ბს-117 (კ-23) 20 მარტი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა გ. ს-ეის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.05.2022წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. ს-ეემ 06.06.2018წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისა და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დამდგენი კომისიის 20.04.2018წ. N228-23 სხდომის ოქმის ბათილად ცნობა, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილის 08.05.2018წ. N SSVA 00009814 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და გ. ს-ეისათვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილის სტატუსის მინიჭების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისათვის გამოცემის დავალდებულება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.10.2018წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.11.2018წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.05.2019წ. გადაწყვეტილებით გ. ს-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა გ. ს-ეის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.05.2022წ. განჩინებით გ. ს-ეის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.05.2019წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დამდგენი კომისიის 20.04.2018წ. მიღებული საოქმო გადაწყვეტილებით გ. ს-ეეს უარი ეთქვა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დადასტურებაზე, ხოლო სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 08.05.2018წ. SSVA 00009814 წერილით გ. ს-ეეს ეცნობა, რომ მას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დადასტურების შესახებ უარი ეთქვა, რადგან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ინფორმაცია არ მოიპოვებოდა მისი კონფლიქტურ ზონაში მივლინების და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის შესახებ. სააპელაციო პალატამ მიუთითა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 28.08.2018წ. №281 ბრძანებით დამტკიცებული "„ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ და „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული პირების აღრიცხვის, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით, მოწმობების გაცემის, სტატუსის შეწყვეტის და აღდგენის შესახებ ინსტრუქციის" მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „დ.დ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საბრძოლო მოქმედებების მონაწილის და ომის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დამადასტურებელი ვეტერანის მოწმობის მაძიებელმა, კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა შესაბამის ორგანოში უნდა წარადგინონ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან ნებისმიერი დოკუმენტი და სხვა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ საბრძოლო მოქმედებების პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურს და კონფლიქტურ ზონაში საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობას (საბრძოლო მოქმედებებში მივლინების ბრძანება, ცნობა კადრებიდან სად და რა თანამდებობაზე იმყოფებოდა საბრძოლო მოქმედებების პერიოდში, დაჯილდოების, წახალისების, წოდების მინიჭების ბრძანებები, ტრავმის მიღების, იარაღის, ფორმა-ტანსაცმლის, ხელფასის მიღების შესახებ საბუთები და სხვ.), მაძიებელმა ასევე უნდა წარადგინოს საბრძოლო მოკვლევა, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებს ვეტერანის სტატუსის არანაკლებ სამი პირი – ერთი მეთაურთა შემადგენლობიდან და ორი თანამებრძოლი, სამსახურში მოქმედი ,,ვეტერანების სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დამდგენი კომისიის“ ოქმი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წერილების მიხედვით, რაიმე ინფორმაცია გ. ს-ეის 2008 წლის აგვისტოს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის, იარაღის გაცემის, მივლინების და წახალისების ბრძანებები არ მოიძებნა. ასევე, გ. ს-ეის წახალისების შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა მინისტრის 26.08.2008წ. №6719 პ/შ ბრძანებაში არ ფიქსირდება, შესაბამისად, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ დასტურდება, რომ მოსარჩელე მონაწილეობას იღებდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში გ. ს-ეის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა მხოლოდ საბრძოლო მოკვლევით დგინდება. საბრძოლო მოკვლევა არ არის ერთადერთი მტკიცებულება ვეტერანის სტატუსის მისანიჭებლად, ის ერთ-ერთია კანონით დადგენილ სხვა დოკუმენტებთან ერთად. შესაბამისად, სათანადო მტკიცებულებებით არ არის დადასტურებული მოსარჩელე გ. ს-ეის მიერ 2008 წლის აგვისტოს ომში ცხინვალის რეგიონში განვითარებულ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტი. სააპელაციო პალატამ დამატებით მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ გ. ს-ეე 2007 წლის 1 იანვრიდან 2009 წლის 18 ნოემბრამდე მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის ...ის თანამდებობაზე. შესაბამისად, შიდა ქართლში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება უნდა განხორციელებულიყო შესაბამისი მივლინების ბრძანების საფუძველზე, აღნიშნული ბრძანების წარმოდგენა მოსარჩელემ ვერ შეძლო, რადგან შესაბამის უწყებაში (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში) არ ინახება.
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.05.2022წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა გ. ს-ეის მიერ.
კასატორმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 03.05.2018წ. Nბს-126-126(კ-18) განჩინებაზე მითითებით აღნიშნა, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. გ. ს-ეის შემთხვევაში სააპალაციო პალატას არ დაუსაბუთებია, თუ რატომ არ მიიჩნია მოწმის ჩვენება იურიდიულად ვარგის მტკიცებულებად, რომლითაც დადასტურდებოდა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა. სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა გ. მ-ემ დაადასტურა საბრძოლო მოკვლევის შინაარსის სისწორე და განმარტა, რომ იგი როგორც საპატრულო პოლიციის მუშაკი, თავის თანამშრომლებთან გ. გ-ითან, შ. ჯ-ესთან და გ. ს-ეესთან ერთად 7 აგვისტოდან 11 აგვისტოს ჩათვლით იმყოფებოდა შიდა ქართლის ტერიტორიაზე და ამ დასახელებულ პირებთან ერთად მონაწილეობდა კასპის რაიონის, სოფელ ...ში გამართულ საბრძოლო მოქმედებებში. კასატორმა აღნიშნა, რომ საბრძოლო მოკვლევას ხელს აწერენ სწორედ ზემოაღნიშნული პირები, რომლებიც არიან 2008 წლის აგვისტოს თვეში ტერიტორიული მთლიანობისათვის არსებულ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისათვის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები.
კასატორმა აღნიშნა, რომ შს სამინისტროს 07.12.2017წ. წერილით დასტურდება, რომ გ. ს-ეე 2007 წლის 1 იანვრიდან 2009 წლის 18 ნოემბრამდე მუშაობდა საპატრულო პოლიციაში. კასატორის მოსაზრებით აღნიშნული მტკიცებულებით უტყუარად დგინდება, რომ 2008 წლის აგვისტოს თვეში, როდესაც შიდა ქართლში მიმდინარეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო ოპერაციები, მოსარჩელე მსახურობდა შსს ორგანოებში. ამასთან, სასამართლო სხდომაზე მესამე პირის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ არ მოიპოვებოდა რაიმე სახის მტკიცებულება გ. ს-ეის 2008 წლის 07 აგვისტოდან 2008 წლის 11 აგვისტომდე შვებულებაში ან საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის თაობაზე და დროის მითითებულ მონაკვეთში გ. ს-ეე ნამდვილად მუშაობდა თბილისის საპატრულო პოლიციის სამმართველოში. კასატორმა მიუთითა, რომ გარდა საბრძოლო მოკვლევისა, საქმეში დაცულია იმ პირების ვეტერანთა მოწმობები, რომლებიც ადასტურებენ გ. ს-ეის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას, ასევე მოწმის გ. მენაბდის ჩვენება და შსს-დან მიღებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სადაო პერიოდში გ. ს-ეე ნამდვილად მუშაობდა შს ორგანოებში, საპატრულო პოლიციაში. კასატორის მოსაზრებით ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასება ქმნიდა გ. ს-ეის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ს-ეის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები ვეტერანთა კატეგორიას განეკუთვნებიან. ამავე კანონის მე-9 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანებს და მათთან გათანაბრებულ პირებს მიეკუთვნებიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის ბრძოლების მონაწილეები: საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამგებლობაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მოსამსახურეები და მუშაკები, მათ შორის, თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი), საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებებში ჩარიცხული სამოქალაქო პირები, მოხალისეები. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს მოსარჩელისათვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მონაწილის სტატუსის მინიჭება. საქმის მასალებით დადგენილია, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისა და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დამდგენი კომისიის 20.04.2018წ. N228-23 სხდომის ოქმის თანახმად, გ. ს-ეეს უარი ეთქვა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დადასტურებაზე. სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 08.05.2018წ. N SSVA 00009814 წერილით მოსარჩელე მხარეს ეცნობა, რომ მას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დადასტურებაზე უარი ეთქვა, რადგან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში არ მოიპოვებოდა ინფორმაცია მისი კონფლიქტურ ზონაში მივლინების და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის შესახებ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის 26.08.2016წ. N281 ბრძანებით დამტკიცებული "„ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ და „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული პირების აღრიცხვის, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით, მოწმობების გაცემის, სტატუსის შეწყვეტის და აღდგენის შესახებ“ ინსტრუქციის მე-6 მუხლით განისაზღვრა იმ დოკუმენტაციის ჩამონათვალი, რომლებიც ვეტერანის მოწმობის მაძიებლის მიერ წარდგენილი უნდა იქნეს შესაბამის სამსახურში. მითითებული მუხლის პირველი პუნქტის „დ.დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საბრძოლო მოქმედებების მონაწილის და ომის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დამადასტურებელი ვეტერანის მოწმობის მაძიებელმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა უნდა წარადგინონ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან ნებისმიერი დოკუმენტი და სხვა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ საბრძოლო მოქმედებების პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურს და კონფლიქტურ ზონაში საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობას (საბრძოლო მოქმედებებში მივლინების ბრძანება, ცნობა კადრებიდან სად და რა თანამდებობაზე იმყოფებოდა საბრძოლო მოქმედებების პერიოდში, დაჯილდოების, წახალისების, წოდების მინიჭების ბრძანებები, ტრავმის მიღების, იარაღის, ფორმა-ტანსაცმლის, ხელფასის მიღების შესახებ საბუთები და სხვ.). მაძიებელმა ასევე უნდა წარადგინოს საბრძოლო მოკვლევა, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებს ვეტერანის სტატუსის არანაკლებ სამი პირი – ერთი მეთაურთა შემადგენლობიდან და ორი თანამებრძოლი. ხელმოწერები დადასტურებული უნდა იქნეს შესაბამისი უწყების ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან ნოტარიულად; სამსახურში მოქმედი ,,ვეტერანების სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დამდგენი კომისიის“ ოქმი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ გ. ს-ეის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილ იქნა მხოლოდ საბრძოლო მოკვლევა. ადმინისტრაციული წარმოებისას დადგენილ იქნა, რომ გ. ს-ეე, 2007 წლის 1 იანვრიდან 2009 წლის 18 ნოემბრამდე მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის ...ის თანამდებობაზე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 07.12.2017წ. MIA 7 17 02942629 ცნობის თანახმად, 2008 წლის საომარი მოქმედებების პერიოდში გ. ს-ეის შესახებ იარაღის გაცემის, მივლინების და წახალისების ბრძანებები არ მოიძებნა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული ინსტრუქციის 6.1 მუხლის "დ.დ" ქვეპუნქტის თანახმად, საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტი უნდა დადასტურდეს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული სათანადო დოკუმენტით, რაც განსახილველ შემთხვევაში საქმეში დაცული არ არის. შესაბამისად, სათანადო მტკიცებულებებით არ არის დადასტურებული მოსარჩელე - გ. ს-ეის მიერ 2008 წლის აგვისტოს ომში, ცხინვალის რეგიონში განვითარებულ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტი.
ამასთანავე, კასატორის მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 03.05.2018წ. Nბს-126-126(კ-18) განჩინებაზე მითითება არ ადასტურებს დივერგენციას. განხილული და განსახილველი საქმის ფაქტობრივი გარემოებები განსხვავებულია ერთმანეთისაგან. მითითებულ დავაში მოსარჩელე ვეტერანის სტატუსის მინიჭებას საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე, სამხედრო ფორმირებაში ჩარიცხული სამოქალაქო პირის, მოხალისის სტატუსით ითხოვდა. განსახილველი დავის ფარგლებში კი მოსარჩელე შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეს წარმოადგენდა. ამასთან, მოხალისის სტატუსითა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის სტატუსით მონაწილე პირებისათვის ვეტერანის სტატუსის მისანიჭებლად ნორმატიულად დადგენილი მოთხოვნები განსხვავდება ერთმანეთისგან, განსხვავებულია აგრეთვე მათ მიერ წარსადგენი დოკუმენტების ნუსხაც.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც გ. ს-ეის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ს-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.05.2022წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: გ. გოგიაშვილი
თ. ოქროპირიძე