საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
Nბს-211(კ-24) 10 მარტი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (მოპასუხე) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სს „ე...“).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 6 ივლისს შპს ,,მ...მ“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის 2018 წლის 04 იანვრის №04/333 და 02 აპრილის №04/19273 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ასევე, შპს ,,მ...ს“ 2018 წლის 30 იანვრის №102/02 და 2018 წლის 18 აპრილის №524/02 ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 19 ივნისის №04/35678 და 27 ივნისის №04/37213 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 დეკემბრის საოქმო განჩინებით, შპს ,,მ...ს’’ უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სს ,,ს...“. ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 აპრილის საოქმო განჩინებით, სს ,,ს...ს“ უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სს ,,ე...“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით, სს „ე...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის 2018 წლის 04 იანვრის №04/333 და 2018 წლის 02 აპრილის №04/19273 გადაწყვეტილებები ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 19 ივნისის №04/35678 და 2018 წლის 27 ივნისის №04/37213 გადაწყვეტილებები შპს ,,მ...ს’’ 2018 წლის 30 იანვრის №102/02 და 2018 წლის 18 აპრილის №524/02 ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სს „ე...ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 200 (ორასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე მხარემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ნოემბრის საოქმო განჩინებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი და ამ პუნქტთან დაკავშირებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: დაეკისრა მოპასუხეს - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს მოსარჩელე - სს ,,ე...ს“ სასარგებლოდ 200 (ორასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ; დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი №1-ის მე-15 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, მე-17 მუხლის პირველ პუნქტზე, საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და პაციენტ ი. ე-ეის სამედიცინო შემთხვევასთან დაკავშირებით ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ ა. ლ-ის სახელობის საქართველოს ბავშვთა ნევროლოგთა და ნეიროქირურგთა ასოციაციის 2018 წლის 01 ოქტომბრის №432/11 დასკვნაზე, ასევე, პირველი ინსტანციის სასამართლოში სპეციალისტის სახით დაკითხული პირის - ნ. ხ-ეის განმარტებაზე, რომელმაც პაციენტის სამედიცინო ბარათის, ჩატარებული გამოკვლევებისა და საქმეში არსებული სხვა სამედიცინო დოკუმენტაციის ერთობლიობის საფუძველზე, ცალსახად დაადასტურა, რომ პაციენტი საჭიროებდა გადაუდებელ სტაციონარულ მომსახურებას, ვინაიდან ეეგ კვლევით მას აღენიშნა ... სტატუსი და საჭიროებდა სტატუსის კუპირებას, რაც იმას ნიშნავს, რომ აუცილებელი იყო გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება. ამდენად, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც პაციენტი ი. ე-ე წარმოადგენდა მაღალი რისკის პაციენტს და ესაჭიროებოდა მკაცრი სტაციონარული მეთვალყურეობა, არ არსებობდა საქართველოს მთავრობის N36 დადგენილების დანართი N1-ის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მითითებული სამედიცინო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი.
პაციენტების: ა. ქ-ეის, ა. ფ-ისა და კ. კ-ეის სამედიცინო შემთხვევებთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ საქართველოს კლინიკურ ტოქსიკოლოგთა ასოციაციის 2018 წლის 19 ივლისის №4 დასკვნაზე, ამასთან, გაიზიარა მოსარჩელის მოტივაცია და განმარტა, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული საერთაშორისო კლასიფიკაციით (http://classifications.moh.gov.ge/Classifications/Pages/ViewICD10.aspx), დიაგნოზი ,,... სხვა ფეხსახსრიანთა შხამის ტოქსიკური ეფექტი“, მიეკუთვნება ინტოქსიკაციების ჯგუფს და მოიცავს „შხამიანი მწერის ნაკბენს ან ნაჩხვლეტს“, რაც დასტურდება სამედიცინო ბარათში არსებული ინფორმაციით. იმის გათვალისწინებით, რომ ყველა შემთხვევაში პაციენტებს აღენიშნებოდათ ნაჩხვლეტი ჭრილობა, ტოქსიკოლოგის მიერ დაისვა დიაგნოზი - „სხვა ფეხსახსრიანთა შხამის ტოქსიკური ეფექტი“, რაც მიეკუთვნება გადაუდებელ მდგომარეობას და საჭიროებს პაციენტის დაუყოვნებელ შეფასებას. ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლით - „Emergency Triage Assessment and Treatment (ETAT)“ (გადაუდებელი დახარისხება, შეფასება და მკურნალობა), პაციენტის ტრიაჟი გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში მოიცავს გადაუდებელი ნიშნების შეფასებას, რის შემდეგაც ხორციელდება პაციენტის შეფასება პრიორიტეტული 3 TPR-MOB ნიშნით. პრიორიტეტული ნიშნის გამოვლინება მიუთითებს, რომ პაციენტს ესაჭიროება არა გადაუდებელი, არამედ დაუყოვნებელი შეფასება გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში და ადასტურებს პაციენტისთვის გადაუდებელი დახმარების საჭიროებას. აღნიშნული პროტოკოლის თანახმად, პრიორიტეტულ ნიშანს მიეკუთვნება ... (poisoning). მოცემულ შემთხვევაში, პაციენტებს აღენიშნებოდათ სწორედ პრიორიტეტული ნიშანი - „...“, რის გამოც ისინი მოთავსდნენ გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში. ამდენად, მითითებული გარემოებების საფუძველზე, სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ სამედიცინო დაწესებულების მიერ აღნიშნულ პაციენტებს დაესვათ სწორი დიაგნოზი: .... სხვა ფეხსახსრიანთა შხამის ტოქსიკური ეფექტი, ასევე, ჩატარებულ იქნა ყველა გამოკვლევა და გაკეთდა შესაბამისი ანალიზები, რაც საჭირო იყო მათი მდგომარეობიდან გამომდინარე. ამასთან, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სწორედ აღნიშნული დიაგნოზის საფუძველზე დანიშნული მკურნალობის შედეგად გაუმჯობესდა პაციენტების მდგომარეობა და ადგილი არ ჰქონია რაიმე სახის გართულებას ან პაციენტის რეჰოსპიტალიზაციას იმავე ან სხვა სამედიცინო დაწესებულებაში. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულების მხრიდან ადგილი არ ჰქონია ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ.ბ“ ქვეპუნქტის დარღვევას.
საპროცესო ხარჯებთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მოპასუხეს სწორად დააკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 200 (ორასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, თუმცა ვინაიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ნოემბრის საოქმო განჩინებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო, არსებობდა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის შეცვლის საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ.
კასატორი მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-15 მუხლის პირველ პუნქტზე, მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტზე და აღნიშნავს, რომ პაციენტ ი. ე-ეს სამედიცინო დაწესებულებაში ჩაუტარდა არა გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება, არამედ თერაპიული პროფილის გეგმური ჰოსპიტალური მომსახურება. შესაბამისად, არ არსებობდა ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. ამასთან, პაციენტების: ა. ქ-ეის, ა. ფ-ისა და კ. კ-ეის სამედიცინო შემთხვევებთან დაკავშირებით, კასატორი აღნიშნავს, რომ სამედიცინო დაწესებულების მიერ გადაცემული დიაგნოზი არ ემთხვეოდა მითითებული პაციენტების სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებს. ამდენად, კასატორს მიაჩნია, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, არსებობდა აღნიშნული სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 4 იანვარს მიღებული იქნა №04/333 გადაწყვეტილება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პაციენტ ი. ე-ეისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ პაციენტი ი. ე-ე არის ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილებით დამტკიცებული ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ დანართი 1.3-ის პირველი პუნქტით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურებით მოსარგებლე. პაციენტი შპს ,,მ...ში“ მკურნალობდა 2017 წლის 3 მაისიდან 8 მაისის ჩათვლით, გადაუდებელი სტაციონარის ქვეკომპონენტით. დიაგნოზი: ...ის შემდგომი სტაციონარული დაკვირვება. ჩარევის კოდი: სტაციონარი .... წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით, პაციენტს 2016 წლის სექტემბრის შემდეგ ... არ ჰქონია. შესაბამისად, შემთხვევას №... ინსპექტირების ეტაპზე განესაზღვრა სტატუსი ,,არ ექვემდებარება ანაზღაურებას“, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი N1-ის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა ადმინისტრაციული საჩივრით, 2018 წლის 30 იანვარს. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 19 ივნისის №04/35678 გადაწყვეტილებით, შპს ,,მ...ს“ 2018 წლის 30 იანვრის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ასევე დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 2 აპრილს მიღებული იქნა №04/19273 გადაწყვეტილება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პაციენტების: ა. ქ-ეის, ა. ფ-ისა და კ. კ-ეისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ აღნიშნული პაციენტები არიან ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 36-ე დადგენილებით დამტკიცებული ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის“ დანართი №1.3-ის მეორე პუნქტით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლეები, რომლებიც მკურნალობდნენ გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში შპს ,,მ...ში“ ოქტომბრის საანგარიშგებო თვეში. მითითებული სამედიცინო შემთხვევები სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის ელექტრონულ მოდულში მიმწოდებლის მიერ გადაცემულია დიაგნოზით: ..., რაც სამედიცინო დოკუმენტაციით არ დასტურდება. შესაბამისად, სამედიცინო შემთხვევებს №..., №... და №... ინსპექტირების ეტაპზე განესაზღვრა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი N1-ის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად.
აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა ადმინისტრაციული საჩივრით, 2018 წლის 18 აპრილს. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 27 ივნისის №04/37213 გადაწყვეტილებით, შპს ,,მ...ს“ 2018 წლის 18 აპრილის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-15 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების თანახმად, სამედიცინო დაწესებულებისთვის პაციენტ ი. ე-ეისთვის გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციით, აღნიშნულ შემთხვევაში პაციენტმა მიიღო გეგმიური და არა გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება.
საკასაციო სასამართლო პაციენტ ი. ე-ეის შემთხვევასთან დაკავშირებით, ყურადღებას გაამახვილებს საქმის მასალებში წარმოდგენილ ა. ლ-ის სახელობის საქართველოს ბავშვთა ნევროლოგთა და ნეიროქირურგთა ასოციაციის 2018 წლის 1 ოქტომბრის დასკვნაზე, რომლის თანახმად, ვინაიდან შესაძლებელია, რომ ... ... სტატუსი იწვევდეს კოგნიტურ დარღვევებს, ...ში მიღებულია აღნიშნული დიაგნოზის დროს აგრესიული მკურნალობის დაწყება სტაციონარულ პირობებში. პაციენტს ჩაუტარდა მკურნალობა ...ით, შემდგომ გადაყვანილ იქნა ...ზე. ამასთან, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითებას პირველი ინსტანციის სასამართლოში სპეციალისტის სახით დაკითხული პირის - ნ. ხ-ეის განმარტებაზე, რომელმაც პაციენტის სამედიცინო ბარათის, ჩატარებული გამოკვლევებისა და საქმეში არსებული სხვა სამედიცინო დოკუმენტაციის ერთობლიობის საფუძველზე, ცალსახად დაადასტურა, რომ პაციენტი საჭიროებდა გადაუდებელ სტაციონარულ მომსახურებას, ვინაიდან ეეგ კვლევით მას აღენიშნა ... სტატუსი და საჭიროებდა სტატუსის კუპირებას, რაც იმას ნიშნავს, რომ აუცილებელი იყო გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევაა (შემდგომში – გადაუდებელი შემთხვევა), როდესაც სამედიცინო დახმარების გარეშე პაციენტის სიკვდილი, დაინვალიდება ან ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული გაუარესება გარდაუვალია. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც პაციენტი ი. ე-ე წარმოადგენდა მაღალი რისკის პაციენტს და ესაჭიროებოდა მკაცრი სტაციონარული მეთვალყურეობა, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტებას იმის თაობაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა საქართველოს მთავრობის N36 დადგენილების დანართი N1-ის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მითითებული სამედიცინო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი.
პაციენტების: ა. ქ-ეის, ა. ფ-ისა და კ. კ-ეის სამედიცინო შემთხვევებთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების თანახმად, სამედიცინო დაწესებულებისთვის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მითითებით, აღნიშნულ შემთხვევებში სამედიცინო დაწესებულების მიერ გადაცემული დიაგნოზი არ ემთხვეოდა პაციენტების სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებს.
საკასაციო პალატა მიუთითებს ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის ,,ბ.ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც წარდგენილი შემთხვევის მონაცემები არ ემთხვევა პროგრამის განმახორციელებლის მიერ ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე დადგენილ ფაქტებს, მათ შორის თუ შეტყობინების სისტემაში გადაცემული დიაგნოზი და მისი დაზუსტება და ჩარევა არ ემთხვევა პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებს.
ზემოაღნიშნულ სამედიცინო შემთხვევებთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსგავსად, ყურადღებას გაამახვილებს მოსარჩელე მხარის განმარტებაზე და აღნიშნავს, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული საერთაშორისო კლასიფიკაციით (http://classifications.moh.gov.ge/Classifications/Pages/ViewICD10.aspx), დიაგნოზი ,,... სხვა ფეხსახსრიანთა შხამის ტოქსიკური ეფექტი“, მიეკუთვნება ინტოქსიკაციების ჯგუფს და მოიცავს „შხამიანი მწერის ნაკბენს ან ნაჩხვლეტს“, რაც დასტურდება სამედიცინო ბარათში არსებული ინფორმაციით. იმის გათვალისწინებით, რომ ყველა შემთხვევაში პაციენტებს აღენიშნებოდათ ნაჩხვლეტი ჭრილობა, ტოქსიკოლოგის მიერ დაისვა დიაგნოზი - „სხვა ფეხსახსრიანთა შხამის ტოქსიკური ეფექტი“, რაც მიეკუთვნება გადაუდებელ მდგომარეობას და საჭიროებს პაციენტის დაუყოვნებელ შეფასებას. ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლით - „Emergency Triage Assessment and Treatment (ETAT)“ (გადაუდებელი დახარისხება, შეფასება და მკურნალობა), პაციენტის ტრიაჟი გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში მოიცავს გადაუდებელი ნიშნების შეფასებას, რის შემდეგაც ხორციელდება პაციენტის შეფასება პრიორიტეტული 3 TPR-MOB ნიშნით. პრიორიტეტული ნიშნის გამოვლინება მიუთითებს, რომ პაციენტს ესაჭიროება არა გადაუდებელი, არამედ დაუყოვნებელი შეფასება გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში და ადასტურებს პაციენტისთვის გადაუდებელი დახმარების საჭიროებას. აღნიშნული პროტოკოლის თანახმად, პრიორიტეტულ ნიშანს მიეკუთვნება ... (poisoning). მოცემულ შემთხვევაში, პაციენტებს აღენიშნებოდათ სწორედ პრიორიტეტული ნიშანი - „...“, რის გამოც ისინი მოთავსდნენ გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მითითებულ სამედიცინო შემთხვევებთან დაკავშირებით, ყურადღებას გაამახვილებს საქმის მასალებში წარმოდგენილ საქართველოს კლინიკურ ტოქსიკოლოგთა ასოციაციის 2018 წლის 19 ივლისის №4 დასკვნაზე, სადაც მითითებულია, რომ სამედიცინო დაწესებულების მიერ წარდგენილ არცერთ სამედიცინო ბარათში დასმული დიაგნოზი ,,სხვა ფეხსახსრიანთა შხამის ტოქსიკური ეფექტი ...“ ეჭვს არ იწვევს. ყველა ზემოაღნიშნული დიაგნოზი დასმულია სწორად და მართებულად. წარდგენილი სამედიცინო ბარათების მიხედვით, ყველა ავადმყოფი საჭიროებდა გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას და ყველა ავადმყოფს ჩატარებული აქვს გადაუდებელი დახმარების ადეკვატური მოცულობა.
საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ საქმის მასალების თანახმად, პაციენტების: ა. ქ-ეის, ა. ფ-ისა და კ. კ-ეისთვის დასმული, სწორედ მითითებული დიაგნოზის საფუძველზე დანიშნული მკურნალობის შედეგად გაუმჯობესდა მათი მდგომარეობა და ადგილი არ ჰქონია რაიმე სახის გართულებას ან პაციენტის რეჰოსპიტალიზაციას იმავე ან სხვა სამედიცინო დაწესებულებაში. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტებას იმის თაობაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა საქართველოს მთავრობის N36 დადგენილების დანართი N1-ის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მითითებული სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი.
ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ საპროცესო ხარჯების გადაწყვეტის ნაწილში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალების თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ნოემბრის საოქმო განჩინებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოში სამართალწარმოების ეტაპზე შეიცვალა პროცესის მონაწილე მხარე - მოპასუხე. ამდენად, აღნიშნულის გათვალისწინებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილების პირობებში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მართებულად განხორციელდა მოპასუხე - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსთვის მოსარჩელე - სს ,,ე...ს“ სასარგებლოდ 200 (ორასი) ლარის გადახდის დაკისრება, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის პირობებში, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით 2024 წლის 28 თებერვალს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით 2024 წლის 28 თებერვლის N06376 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
გიორგი გოგიაშვილი