№ბს-1061(კ-24) 5 მარტი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გენადი მაკარიძე, ბადრი შონია
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ზ. ფ-ი, ლ. ნ-ი, პ. ფ-ი, გ. ფ-ი, ლ. ფ-ი, ნ. ფ-ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2023 წლის 9 მარტს ზ. ფ-იმა, ლ. ნ-იმა, პ. ფ-იმა, გ. ფ-იმა, ლ. ფ-იმა და ნ. ფ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელეებმა „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 14 თებერვლის №IDP 8 23 00000217 ბრძანების ბათილად ცნობა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსათვის მოსარჩელეთა ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით, ზ. ფ-ის, ლ. ნ-ის, პ. ფ-ის, ლე. ფ-ის, გ. ფ-ის, ლ. ფ-ის და ნ. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 14 თებერვლის №IDP 8 23 00000217 ბრძანება და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ზ. ფ-ის, ლ. ნ-ის, პ. ფ-ის, ლე. ფ-ის, გ. ფ-ის, ლ. ფ-ის და ნ. ფ-ის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 მარტის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვერ იქნა დადასტურებული, რომ გადაწყვეტილების მიღება მოხდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 08 აპრილის N01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის (დანართი №1) მე-6 მუხლის პირველ პუნქტით დადგენილი პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე. მოსარჩელის ოჯახს მინიჭებული ჰქონდა 8.00 ქულა, ხოლო საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილთა ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 4.5 და მეტი ქულა. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც დადგინდა, რომ მოსარჩელის ოჯახს არ ჰქონდა საკუთრებაში უძრავი ქონება და საჭიროებდა გადაუდებელ განსახლებას, უსაფუძვლო იყო ადმინისტრაციული ორგანოს უარი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებთ უზრუნველყოფის სააგენტომ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ მხარე ოჯახთან ერთად წლებია შეუზღუდავად ცხოვრობს ბინაში, რომელიც თავად გაასხვისეს. სასამართლო სადავო ქონებას „სხვის“ ქონებას უწოდებს, თუმცა ბინა მეუღლის მიერაა გასხვისებული ოჯახის ახლობელზე - მოსარჩელის სიდედრზე და მოსარჩელის ოჯახი დღემდე განაგრძობს მათივე გასხვისებული ქონებით სარგებლობას. კასატორის შეფასებით, ოჯახის მფლობელობაში ბინის არსებობა საქმის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებაა, რასაც სასამართლომ საერთოდ არ მიაქცია ყურადღება. როგორც მინისტრის 2021 წლის N01-30/ნ ბრძანება, ასევე სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა იმპერატიულად ადგენს და მიუთითეს იმის თაობაზე, რომ თუ დევნილი ოჯახის მიერ საკუთარი სახსრებით მოხდა საცხოვრებელი ბინის შეძენა, ასეთი დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის განხილვა გადაინაცვლებს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ბოლო ეტაპზე. ამდენად, კანონმდებლობა მითითებული საფუძვლით დევნილი ოჯახისთვის უარის თქმის კანონიერ საფუძველს ქმნის და ამავდროულად, ადმინისტრაციულ ორგანოს ათავისუფლებს ვალდებულებისგან, რომ მან იკვლიოს შეძენილი ქონების გასხვისების საფუძვლები, მიზეზები თუ საჭიროებები.
მოცემულ საქმეზე არ იკვეთება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული წესის დარღვევით სხდომის ჩატარება. ასევე არ იკვეთება კანონის ისეთ დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. საქმის გარემოებების გამოსაკვლევად, ადმინისტრაციულმა ორგანომ ჩაატარა მონიტორინგი, დათვალიერება და გამოკითხვა. აღნიშნული ადასტურებს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოიყენა მის ხელთ არსებული ყველა საშუალება საკითხის სრულყოფილად შესასწავლად და გამოსაკვლევად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ზ. ფ-ი, პ. ფ-ი, ლე. ფ-ი, გ. ფ-ი, ლ. ფ-ი, ნ. ფ-ი არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები. 2022 წლის 2 დეკემბრის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ცნობის თანახმად, ზ. ფ-ი, ლ. ნ-ი, პ. ფ-ი, ლე. ფ-ი, გ. ფ-ი, ლ. ფ-ი, ნ. ფ-ი იყვნენ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული - 1000 სარეიტინგო ქულით და იღებდნენ საარსებო შემწეობას.
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის - დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრებ, ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი).
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები განსაზღვრულია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ №7 დანართისა და „სოციალური კრიტერიუმის“ №8 დანართის შესაბამისად.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის მიხედვით, 2022 წლის მდგომარეობით, ოჯახი შეფასდა 8,0 ქულით (1994 წლის 1 იანვრამდე და 2009 წლის 1 იანვრამდე დაბადებული დევნილის სტატუსის მქონე პირი/პირები 1 წევრი - 1,5 ქულა; საცხოვრებლის ფინანსური პირობები - 1,5 ქულა, 18 წლამდე ასაკის წევრები 3 არასრულწლოვანი - 2 ქულა, სოციალური კრიტერიუმი 30001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულით - 3 ქულა). ზ. ფ-ის სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავდა ხუთი შვილი და განაცხადს აკეთებდა მათთან და არადევნილ მეუღლესთან ლ. ნ-ითან ერთად.
გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის თანახმად (ვიზიტის თარიღი 10.01.2023 წელი), ზ. ფ-ი 2010 წლიდან სიდედრის მ. ფ-ის საკუთრებაში ცხოვრობდა ქ. თბილისში, ...ში, ...ის ..., სახლი №6-ში. მონიტორინგის ფორმის თანახმად, მონიტორინგის მისამართზე არსებული სახლი რეალურად ეკუთვნოდა ზ. ფ-ის ცოლის დედას - მ. ფ-ის, რომელმაც ...ის ... მ/რ, კორპ. N9, ბინა №22-ში არსებული ბინა გაყიდა, რომლის საფასურით შეიძინა ზემოაღნიშნული სახლი - ქ. თბილისში, ...ში, ...ის ..., სახლი №6, რომელიც თავიდან გაფორმდა შვილზე ლ. ნ-იზე (განმცხადებლის მეუღლე), 2019 წელს კი გადაუფორმდა ისევ რეალურ მფლობელს - მ. ფ-ის. სახლი იყო ავარიული, კედლები დამსკდარი. მ. ფ-ის განმარტებით სახლს უტოვებდა შვილს - ა. ნ-ის, რომელსაც უნდოდა გადმოსვლა, მაგრამ ფართის სიმცირის გამო ვერ ახერხებდა.
2014 წლის 26 ნოემბრის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდებოდა, რომ მისამართზე: ქ. თბილისი, ...ს დასახლება, ...ის ქუჩის ... №6 საკადასტრო კოდით: №..., ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი: 600 კვ.მ, მესაკუთრედ ფიქსირდებოდა ლ. ნ-ი; 2019 წლის 6 მაისის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდებოდა, რომ მისამართზე: ქ. თბილისი, ...ს დასახლება, ...ის ქუჩის ... №6 საკადასტრო კოდით: N..., ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი: 600 კვ.მ, მესაკუთრედ ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე ფიქსირდებოდა მ. ფ-ი.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2023 წლის 25 იანვრის №6 ოქმის თანახმად, კომისიამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანების შესაბამისად განიხილა ქ. თბილისში მდებარე ახალაშენებულ კორპუსებში დევნილ ოჯახთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის შესახებ განაცხადები. ამავე ოქმის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილებით, ზ. ფ-ის (სარეგისტრაციო ნომერი ...) უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არ არსებობის, მეუღლის მიერ გასხვისებულ ბინაში ცხოვრების გამო.
2023 წლის 14 თებერვალს, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ №IDP 8 23 00000217 ბრძანებით ზ. ფ-ის ოჯახს (განცხადებაში გათვალისწინებულ პირებს) ამ ეტაპზე უარი ეთქვა განსახლების გადაუდებელი საჭიროების არ არსებობის გამო, ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.
როგორც საქმეში წარმოდგენილი 2023 წლის 25 იანვრის №6 ოქმით დასტურდება, ოთხოთახიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდნენ ის ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 4.5 და მეტი ქულა.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან მოსარჩელე (ოჯახი) ცხოვრობს მათსავე გასხვისებულ ბინაში, მათ მიმართ უნდა გამორიცხულიყო საცხოვრებლით დაკმაყოფილებასთან დაკავშირებული ინტერესის პრიორიტეტულობა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ის ფართი, რომელში ცხოვრების გამოც, სააგენტომ უარი უთხრა მოსარჩელეთა ოჯახს განსახლებაზე, არ წარმოადგენს მათ საკუთრებას, ხოლო მათ საკუთრებაში არსებული სხვა უძრავი ქონების შესახებ ინფორმაცია არ ყოფილა წარმოდგენილი. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის ფაქტი არ გამორიცხავს დევნილის უფლებას, ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე, დაკმაყოფილდეს საცხოვრებლით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 18 მარტის №ბს-156(კ-20) განჩინება). საყურადღებოა, რომ მოსარჩელეთა ოჯახს არ მიუღია კომპენსაცია და არ არის დაკმაყოფილებული გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი დევნილებთან მიმართებით მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა. სახელმწიფოს აქვს კანონით ნაკისრი ვალდებულება, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოს დევნილი მოსახლეობა. ამავდროულად, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფომ დევნილი უნდა დააკმაყოფილოს ადეკვატური საცხოვრებლით ნებისმიერ ვითარებაში და რაც მთავარია ეს პროცესი ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უნდა განხორციელდეს. აღნიშნული უფლება გარანტირებულია მთელი რიგი საერთაშორისო აქტებით, მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1966 წლის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა პაქტის მე-11 მუხლით, რომელიც სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას „მისთვის ხელმისაწვდომი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით“ მოახდინონ ამ მუხლით გათვალისწინებული უფლების რეალიზება. სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია, შექმნილი იყოს მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 აპრილის №ბს-199(კ-20) განჩინება).
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: გ. მაკარიძე
ბ. შონია