Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-785(კ-23) 25 მარტი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - გ. ს-ა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 06 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად უარყოფა

დავის საგანი - გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

გ. ს-ამ 2021 წლის 22 ოქტომბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 05 ოქტომბრის №03-3524/ო ბრძანების ბათილად ცნობა და გ. ს-ას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 04 მაისის გადაწყვეტილებით გ. ს-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 05 ოქტომბრის №03-3524/ო ბრძანება და მოპასუხეს, გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გ. ს-ას ოჯახთან (ერთსულიანი) დაკავშირებით, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 06 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 04 მაისის გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 28 ივლისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.

2023 წლის 22 ნოემბერს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა გ. ს-ას წარმომადგენელმა ლ. ბ-ეემ, რომელმაც აღნიშნა, რომ მისი მარწმუნებელი, გ. ს-ა 2023 წლის 29 მაისს გარდაიცვალა და მოითხოვა საქმის წარმოების შეჩერება მოსარჩელის უფლებამონაცვლის დადგენამდე. ლ. ბ-ეის განცხადებას თან ერთვის №01237040725 გარდაცვალების მოწმობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 29 ნოემბრის განჩინებით შეჩერდა საქმის წარმოება მოსარჩელის გარდაცვალების გამო მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე. განჩინება გაიგზავნა გ. ს-ას წარმომადგენელს - ლ. ბ-ეეს საქმეში მითითებულ მისამართზე და შპს „ს...-ს“ გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათის მიხედვით ჩაჰბარდა პირადად. ადმინისტრაციული საქმის წარმოების შეჩერების პერიოდში გ. ს-ას ოჯახის წევრებს (სავარაუდო მემკვიდრეებს) საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის ზეპირი ან წერილობითი ფორმით არ მოუმართავს.

04.12.2024წ. წერილით გ. ს-ას სავარაუდო უფლებამონაცვლეს ეცნობა, რომ გასული იყო უფლებამონაცვლის დადგენამდე საქმის წარმოების შეჩერების ნორმატიულად განსაზღვრული მაქსიმალური ვადა და მიეცა 07 დღე გ. ს-ას უფლებამონაცვლის შესახებ ინფორმაციისა და უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის საკასაციო პალატაში წარსადგენად, ასევე განემარტა, რომ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში გ. ს-ას სარჩელი დატოვებული იქნებოდა განუხილველი. კორესპონდენცია გაიგზავნა გ. ს-ას საქმეში მითითებულ მისამართზე და 05.12.2024წ. ჩაბარდა მ. ს-ას (შვილს), რაც დგინდება შპს „ს...-ს“ გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით. მ. ს-ას ან გ. ს-ას ოჯახის სხვა წევრს საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის არც აღნიშნულის შემდეგ მოუმართავთ.

05.02.2025წ. გ. ს-ას სავარაუდო უფლებამონაცვლეს განმეორებით განემარტა საქმის წარმოების შეჩრების საფუძვლების, საქმის წარმოების განახლებისა და შესაბამისად, უფლებამონაცვლეობის დადგენისთვის საჭირო წარმოსადგენი დოკუმენტაციის შესახებ. აღნიშნული კორესპონდენციაც გაიგზავნა გ. ს-ას საქმეში მითითებულ მისამართზე, თუმცა შპს „ს...-ს“ გზავნილების ჩაბარების შეტყობინების ბარათის თანახმად, გ. ს-ას სავარაუდო უფლებამონაცვლემ უარი განაცხადა გზავნილის ჩაბარებაზე.

20.03.2025წ. სატელეფონო შეტყობინების აქტით დგინდება, რომ მ. ს-ამ უარი განაცხადა საქმეში გ. ს-ას უფლებამონაცვლედ ჩაბმაზე, რამდენადაც დედის გარდაცვალების გამო აღნიშნულ საქმეზე მას აღარ გააჩნდა ინტერესი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ს-ას სარჩელი უნდა დარჩეს განუხილველი, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო სამართალწარმოებისათვის დადგენილი წესები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქმის წარმოების შეჩერების ერთ-ერთი საფუძველია მხარის გარდაცვალება. ამავე კოდექსის 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქმის წარმოება შეჩერდება ამ კოდექსის 279-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა; მოსარჩელის გარდაცვალებისას, თუ ამ ვადის გასვლის შემდეგ საქმეში უფლებამონაცვლე არ ჩაერთო, სარჩელი განუხილველად დარჩება, ასევე განუხილველად დარჩება მოსარჩელის მიერ შეტანილი სააპელაციო და საკასაციო საჩივრები. მოსარჩელის დასაბუთებული შუამდგომლობის შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია გააგრძელოს ერთწლიანი ვადა არა უმეტეს 6 თვით.

განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატის 2023 წლის 29 ნოემბრის განჩინებით შეჩერდა საქმის წარმოება მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელის) გ. ს-ას გარდაცვალების გამო მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე. საქმის წარმოების შეჩერების დაახლოებით წელიწადნახევრიან პერიოდში გ. ს-ას ოჯახის წევრებს სასამართლოსთვის არ მოუმართავთ არც ზეპირად და არც წერილობით, არ დაინტერესებულან საქმის მიმდინარეობით, არ წარმოუდგენიათ დოკუმენტაცია გ. ს-ას უფლებამონაცვლის დადგენისა და სამართალწარმოების განახლების მიზნით, პირიქით, მ. ს-ამ (შვილმა) უარი განაცხადა უფლებამონაცვლედ ჩაბმაზე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით განუხილველად დატოვოს სარჩელი, თუ არსებობს ამავე კოდექსის 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსკ-ის 399-ე, 372-ე მუხლების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განუხილველად უნდა დარჩეს გ. ს-ას სარჩელი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ, შესაბამისად გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 04 მაისის გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 06 აპრილის განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და 281-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 284-285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. გ. ს-ას სარჩელი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ, დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 04 მაისის გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 06 აპრილის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა