Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-439(კ-24) 10 მარტი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 თებერვლის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარეები - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მესტიის მუნიციპალიტეტის მერია; მესამე პირები - მ. კ-ი, ლ. კ-ი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 20 დეკემბერს, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა ა. ნ-იმა სარჩელით, ხოლო 2023 წლის 30 ოქტომბერს დაზუსტებული სარჩელით მიმართა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის, მ. და ლ. კ-იების მიმართ და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების შესახებ ...ს ადმინისტრაციულ ერთეულში მესტიის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის 2019 წლის 07 ოქტომბრის №631 ბრძანების და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 16 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების (რეგისტრაციის შესახებ) ბათილად ცნობა.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მესამე პირებად ჩაება მ. კ-ი და ლ. კ-ი.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 თებერვლის განჩინებით სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს მსჯელობით, სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 26 აგვისტოს №5/50953 წერილით ეცნობა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წერილის საფუძველზე, 508 246 კვ.მ. მიწის ნაკვეთის სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის შესახებ. დოკუმენტაციის შესწავლით დადგინდა, რომ საჯარო რეესტრის 2019 წლის 16 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით, 6 807 კვ.მ მიწის ნაკვეთი ამოირიცხა სახელმწიფო ტყის ფონდიდან და დარეგისტრირდა გი. კ-ის საკუთრებად.

სასამართლოს მსჯელობით, სადავო - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №... გადაწყვეტილება მიღებულია გი. კ-ის 2019 წლის 1 აპრილის №... სარეგისტრაციო განაცხადთან დაკავშირებით, რომლითაც ითხოვდა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციას მესტიის მუნიციპალიტეტის ...ს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ...ში მდებარე 6 807 კვ.მ. სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირება რეგისტრირდება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ქონების მმართველის მიმართვის საფუძველზე. გასათვალისწინებლად მიიჩნია „სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 04 აგვისტოს №2199 დადგენილება და განმარტა, რომ დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების მიხედვით და 1994 წლის ტყეთმოწყობის მასალებით სადაო მიწის ნაკვეთი რეგისტრაციისას ხვდებოდა ტყის ფონდის საზღვრებში, თუმცა გი. კ-იმა გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება კორექტირების თაობაზე და განაცხადა თანხმობა კიდეც კორექტირების შესახებ. პალატამ ერთმნიშვნელოვნად დადგენილად მიიჩნია, რომ სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც წარმოშობს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას არის საკომლო წიგნის ჩანაწერი, რომელიც გამოცემულია 2012 წლის 1 იანვრამდე.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ტყის ფონდის საზღვრების კორექტირებასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრის მიერ დაცული იქნა კანონის მოთხოვნები. განმარტა, რომ ტყის ფონდის საზღვრებთან მიმართებაში გადაწყვეტილების მიმღებია საჯარო რეესტრი. ამდენად, მიიჩნია, რომ სარჩელით სადავოდ ქცეული რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით მართებულად შეაფასა პირველი ინსტანციის სასამართლომ. შესაბამისად, უსაფუძვლოდ მიიჩნია წარდგენილი სააპელაციო საჩივარი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ.

კასატორის - სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლის მსჯელობით, სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე მთელი რიგი გარემოებები და პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩააყენა მოწინააღმდეგე მხარე. განმარტავს, რომ სააგენტო არ დავობს უფლების არსებობა - არარსებობაზე, არამედ სადავოდ არის გამხდარი ამ უფლების არსებობა კონკრეტულად სახელმწიფო ტყის საზღვრებში. დაუშვებლად მიიჩნევს საარქივო მონაცემებში ასახული ინფორმაციის გამოყენებას სახელმწიფო ტყის მიწების რეგისტრაციისთვის და განმარტავს, რომ სახელმწიფოს არც ერთ პერიოდში არ გაუცია სახელმწიფო ტყის მიწები კერძო პირებზე. მიიჩნევს, რომ საარქივო მასალებში ასახული ინფორმაცია სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ სადავოდ არ გახდა მხოლოდ იმის მოტივით, რომ არ შეიცავდა ინფორმაციას სახელმწიფო ტყის მიწების კერძო საკუთრებაში გადაცემის თაობაზე, რაც კასატორის მსჯელობით გულისხმობს, რომ სადავო მიწა არ გადასცემია დაინტერესებულ პირს და ადგილი აქვს უფლების დამდგენი დოკუმენტის არასწორად გამოყენების მცდელობას. აკონკრეტებს, რომ სწორედ აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე სადავოა მესტიის მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული, 2019 წლის 7 ოქტომბრის N00631 ოქმისა და 2019 წლის 7 ოქტომბრის N631 ბრძანების კანონიერება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე მითითებით განმარტავს, რომ მესტიის მუნიციპალიტეტის მერი ვალდებული იყო სადავო ბრძანების გამოცემისას გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიეღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. გი. კ-ის განცხადებით მოთხოვნილი იყო უფლების რეგისტრაცია მიწის ნაკვეთზე, რომელიც ზედდებაში იყო სახელმწიფოს ტყის ფონდთან და მიუხედავად აღნიშნულისა, გადაწყვეტილების მიღება ბრძანების გამოცემის თაობაზე მოხდა სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოსთვის შეტყობინების გარეშე.

კასატორი არ იზიარებს საქმის განმხილველმა სასამართლოს მიერ სადავო აქტების კანონშესაბამისად მიჩნევას და განმარტავს, რომ აღნიშნული არ ადასტურებს უფლების დამდგენი დოკუმენტის იდენტურობას აზმოვით ნახაზთან, არამედ ადგენს აზომვითი ნახაზის იდენტურობას მიწის ნაკვეთის კონკრეტულ ადგილზე მდებარეობასთან. მიიჩნევს, რომ მესტიის მუნიციპალიტეტის მერიას არ შეუსწავლია საკითხი შეიძლებოდა თუ არა საარქივო მონაცემებში ასახული ინფორმაცია გავრცელებულიყო იმ მიწის ნაკვეთზე, რომელიც სახელმწიფო ტყეს წარმოადგენდა. საჩივრის ავტორი მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს იმ მსჯელობაზე, რომ საზღვრის კორექტირება შესაძლებელია განხორციელდეს მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ან მართლზომიერი მფლობელის განცხადების საფუძველზე, თუ სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც წარმოშობს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას გამოცემული, მიღებული ან შედგენილია 2012 წლის 1 იანვრამდე. მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოწინააღმდეგე მხარეები (მესამე პირები) მიწის ნაკვეთის არც მესაკუთრეები და არც მართლზომიერი მფლობელები არ იყვნენ და ამავდროულად, არც ის დოკუმენტები რომლის საფუძველზეც მოხდა საკუთრების უფლების დარეგისტრირება არ წარმოშობს სახელმწიფო ტყის მიწებზე საკუთრების უფლებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 აპრილის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, შეფასების საგანს წარმოადგენს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 16 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებისა და მესტიის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის 2019 წლის 07 ოქტომბრის №631 ბრძანების კანონიერება.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2019 წლის 01 აპრილს გი. კ-ის მიერ სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი იქნა №... სარეგისტრაციო განცხადება თანდართული მიწის ნაკვეთის საკადასტრო - აზომვითი ნახაზის ქაღალდის და ელექტრონული ვერსიებით. განცხადებით მოთხოვნილი იყო სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია მესტიის მუნიციპალიტეტის ...ს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ...ში მდებარე 6 807 კვ.მ. სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. განცხადება, ასევე შეიცავდა თანხმობას ისეთი შემთხვევისათვის, თუკი მის მიერ წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე არსებული უძრავი ნივთი მოხვდება სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებში, მომხდარიყო სახელმწიფო ტყის ფონდის კორექტირება წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით.

2019 წლის 05 აპრილს სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული იქნა №...-03 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ, რომლითაც დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ მის მიერ არ იყო წარდგენილი უძრავ ნივთზე საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2019 წლის 05 აპრილს №120622 მიმართვით გამოითხოვა ინფორმაცია სსიპ საქართველოს ეროვნული არქივიდან გი. კ-ის კომლის შემადგენლობისა და კომლის სახელზე რიცხული ქონებრივი მდგომარეობის შესახებ 2007 წლის 20 სექტემბრამდე მდგომარეობით. დაინტერესებულ პირს ასევე განემარტა, რომ სარეგისტრაციო წარმოება განახლდებოდა 2019 წლის 05 აპრილის №120622 მიმართვაზე პასუხის მიღებისთანავე.

სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2019 წლის 10 აპრილის №45/39744 მიმართვით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეთხოვა მოქალაქის სახელის დაზუსტება, ვინაიდან საარქივო მასალებში ფიქსირდებოდა გ. გ.-ს ძე კ-ის კომლი.

2019 წლის 16 აპრილის №131778 მიმართვით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გამოითხოვა გ. გ.-ს ძე კ-ის კომლის შესახებ ინფორმაცია, ხოლო 2019 წლის 16 აპრილს სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული იქნა სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... გადაწყვეტილება, რომლითაც განმცხადებელს განემარტა, რომ სარეგისტრაციო წარმოება განახლდებოდა არქივიდან პასუხის მიღებისთანავე.

საქართველოს ეროვნული არქივის 2019 წლის 22 აპრილის №45/45493 ცნობით, მესტიის რაიონის ...ს საკრებულოს 1986 - 1996 წლების საკომლო წიგნების ჩანაწერში ფიქსირდება გ. კ-ის კომლი (ამ კომლის ერთ - ერთი წევრია შვილი გო. კ-ი), კომლზე რიცხული მიწის ფართი შენობა - ნაგებობიანად, შეადგენს 1986-1988 წლებში - 0,50 ჰა-ს.

მესტიის რაიონის ...ს საკრებულოს 1998 წლის მიწის განაწილების საკადასტრო წიგნის ჩანაწერებში მიწის ფართი ფიქსირებულია გო. კ-ის სახელზე და შეადგენს: სახნავი - 3431 კვ.მ; ბაღი - 450 კვ.მ; სათიბი - 6650 კვ.მ.

2001-2005 წლების მონაცემებით მიწის ფართი ფიქსირებულია გო. კ-ის სახელზე და შეადგენს ჯამში 10,87 ჰა, მათ შორის: სახნავი - 0,34 ჰა, სათიბი - 0,67 ჰა. ცნობაში მითითებულია საძოვარი - 9,96 ჰა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ მითითებული ოდენობით მიწის ნაკვეთი კომლს არ გამოეყოფოდა, თუმცა მისი რეგისტრაცია გი. კ-ის არ მოუთხოვია. მხოლოდ სახნავის და სათიბის რეგისტრაცია მოითხოვა.

დადენილია, რომ 2019 წლის 30 აპრილს სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული იქნა სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2019 წლის 30 აპრილის №... წერილით გამოითხოვა ინფორმაცია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან. სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მესტიის მუნიციპალიტეტის მერიიდან მოპოვებული 2019 წლის 19 სექტემბრის №2102 ცნობით დადასტურდა, რომ გო. კ-ი და გი. კ-ი ერთი და იგივე პიროვნებაა.

2019 წლის 13 სექტემბერს სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული იქნა №... გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად უნდა დადგენილიყო უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა.

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2019 წლის 13 სექტემბერს №322195 წერილით გამოითხოვა ინფორმაცია მესტიის მუნიციპალიტეტის მერიიდან.

დადგენილია, რომ მესტიის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ...ს ადმინისტრაციულ ერთეულში 2019 წლის 07 ოქტომბერს შეადგინა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №00631 ოქმი. ოქმით ირკვევა, რომ საქართველოს ეროვნული არქივის 2019 წლის 22 აპრილის №45/45493 ცნობაში აღნიშნული მონაცემები იდენტურია შპს „ბ....“-ის მიერ 17.03.2019წ. შესრულებულ საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული უძრავი ქონებისა.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის 2019 წლის 07 ოქტომბრის №631 ბრძანებით, დადგინდა გი. კ-ის მიერ წარდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთების იდენტურობა.

2019 წლის 16 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 6 807 კვ.მ. სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა გი. კ-ის და სხვათა თანასაკუთრებად. უძრავ ნივთს მიენიჭა საკადასტრო კოდი:..., უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებია: 2019 წლის 22 აპრილის №45/45493 საარქივო ცნობა.

საკითხზე მსჯელობის მიზნით პალატა მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 151 მუხლს, რომელიც ითვალისწინებს ტყის ფონდის საზღვრის დადგენისა და მასში ცვლილებების შეტანის რეგისტრაციის წესს. დავის საგანი გათვალისწინებით, აქვე საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირება რეგისტრირდება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ქონების მმართველის მიმართვის საფუძველზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა განსახილველ შემთხვევაში, სადავო რეგისტრაცია განხორციელდა მესამე პირის სარეგისტრაციო განცხადების საფუძველზე, რომლის საკუთრების უფლება დასტურდებოდა საქართველოს ეროვნული არქივის 2019 წლის 22 აპრილის №45/45493 საარქივო ცნობით, რომლის თანახმად, მესტიის რაიონის ...ს საკრებულოს 1986 - 1996 წლების საკომლო წიგნების ჩანაწერში ფიქსირდება გი. (გო.) კ-ის კომლი, კომლზე რიცხული მიწის ფართი შენობა - ნაგებობიანად, შეადგენს 1986-1996 წლებში - 0,50 ჰა-ს. 2001-205 წლების მონაცემებით - სახნავი - 3 431 კვ.მ; ბაღი - 450 კვ.მ; სათიბი - 6 650 კვ.მ.; ცნობაში მითითებულია საძოვარი - 9,96,3 ჰა და სარეგისტრაციო დოკუმენტი გამოცემულია – 2012 წლის 1 იანვრამდე.

სადავო საკითხის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს აპელირება საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების მე-11 პუნქტზე, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 24 თებერვლის №148 დადგენილებაზე, „სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების თაობაზე საქართველოს პარლამენტის 22.03.1996 წ. №66 დადგენილებაზე, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონზე, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, მიწის ნაკვეთზე, უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 1 აგვისტოს №153 ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესზე და ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებებზე, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2019 წლის 05 აპრილს №120622 მიმართვით სსიპ საქართველოს ეროვნული არქივიდან გამოითხოვა ინფორმაცია გი. კ-ის კომლის შემადგენლობისა და კომლის სახელზე რიცხული ქონებრივი მდგომარეობის შესახებ 2007 წლის 20 სექტემბრამდე მდგომარეობით.

როგორც საქართველოს ეროვნული არქივის 2019 წლის 22 აპრილის №45/45493 ცნობით ირკვევა, მესტიის რაიონის ...ს საკრებულოს 1986-1996 წლების საკომლო წიგნების ჩანაწერში ფიქსირდება გ. კ-ის კომლი (ამ კომლის ერთ - ერთი წევრია შვილი გო. კ-ი), კომლზე რიცხული მიწის ფართი შენობა - ნაგებობიანად, შეადგენს 1986-1988 წლებში - 0,50 ჰა-ს.მესტიის რაიონის ...ს საკრებულოს 1998 წლის მიწის განაწილების საკადასტრო წიგნის ჩანაწერებში მიწის ფართი ფიქსირებულია გო. კ-ის სახელზე და შეადგენს: სახნავი - 3431 კვ.მ; ბაღი - 450 კვ.მ; სათიბი - 6650 კვ.მ. 2001-2005 წლების მონაცემებით მიწის ფართი ფიქსირებულია გო. კ-ის სახელზე და შეადგენს ჯამში 10,87 ჰა, მათ შორის: სახნავი - 0,34 ჰა, სათიბი - 0,67 ჰა. სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მესტიის მუნიციპალიტეტის მერიიდან მოპოვებული 2019 წლის 19 სექტემბრის №2102 ცნობით დადასტურდა, რომ გო. კ-ი და გი. კ-ი ერთი და იგივე პიროვნებაა.

საკასაციო პალატის მოსაზრებით, გასათვალისწინებელი ის გარემოება, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტო 2019 წლის 13 სექტემბერს №322195 წერილით გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია მესტიის მუნიციპალიტეტის მერიიდან. მესტიის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ...ს ადმინისტრაციულ ერთეულში 2019 წლის 07 ოქტომბერს შეადგინა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №00631 ოქმი. ოქმით ირკვევა, რომ საქართველოს ეროვნული არქივის 2019 წლის 22 აპრილის №45/45493 ცნობაში აღნიშნული მონაცემები იდენტურია შპს „ბ....“-ის მიერ 17.03.2019წ. შესრულებულ საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული უძრავი ქონებისა. მესტიის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის 2019 წლის 07 ოქტომბრის №631 ბრძანებით, დადგინდა გი. კ-ის მიერ წარდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთების იდენტურობა. აღნიშნული კი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2019 წლის 16 ოქტომბრის N... გადაწყვეტილების (რეგისტრაციის შესახებ) მიღების საფუძველი გახდა, რომლითაც დაკმაყოფილდა გი. კ-ის მოთხოვნა და მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 6 807 კვ.მ. სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა გი. კ-ის და სხვათა თანასაკუთრებად. უძრავ ნივთს მიენიჭა საკადასტრო კოდი: ..., უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებად კი მითითებულია 2019 წლის 22 აპრილის N45/45493 საარქივო ცნობა.

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი ეფუძნება იმ გარემოებას, რომ სადავო მიწის ნაკვეთი „სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 04 აგვისტოს №299 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების მიხედვით სრულად მდებარეობდა სახელმწიფო ტყის საზღვრებში და ექცეოდა სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ფართობს და იდენტურობის დადგენისას, არ იქნა შესწავლილი რამდენად შეიძლებოდა კერძო საკუთრების არსებობა სახელმწიფო ტყის საზღვრებში, ასევე სახელმწიფო ტყის საზღვრების კორექტირებისას, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო აუცილებლად უნდა ყოფილიყო ინფორმირებული და უნდა ჰქონოდა შესაძლებლობა წარმოედგინა ინფორმაცია/დოკუმენტაცია საქმესთან დაკავშირებით, რაც არ განუხორციელებია საჯარო რეესტრს.

კასატორის აღნიშნულ მსჯელობას საკასაციო პალატა ასაბუთებს ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 151 მუხლზე აპელირებით, სადაც მითითებულია, რომ სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის დადგენის რეგისტრაციას სააგენტო ახორციელებს საქართველოს მთავრობის შესაბამისი აქტის საფუძველზე, ხოლო მასში ცვლილებების შეტანის რეგისტრაციას − ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული წესებით. სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის ცვლილება ხორციელდება საზღვრის კორექტირებით. ამავე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირება რეგისტრირდება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ქონების მმართველის მიმართვის საფუძველზე.

გასაზიარებელია ქვედა ინსტანციის სასამართლოს ის განმარტება, რომ „სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 04 აგვისტოს №2199 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების მიხედვით და 1994 წლის ტყეთმოწყობის მასალებით, სადაო მიწის ნაკვეთი რეგისტრაციისას ხვდებოდა ტყის ფონდის საზღვრებში, თუმცა გი. კ-იმა გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება კორექტირების თაობაზე და განაცხადა თანხმობა კიდეც კორექტირების შესახებ. დადგენილია, რომ სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც წარმოშობს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას არის საკომლო წიგნის ჩანაწერი, რომელიც გამოცემულია 2012 წლის 1 იანვრამდე. საკასაციო პალატას თვლის, რომ ტყის ფონდის საზღვრების კორექტირებასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრის მიერ დაცული იქნა კანონის მოთხოვნები. გასათვალისწინებელია, რომ ტყის ფონდის საზღვრებთან მიმართებაში გადაწყვეტილების მიმღებია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 151 მუხლი, ტყის საზღვრის კორექტირების უფლებას აძლევს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსაც თუ ამ უკანასკნელს მიმართა მიწის ნაკვეთის მესაკუთრემ, რომლის უფლების დამდგენი დოკუმენტი გამოცემული, მიღებული ან შედგენილია 2012 წლის 1 იანვრამდე (1514 მუხლი). აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის განმარტებას, რომ სარეგისტრაციო სამსახური არ იყო უფლებამოსილი მიეღო გადაწყვტილება ტყის საზღვრის კორექტირების თაობაზე.

საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო - სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აქტის მომზადებისა და გამოცემის წესის აშკარა დარღვევად ჩაითვლება შემთხვევა, როდესაც ასეთი დარღვევის არ არსებობის შემთხვევაში აღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება აცნობოს დაინტერესებულ მხარეს ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ, პირველ რიგში განპირობებულია იმ გარემოებით, რომ წარმოების დაწყების პირველ სტადიაზე უცნობია საბოლოო შედეგის შესახებ და ვინაიდან ამ შედეგით შესაძლოა გაუარესდეს დაინტერესებული პირის სამართლებრივი მდგომარეობა, მას უნდა მიეცეს შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში და დაიცვას თავისი უფლება უკანონო ხელყოფისაგან. მისმა მონაწილეობამ შესაძლოა გავლენა იქონიოს შედეგზე და მიღებული იქნას განსხვავებული გადაწყვეტილება, ვიდრე ეს მიღებული იქნებოდა მისი დასწრების გარეშე. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოსათვის ცნობილი იყო გი. კ-ის განცხადებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობის შესახებ, მაგრამ ცხადია სააგენტოს ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობა გავლენას ვერ იქონიებდა საბოლოო შედეგზე. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზე არ არის კანონის ისეთი დარღვევა რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა - განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებლი პრეტენზია (შედავება). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოს (ს/ნ 204578581) უკან უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით, 2024 წლის 20 მარტს N06233 საგადახდო მოთხოვნის საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 თებერვლის განჩინება;

3. სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოს (ს/ნ 204578581) უკან დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით, 2024 წლის 20 მარტს N06233 საგადახდო მოთხოვნის საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

გიორგი გოგიაშვილი