საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1150(კ-24) 25 მარტი, 2025 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ს. ს-ი
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მაისის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა; ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2023 წლის 21 სექტემბერს ს. ს-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიმართ.
მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ, მოსარჩელემ მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის 2023 წლის 15 აგვისტოს საიდუმლო ინფორმაციის შემცველი სხდომის ოქმის, „მსჯავრდებულ ს. ს-ისთვის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტიპის განსაზღვრისა და №6 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2023 წლის 15 აგვისტოს №17893 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის, ს. ს-ისთვის დადგენილი რისკის სახედ - მომეტებულის და სასჯელის მოსახდელად ...ის ... პენიტენციური დაწესებულების განსაზღვრის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით ს. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის 2023 წლის 15 აგვისტოს ს. ს-ისთვის საშიშროების რისკის სახედ - მაღალის განსაზღვრის შესახებ სხდომის ოქმი და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2023 წლის 15 აგვისტოს №17893 ბრძანება ს. ს-ისთვის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსების შესახებ; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მაისის განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2023 წლის 15 აგვისტოს საშიშროების რისკის შეფასების შედეგად, ს. ს-ის რისკის სახედ განესაზღვრა - მაღალი და გადაყვანილ იქნა განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში.
მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის საიდუმლო ინფორმაციის შემცველი 2023 წლის 15 აგვისტოს სხდომის ოქმის მიხედვით, გუნდმა მხედველობაში მიიღო მონაცემების პირველადი დამუშავების შედეგად შეკრებილი ინფორმაცია მსჯავრდებულ - ს. ს-ითან მიმართებით, ასევე გაითვალისწინა მიღებული საიდუმლო ინფორმაციის შინაარსი და საშიშროების რისკების შეფასების გუნდმა ერთხმად გადაწყვიტა, რომ მსჯავრდებულ ს. ს-ის საშიშროების რისკის სახე იყო - მაღალი.
მსჯავრდებულის შესახებ საშიშროების რისკების შეფასების გუნდის საიდუმლო ინფორმაციის შემცველი 2023 წლის 15 აგვისტოს სხდომის ოქმის საფუძვლად გამოყენებული საიდუმლო ინფორმაციის გაცნობის შედეგად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, რომ მსჯავრდებულის შესაბამის დაწესებულებაში განთავსების განსაზღვრა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. თუმცა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2023 წლის 15 აგვისტოს №17893 ბრძანება სათანადო საკანონმდებლო აქტსა და მუხლებზე მითითების გარდა, არ შეიცავდა არავითარ დასაბუთებას მსჯავრდებულისათვის კონკრეტული რეჟიმის განსაზღვრის საჭიროების შესახებ.
სადავო ბრძანების საფუძვლად მითითებული იყო საშიშროების რისკების შეფასების გუნდის 2023 წლის 15 აგვისტოს საიდუმლო სხდომის ოქმი. ოქმში გადმოტანილი იყო ინფორმაცია გასულ წლებში ს. ს-ის რისკების შეფასების თაობაზე და მონაცემთა პირველადი დამუშავების ფორმიდან ამოღებული ინფორმაცია ს. ს-ის ქცევის შესახებ სასჯელის მოხდისას, სადაც უარყოფითი ინფორმაცია არ იყო მითითებული.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მსჯავრდებულ ს. ს-ის მონაწილეობა მიღებული ჰქონდა სხვადასხვა სარეაბილიტაციო და სოციალურ პროგრამებში „ბრაზის მართვა“, „კოგნიტური და სოციალური უნარების სატრენინგო მოდული“, „პოზიტიური აზროვნების უნარ-ჩვევების განვითარება“, „ნაბიჯი ცვლილებებისკენ“. მსჯავრდებულს ასევე ჰქონდა სწავლისა და მუშაობის სურვილი, მაგრამ არ ჰქონდა ამის შესაძლებლობა. მსჯავრდებული ს. ს-ი პატივისცემას გამოხატავდა დაწესებულების ადმინისტრაციის მიმართ. მსჯავრდებულის გადმოცემით მას სურს დისტანცირება კრიმინალური გარემოსგან. გათავისუფლების შემთხვევაში, იგი გეგმავდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრებას. დასახული ჰქონდა რეალისტური გეგმები. მსჯავრდებულს არ ჰქონდა კომუნიკაციასთან დაკავშირებული სირთულეები, არ იყო ჩაკეტილი, არ უჭირდა მოსაზრებების დაფიქსირება და მათი არგუმენტაცია. საიდუმლო ინფორმაციის შემცველი ოქმში აღნიშნული ფაქტის გამაბათილებელი გარემოებები ასახული არ იყო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ პატიმრობის კოდექსის 46-ე მუხლის მე-4 პრიმა ნაწილის თანახმად მსჯავრდებულის რისკის შეფასებასა და პერიოდულ გადაფასებას უზრუნველყოფს რისკის შეფასების გუნდი. მსჯავრდებულის რისკის სახეები, რისკის შეფასების კრიტერიუმები, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესი, მსჯავრდებულის სხვა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესი და პირობები, აგრეთვე გუნდის საქმიანობის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
„მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესის, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესისა და პირობების, აგრეთვე რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 მაისის №395 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის თანახმად მსჯავრდებულის საშიშროების რისკის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს დაწესებულების, გარშემომყოფთა, საზოგადოების, სახელმწიფოს ან/და სამართალდამცველი ორგანოების უსაფრთხოებისათვის მსჯავრდებულისგან მომდინარე საშიშროება, რომელიც განისაზღვრება მისი პიროვნული თვისებების, ჩადენილი დანაშაულის კატეგორიის და დანაშაულის მოტივის, დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგის, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი იმგვარი ქმედების, რომელიც იწვევს/გამოიწვევს დაპირისპირებას მსჯავრდებულთა მასასთან და საფრთხეს უქმნის/შეუქმნის მსჯავრდებულის/სხვა მსჯავრდებულების სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას ან პენიტენციური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას; დაწესებულების წარმომადგენლებთან და სხვა მსჯავრდებულებთან დამოკიდებულების, მათზე უარყოფითი გავლენის მოხდენის შესაძლებლობის, დაწესებულების დებულებითა და დღის განრიგით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების; ალკოჰოლის, აზარტული თამაშების, ნარკოტიკული, ახალი ფსიქოაქტიური და ფსიქოტროპული ნივთიერებების მიმართ დამოკიდებულების, მსჯავრდებულის მიერ წარსულში, ასევე დაწესებულებაში დანაშაულის ჩადენის ფაქტების, დარჩენილი _ სასჯელის ხანგრძლივობის, დაწესებულებიდან გაქცევის ან გაქცევის მცდელობის ფაქტების, წარსულში დაწესებულებაში სასჯელის მოხდის შემთხვევების, მსჯავრდებულის ასაკის, ქურდულ სამყაროსთან/ტერორიზმთან დაწესებულებაში არსებულ სარეაბილიტაციო/რესოციალიზაციის პროგრამებში ჩართულობის, დამოკიდებულების, ისეთი თვითდაზიანების მიყენების/მცდელობის ფაქტების, რომლითაც საფრთხე ექმნება ან შეიძლება შეექმნას დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას; წახალისების/დისციპლინური სახდელის/დისციპლინური პატიმრობის გამოყენების ფაქტებისა თუ კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე.
გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული ის გარემოება, რომ მსჯავრდებულმა ს. ს-იმა ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე დანაშაული. დანაშაული ჩადენილი ჰქონდა პენიტენციურ დაწესებულებაში, სასჯელის მოხდის პერიოდში დასჯილი იყო 36-ჯერ. იგი მიდრეკილია თვითდაზიანებისკენ.
კასატორის პოზიციის თანახმად, საკითხის გადაწყვეტისას რისკების შეფასების გუნდს შეეძლო კონკრეტული კრიტერიუმები საკითხის გადამწყვეტ ფაქტორად მიეჩნია, რაც არ ნიშნავდა ამ უფლებამოსილების გამოყენების კანონშეუსაბამობას. რისკების შეფასების გუნდის გადაწყვეტილება ნაკარნახევი იყო შინაგანი რწმენით და ეფუძნებოდა სადავო საკითხის ობიექტურ და სუბიექტურ გარემოებათა კვალიფიციურ შეფასებას. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, რისკების შეფასების გუნდმა მიიჩნია, რომ დადებითი კონტექსტის კრიტერიუმებმა, ვერ გადაწონა უარყოფითი კონტექსტის კრიტერიუმები.
საქმის მიმდინარეობის პერიოდში, 2024 წლის 19 ივლისს, როცა სადავოდ იყო გამხდარი სპეციალური პენიტენციურ სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანება, მსჯავრდებულ ს. ს-ის მიმართ რისკების შეფასების გუნდის მიერ გეგმიურად მოხდა რისკის გადაფასება და სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის მიერ გამოიცა შესაბამისი ბრძანება და კვლავ დაუდგინდა მაღალი რისკი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ საქმეზე სადავო საკითხს წარმოადგენს მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის 2023 წლის 15 აგვისტოს საიდუმლო ინფორმაციის შემცველი სხდომის ოქმის, „მსჯავრდებულ ს. ს-ისთვის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტიპის განსაზღვრისა და №6 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2023 წლის 15 აგვისტოს №17893 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ს. ს-ისთვის დადგენილი რისკის სახედ - მომეტებულის და სასჯელის მოსახდელად ...ის ... პენიტენციური დაწესებულების განსაზღვრის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი „პატიმრობის კოდექსი“ (ძალადაკარგულია - 15.12.2023, №3988 (პენიტენციური კოდექსი)) განსაზღვრავს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე თავისუფლების აღკვეთის სახით დადგენილი განაჩენის აღსრულების წესსა და პირობებს, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამართლებრივი დაცვის გარანტიებს, აწესრიგებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ორგანოთა საქმიანობას, ადგენს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებაში სახელმწიფო ორგანოთა, საზოგადოებრივ ორგანიზაციათა და მოქალაქეთა მონაწილეობის წესსა და პირობებს (მუხლი 3.1).
პატიმრობის კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებია: ა) გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; ბ) დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; გ) ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; დ) დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; ე) განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; ვ) არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულება; ზ) ქალთა სპეციალური დაწესებულება. ამავე კოდექსის 121 მუხლის თანახმად, განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება არის განსაკუთრებულად დაცული, შეიარაღებული დაცვით უზრუნველყოფილი, სპეციალური დამცავი ზღუდეებით გარშემორტყმული დაწესებულება, რომელშიც მიღებულია უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები და უზრუნველყოფილია მსჯავრდებულთა მუდმივი მეთვალყურეობა. განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულები განთავსებული არიან სპეციალურ საკნებში, სადაც მათზე მუდმივად ხორციელდება ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი. აუდიოსაშუალებებით მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელება დასაშვებია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში 662 მუხლის მიხედვით კი, განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სასჯელის მოსახდელად თავსდება საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებული, რომლის პიროვნული თვისებები, კრიმინალური ავტორიტეტი, დანაშაულის ჩადენის მოტივი, დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი ან/და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გამოვლენილი ქცევა მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ან შეიძლება შეუქმნას თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას ან გარშემომყოფთ, აგრეთვე საზოგადოების, სახელმწიფოს ან/და სამართალდამცველი ორგანოების უსაფრთხოებას
პატიმრობის კოდექსის 46-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, მსჯავრდებული, როგორც წესი, სასჯელს იხდის მისი ან მისი ახლო ნათესავის საცხოვრებელი ადგილიდან ყველაზე ახლოს მდებარე, შესაბამისი ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხოლო მე-4 ნაწილის მიხედვით, სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით მსჯავრდებული სამსახურის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით შეიძლება გადაყვანილ იქნეს სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში შემდეგ შემთხვევებში: ა) მსჯავრდებულის საშიშროების რისკის (შემდგომ − რისკი) გათვალისწინებით ან მსჯავრდებულის გათავისუფლებისათვის მოსამზადებლად; ბ) პენიტენციური დაწესებულების დებულების სისტემატური დარღვევისას; გ) მსჯავრდებულისა და სხვა პირთა უსაფრთხოების ან პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად; დ) მსჯავრდებულის ავადმყოფობისას; ე) პენიტენციური დაწესებულების რეორგანიზაციისას; ვ) პენიტენციური დაწესებულების ლიკვიდაციისას; ზ) პენიტენციური დაწესებულების გადატვირთულობისას; თ) ამ კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას; თ1) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1911 მუხლით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას, თუ მოსამართლის განჩინებით სამსახურის გენერალურ დირექტორს დაევალება შესაბამისი მსჯავრდებულის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელი განსაკუთრებული ზომების მიღება და ამ ღონისძიების გამოყენება აუცილებელია მსჯავრდებულის უსაფრთხოებისათვის; ი) მსჯავრდებულის თანხმობის არსებობისას; კ) სხვა მნიშვნელოვანი, დასაბუთებული გარემოების არსებობისას. ამავე მუხლის 41 ნაწილით კი დადგენილია, რომ მსჯავრდებულის რისკის შეფასებასა და პერიოდულ გადაფასებას უზრუნველყოფს რისკის შეფასების გუნდი (შემდგომ − გუნდი). მსჯავრდებულის რისკის სახეები, რისკის შეფასების კრიტერიუმები, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესი, მსჯავრდებულის სხვა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესი და პირობები, აგრეთვე გუნდის საქმიანობის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 მაისის №395 ბრძანებით დამტკიცებული მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის, გადაყვანის პირობების, აგრეთვე მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით, მსჯავრდებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით შეიძლება გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, საშიშროების რისკის ფაქტორის გათვალისწინებით. მოცემული წესის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გუნდის მიერ მსჯავრდებულის საშიშროების რისკის შეფასების საფუძველზე, მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში დატოვების, ასევე, იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის გადაწყვეტილებას ბრძანების სახით იღებს გენერალური დირექტორი, გუნდის გადაწყვეტილების მისთვის გადაცემიდან არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ვადაში.
მითითებული წესის მე-4 მუხლი ადგენს, რომ მსჯავრდებულის საშიშროების რისკის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს დაწესებულების, გარშემომყოფთა, საზოგადოების, სახელმწიფოს ან/და სამართალდამცველი ორგანოების უსაფრთხოებისათვის მსჯავრდებულისგან მომდინარე საშიშროება, რომელიც განისაზღვრება შემდეგი კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე: ა) მსჯავრდებულის პიროვნული თვისებები; ბ) ჩადენილი დანაშაულის კატეგორია და დანაშაულის ჩადენის მოტივი; გ) დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი; დ) დაწესებულებაში გამოვლენილი ქცევა; ე) მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი იმგვარი ქმედება, რომელიც იწვევს/გამოიწვევს დაპირისპირებას მსჯავრდებულთა მასასთან და საფრთხეს უქმნის/შეუქმნის მსჯავრდებულის/სხვა მსჯავრდებულების სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას ან პენიტენციური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას; ვ) დაწესებულების წარმომადგენლებთან და სხვა მსჯავრდებულებთან დამოკიდებულება, მათზე უარყოფითი გავლენის მოხდენის შესაძლებლობა; ზ) დაწესებულების დებულებითა და დღის განრიგით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება; თ) ალკოჰოლის, აზარტული თამაშების, ნარკოტიკული, ახალი ფსიქოაქტიური და ფსიქოტროპული ნივთიერებების მიმართ დამოკიდებულება; ი) მსჯავრდებულის მიერ წარსულში, ასევე დაწესებულებაში დანაშაულის ჩადენის ფაქტები; კ) დარჩენილი სასჯელის ხანგრძლივობა; ლ) დაწესებულებიდან გაქცევის ან გაქცევის მცდელობის ფაქტები; მ) წარსულში დაწესებულებაში სასჯელის მოხდის შემთხვევები; ნ) მსჯავრდებულის ასაკი; ო) ქურდულ სამყაროსთან/ტერორიზმთან დამოკიდებულება; პ) დაწესებულებაში არსებულ სარეაბილიტაციო/რესოციალიზაციის პროგრამებში ჩართულობა; ჟ) ისეთი თვითდაზიანების მიყენების/მცდელობის ფაქტები, რომლითაც საფრთხე ექმნება ან შეიძლება შეექმნას დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას; რ) წახალისების/დისციპლინური სახდელის/დისციპლინური პატიმრობის გამოყენების ფაქტი.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის 2023 წლის 15 აგვისტოს საიდუმლო ინფორმაციის შემცველი სხდომის ოქმით, ს. ს-ის საშიშროების რისკის სახედ განესაზღვრა - მაღალი. სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს გაეწია რეკომენდაცია, მსჯავრდებულის ს. ს-ის რისკის სახის შესაბამის დაწესებულებაში განთავსებაზე.
სადავო ოქმის მიხედვით, მსჯავრდებული ს. ს-ის სასჯელის სახე არის - უვადო თავისუფლების აღკვეთა. ოქმის თანახმად, ს. ს-იმა დანაშაული ჩაიდინა პენიტენციურ დაწესებულებაში. სასჯელის მოხდის პერიოდში დასჯილი იყო 36-ჯერ. იგი მიდრეკილ იყო თვითდაზიანებისკენ. მსჯავრდებულ ს. ს-ის მონაწილეობა მიღებული ჰქონდა სხვადასხვა სარეაბილიტაციო და სოციალურ პროგრამებში „ბრაზის მართვა“, „კოგნიტური და სოციალური უნარების სატრენინგო მოდული“, „პოზიტიური აზროვნების უნარ-ჩვევების განვითარება“, „ნაბიჯი ცვლილებებისკენ“. მსჯავრდებულს ასევე ჰქონდა სწავლისა და მუშაობის სურვილი, მაგრამ არ ჰქონდა ამის შესაძლებლობა. მსჯავრდებული ს. ს-ი პატივისცემას გამოხატავდა დაწესებულების ადმინისტრაციის მიმართ. მსჯავრდებულის გადმოცემით მას სურდა დისტანცირება კრიმინალური გარემოსგან. გათავისუფლების შემთხვევაში ის გეგმავდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრებას. დასახული ჰქონდა რეალისტური გეგმები. მსჯავრდებულს არ ჰქონდა კომუნიკაციასთან დაკავშირებული სირთულეები, არ იყო ჩაკეტილი, არ უჭირდა მისი მოსაზრებების დაფიქსირება და მათი არგუმენტაცია.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2023 წლის 15 აგვისტოს №17893 ბრძანებით, ს. ს-ის სასჯელის მოსახდელად განესაზღვრა განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება და განთავსებული იქნა №6 პენიტენციურ დაწესებულებაში. აღნიშნული ბრძანების მიღების საფუძველია - მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის 2023 წლის 15 აგვისტოს საიდუმლო ინფორმაციის შემცველი სხდომის ოქმი.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის შეფასებას, რომ მსჯავრდებულის შესაბამის დაწესებულებაში განთავსების განსაზღვრა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ „დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევს მოქმედების თავისუფლებას, თუმცა არ ქმნის სამართლისგან სრულიად თავისუფალ სივრცეს, ასეთ პირობებში მოქალაქეს არ ერთმევა უფლება მოითხოვოს მის მიმართ უშეცდომო გადაწყვეტილების მიღება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ არ არსებობს სრულიად დისკრეციული უფლებამოსილება, ისევე როგორც სრული მოწესრიგება. გარემოებათა სიმრავლის, სფეროს თავისებურებების გათვალისწინებით სასამართლო შემოწმების მასშტაბი ცვალებადია (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 07.03.2019წ. №ბს-797(კ-18) გადაწყვეტილება). ადმინისტრაციული ორგანოს მიხედულება უკიდეგანო არ არის და მის ფარგლებში თვითნებობის, დისკრიმინაციის, დისკრეციული უფლებამოსილების გადაჭარბების ან არამიზნობრივი გამოყენების გამოვლენა დაუშვებელია, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეცია არ ნიშნავს თანასწორობის ან კანონიერების პრინციპის უგულებელყოფას, დისკრეციული უფლებამოსილება სამართლებრივად შებოჭილი თავისუფლებაა. დისკრეციული უფლებამოსილების ცნებისათვის იმანენტურია მისი სამართლებრივი ბოჭვა, რაც სასამართლო კონტროლის პირობებშია შესაძლებელი“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა - 07.03.2019წ. №ბს-797(კ-18) გადაწყვეტილება).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეცია შებოჭილია საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 მაისის №395 ბრძანებით დამტკიცებული მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის, გადაყვანის პირობების, აგრეთვე მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის მე-4 მუხლით, რომელიც კონკრეტულად განსაზღვრავს თუ რა გარემოებები უნდა იქნას შეფასებული მსჯავრდებულის საშიშროების რისკის განსაზღვრისას.
განსახილველ შემთხევაში, მართალია კასატორი მიუთითებს, რომ მსჯავრდებული სასჯელს იხდიდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის, იყო თვითდაზიანებისკენ მიდრეკილი, დანაშაული ჩაიდინა პენიტენციურ დაწესებულებაში, სასჯელის მოხდის პერიოდში დასჯილი იყო 36-ჯერ, თუმცა საქმეზე ასევე უდავოდ დადგენილია გარემოებებიც, რომლებიც ასახავენ ს. ს-ის დადებით ქცევას. კერძოდ, მას მონაწილეობა მიღებული ჰქონდა სხვადასხვა სარეაბილიტაციო და სოციალურ პროგრამებში „ბრაზის მართვა“, „კოგნიტური და სოციალური უნარების სატრენინგო მოდული“, „პოზიტიური აზროვნების უნარ-ჩვევების განვითარება“, „ნაბიჯი ცვლილებებისკენ“. მსჯავრდებულს ასევე ჰქონდა სწავლისა და მუშაობის სურვილი, მაგრამ არ ჰქონდა ამის შესაძლებლობა. მსჯავრდებული ს. ს-ი პატივისცემას გამოხატავდა დაწესებულების ადმინისტრაციის მიმართ. მსჯავრდებულის გადმოცემით მას სურდა დისტანცირება კრიმინალური გარემოსგან. გათავისუფლების შემთხვევაში ის გეგმავდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრებას. დასახული ჰქონდა რეალისტური გეგმები. მსჯავრდებულს არ ჰქონდა კომუნიკაციასთან დაკავშირებული სირთულეები, არ იყო ჩაკეტილი, არ უჭირდა მისი მოსაზრებების დაფიქსირება და მათი არგუმენტაცია. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დასახელებული გარემოებები პირდაპირ კავშირშია საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 მაისის №395 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლით, განსაზღვრულ კრიტერიუმებთან. კერძოდ, აღნიშნული მუხლის „ა“, „ვ“ და „პ“ ქვეპუნქტებით ფასდება მსჯავრდებულის პიროვნული თვისებები; დაწესებულების წარმომადგენლებთან და სხვა მსჯავრდებულებთან დამოკიდებულება, მათზე უარყოფითი გავლენის მოხდენის შესაძლებლობა; დაწესებულებაში არსებულ სარეაბილიტაციო/რესოციალიზაციის პროგრამებში ჩართულობა. აღნიშნული კრიტერიუმებით მსჯავრდებულის შეფასების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული შესაბამისი მსჯელობა და დასკვნა.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურიდან გამოთხოვილი იქნა მსჯავრდებულის შესახებ საშიშროების რისკების შეფასების გუნდის საიდუმლო ინფორმაციის შემცველი 2023 წლის 15 აგვისტოს სხდომის ოქმის საფუძვლად გამოყენებული საიდუმლო ინფორმაცია ს. ს-ითან დაკავშირებით. აღნიშნული ინფორმაციის გაცნობის შედეგად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული სასამართლოს განჩინების გაუქმების საფუძველი. საიდუმლო ინფორმაციის გამოკვლევა განხორციელდა კანონის მოთხოვნათა დაცვითა სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თუმცა მასში მითითებული ფაქტები, საიდუმლოების შემცველობის გამო, არ აისახა სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შეფასებისა და გადაწყვეტილების სათანადო დასაბუთების გარეშე. სადავო აქტებში არ არის სათანადო მსჯელობა იმის თაობაზე, თუ რატომ ჩათვალა ადმინისტრაციულმა ორგანომ მსჯავრდებულ ს. ს-ისთვის რისკის სახედ - მაღალის განსაზღვრა და №6 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსება საფუძვლიანად, პატიმართან დაკავშირებით არსებული როგორც ნეგატიური, ასევე დადებითი მახასიათებლების არსებობის პირობებში. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, საკითხის გადაწყვეტის მიზნით მიღებული გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს დასაბუთებას. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, არა მხოლოდ მიუთითოს ფაქტორებზე, რომლებიც გადაწყვეტილების მიღებისას ერთმანეთს დაუპირისპირა საკითხის გადაწყვეტის მიზნით, არამედ მიღებულ გადაწყვეტილებაში უნდა ასახოს მსჯელობა, რომელიც ახსნის ამგვარი გადაწყვეტილების კანონზომიერებას. ამგვარი დასაბუთების გარეშე, შეუძლებელია დადგინდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების მართლზომიერება და შეფასდეს მისი კანონშესაბამისობა. განსახილველ შემთხვევაში კი სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არ შეიცავს სათანადო დასაბუთებას, რამ განაპირობა მოსარჩელისათვის მაღალი რისკის განსაზღვრა ... იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებში მითითებულია მოსარჩელის შესახებ არაერთი დადებითი გარემოება (მსგავს საკითხზე იხ. სუსგ №ბს-125(კ-24) 06.06.2024 წ.).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლის თანახმად, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერების დამტკიცება სასამართლოს წინაშე, ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ვალდებულებას და სამართლებრივ პასუხისმგებლობას აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლი სადავო აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთს აკისრებს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს და ავალდებულებს დაამტკიცოს, რომ მან უზრუნველყო მის მიერ გამოცემული გადაწყვეტილების კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად მომზადება, მიღება, გამოცემა (იხ. სუსგ ბს-626-596(კ-07); №ბს-1236(კ-18)).
ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობა არ გამორიცხავს ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების შედეგად იმავე შინაარსის გადაწყვეტილების მიღებას (იხ. სუსგ 20.04.2006წ. №ბს-1291-866(კ-05); 18.10.2018წ. №ბს-368-368(კ-18))
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად არსებითად სწორად შეაფასა საქმის გარემოებები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ბ. შონია
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. მაკარიძე