Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-334(კ-24) 10 მარტი, 2025 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სს „პ...ს“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 დეკემბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარეები - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისი; მესამე პირები - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია, შპს „მ...“, გ. დ-ე).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 08 ნოემბერს სს „პ...ს“ დირექტორმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ შემდეგი მოთხოვნებით: ბათილად იქნეს ცნობილი რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 18 ივლისის N... გადაწყვეტილება, სარეგისტრაციო დოკუმენტის წარდგენის დავალების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 24 ივლისის N... გადაწყვეტილება, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 2018 წლის 27 აგვისტოს N... გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სააგენტოს 2018 წლის 8 ოქტომბრის N... გადაწყვეტილება და დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სს „პ...ს“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 ნოემბრის განჩინებით, სს „პ...ს“ სარჩელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 10 ივნისის განჩინებით, საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით ჩაბმული იქნა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია, 2020 წლის 26 ივნისის განჩინებით კი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილით საქმეში ჩაბმულ იქნენ შპს ,,მ...“ და გ. დ-ე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით სს ,,პ...ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელე მხარის მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 დეკემბრის განჩინებით სს „პ...ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ სამართლებრივ ნორმებთან ერთად ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე მხარემ სარეგისტრაციო განაცხადთან ერთად წარადგინა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ბათუმის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1975 წლის 16 აპრილის №256 გადაწყვეტილება ბეჭდვითი სახლის მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ; აჭარის ა.რ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის 1996 წლის 27 მაისის №6/8 დადგენილება ქ. ბათუმის ...ის აქციონერების შესახებ; ქ. ბათუმში, ...ს ქ. №...-ში მდებარე უძრავი ნივთის ტექნიკური პასპორტი 1999 წლის 25 იანვრის ჩანაწერით; ცნობა - დახასიათებები 22.01.2000 წ., 28.01.2000 წ. და 04.02.2000 წ.; სარეგისტრაციო მოწმობა, 26.10.2004 წლის საინვენტარიზაციო გეგმა; საჯარო რეესტრის ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 20.01.2005 წლის №59 და 11.03.2013 წ. №39258 წერილები რომლის თანახმად, ქ. ბათუმში, ...ს ქ. №...-ში მდებარე 5765,0 კვ.მ. მიწის ფართობი სს „პ...ს“ საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა სს „პ...ს“ სამეთვალყურეო საბჭოს 2006 წლის 25 ივლისის №5 ოქმისა და აზომვითი ნახაზის საფუძველზე და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს ის დასაბუთება, რომ სარეგისტრაციო განაცხადზე თანდართული დოკუმენტაცია ქ. ბათუმში, ...ს ქ. №...-ში მდებარე უძრავი ნივთის შესახებ, არ შეიძლება განხილულ იქნეს სს „პ...ს“ 2018 წლის 08 ივნისის №... სარეგისტრაციო განცხადებით მოთხოვნილ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებად, ვინაიდან არ ადგენს სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ნივთზე კანონისმიერ ან სხვაგვარ, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლით განსაზღვრულ უფლებამოსილებას.

სააპელაციო სასამართლომ საგულისხმოდ მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს ის ჩანაწერი, რომ სს „პ...ს“ 2018 წლის 08 ივნისის 17 №... სარეგისტრაციო განაცხადით, ქ. ბათუმში, ...ის ქ. №...-ში მდებარე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოთხოვნილი იქნა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, ხოლო სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ უძრავ ნივთებზე სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესს განსაზღვრავს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი. მიუთითა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 74-ე მუხლის იმ ჩანაწერზე, სადაც მითითებულია, რომ 2012 წლის 1-ლი იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას და განმარტა, რომ აღნიშნული თარიღის შემდეგ საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად. პალატის მსჯელობით, გარდა იმისა, რომ მოსარჩელე მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებენ სადავო მიწის ნაკვეთის მის მართლზომიერ მფლობელობაში ყოფნის ფაქტს, კანონის იმპერატიული დანაწესით, 2012 წლის 1 იანვრის შემდგომ მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმდგენის შემთხვევაშიც კი, სარეგისტრაციო სამსახური ართმევს შესაძლებლობას მოახდინოს საკუთრების უფლების აღიარება მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ უძრავ ნივთზე კერძო სამართლის იურიდიულ პირთან მიმართებით. პალატის მსჯელობით, 2018 წლის 08 ივნისს №... სარეგისტრაციო განცხადების მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენის პერიოდში, სს ,,პ...ს“ (...) დაკარგული ჰქონდა მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლება.

სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ აჭარის რეგიონული ოფისის №... (18.07.2018) და №... (24.07.2018) გადაწყვეტილებებით დადგენილ ვადაში, დაინტერესებული პირის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში ვერ იქნა წარდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტი, რაც „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად წარმოადგენდა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის საფუძველს. ასევე, მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილი და მიიჩნია, რომ სადავო აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს, ეფუძნება საქმის ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივ გამოკვლევას, რითაც დაცულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-97-ე მუხლების მოთხოვნები, ასევე ადმინისტრაციული წარმოებისას ადგილი არ ჰქონია ისეთ არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში სადავო საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სს „პ...ს“ მიერ.

კასატორის განმარტებით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ მიწის ნაკვეთის აზომვით ნახაზში მითითებულ ციფრებში დაშვებული შეცდომა, კერძოდ, ტექნიკური ხარვეზი ნაწილობრივ გამოწვეული იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ, 1999 წელს მიწის ნაკვეთის ფართების აღმნიშვნელი ციფრების არასწორი დაჯამებით, რის შედეგადაც შეცდომით დაანგარიშებული იქნა 5765.0 კვ.მ. კასატორი მიიჩნევს, რომ სს „პ...ს“ მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილ აზომვით ნახაზზე გამოსახული ფართების აღმნიშვნელი ციფრების სწორად დაჯამების შემთხვევაში, მიწის ნაკვეთის ფართი 5765.0 კვ.მ-ის ნაცვლად იქნებოდა 6058.8 კვ.მ. მიუთითებს, რომ სწორედ აღნიშნული დანაკლისი 286 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია მოითხოვა 2018 წლის 08 ივნისს წარდგენილი განცხადებით. აკონკრეტებს, რომ განცხადებით მოთხოვნილი 286 კვ.მ მიწის ნაკვეთი მდებარეობს ქ. ბათუმი ...ის (ყოფილი ...ს და ...ს ქუჩა) N...-ში იმ მიწის ნაკვეთის ნახაზის პერიმეტრის შიგნით (და არა გარეთ). კასატორი მიიჩნევს, რომ მისი მსჯელობის სისწორეს ადასტურებს ის ფაქტი, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 12 თებერვლის N7624 წერილით გაცემულ, ქ. ბათუმი, ...ს ქუჩა N...-ში არსებულ უძრავ ქონებაზე მომზადებულ საინვენტარიზაციო გეგმაზე (11.02.2009 მომზადების თარიღი) ასახული მიწის ნაკვეთის (6058,8 კვ.მ) ფართშია მოქცეული დღეის მდგომარეობით სადავოდ ქცეული 286 კვ.მ ფართი. წარმომადგენლის განმარტებით, მოგვიანებით, 2018 წელს, სს „პ...ს“ შეკვეთით შესრულდა მიწის ნაკვეთის გარე გაბარიტული ზომების შიგნით არსებული ფართის ჯამის დაანგარიშება თანამედროვე კოსმოსური ტექნიკის გამოყენებით, რის შედეგადაც დაზუსტდა, რომ შიგნით არსებული ფართის ჯამი არის 6058 კვ.მ.

კასატორი თვლის, რომ „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის („მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების ცვლილების რეგისტრაციის ზოგადი წესი“) პირველი ნაწილით შესაძლებელია 1999 წელს სახელმწიფო დაწესებულების, კერძოდ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ, მიწის ნაკვეთის გენერალური გეგმის მომზადების დროს დაშვებული ტექნიკური ხარვეზის/ არითმეტიკული შეცდომის გასწორება. მისივე მსჯელობით, აღნიშნული ნორმატიული აქტის საფუძველზე სააგენტო, დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, ახდენს დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების დაზუსტებას და მათი ცვლილების რეგისტრაციას.

კასატორის მსჯელობით, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და ამავე სააგენტოს აჭარის რეგიონულმა ოფისმა არ გამოიკვლია და არ შეაფასეს საქმის გარემოებები და დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ დოკუმენტებს არ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება რომლითაც დგინდება, რომ შეცდომა გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ სს „პ...ს“ სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმთან ერთად საჯარო რეესტრში წარდგენილი იყო აზომვითი ნახაზი, სადაც არასწორად იყო განსაზღვრული საერთო ფართი, 6058.8 კვ.მ.-ის ნაცვლად 5765.0 კვ.მ და შესაბამისად, 6058.8 კვ.მ-ის ნაცვლად სს „პ...ს“ სახელზე დარეგისტრირდა 5765.0 კვ.მ მიწის ფართობი.

კასატორის მსჯელობით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ, მესამე პირად ჩართულმა გ. მ-ემ (პ/ნ ...), რომელიც არის უძრავი ნივთის 1822 კვ.მ. ფართის მქონე არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება; მესაკუთრეები: გ. დ-ე, რ. მ-ე, ბ. ჟ-ი) მესაკუთრე (საკადასტრო კოდი ... მდებარე ქ. ბათუმი, ...ის ქ. №...) უძრავი ქონება იყიდა სს „პ...საგან“ 2006 წლის 21 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. მიიჩნევს, რომ გ. მ-ეს რაიმე უფლება სს „პ...ს“ სამართალმემკვიდრეობაზე არ აქვს. სს „პ...საგან“ იგივე უძრავი ქონება ს/კ ... გ. მ-ესთან ერთად იყიდეს აგრეთვე ბ. ჟ-იმა და რ. მ-ემ. მიიჩნევს, რომ არც მათ აქვთ რაიმე უფლება სს „პ...ს“ სამართალმემკვიდრეობაზე. რაც შეეხება შპს „მ...ს“, კასატორის მსჯელობით, იგი არ არის სს „პ...ს“ სამართალმემკვიდრე და შპს „მ...ს“ რაიმე სახის პრეტენზია სს „პ...ს“ მიმართ მიაჩნია უსაფუძვლოდ. კასატორის განმარტებით, საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის ეტაპზე, კერძოდ, 2023 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილების გამოტანამდე რამდენიმე დღით ადრე, 2023 წლის 25 დეკემბერს (რეგისტრაციის თარიღი 22.12.2023 წელი) სსიპ ქალა ბათუმის მუნიციპალიტეტმა ფიზიკური პირისაგან შეიძინა გ. მ-ეის საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, ...ის N...-ში მდებარე ს/კ ... მიწის ნაკვეთი რომელიც ესაზღვრება სადავო მიწის ნაკვეთს და კასატორი მიიჩნევს, რომ ფიზიკურ პირს დღეის მდგომარეობით არ შეიძლება ჰქონდეს სადავო მიწის ნაკვეთის მიმართ იურიდიული ინტერესი.

კასატორი თვლის, რომ მოსარჩელეს ჰქონდა შესაბამისი სამართლებრივი წინაპირობები სარეგისტრაციოდ წარედგინა განაცხადი შესაბამის დოკუმენტებთან ერთად და მოეთხოვა უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაცია, რაც განახორციელა კიდეც, ხოლო იმ გარემოების დადგენა/შეფასება, მიწის ნაკვეთის გამოყოფა იძლეოდა თუ არა ამ უფლების საკუთრებად ტრანსფორმირების შესაძლებლობას და რა ფარგლებში, კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხს წარმოადგენდა, რა ვალდებულებაც წარმომადგენლის მსჯელობით მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სათანადოდ ვერ განახორციელა. მიიჩნევს, რომ ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურმა და საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ არ გამოიკვლიეს და არ შეაფასეს საქმის გარემოებები და დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ დოკუმენტებს არ მისცეს სწორი სამართლებრივი შეფასება, რომლითაც წარმომადგენლის შეფასებით ცალსახად დგინდება, რომ სახეზე იყო მექანიკური შეცდომა ციფრების დაჯამებაში.

კასატორი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 27 დეკემბრის განჩინებასთან ერთად ასევე სადავოდ ხდის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის საოქმო განჩინებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სს „პ...ს“ შუამდგომლობა შპს „მ...სათვის (მესამე პირი 16.1) საპროცესო უფლების შეზღუდვის შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სს „პ...ს“ საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის 8 ივნისს სს „პ...ს“ (ს/ნ ...) წარმომადგენელმა ი. ქ-ემ №... განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის აჭარის რეგიონულ ოფისს და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოითხოვა ქ. ბათუმში, ...ის ქ. №...-ში მდებარე უძრავ ნივთზე - 286 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. დაინტერესებულმა პირმა №... სარეგისტრაციო განცხადებას დაურთო საკადასტრო აზომვითი ნახაზი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

დადგენილია, რომ ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის აჭარის რეგიონული ოფისის 2018 წლის 14 ივნისის სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ სარეგისტრაციო წარმოებაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადად განისაზღვრა ერთი თვე. ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2018 წლის 18 ივლისის №... გადაწყვეტილებით განმცხადებელს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე, ხოლო 2018 წლის 24 ივლისს განახლდა წარმოება და 2018 წლის 24 ივლისის №... გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება. აღნიშნული გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 74-ე მუხლის თანახმად, „2012 წლის პირველი იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას. აღნიშნული თარიღის შემდეგ საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად.“ ამავე გადაწყვეტილებით, დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ წარსადგენი იყო საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

დადგენილია, რომ 2018 წლის 27 აგვისტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის აჭარის რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №... გადაწყვეტილება, იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია.

დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2017 წლის 13 სექტემბერს წარდგენილი იქნა სს ,,პ...ს“ №513000/17 ადმინისტრაციული საჩივარი, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №... (27.08.2018) გადაწყვეტილების გაუქმებისა და №... სარეგისტრაციო განცხადებას დართული დოკუმენტაციის საფუძველზე მოთხოვნილი უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. საჩივრის თანახმად, სს „პ...ს“ საკუთრების უფლებით ეკუთვნოდა ქ. ბათუმში, ...ის ქ. №...-ში მდებარე 6058 კვ.მ უძრავი ნივთი, თუმცა 2006 წელს დარეგისტრირდა 5765 კვ.მ., ცდომილება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ 2006 წლის 25 ივლისს სს „პ...ს“ სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმთან ერთად წარდგენილ აზომვით ნახაზში დაშვებული იქნა შეცდომა, კერძოდ, 6058.8 კვ.მ.-ის ნაცვლად, მითითებული იყო 5765 კვ.მ. ადმინისტრაციული საჩივრის ავტორის განმარტებით, მარეგისტრირებელმა ორგანომ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ სარეგისტრაციო მოთხოვნა არ ეხებოდა ცალკე აღებულ მიწის ნაკვეთს (ცალკე უფლების ობიექტს) და არ შეისწავლა ყველა გარემოება.

ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით დადგენილია, რომ (№TT2018096628 ცნობა - დახასიათება), ქ. ბათუმში, ...ს ქ. №...-ში მდებარე 6058 კვ.მ. უძრავ ნივთზე აღრიცხული იყო სახელმწიფოს საკუთრების უფლება, ხოლო სააღრიცხვო ბარათის მფლობელთა ბოლო სიაში სს „პ...ს“ მიწერილი ჰქონდა 41/62 წილი და ფართობი - 5517.79 კვ.მ. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე. ასევე, სახელმწიფოს წილზე მოსარგებლედ ფიქსირდება, სს „პ...“. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემების თანახმად, სს „პ...ს“ საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იყო ქ. ბათუმში, ...ს ქ. №...-ში (ამჟამად, ქ. ბათუმი, ...ის ქ. №...) მდებარე 5765 კვ.მ. უძრავი ნივთი (ძველი საკადასტრო კოდი: ...; რეგისტრაციის ნომერია ..., თარიღი - 28.03.2000; ახალი საკადასტრო კოდი: ...). მოსარჩელე მიუთითებს, რომ სარეგისტრაციო უძრავი ნივთი წარმოადგენს ქ. ბათუმში, ...ს ქ. №...-ში აღრიცხული 6058 კვ.მ. უძრავი ნივთის ნაწილს.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 8 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით, სს „პ...ს“ 2018 წლის 13 სექტემბრის №513000/17 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი. სს „პ...ს“ საჩივრის განხილვის პროცესში სააგენტომ მიუთითა, რომ ინდივიდუალურ - ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად უნდა დაედოს მოქმედი კანონმდებლობა, ხოლო კანონის გაუქმების ან შეცვლის შემთხვევაში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას, მის მიერ გამოცემული აქტი დააფუძნოს გაუქმებულ ან შეცვლილ ნორმებზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეს განემარტა, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, 2012 წლის პირველი იანვრის შემდეგ დაინტერესებული პირის მიერ მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაშიც კი, სარეგისტრაციო სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, მოახდინოს საკუთრების უფლების აღიარება მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ უძრავ ნივთზე, კერძო სამართლის იურიდიულ პირთან მიმართებით.

მეტი სიცხადისთვის საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მსჯელობის საგანია და მოთხოვნის საფუძვლიანობა სრულად დამოკიდებულია სადავოდ ქცეული 2018 წლის 18 ივლისის (№...), 24 ივლისის (...) და 27 აგვისტოს (...) გადაწყვეტილებების, ასევე ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 08 ოქტომბრის N... გადაწყვეტილების კანონიერებაზე. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ გაამახვილებს ყურადღებას კასატორის პოზიციაზე, სადაც მიუთითებს, რომ სადავო მიწის ნაკვეთი, რომელზეც სტამბის შენობა იყო განთავსებული, ჯერ კიდევ 70-იან წლებში და მის შემდგომაც შეადგენდა 6058 კვ.მ.-ს, რაც მისივე განმარტებით დგინდება ყველა ნახაზზე წარმოდგენილი ნაკვეთის კონფიგურაციით, თუმცა სს „პ...ს“ სამეთვალყურეო საბჭოს 2006 წლის 25 ივლისს ჩატარებულ სხდომის ოქმთან ერთად რეესტრში რეგისტრაციისას წარდგენილ აზომვით ნახაზზე არასწორად იქნა მიწერილი საერთო ფართი, კერძოდ, 6058.8 კვ.მ.-ის ნაცვლად მითითებული იქნა 5765.0 კვ.მ. შესაბამისად, 6058.8 კვ.მ. ფართის ნაცვლად, სს „პ...ს“ სახელზე საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა 5765.0 კვ.მ. ფართობი ანუ 286 კვ.მ.-ით ნაკლები. აღნიშნული ხარვეზის გამო დღემდე მიწის ნაკვეთებს შორის არსებობს დაურეგისტრირებელი სივრცე, 286 კვ.მ. ფართით, რომელსაც კასატორის მსჯელობით გარდა იმისა, რომ ფაქტობრივად ფლობს სს „პ...“, ის ასევე წარმოადგენს პოლიგრაფიული საწარმოო გაერთიანებისთვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთის ნაწილს, რომლის სამართალმემკვიდრეც არის სს „პ...“. კასატორის მტკიცებით, აღნიშნული გარემოებები საკმარისია სს „პ...ს“ 2018 წლის 8 ივნისის სარეგისტრაციო განაცხადის დაკმაყოფილებისათვის. წარმომადგენელი აკონკრეტებს, რომ ითხოვს 2012 წლის 1 იანვრამდე პერიოდში, 2006 წელს დაშვებული ტექნიკური ხარვეზის, შეცდომის გამოსწორებასა და 2006 წელს მოთხოვნილი (არსებული) უძრავი ქონების სრულად დარეგისტრირებას.

სადავო საკითხზე მსჯელობის ფარგლებში, საკასაციო პალატა მიუთითებს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის დანაწესს, რომელიც საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირს განმარტავს როგორც პირს, რომელსაც მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე წარმოეშვა. ამავე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით განმარტებულია საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, კერძოდ - ადმინისტრაციული ხელშეკრულება (მიღება - ჩაბარების აქტი ან სხვა დოკუმენტი), ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, გარიგება ან სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი არის 1994 წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა - დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული მიწის გადასახადის გადამხდელთა სია (საგადასახადო სია), „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან სხვა დოკუმენტი.

როგორც საქმის მასალებით დგინდება, მოსარჩელე მხარემ მარეგისტრირებელ ორგანოში სარეგისტრაციო განაცხადთან ერთად წარადგინა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ბათუმის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1975 წლის 16 აპრილის №256 გადაწყვეტილება ბეჭდვითი სახლის მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ; აჭარის ა.რ. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის 1996 წლის 27 მაისის №6/8 დადგენილება, ქ. ბათუმის ...ის აქციონერების შესახებ; ქ. ბათუმში, ...ს ქ. №...-ში მდებარე უძრავი ნივთის ტექნიკური პასპორტი, 1999 წლის 25 იანვრის ჩანაწერით; ცნობა - დახასიათებები, 22.01.2000 წ., 28.01.2000 წ. და 04.02.2000 წ.; სარეგისტრაციო მოწმობა 26.10.2004 წლის, საინვენტარიზაციო გეგმა; საჯარო რეესტრის ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 20.01.2005 წლის №59 და 11.03.2013 წ. №39258 წერილი, რომლის თანახმად, ქ. ბათუმში, ...ს ქ. №...-ში მდებარე 5765,0 კვ.მ. მიწის ფართობი სს „პ...ს“ საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა სს „პ...ს“ სამეთვალყურეო საბჭოს 2006 წლის 25 ივლისის №5 ოქმისა და აზომვითი ნახაზის საფუძველზე.

საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასაბუთებას მასზე, რომ სარეგისტრაციო განაცხადზე თანდართული დოკუმენტაცია ქ. ბათუმში, ...ს ქ. №...-ში მდებარე უძრავი ნივთის შესახებ, არ შეიძლება განხილულ იქნეს სს „პ...ს“ 2018 წლის 08 ივნისის №... სარეგისტრაციო განცხადებით მოთხოვნილ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებად, რადგან მითითებული არ ადგენს სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ნივთზე კანონისმიერ ან სხვაგვარ, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლით განსაზღვრულ უფლებამოსილებას. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ სს „პ...ს“ 2018 წლის 08 ივნისის №... სარეგისტრაციო განაცხადით საკუთრების უფლების რეგისტრაცია ქ. ბათუმში, ...ის ქ. №...ში მდებარე უძრავ ნივთზე მოთხოვნილი იქნა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, ხოლო სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ უძრავ ნივთებზე სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესს განსაზღვრავს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი.

ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემების, კერძოდ, ცნობა დახასიათებების თანახმად, ქ. ბათუმში, ...ს ქ. №...-ში მდებარე 6058 კვ.მ. უძრავ ნივთზე აღრიცხული იყო სახელმწიფოს საკუთრების უფლება, ხოლო სააღრიცხვო ბარათის მფლობელთა ბოლო სიაში სს „პ...ს“ მიწერილი ჰქონდა 41/62 წილი და ფართობი - 5517.79 კვ.მ. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე. ასევე სახელმწიფოს წილზე მოსარგებლედ ფიქსირდება, სს „პ...“. სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში დაცული, სს „პ...ს“ დაკვეთით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 1999 წელს შესრულებული გენგეგმის თანახმად, ...ს ქ. №...-ში მდებარე მიწის ნაკვეთის ფართობი შეადგენს 5765 კვ.მ.-ს. სააღრიცხვო მასალაში დაცულ ქალაქ ბათუმის მერიის ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახურის მიერ მომზადებულ ცნობა - დახასიათებაში (დათარიღებული 21.01.2000 წლით) სააქციო საზოგადოება „პ...ს“ სახელზე მთლიანად აღრიცხული იყო შენობა ლიტერი „ა“ ფართით 6806.77 კვ.მ., ხოლო შემდგომ ამ ფართიდან განხორციელდა რიგი გადაფორმებები, რომლის საფუძველზეც ნაწილი ფართისა აღირიცხა კერძო მესაკუთრეებზე. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემების თანახმად, სს „პ...ს“ საკუთრების უფლების (თანასაკუთრება) პირველადი რეგისტრაცია, თვით სს „პ...ს“ სარეგისტრაციო განაცხადის შესაბამისად, „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 2000 წლის 28 მარტს განხორციელდა, ქ. ბათუმში, ...ს ქ. №...-ში (ამჟამად, ქ. ბათუმი, ...ის ქ. №...) მდებარე 5765 კვ.მ. უძრავ ნივთზე, სს „პ...ს“ განაცხადზე (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი №16) თანდართული აზომვითი ნახაზის მიხედვით (ძველი საკადასტრო კოდი: ...; რეგისტრაციის ნომერია ..., ახალი საკადასტრო კოდი: ...).

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ დროის სხვადასხვა პერიოდში განხორციელდა საკადასტრო კოდით ... უძრავი ნივთის დაყოფის რეგისტრაცია და საბოლოოდ, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით დგინდება შემდეგი მონაცემები: 1. უძრავი ნივთი საკადასტრო კოდით ... მდებარე ქ. ბათუმი, ...ის ქ. №... წარმოადგენს 2589 კვ.მ. ფართის მქონე არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს (საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება); 2. უძრავი ნივთი საკადასტრო კოდით ... მდებარე ქ. ბათუმი, ...ის ქ. №... წარმოადგენს 1822 კვ.მ. ფართის მქონე არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს (საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება; მესაკუთრეები: გ. დ-ე, რ. მ-ე, ბ. ჟ-ი); 3. უძრავი ნივთი საკადასტრო კოდით ... მდებარე ქ. ბათუმი, ...ის 15 ქ. №... წარმოადგენს 315 კვ.მ. ფართის მქონე არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს (საკუთრების ტიპი: საკუთრება; მესაკუთრე: შპს „მ...“); 4. უძრავი ნივთი საკადასტრო კოდით ... მდებარე ქ. ბათუმი, ...ის ქ. №... წარმოადგენს 472 კვ.მ. ფართის მქონე არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს (საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება; მესაკუთრეები: შპს „მ...“, სს „პ...“); 5. უძრავი ნივთი საკადასტრო კოდით ... მდებარე ქ. ბათუმი, ...ის ქ. №... წარმოადგენს 585 კვ.მ. ფართის მქონე არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს (საკუთრების ტიპი: საკუთრება; მესაკუთრე: სს „პ...“). საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას სარეგისტრაციო განაცხადზე, რომლითაც ირკვევა, რომ მოსარჩელე მხარემ სადავო 268 კვ.მ მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში დარეგისტრირება მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში.

საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 74-ე მუხლს, რომლის თანახმად, 2012 წლის 1-ლი იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას. აღნიშნული თარიღის შემდეგ საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად. აღნიშნულის გათვალისწინებით მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოს ის მსჯელობა, რომ გარდა იმისა, რომ მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებენ სადავო მიწის ნაკვეთის მის მართლზომიერ მფლობელობაში ყოფნის ფაქტს, ზემოთ მითითებული კანონის იმპერატიული დანაწესის არსებობის პირობებში, 2012 წლის 1 იანვრის შემდგომ მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაშიც კი, კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას. შესაბამისად, გასაზიარებელია ის მსჯელობა, რომ 2018 წლის 08 ივნისის №... სარეგისტრაციო განცხადების მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენის პერიოდისათვის, სს ,,პ...ს“ (...) დაკარგული ჰქონდა მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლება.

საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, მე-4, მე-8, მე-9, მე-11 მუხლზე და განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ რეგისტრაცია განმარტებულია, როგორც ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების (მათ შორის საკუთრების უფლების) მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით. სარეგისტრაციო დოკუმენტი კი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება უძრავ ნივთზე უფლებები, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებები, უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემები, მათ შორის უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის მე-18 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები. აქვე, პალატა მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე, 22-ე მუხლებს სადაც კანონმდებლის მიერ ცალსახად არის გაწერილი გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის და შეჩერების საფუძვლები. საკასაციო პალატა მტკიცებულებათა საფუძველზე იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების იმ მსჯელობას, რომ აჭარის რეგიონული ოფისის 2018 წლის 18 ივლისის №... და 2018 წლის 24 ივლისის №... გადაწყვეტილებებით დადგენილ ვადაში დაინტერესებული პირის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში ვერ იქნა წარდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტი, რაც „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ბ“ პუნქტის მიხედვით, წარმოადგენდა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის საფუძველს. შესაბამისად, სადავო აქტები - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 18 ივლისის N... გადაწყვეტილება, 2018 წლის 24 ივლისის N... გადაწყვეტილება, 2018 წლის 27 აგვისტოს N... გადაწყვეტილება (სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ და მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სააგენტოს 2018 წლის 8 ოქტომბრის N... გადაწყვეტილება მიღებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.

საკასაციო პალატის მოსაზრებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, კასატორმა ვერ შეძლო ისეთი მტკიცებულებების წარდგენა, რომელიც გააქარწყლებდა სააპელაციო პალატის მსჯელობას, მის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დაადასტურებდა სააპელაციო პალატის სამართლებრივი დასკვნების მცდარობას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და საკასაციო საჩივრის შინაარსის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ არც ერთ საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, სს „პ...ს“ საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 დეკემბრის განჩინებაზე მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

საკასაციო პალატა ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის საოქმო განჩინების გაუქმების ნაწილშიც, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სს „პ...ს“ შუამდგომლობა შპს „მ...სათვის (მესამე პირი) საპროცესო უფლების შეზღუდვის შესახებ.

საკასაციო პალატა მიუთითებს შემდეგს: საქართველოს კონსტიტუციით უზრუნველყოფილ ძირითად უფლებათა შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს საპროცესო უფლებებს, კერძოდ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თითოეული პუნქტი ადამიანსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობათა უმნიშვნელოვანეს პრინციპებს შეიცავს, მათ შორის სასამართლო დაცვის, იგივე სამართლიანი სასამართლოს უფლებას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლი განსაზღვრავს მხარეთა საპროცესო უფლებებს. მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები სარგებლობენ თანაბარი საპროცესო უფლებებით. მათ უფლება აქვთ, გაეცნონ საქმის მასალებს, გააკეთონ ამონაწერები ამ მასალებიდან, გადაიღონ ასლები, განაცხადონ აცილებანი, წარადგინონ მტკიცებულებანი, მათ შორის, ექსპერტის (საექსპერტო დაწესებულების) დასკვნები, სპეციალისტის ცნობები, მონაწილეობა მიიღონ მტკიცებულებათა გამოკვლევაში, შეკითხვები დაუსვან მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებს, სასამართლოს წინაშე განაცხადონ შუამდგომლობები, მისცენ სასამართლოს ზეპირი და წერილობითი ახსნა - განმარტებანი, წარადგინონ იმავე ტიპის საქმეზე სხვა სასამართლოს გადაწყვეტილებანი, წარადგინონ თავიანთი დასკვნები და გამოთქვან მოსაზრებები საქმის განხილვის დროს წამოჭრილ ყველა საკითხზე, უარყონ მეორე მხარის შუამდგომლობები, დასკვნები და მოსაზრებები, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები და განჩინებები, წარადგინონ მორიგების აქტი საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე და ისარგებლონ ამ კოდექსით მათთვის მინიჭებული სხვა უფლებებით.

მხარეთა თანაბარი საპროცესო უფლებები და შესაძლებლობები, რომელსაც გერმანულ საპროცესო სამართალში თანაბარი შესაძლებლობების პრინციპსაც (BGH, Beschluss vom 24.03.2011 - I ZR 108/09 -BGHZ 189, 56; BGH, Urteil vom 20.07.2017 - III ZR 296/15 - NJW 2017, 3367) უწოდებენ, განსაკუთრებულად არის ხაზგასმული ქართული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველ წინადადებაში. გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლო თანაბარი შესაძლებლობების პრინციპის ფუნქციას შემდეგნაირად აჯამებს: მოსამართლემ, კონსტიტუციურ - სამართლებრივად უნდა უზრუნველყოს სასამართლო მოსმენის გარანტიის კუთხით პროცესის მხარეებისათვის, საპროცესო სამართლის ფარგლებში თანაბარი შესაძლებლობა, მიუთითონ ყველა იმ გარემოებაზე, რომელიც არსებითია სასამართლო გადაწყვეტილებისთვის და დამოუკიდებლად განახორციელონ შესაგებლები მოწინააღმდეგის მოთხოვნის უფლებების წინააღმდეგ (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი; ულრიხ ჰაგენლოხი).

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოება წარმოადგენს ადმინისტრაციულ - სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავის გადაწყვეტის მიზნით საქმისწარმოების პროცესს, რომელიც მატერიალურ - სამართლებრივი უფლებების რეალიზების პროცესუალური საშუალებაა. მესამე პირთა ინსტიტუტის მნიშვნელობა სასამართლოსადმი მიმართვის კონსტიტუციური უფლების პრაქტიკულ რეალიზაციაში მდგომარეობს. ის იძლევა საშუალებას იმ პირთა უფლებების დასაცავად, რომელთა ინტერესებზე პოტენციური ზეგავლენის მოხდენა შეუძლია სასამართლოს გადაწყვეტილებას, გარკვეული შეზღუდვების დაწესებით თუ გარკვეული უფლება - მოვალეობების განსაზღვრით. რამდენადაც ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედებს ინკვიზიციურობის პრინციპი, ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მოწვევის მნიშვნელოვან საფუძველს საქმის ყოველმხრივ განხილვის მიზანი წარმოადგენს. განსახილველ შემთხვევაში დაუსაბუთებელია საკასაციო საჩივრის ავტორის - სს „პ...ს“ მოთხოვნა მესამე პირისათვის - შპს „მ...სათვის (მესამე პირი 16.1) საპროცესო უფლების შეზღუდვის თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, სს „პ...ს“ (ს/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2024 წლის 12 თებერვალს საკასაციო საჩივარზე სს „ს...ში“ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „პ...ს“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. შუამდგომლობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;

3. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 დეკემბრის განჩინება;

4. სს „პ...ს“ (ს/ნ ...) დაუბრუნდეს 2024 წლის 12 თებერვალს საკასაციო საჩივარზე სს „ს...ში“ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

გიორგი გოგიაშვილი