოპასუხედ საქართველოს გენერალური პროკურატურა განისაზღვრა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირის უკანონო ბრალდებით გამოწვეულ ზიანთან მიმართებაში სახელმწიფოს ინტერესებს პროკურატურა წარმოადგენს, ამდენად, თ. ს-ას მიერ სისხლის სამართლებრივი დევნის გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე მოპასუხედ საქართველოს გენერალური პროკურატურის მითითება შესაბამისობაშია სსკ-ის 85-ე მუხლის მოთხოვნებთან.

საფუძველსაა მოკლებული კასატორის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო პალატა გასცდა სააპელაციო საჩივრის ფარგლებს, რადგან საჩივარი შეეხებოდა მხოლოდ ხანდაზმულობის საფუძვლით მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ პრეტენზიებს. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სააპელაციო საჩივარში მხარე აპელირებდა სწორედ სკ-ის 1005.3 მუხლით გათვალისწინებულ მარეაბილიტერებელი გარემოებების არსებობაზე და მატერიალური ზიანის სახით მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების ვალდებულებაზე. უსაფუძვლოა ასევე კასატორის მითითება დავის საგნისა და სასარჩელო მოთხოვნის შეცვლაზე. მოცემულ შემთხვევაში თ. ს-ას, როგორც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 27.06.2017წ. №1/ა.გ.792-126 განაჩენით რეაბილიტირებული პირის, ინტერესს შეადგენს უკანონო მსჯავრდების შედეგად მიყენებული ზიანის - მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება. ამდენად, სააპელაციო სასამართლოში არ მომხდარა დავის საგნის შეცვლა ან გადიდება. იმ პირობებში, როდესაც მოთხოვნა პროცესუალურად სწორად არ არის ჩამოყალიბებული, პროცესის ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, მოსამართლემ სწორად უნდა დაადგინოს მოსარჩელის იურიდიული ინტერესი – რა უფლების დასაცავად მიმართა მან სასამართლოს და რა არის მისი საბოლოო ინტერესი. პროცესუალური უფლებები და მატერიალური მოთხოვნები არ უნდა იქნეს უარყოფილი იმის გამო, რომ სასარჩელო მოთხოვნა ვერ იქნა ჩამოყალიბებული, შესაბამისად, მოსამართლეს შეუძლია ხელი შეუწყოს მოთხოვნის ტრანსფორმირებას, მით უმეტეს მის დაზუსტებას (სუსგ №ბს-925-921(კ-17), 03.07.2018წ; №ბს-47(კ-20), 26.02.2020წ.). საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მართლმსაჯულება უნდა პასუხობდეს სამართლიანობის მოთხოვნებს და უზრუნველყოფდეს უფლებებში ეფექტურ აღდგენას. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ პირის შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ - სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ სასამართლოს დახმარება უნდა გაეწია მხარისათვის მოთხოვნის ტრანსფორმირებაში, რაც მოთხოვნის არა გაზრდად, არამედ დაზუსტებად უნდა ჩაითვალოს.

დაუსაბუთებელია კასატორის აპელირება იმ გარემოებაზე, რომ თ. ს-ა დაკავებული თანამდეობიდან გათავისუფლდა შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით და არა საქართველოს პროკურატურის ქმედებებიდან გამომდინარე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართალია, მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნა განახორციელა დამსაქმებელმა - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და არა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, თუმცა გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მოხელის მიმართ დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა გამორიცხავდა მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.10.2022წ. და 16.11.2022წ. განჩინებები;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე

გ. მაკარიძე