საქმე #ბს-1317(კ-24) 20 მარტი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) – ლ. უ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო
მესამე პირები (ასკ 16.2) – მ. ჯ-ე, დ. უ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 13 მარტის განჩინება
დავის საგანი – ქმედების უკანონოდ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2022 წლის 16 მაისს ლ. უ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, მცხეთის რაიონული სასამართლოს წარმოებაშია ლ. უ-ის სარჩელი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წინააღმდეგ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ნაწილობრივ ბათილად ცნობის თაობაზე. კერძოდ, სადავოა უძრავი ქონებიდან მისი კუთვნილი წილის მესამე პირების - დ. უ-ისა და მ. ჯ-ეის სახელზე აღრიცხვა, რაც პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს და უხეშად ლახავს მის ქონებრივ უფლებებს.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციაში მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება 2018 წლის 12 თებერვალს გაცემული სააღსრულებო ფურცლის, მცხეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმე #2/153-16) აღსასრულებლად, რომლის თანახმად, დაკმაყოფილდა მოსარჩელე მ. ჯ-ეის სარჩელი დ. უ-ის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე.
მოსარჩელის მითითებით, მის ოჯახს გაეგზავნა აღსრულების ეროვნული ბიუროს 2022 წლის 22 მარტის #A18035932 წერილი/გაფრთხილება, რომლითაც განიმარტა, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 84-ე მუხლის თანახმად, დ. უ-ის ეძლევა წინადადება გაფრთხილების მიღებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში ნებაყოფლობით მოიყვანოს სისრულეში სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნა, კერძოდ, გამოსათავისუფლებელია უძრავი ქონება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოხდება იძულებითი გამოსახლება 2022 წლის 18 მაისს. მოსარჩელის განმარტებით, იმისათვის, რათა მ. ჯ-ეს უძრავი ნივთი გადაეცეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში, საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლებულ უნდა იქნეს ყველა მაცხოვრებელი, მათ შორის, თავად ლ. უ-იც. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ეხება მის ინტერესებსაც.
ამდენად, მოსარჩელემ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის 2022 წლის 22 მარტის #A18035932 წერილის/გაფრთხილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა მოითხოვა.
ამავე სარჩელით მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე იშუამდგომლა და მოითხოვა: (1) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის 2022 წლის 22 მარტის #18035932 წერილის/გაფრთხილების მოქმედების შეჩერება მ. ჯ-ეისათვის მცხეთის რაიონში, სოფელ ...ში, ... ქუჩაზე, ბინა #...-ის მიმდებარედ საცხოვრებელი სახლის (ს.კ. ...) გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემის ნაწილში; (2) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მცხეთის რაიონული სასამართლოს მიერ 2018 წლის 12 თებერვალს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე (საქმე #2/153-16), სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს ქალაქ თბილისის განყოფილებაში დაწყებული სააღსრულებო წარმოების შეჩერება, მ. ჯ-ეისათვის მცხეთის რაიონში, სოფელ ...ში, ... ქუჩაზე, ბინა #...-ის მიმდებარედ საცხოვრებელი სახლის (ს.კ. ...) გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემის ნაწილში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 ივნისის განჩინებით ლ. უ-ის სარჩელი მიღებულ იქნა სასამართლო წარმოებაში და ცნობილ იქნა დასაშვებად. ამავე განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის ... ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა მ. ჯ-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 ივნისის განჩინებით ლ. უ-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შეჩერდა მცხეთის რაიონული სასამართლოს მიერ 2018 წლის 12 თებერვალს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე (საქმე #2/153-16) სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს ქალაქ თბილისის განყოფილებაში დაწყებული სააღსრულებო წარმოება, მ. ჯ-ეისათვის მცხეთის რაიონში, სოფელ ...ში, ... ქუჩაზე, ბინა #...-ის მიმდებარედ საცხოვრებელი სახლის (ს.კ. ...) 1/5 ნაწილის (ლ. უ-ის შესაძლო წილი) გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემის ნაწილში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის ... ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა დ. უ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით ლ. უ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ლ. უ-ის სარჩელთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. უ-იმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 13 მარტის განჩინებით ლ. უ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ლ. უ-ი არ წარმოადგენს მოვალეს, თუმცა როგორც გამოსათავისუფლებელ მისამართზე მცხოვრები პირი, ექვემდებარება გამოსახლებას სადავო ფართიდან. მისი განცხადებით, მხოლოდ ერთი - 2022 წლის 22 მარტის წინანადება/გაფრთხილების გასაჩივრება განპირობებულია იმით, რომ ეს დოკუმენტი ჩაბარდა პირადად მას.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ წინადადება გამოცემულია უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის საკითხთან დაკავშირებით. თავისი არსით, აღნიშნული გულისხმობს სადავო ქონების უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო მდგომარეობაში მესაკუთრისათვის გადაცემას. პალატამ დაადასტურა, რომ ლ. უ-ის, როგორც სადავო ფართში მცხოვრებ პირს, გადაწყვეტილების აღსრულების შემთხვევაში მოუწევს საცხოვრებელი ადგილის დატოვება და ეს გავლენას მოახდენს მის უფლებებზე, თუმცა ცალკე უნდა განიმარტოს, თუ რა იგულისხმება „კანონიერი ინტერესისა და უფლებისათვის“ ზიანის მიყენების ტერმინში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მიზნებისათვის. პალატის შეფასებით, როგორც უზენაესი სასამართლოს მიერ არაერთხელ იქნა განმარტებული, კანონიერი ინტერესი შეეხება მოსარჩელის „ნამდვილ“ ინტერესს, მხოლოდ „თავისი“ უფლების ან თავისუფლების დაცვის რეალურ საჭიროებას. მოსარჩელის კანონიერი ინტერესისათვის ზიანის მიყენების საფუძვლით სარჩელის აღძვრა შესაძლებელია, თუკი ასეთი ზიანი პირდაპირი და უშუალოა მოსარჩელისათვის.
განსახილველ შემთხვევაში, პალატამ მიუთითა, რომ ლ. უ-ი იმ სააღსრულებო წარმოებაში, რომლის აღსასრულებლადაც არის გამოცემული სადავო წინადადება/გაფრთხილება, არ წარმოადგენს არც მოვალეს და არც კრედიტორს. ამასთან, სადავო წინადადებას არ მოჰყოლია სამართლებრივი შედეგი და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება კვლავ აღუსრულებელია. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ გასაჩივრებული წინადადების შემდეგ, გაგზავნილ იქნა კიდევ სამი წინადადება ნებაყოფლობითი აღსრულების თაობაზე, რომლებიც ლ. უ-ის მიერ არ გასაჩივრებულა.
შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ მიუთითა ისეთ გარემოებაზე, რომელიც სასამართლოს სადავო ქმედების უკანონობაში დაარწმუნებდა.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დავის განხილვისას მოსარჩელე, ასევე, აღნიშნავდა, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს წარმოებაშია ადმინისტრაციული საქმე, სადაც სადავოა მესამე პირის - მ. ჯ-ეის საკუთრების უფლება სადავო უძრავ ქონებაზე. კერძოდ, მითითებულ საქმეში გასაჩივრებულია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებები.
სააპელაციო პალატის შეფასებით, ის გარემოება, რომ მოსარჩელეს მიმართული აქვს სასამართლოსათვის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წინააღმდეგ, არ ცვლის არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას - აღსასრულებელია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება. დასახელებული სარჩელი, ასევე, არ იწვევს საქმეზე წარმოების შეჩერების წინაპირობებს, ვინაიდან საქმის მის სასარგებლოდ დასრულების შემთხვევაშიც კი, ლ. უ-ი ვერ მოიპოვებს უფლებას სადავო ქონებაზე სრულად. სხვა ადმინისტრაციული წარმოების მის სასარგებლოდ დასრულების პირობებში, მას რჩება საკუთარ უფლებებში აღდგენის სხვა სამართლებრივი მექანიზმებიც და სარჩელის წარდგენა ვერ იქნება წინამდებარე დავის განხილვის შეჩერების საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 13 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. უ-იმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, კასატორი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო ან ადმინისტრაციული წესით. კასატორი მიიჩნევს, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის 2022 წლის 22 მარტის #18035932 მოთხოვნის კანონიერებაზე მსჯელობა შესაძლებელია მხოლოდ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების თაობაზე მცხეთის რაიონული სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდგომ.
კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის 2022 წლის 22 მარტის #18035932 მოთხოვნა პირდაპირ და უშუალო ზიანს არ აყენებს ლ. უ-ის.
კასატორის მითითებით, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში სასამართლო, ერთი მხრივ, განმარტავს, რომ სადავო აქტი ეხება ლ. უ-ის უფლებებს, ვინაიდან იგი, ასევე, იწვევს ლ. უ-ის გამოსახლებას საცხოვრებელი ბინიდან, თუმცა, მეორე მხრივ, სასამართლო აღნიშნავს, რომ სააღსრულებო წარმოების ფარგლებში ლ. უ-ი არ წარმოადგენს მხარეს (მოვალეს ან კრედიტორს) და გასაჩივრებული აქტის გაუქმება არ იქონიებს გავლენას მის უფლებებზე. ამ შემთხვევაშიც კი, ლ. უ-ი ვერ მოიპოვებს საკუთრების უფლებას სადავო ქონებაზე.
კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ამჟამად მცხეთის რაიონული სასამართლოს წარმოებაშია ადმინისტრაციული საქმე, რომელშიც სადავოა მესამე პირის - მ. ჯ-ეის საკუთრების უფლება სადავო უძრავ ქონებაზე. კერძოდ, მითითებულ საქმეში გასაჩივრებულია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებები, რომელიც, კასატორის მოსაზრებით, ლახავს მის საკუთრების უფლებას. შესაბამისად, კასატორი თვლის, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის 2022 წლის 22 მარტის #18035932 მოთხოვნის კანონიერებაზე მსჯელობა მხოლოდ ზემოაღნიშნულ საკითხთან მიმართებით მცხეთის რაიონული სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ არის შესაძლებელი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ლ. უ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. უ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილ იქნა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის 2022 წლის 22 მარტის #A18035932 წერილის/გაფრთხილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა.
2015 წლის 25 სექტემბერს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, მცხეთაში, ...ში, საცხოვრებელ სახლთან მდებარე უძრავ ქონებაზე, კერძოდ, 1595 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს.კ. ...), უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რეგისტრირებულია დ. უ-ის საკუთრების უფლება.
2016 წლის 22 თებერვალს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ამავე უძრავ ქონებაზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 16 თებერვლის #A15083129-014/001 განკარგულების საფუძველზე, რეგისტრირებულია მ. ჯ-ეის საკუთრების უფლება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით (საქმე #2/153-16), მ. ჯ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა და დადგინდა: დ. უ-ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნეს უძრავი ნივთი, მდებარე - მცხეთა, ..., საცხოვრებელ სახლთან, ს.კ. ... და მოსარჩელეს ქონება გადაეცეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში. აღნიშნულ საკითხზე გაცემულია სააღსრულებო ფურცელიც.
2018 წლის 28 მარტს მ. ჯ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს და იძულებითი აღსრულების მიზნით წარადგინა #2/153-16 საქმეზე მცხეთის რაიონული სასამართლოს მიერ 2018 წლის 12 თებერვალს გაცემული სააღსრულებო ფურცელი. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის პოლიციელმა, მ. ჯ-ეის 2018 წლის 28 მარტის განცხადების საფუძველზე, დაიწყო #A18035932 სააღსრულებო საქმის წარმოება.
საქმის მასალებით დგინდება, რომ სააღსრულებო წარმოების განმავლობაში, დ. უ-ის არაერთხელ გაეგზავნა წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულების თაობაზე, რომელთა ნაწილიც მას პირადად ჩაბარდა, ნაწილი კი ჩაიბარეს სხვა პირებმა მისთვის გადაცემის პირობით.
საქმის მასალებით, ასევე, დადგენილია, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილების აღსასრულებლად #2/153-16 საქმეზე 2018 წლის 27 თებერვალს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული აღსრულება რამდენჯერმე გადავადდა და განახლდა.
წინამდებარე საქმეზე სადავოა გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის პოლიციელის 2022 წლის 22 მარტის #A18035932-026/001 წინადადება, რომლითაც მხარეს განემარტა, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 84-ე მუხლის თანახმად, ეძლეოდა წინადადება, გაფრთხილების მიღებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში, ნებაყოფლობით სისრულეში მოეყვანა სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნა, კერძოდ, გამოსათავისუფლებელი იყო უძრავი ქონება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოხდებოდა იძულებითი გამოსახლება 2022 წლის 18 მაისს, 11:00 საათზე.
ამასთან, დადგენილია, რომ შემდგომში დ. უ-ის გაეგზავნა გადაწყვეტილების ნებაყოფლობითი აღსრულების შესახებ 2022 წლის 25 მარტის, 2022 წლის 13 ივნისისა და 2022 წლის 17 ივნისის წინადადებებიც, რომელთაგან უკანასკნელი (17 ივნისის) მას პირადად ჩაბარდა.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში, ლ. უ-ის მიერ გასაჩივრებულია მხოლოდ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის პოლიციელის 2022 წლის 22 მარტის გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ #A18035932-026/001 წინადადება. ამასთან, იგი არ წარმოადგენს მოვალეს, თუმცა როგორც გამოსათავისუფლებელ მისამართზე მცხოვრები პირი, ექვემდებარება გამოსახლებას სადავო ფართიდან. ნიშანდობლივია კასატორის წარმომადგენლის განმარტებაც, რომ მხოლოდ ერთი - 2022 წლის 22 მარტის #A18035932-026/001 წინანადების/გაფრთხილების გასაჩივრება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ ეს დოკუმენტი ლ. უ-ის პირადად ჩაბარდა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს საქართველოს სახელით. სასამართლოს აქტები შესასრულებლად სავალდებულოა. სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა ისჯება კანონით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.
საკასაციო სასამართლო, ასევე, მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 84-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის საქმეზე, როდესაც აღსასრულებელი გადაწყვეტილება ითვალისწინებს უძრავი ქონების კრედიტორის მფლობელობაში და სარგებლობაში გადაცემას ან/და უძრავი ქონებიდან პირთა გამოსახლებას (გამოყვანას), აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს უძრავი ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში კრედიტორისათვის გადაცემას.
ამავე მუხლის ... პუნქტის თანახმად, სააღსრულებო ფურცელში მითითებული უძრავი ქონებიდან მოვალის და მასთან მყოფი პირების გამოსახლება (გამოყვანა) ხდება მათ კუთვნილ მოძრავ ქონებასთან ერთად.
ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად კი, აღსრულების ეროვნული ბიურო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით აბარებს მოვალეს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც აღინიშნება: გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა – 10 კალენდარული დღე, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ განსაზღვრულ ვადაში გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოსახლების (გამოყვანის) იძულების წესით განხორციელების შესახებ, სააღსრულებო მოქმედების დღეს მოვალის ადგილზე არყოფნის შემთხვევაში გამოსახლების (გამოყვანის) მის დაუსწრებლად, იძულების წესით განხორციელების შესახებ, იძულების წესით გამოსახლების (გამოყვანის) თარიღი და დრო.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ ლ. უ-ის, როგორც სადავო ფართში მცხოვრებ პირს, გადაწყვეტილების აღსრულების შემთხვევაში მოუწევს საცხოვრებელი ადგილის დატოვება და ეს გავლენას მოახდენს მის მდგომარეობაზე, თუმცა ნიშანდობლივია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მიზნებისათვის, „კანონიერი ინტერესი“ შეეხება მოსარჩელის ნამდვილ ინტერესს, მხოლოდ თავისი უფლების ან თავისუფლების დაცვის რეალურ საჭიროებას. მოსარჩელის კანონიერი ინტერესისათვის ზიანის მიყენების საფუძვლით სარჩელის აღძვრა შესაძლებელია, თუკი ასეთი ზიანი პირდაპირი და უშუალოა მოსარჩელისათვის.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ლ. უ-ი იმ სააღსრულებო წარმოებაში, რომლის აღსასრულებლადაც არის გამოცემული სადავო წინადადება/გაფრთხილება, არ წარმოადგენს მოვალეს. ამასთან, საგულისხმოა, რომ გასაჩივრებულ წინადადებას არ მოჰყოლია სამართლებრივი შედეგი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ გასაჩივრებული წინადადების შემდეგ, დ. უ-ის გაეგზავნა კიდევ სამი წინადადება ნებაყოფლობითი აღსრულების თაობაზე, რომელთაგან არც ერთი ლ. უ-ის მიერ არ გასაჩივრებულა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მხრიდან აღსრულების პროცედურები დაწყებულია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, რაც სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს პირდაპირი, კანონისმიერი მოვალეობაა. კასატორმა კი საქმის განხილვის ვერც ერთ ეტაპზე ვერ მიუთითა იმგვარი გარემოების არსებობაზე, რომელიც სადავო ქმედების უკანონოდ მიჩნევის საფუძველს შექმნიდა.
საკასაციო პალატა, ასევე, აღნიშნავს, რომ წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში კასატორი მიუთითებს მცხეთის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებულ ადმინისტრაციულ საქმეზე, რომელშიც სადავოა მესამე პირის - მ. ჯ-ეის საკუთრების უფლება სადავო უძრავ ქონებაზე. კერძოდ, მითითებულ საქმეში გასაჩივრებულია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებები. კასატორი ითხოვს ხსენებული საქმის დასრულებამდე განსახილველი საქმის წარმოების შეჩერებას. ნიშანდობლივია, რომ მოსარჩელეს ამგვარი შუამდგომლობა წარდგენილი ჰქონდა, მათ შორის, საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის ეტაპზე.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ მოსარჩელის მხრიდან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა თუ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წინააღმდეგ სასამართლოსათვის მიმართვა გავლენას ვერ ახდენს განსახილველ საქმეზე, რამდენადაც მოცემულ შემთხვევაში, სადავო აქტი ემსახურება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებას. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქმის წარმოების შეჩერების შესახებ კასატორის შუამდგომლობა დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ლ. უ-ის (პ/ნ ...) საკასაციო საჩივარზე 20.01.2025წ. #25567536314 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ლ. უ-ის (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ. უ-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. ლ. უ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
3. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 13 მარტის განჩინება;
4. ლ. უ-ის (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 20.01.2025წ. #25567536314 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა