საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1157(კ-24) 4 მარტი, 2025 წელიქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორი - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე - ს. ს-ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივლისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2023 წლის 13 მარტს ს. ს-ემ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 მარტის განჩინებით ადმინისტრაციული საქმე ს. ს-ეის სარჩელისა გამო სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ, განსჯადობის წესების დაცვით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
მოსარჩელის განმარტებით, ცხოვრობს ცაგერის რაიონის სოფელ ...ში. საცხოვრებელი სახლი, სადაც ცხოვრობს არის დაზიანებული, რის გამოც მასში ცხოვრება წარმოადგენს სიცოცხლისთვის საფრთხეს. მიწა რომელზედაც დგას სახლი უკვე წლებია ,,ცოცავს“. მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე, რაზედაც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 9 იანვრის №IDP 3 23 00000005 ბრძანებით ეთქვა უარი, გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობის საფუძვლით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 9 იანვრის №IDP 3 23 00000005 ბრძანების ბათილად ცნობა და ს. ს-ეის ოჯახისათვის საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის შესახებ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ს. ს-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახთა (ეკომიგრანტთა) განცხადების არ დაკმაყოფილების თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 9 იანვრის №IDP 3 23 00000005 ბრძანება, ს. ს-ეის ნაწილში; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე ს. ს-ეის ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის შესახებ; „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახთა (ეკომიგრანტთა) განცხადების არ დაკმაყოფილების თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 9 იანვრის №IDP 3 23 00000005 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნა ბრძანების დანართში მითითებული სხვა პირთა (ოჯახის) ნაწილში, არ დაკმაყოფილდა. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივლისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, ,,სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის, განსახლების კრიტერიუმების, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით დამტკიცებულ პროცედურაზე და განმარტა, რომ ეკომიგრანტ ოჯახად ჩაითვლება ოჯახი, რომლის საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია სტიქიური მოვლენების გამო ან არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე მიწის ნაკვეთზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებთა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას. შესაბამისად, ასეთ მიწის ნაკვეთზე ცხოვრება საქართველოს კანონმდებლობით ოჯახის ეკომიგრანტად მიჩნევის, საფუძველია. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, შპს „თ...ს“ მიერ მომზადებულ საინჟინრო - გეოლოგიურ დასკვნაზე, რომლის თანახმად, საჭიროა სახლის დემონტაჟი და ახლის აშენება. შესაბამისად, ის გარემოება, რომ მითითებული სახლი საცხოვრებლად საშიშ გეოლოგიურ ზონაშია და აღნიშნულის გამო დაზიანებულია სადავო არ არის.
რაც შეეხება აპელანტის პოზიციას ალტერნატიული საცხოვრებლის არსებობაზე, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულთან დაკავშირებით მიუთითა „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის, განსახლების კრიტერიუმების, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით დამტკიცებული პროცედურის (დანართი№1) მე-2 მუხლის მე-17 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, დეპარტამენტი არ განიხილავს იმ ეკომიგრანტი ოჯახების განაცხადებს, რომლებსაც სახელმწიფოს ან დონორი ორგანიზაციების მიერ დაზარალების გამო ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი სახლი ან სანაცვლოდ სათანადო ფულადი დახმარება. ბოლო ეტაპზე განიხილება იმ ეკომიგრანტი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)ს საკუთრებაში ან ამ მუხლის მე-17 პუნქტის გათვალისწინებით ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ სხვა საცხოვრებელი სახლი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ საცხოვრებელი სახლის მოცულობა რადიკალურად არ შეესაბამება ოჯახის წევრთა სულადობას. იმ შემთხვევაში, თუ ადგილზე გადამოწმების შედეგად დადგინდება, რომ ოჯახს აქვს ფაქტობრივ მფლობელობაში საცხოვრებელი სახლი, რომელიც ამ პროცედურით გათვალისწინებული კრიტერიუმებით პრიორიტეტის მოპოვების მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით ოჯახის ერთ ან რამდენიმე წევრს არ აქვს საკუთრებაში რეგისტრირებული ან რეგისტრირებულია სხვა პირის სახელზე, რომლითაც სარგებლობს შეუზღუდავად, ოჯახს დააკლდება 6 ქულა. სააპელაციო პალატის განმარტებით, რაც შეეხება საჯარო რეესტრის ამონაწერს, მითითებული განაცხადი თარიღდება 2019 წლის 4 აპრილით, შესაბამისად არ ასახავს მონიტორინგის დროს არსებულ მდგომარეობას. ამასთან, მონიტორინგის ფორმაში, ოჯახის შემადგენლობის გრაფაში, ფიქსირდება მხოლოდ ს. ს-ე, შვილების და მეუღლის შესახებ ინფორმაცია დამოუკიდებლად არის მითითებული ოჯახის თაობაზე ინფორმაციის ნაწილში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ უტყუარად დადგენილ გარემოებად არ მიიჩნია ს. ს-ეის მიერ სხვა, ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის ფლობის ფაქტი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
კასატორის განმარტებით, მართალია, არსებული კანონმდებლობის თანახმად სააგენტოს უშუალო კომპეტენციას განეკუთვნება მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული დაზიანების შედეგად დაზარალებული ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის განხილვა, თუმცა მოცემულ შემთხვევაში ნათელია, რომ სახლი დიდი ხნის დაზიანებული და მიტოვებულია და მოსარჩელესაც აქვს საშუალება ისარგებლოს ამჟამინდელი ფაქტობრივი საცხოვრებლით. სააგენტო კი, ვალდებულია ისეთი ოჯახების საკითხი დააკმაყოფილოს, ვისაც წასასვლელი არსად აქვთ და მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება დაზარალების მისამართზე ცხოვრებით.
კასატორის მითითებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სადავო პერიოდში მოქმედი 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კონკრეტული ეკომიგრანტი ოჯახის განაცხადის დაკმაყოფილებაზე ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ამ ბრძანების მე-5 პუნქტით შექმნილი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისია, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს ყოველწლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით და სააგენტოსთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე ბრძანების მე-3 მუხლის თანახმად, განისაზღვრება ეკომიგრანტი ოჯახების საჭიროების პრიორიტეტულობა, რომლებიც თავდაპირველად, სხვებთან შედარებით უფრო ადრე საჭიროებენ საცხოვრებლით დაკმაყოფილებას, რომელთაც სხვებთან განსხვავებით არ გააჩნიათ არანაირი საცხოვრებელი და საჭიროებენ სასწრაფო დაკმაყოფილებას. კონკრეტულ შემთხვევაში კი, სააგენტოს მიერ ვერ იქნა დადგენილი მოსარჩელის ოჯახის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების აუცილებლობა. შესაბამისად, კასატორს მიაჩნია, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ს. ს-ეის, როგორც ეკომიგრანტის საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონიერება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის, განსახლების კრიტერიუმების, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით დამტკიცებულ პროცედურაზე (დანართი 1), რომლის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, ეს პროცედურა არეგულირებს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახის (ეკომიგრანტის) განსახლებისა და საცხოვრებელი სახლის კანონმდებლობით საფუძველზე საკუთრებაში გადაცემის წესს. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) ჩაითვლება ოჯახი, რომლის საკუთრებაში არსებული (რაც უნდა დასტურდებოდეს საჯარო რეესტრის ამონაწერით) საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყრის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის, ჯდენადი გრუნტის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა. ამავე მუხლის მე- 3 პუნქტი იძლევა ეკომიგრანტი ოჯახის განმარტებას, რომლის თანახმად, ეს არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი) და ცხოვრობენ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ შენობაში/სახლში ან ბუნებრივი ან ანთროპოგენური კატასტროფების ან/და ასეთი რისკების ზონაში.
მითითებული პროცედურის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის მიზნით, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დამტკიცებული კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება ეკომიგრანტი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც ეკომიგრანტი ოჯახების საჭიროების შეფასებისას მონაცემთა ბაზაში დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის განსაზღვრისათვის. ეკომიგრანტი ოჯახი, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის პროცესში.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონება, მდებარე, მუნიციპალიტეტი ცაგერი, სოფელი ..., საკადასტრო კოდით - ..., რეგისტრირებულია ს. ს-ეის სახელზე.
2022 წლის 26 სექტემბრის სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტთა) მონიტორინგის ფორმის თანახმად, ცაგერის რაიონის, სოფელ ...ში, ს. ს-ეის საკუთრებაში არსებული სახლის ვიზუალური დათვალიერებით, იკვეთება, რომ სახლი მიტოვებულია. სახლი არის კაპიტალური, ორ სართულიანი. შენობა დეფორმირებულია და აქვს მრავლობითი ნახეთქები, ბზარები. გეოლოგიური დასკვნით საჭიროა სახლის დემონტაჟი და ახლის აშენება. ოქმში მითითებულია, რომ ს. ს-ეს ჰყავს შვილები - ი. ს-ე, ზ. ს-ე და ა. ს-ე, ასევე მეუღლე ლ. ფ-ე. ლ. ფ-ე ცხოვრობს ქუთაისში, ... №..., ბინა №...-ში. ამავე ოქმის თანახმად, მონიტორინგის დროს ს. ს-ე ადგილზე არ იმყოფებოდა. ს. ს-ეის ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართად დაფიქსირებულია ქალაქი ქუთაისი. მონიტორინგის ფორმა შეივსო განმცხადებელთან სატელეფონო საუბრის შემდეგ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის მიერ მომზადებული ცაგერის მუნიციპალიტეტის რიგ დასახლებულ პუნქტებში საკარმიდამო ნაკვეთების და საცხოვრებელი სახლების არსებული მდგომარეობის შესახებ ვიზუალური საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნით ირკვევა, რომ ს. ს-ეის საკარმიდამო ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი მდებარეობს (324173-4714425) მდ. ...ს ხეობის მარჯვენა, სამხრეთ-აღმოსავლური ექსპოზიციის, ცვალებადი დახრილობის მქონე ფერდის ქვედა ნაწილში. საკარმიდამო ნაკვეთი სუსტად დახრილი პრაქტიკულად მოსწორებული ზედაპირით ხასიათდება. სახლის უკან, საკარმიდამო ნაკვეთის ჩრდილოეთით, ფერდობის დახრილობა თანდათან იზრდება 810 გრადუსამდე. ტერიტორიის გეოლოგიურ აგებულებაში მონაწილეობენ ზედა ცარცული ასაკის, ტენორული და კონიაკური სართულების კირქვები და მერგლები, რომლებიც გადაფარულია მძლავრი დელივიურ-კოლუვიური წარმონაქმნებით: კირქვის ლოდნარით, ღორღით, ხრეშით და თიხნარით, საკარმიდამო ნაკვეთში და მიმდებარედ, ვიზუალური შეფასებით, ფერდობზე საშიში გეოლოგიური პროცესების წარმოქმნა-გააქტიურების ნიშნები დღეისთვის არ ფიქსირდება. ორსართულიანი, ბლოკით ნაშენი საცხოვრებელი სახლი ძლიერ დეფორმირებულია, განსაკუთრებით მისი ჩრდილოეთ დასავლური კუთხე, რომელიც გახსნილია დიაგონალური გამჭოლი ბზარით. სხვადასხვა მიმართულების გამჭოლი ბზარები ფიქსირდება ფაქტობრივად ყველა მზიდ კონსტრუქციაზე. ბზარების ნაწილი აღწევს საძირკველში, რომლის მდგომარეობა ძლიერ შესუსტებულია. სავარაუდოდ სახლი დაფუძნებულია ფხვიერ შეუკავშირებელ თიხნარ-ღორღოვან გრუნტებზე, რომლებიც ხასიათდებიან დაქვეითებული ფიზიკურ მექანიკური თვისებებით. აღსანიშნავია, რომ სახლს არ გააჩნია სანიაღვრე სისტემა და ჰიდროსაიზოლაციო საფარი, რის გამოც სახურავიდან ჩამონადენი და ფერდობზე ფორმირებული ზედაპირული წყლის ნაკადები დაუბრკოლებლად ჩაედინება საძირკველში. სწორედ აღნიშნულის შედეგად, საფუძვლის გრუნტში ვითარდება ძლიერი ჯდენითი პროცესები, რაც სავარაუდოდ წარმოადგენს ნაგებობის დეფორმაციის ძირითად მიზეზს, რასაც ემატება პერიოდულად მიმდინარე სეისმური ბიძგების ზემოქმედებაც. სახლი ავარიულ მდგომარეობაშია და საცხოვრებლად გამოუსადეგარია. აღნიშნულიდან გამომდინარე მიზანშეწონილია სახლის დემონტაჟი და ახალი ნაგებობის მშენებლობა.
საკასაციო პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, შპს „თ...ს“ მიერ მომზადებულ საინჟინრო - გეოლოგიურ შეფასებაზე, რომლის თანახმად, ... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთზე და მიმდებარე ტერიტორიაზე საშიში გეოლოგიური მოვლენებიდან განვითარებულია მეწყრული მოვლენები. გრუნტის წყალი მეწყრული სხეულის ფარგლებში დაფიქსირებულია მცირე რაოდენობით. ტერიტორიაზე გავრცელებული მეწყრული მოვლენების პრევენციისთვის აუცილებელია გატარდეს მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები.
საკასაციო პალატის განმარტებით, ეკომიგრანტ ოჯახად ჩაითვლება ოჯახი, რომლის საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია სტიქიური მოვლენების გამო ან არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე მიწის ნაკვეთზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებთა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას. საკასაციო პალატა ასევე განმარტავს, რომ კასატორი, რომელიც წარმოადგენს ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, ვალდებულია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმიერად და სრული პასუხისმგებლობით მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზედმიწევნით ზუსტად განსაზღვროს არსებობს თუ არა ოჯახის სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) მიჩნევის საფუძველი. ამასთან, ასევე უნდა განისაზღვროს ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის პრიორიტეტულობის საკითხი.
საკასაციო სასამართლო, სადავო საკითხთან მიმართებით, ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ მოსარჩელისათვის საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფაზე უარის საფუძველი გახდა არა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის, განსახლების კრიტერიუმების, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესის“ შესაბამისად მინიჭებული ქულათა რაოდენობა (ნაკლებობა), არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მითითება, რომ განმცხადებელს აქვს შესაძლებლობა შეუფერხებლად ისარგებლოს ქ.ქუთაისში, ...ში №..., ბინა №...-ში მდებარე მეუღლის ლ. ფ-ეის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლით.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მითითებას იმის თაობაზე, რომ ამ ეტაპზე მოსარჩელის ოჯახის განსახლება გადაუდებელ აუცილებლობას არ წარმოადგენს, ვინაიდან შეუზღუდავად სარგებლობს ქალაქ ქუთაისში მდებარე საცხოვრებლით და მიუთითებს, რომ ქალაქ ქუთაისში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეა ლ. ფ-ე. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების ორგანიზების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის“ მე-2 მუხლის მე-17 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ადგილზე გადამოწმების შედეგად დადგინდება, რომ ოჯახს აქვს ფაქტობრივ მფლობელობაში საცხოვრებელი სახლი, რომელიც ამ პროცედურით გათვალისწინებული კრიტერიუმებით პრიორიტეტის მოპოვების მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით ოჯახის ერთ ან რამდენიმე წევრს არ აქვს საკუთრებაში რეგისტრირებული ან რეგისტრირებულია სხვა პირის სახელზე, რომლითაც სარგებლობს შეუზღუდავად, ოჯახს დააკლდება 6 ქულა ალტერნატიული საცხოვრებელი სახლის კრიტერიუმში. აღნიშნული გარემოება წარედგინება კომისიას, რომელიც განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას 6 ქულის დაკლების თაობაზე. დადგენილია, რომ ს. ს-ეს მინიჭებული აქვს 16 ქულა, რომელიც არ გადაფასებულა. ამასთან, მონიტორინგის ფორმაში, ოჯახის შემადგენლობის გრაფაში, ფიქსირდება მხოლოდ ს. ს-ე, შვილების და მეუღლის შესახებ ინფორმაცია დამოუკიდებლად არ არის მითითებული ოჯახის თაობაზე ინფორმაციის ნაწილში.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის ფაქტი არ გამორიცხავს ეკომიგრანტი ოჯახის უფლებას, მოცემულ ეტაპზე იქნეს დაკმაყოფილებული საცხოვრებლით, ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე. გასაჩივრებული აქტით მოსარჩელეს საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვა ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, თუმცა შესაბამისი საჭიროების არარსებობა დასაბუთებული არ არის.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მტკიცების ტვირთი მოიაზრებს დავის მონაწილე მხარის იურიდიულ მოვალეობას, შეასრულოს გარკვეული პროცესუალური მოქმედება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს გააჩნია არა მხოლოდ საპროცესო-სამართლებრივი, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე