საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1179 (კ-24) 25 მარტი, 2025 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - დ. ს-ა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2023 წლის 27 ივლისს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - დ. ს-ას მიმართ.
სარჩელის თანახმად, სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის 2017 წლის 05 სექტემბრის №MOD61700001175 ბრძანებით, დ. ს-ა ჩაირიცხა აკადემიის ...ის საგანმანათლებლო პროგრამებზე იუნკერად 2017 წლის 11 სექტემბრიდან და აყვანილ იქნა ყველა სახის კმაყოფაზე. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და დ. ს-ას შორის 2017 წლის 11 სექტემბერს გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 სექტემბრის №729 ბრძანებით დამტკიცებული №1301 ,,საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩასარიცხ პირებთან გასაფორმებელი“ კონტრაქტი. მოპასუხესა და თავდაცვის სამინისტროს შორის ასევე გაფორმდა ,,სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩასარიცხ პირებთან გასაფორმებელ კონტრაქტში ცვლილებების შეტანის თაობაზე" შეთანხმების ოქმი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 სექტემბრის ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის განუყოფელ ნაწილს.
აღნიშნული კონტრაქტის მე-2 მუხლის თანახმად, თუ მოსამსახურე ვადამდე იქნება დათხოვნილი სამსახურიდან საკუთარი ინიციატივით(გარდა დასაბუთებული და შესაბამისი დოკუმენტებით დადასტურებული მიზეზების გამო (მათ შორის, მძიმე ოჯახი მდგომარეობა, სხვა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში არჩევა ან დანიშვნა) ან ამ მუხლის პირველი „ვ“-„ო“ ქვეპუნქტების შესაბამისად, მას ეკისრება ჯარიმა შემდეგი ოდენობით: დ) მე-4 კურსზე ყოფნისას ან მის შემდგომ პერიოდში კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში - 5 000 ლარი. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ პირადი პატაკის საფუძველზე ვადაზე ადრე შეწყვიტა კონტრაქტი, რაც მას უქმნიდა ვალდებულებას კონტრაქტის შეწყვეტიდან ერთი თვის ვადაში გადაეხადა 5 000 ლარი ჯარიმის სახით.
ამდენად, მოსარჩელემ მოპასუხე დ. ს-ასთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ 5 000 ლარის ოდენობით ჯარიმის დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხე დ. ს-ას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის 4000 ლარის გადახდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივნისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის დადებული კონტრაქტის 6.2 პუნქტის თანახმად, ,,თუ მოსამსახურე ვადამდე დაითხოვება სამსახურიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლებით, რომელიც წარმოადგენს ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს ან/და ამ კონტრაქტის 6.1.1, 6.1.4, 6.1.5, 6.1.6, 6.1.7, 6.1.8, 6.1.9 პუნქტებით განსაზღვრული იმ საფუძვლით, რომელიც მისი მიზეზით არის გამოწვეული, მას ეკისრება ჯარიმის (28 000 ლარის ოდენობით) და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფინანსური პასუხისმგებლობის გადახდის ვალდებულება, ხოლო 6.3 პუნქტის შესაბამისად, ,,6.2 პუნქტით განსაზღვრული ფინანსური პასუხისმგებლობა სამინისტრიოსათვის (სახელმწიფო ბიუჯეტისათვის) ანაზღაურებული უნდა იქნას კონტრაქტის შეწყვეტიდან არაუგვიანეს ერთი თვისა. მხარეთა შორის არსებული 2019 წლის 10 ივნისის ,,სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩასარიცხ პირებთან გასაფორმებელ კონტრაქტში ცვლილების შეტანის თაობაზე“ შეთანხმების ოქმით ჯარიმის ოდენობა განისაზღვრა 5 000 ლარით.
სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია დ. ს-ას მიერ დათქმულ დროსა და ვადაში, ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების ფაქტი, თუმცა, აღნიშნა, რომ დ. ს-ასთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა, ვალდებულების სახის, დარღვევის ხარისხის გათვალისწინებით შეუსაბამოდ მაღალი იყო. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის დანაწესზე და აღნიშნა, რომ სასამართლოს მინიჭებული აქვს შესაძლებლობა, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. განსახილველ შემთხვევაში, ვალდებულების დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით, სამართლიანობის პრინციპის საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ჯარიმის სახით მოპასუხისთვის 4000 ლარის დაკისრება, სამართლიანი და ნამსახურობის ვადის ადეკვატური იყო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის 18.03.2014 წლის N238 დადგენილების XVIII თავი ითვალისწინებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კონტრაქტით გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების წესს, მითითებული თავის პირველი პრიმა პუნქტით განსაზღვრულია ჯარიმის ოდენობა, შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ კონტრაქტის დარღვევის საფუძვლით, ჯარიმის სახით მოთხოვნილი თანხა წარმოადგენს კანონიერ ფიქსირებულ თანხას და მასზე სასამართლოს მიერ სსკ-ის 420-ე მუხლის გამოყენება უსაფუძვლოა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 7 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; დ. ს-ას მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს (ჯარიმის) სახით გადასახდელად დაეკისრა 4 000 ლარი, ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, ხოლო მოწინააღმდეგე მხარეს - დ. ს-ას გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივნისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. აღნიშნული კი ნიშნავს იმას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში.
ამდენად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების კანონიერება უნდა შეამოწმოს მხოლოდ დ. ს-ასთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ ჯარიმის - 5 000 ლარის ანაზღაურების დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის 2017 წლის 05 სექტემბრის №MOD61700001175 ბრძანებით, დ. ს-ა ჩაირიცხა აკადემიის ...ის საგანმანათლებლო პროგრამებზე ...ად 2017 წლის 11 სექტემბრიდან და აყვანილ იქნა ყველა სახის კმაყოფაზე.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და დ. ს-ას შორის 2017 წლის 11 სექტემბერს გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 სექტემბრის №729 ბრძანებით დამტკიცებული №1301 ,,საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩასარიცხ პირებთან გასაფორმებელი" კონტრაქტი. კონტრაქტის 2.1 პუნქტის შესაბამისად, სამხედრო სამსახურის ვადა შეადგენდა 6 კალენდარულ წელს და ...ად ყოფნის ვადის ჯამს. კონტრაქტის მოქმედება იწყებოდა ...ად ჩარიცხვის დღიდან. 2022 წლის 01 აპრილის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და დ. ს-ას შორის გაფორმებული ,,სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩასარიცხ პირებთან გასაფორმებელ კონტრაქტში ცვლილების შეტანის თაობაზე“ შეთანხმების ოქმით, კონტრაქტის მე-2 მუხლის 2.1 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „კონტრაქტის მოქმედების ვადა შეადგენს მსმენელად ყოფნის პერიოდისა და ოფიცრის თანამდებობაზე 5 (ხუთი) კალენდარული წლის ვადით სამხედრო სამსახურის ჯამს“.
კონტრაქტით ასევე განსაზღვრულ იქნა ფინანსური პასუხისმგებლობის საკითხიც, კერძოდ, 2019 წლის 10 ივნისის ,,სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩასარიცხ პირებთან გასაფორმებელ კონტრაქტში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ შეთანხმების ოქმის 6.2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მე-4 კურსზე ყოფნისას ან მის შემდგომ პერიოდში კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა განისაზღვრა 5 000 ლარით.
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 2022 წლის 21 სექტემბრის №4157 ბრძანებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრის შტაბის სასწავლო კურსებზე ჩარიცხული ...ის ჯგუფის ... დ. ს-ა პირადი პატაკის საფუძველზე, კონტრაქტის პირობების დარღვევით, დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან. დ. ს-ას მიერ კონტრაქტის გაფორმებიდან მის შეწყვეტამდე ნამსახურობის პერიოდმა შეადგინა 04 წელი და 11 დღე.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მეორე ნაწილზე და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება როგორც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, ისე საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად და კეთილსინდისიერად (ამავე კოდექსის 361-ე მუხ.).
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებებს დ. ს-ას მიერ კონტრაქტის პირობების დარღვევის, მისთვის ჯარიმის სახით თანხის დაკისრების საფუძვლის არსებობის, აგრეთვე, კონტრაქტის შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის შეუსაბამობასთან დაკავშირებით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთ დამატებით საშუალებას წარმოადგენს, ის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა (კოდექსის 417-ე მუხ.), რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისთვის. მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს (იხ. სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხ.).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვალდებულების არსი მის შესრულებაშია, ხოლო შესრულების ვალდებულება, პირველ რიგში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. სწორედ ამიტომ, ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეებს შეუძლიათ გამოიყენონ კანონმდებლობით გათვალისწინებული საშუალებები (იხ. სუს 2020 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-570(კ-19)).
ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, პირგასამტეხლო უნდა იყოს გონივრული და ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი. სასამართლოს გააჩნია დისკრეციული უფლებამოსილება შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში პირგასამტეხლოზე შეთანხმება, არ ნიშნავს, უპირობოდ, მხარისათვის პირგასამტეხლოს შეთანხმებული ოდენობით დაკისრების ვალდებულებას. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებულ განმარტებას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სასამართლოს ამოცანაა მხარე დაიცვას უსამართლო და სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი ტვირთისაგან, ვინაიდან ურთიერთობის დამყარებისას მხარეები ყოველთვის ვერ საზღვრავენ, მათი თავისუფალი ნების მოსალოდნელ შედეგებს. სასამართლოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, როცა ამას საჭიროებს დაზარალებულის ინეტერესები. სასამართლო მხედველობაში იღებს მოპასუხის არა მარტო ქონებრივ, არამედ ყველა სხვა პატივსადებ ინტერესს. სასამართლო აფასებს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
განსახილველ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტი შეწყდა დ. ს-ას პირადი პატაკის საფუძველზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ კონტრაქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო (ჯარიმა) შეუსაბამოდ მაღალია. შესაბამისად, სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახეზეად. ს-ას მიმართ დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხის გონივრულ ფარგლებში - 4 000 ლარამდე შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ მსგავსი კატეგორიის დავებთან დაკავშირებით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს ჩამოყალიბებული აქვს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, რომლის თანახმად, პირისათვის კონტრაქტით დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხა არაერთ დავაში იქნა მიჩნეული შეუსაბამოდ და არაგონივრულად, რამაც დაკისრებული თანხის შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობების წარმოშობა განაპირობა (იხ. სუს 2019 წლის 12 სექტემბრის განჩინება საქმეზე №ბს-947(კ-19); 2019 წლის 12 სექტემბრის განჩინება საქმეზე №ბს-908(კ-19); 2020 წლის 5 მარტის განჩინება საქმეზე №ბს-936(კ-19); სუს 2019 წლის 16 მაისის განჩინება საქმეზე №ბს-230(კ-19) და სხვ.).
ამდენად, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ბ. შონია
მოსამართლეები ქ.ცინცაძე
გ.მაკარიძე