საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1197(კს-24) 25 მარტი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ლ. ს-ე
მოწინააღმდეგე მხარეები - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2021 წლის 2 ივლისს ლ. ს-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ. მოსარჩელემ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 18 მაისის N 001103 დადგენილებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 2 ივლისის N927 ბრძანების (ლ. ს-ეის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით ლ. ს-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ს-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით ლ. ს-ეის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე, ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. სასამართლომ ასევე მიუთითა 374-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი.
სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 მაისის გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2023 წლის 16 აგვისტოს და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად დასრულდა 2023 წლის 29 აგვისტოს (სამშაბათს) 24 საათზე. სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. ს-ემ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი, შეიტანა 2023 წლის 05 სექტემბერს, რა დროსაც სააპელაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადა უკვე გასული იყო, შესაბამისად, ლ. ს-ეის სააპელაციო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ოქტომბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ლ. ს-ემ. კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას ითხოვს.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მან ვერ შეძლო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის გამოსწორება, თუმცა ვადის დარღვევა გამოწვეულია საპატიო მიზეზებიდან გამომდინარე. კერძოდ, წარმოადგენს ხანდაზმულ პიროვნებას, ასაკიდან გამომდინარე აქვს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა, შეზღულული აქვს მხედველობა, ვერ კითხულობს ნაბეჭდი ფორმით შესრულებულ დოკუმენტებს და სწორედ ამიტომ ვერ შეძლო გადწყვეტილების სრულფასოვნად წაკითხვა, გააზრება გასაჩივრების ვადის ამოკითხვა, რათა წარმომადგენლისთვის დროულად ეცნობებინა. სწორედ ამიტომ, სააპელაციო საჩივარის გრაფაშიც მითითებულია, რომ ნებისმიერი შეტყობინება სასამართლოდან გამოგზავნილიყო ალტერნატიულ - წარმომადგენლის მისამართზე. საჩივრის ავტორის მითითებით, სხვა შემთხვევებში, როდესაც ლ. ს-ეს რაიმე დოკუმენტის წაკითხვა სჭირდებოდა მას ეხმარებოდა თავისი ვაჟი, რომელიც გადაწყვეტილების ჩაბარების დროს იმყოფებოდა დასასვენებლად.
კერძო საჩივრის ავტორი დამატებით მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილულ ერთ-ერთ საქმეზე - „მირაგალ ესკოლანო და სხვები ესპანეთის წინააღმდეგ“, სადაც განიმარტა, რომ მხარეებს უნდა შეეძლოთ გასაჩივრების უფლების გამოყენება იმ მომენტიდან, როცა მათ ძალუძთ ეფექტურად შეაფასონ ის ტვირთი, რომელსაც აკისრებთ სასამართლო გადაწყვეტილება. ეროვნული სასამართლოების მიერ პროცედურული წესის განსაკუთრებით მკაცრი ინტერპრეტაცია კი ართმევს მომჩივნებს თავიანთი საჩივრების განხილვისათვის სასამართლოსადმი წვდომის უფლებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ საჩივრის წარდგენის ვადა დაირღვა საპატიო მიზეზებიდან გამომდინარე და ექვემდებარება აღდგენას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 9 დეკემბრის განჩინებით ლ. ს-ეის კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ს-ეის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სსკ-ის 369-ე მუხლის პირველი თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე, ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის VIII თავში, კერძოდ, 70-78-ე მუხლებში რეგლამენტირებულია სასამართლო შეტყობინებისა და დაბარების წესი, რომელიც ასევე გამოიყენება დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებასთან დაკავშირებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით, ხოლო ამავე კოდექსის 74-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, უწყების მიმღები ვალდებულია, უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება, დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება ლ. ს-ეს გაეგზავნა 2023 წლის 10 აგვისტოს, სარჩელში მითითებულ მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის ქ. .... საქმეში წარმოდგენილი შპს „ს...-ს“ უკუგზავნილის თანახმად, (შეტყობინების ბარათი გზავნილების ჩაბარების შესახებ, გზავნილის შტრიხკოდი: ...), თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება ადრესატს ჩაბარდა პირადად 2023 წლის 15 აგვისტოს, რაც დასტურდება უკუგზავნილზე ლ. ს-ეის ხელმოწერით და პირადი ნომრის მითითებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 მაისის გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2023 წლის 16 აგვისტოს და დასრულდა 2023 წლის 29 აგვისტოს (სამშაბათი) 24 საათზე, ისე რომ ლ. ს-ეს სასამართლოში სააპელაციო საჩივარი არ წარუდგენია. ლ. ს-ემ აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი საფოსტო კომპანია შპს „ქ...ს“ ჩააბარა 2023 წლის 5 სექტემბერს, კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევით.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ არ ხდის მისი მხრიდან სააპელაციო საჩივრის დაგვიანებით შეტანის ფაქტს, თუმცა მიუთითებს, რომ ლ. ს-ე არის ხანდაზმული პიროვნება, აქვს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა, შეზღუდული მხედველობა და ვერ ამოიკითხა გასაჩივრების ვადა, რათა წარმომადგენლისთვის დროულად ეცნობებინა, რამაც განაპირობა მის მიერ აღნიშნული ვადის დარღვევა. აღნიშნულის საპირისპიროდ, საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით, გადაწყვეტილების შემცველი გზავნილი ჩაბარდა პირადად ლ. ს-ეს სარჩელში მითითებულ მისამართზე და მას უარი არ განუცხადებია გზავნილის ჩაბარებაზე, რაც მიუთითებს მისი მხრიდან გზავნილის ჩაბარებაზე უფლებამოსილების დადასტურების ფაქტზე. ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე რომ კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია ისეთი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც ლ. ს-ეის მიერ საკუთარი ქმედების გააზრების ან მახსოვრობასთან დაკავშირებული ისეთი პრობლემის/დაავადების არსებობას ცალსახად დაადასტურებდა, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებდა მისი მხრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების ნამდვილობას. შესაბამისად, საქმეში არ არის წარმოდგენილი არც სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული და არც სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი ისეთი გარემოებები თუ დოკუმენტაცია, რომელიც საკასაციო სასამართლოს ეჭვს შეატანინებდა ლ. ს-ეის ქმედუნარიანობაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილსა და 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის აღდგენის შესაძლებლობასთან დაკავშირებით. როგორც აღინიშნა, კანონმდებლობით იმპერატიულად არის დადგენილი სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14-დღიანი ვადა. გამონაკლისი მოცემული ვადის გაგრძელებისა და აღდგენის თვალსაზრისით არ არსებობს. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ კრიტერიუმს მისი კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შეტანა წარმოადგენს. მოცემული ვალდებულების დარღვევა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, სასამართლოს ავალდებულებს, მიიღოს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან, ლ. ს-ემ კანონით დადგენილ ვადაში ვერ განახორციელა საპროცესო მოქმედება, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი. კერძო საჩივრის ავტორის პოზიცია კი ვერ ადასტურებს მოთხოვნილი დოკუმენტაციის საპროცესო ვადაში წარდგენის შეუძლებლობას. აქედან გამომდინარე, ლ. ს-ეის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ოქტომბრის განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ. ს-ეის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ოქტომბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ბ.შონია
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. მაკარიძე