საქმე №ბს-150(კ-25) 28 მარტი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ბადრი შონია
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ფ. ზ-იმ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 23 აგვისტოს №1000708307 გადაწყვეტილება; ბ) დაევალოს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფ. ზ-ის მიმართ მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით ფ. ზ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 23 აგვისტოს №1000708307 გადაწყვეტილება. მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა ფ. ზ-ისთვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 სექტემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საკასაციო საჩივრის თანახმად, სააგენტომ სადავო გადაწყვეტილება მიიღო კანონიერების პრინციპის განხორციელების გზით, კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ შესაბამისად.
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველ პუნქტზე, ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილების მე-13 მუხლის მე-5 პუნქტზე მითითებით კასატორი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, სააგენტომ 2023 წლის 14 აგვისტოს №01/194441 წერილით მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს თხოვნით, ეცნობებინათ, არსებობდა თუ არა მოსარჩელისთვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის კანონიერი საფუძვლები, რაზეც სააგენტოს ეცნობა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტს მოსარჩელისთვის საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემა მიზანშეუწონლად მიაჩნია. სააგენტომ იხელმძღვანელა რა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ამავდროულად, გაითვალისწინა კერძო და საჯარო ინტერესი და დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიიღო კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება.
კასატორის მითითებით, სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი საფუძველი გახდა კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილი. ცხადია, რომ სააგენტო დაეყრდნო კომპეტენტური ორგანოს მიერ წარმოდგენილ დასკვნას და უპირატესობა მიანიჭა საჯარო ინტერესს მაშინ, როცა საკითხი ეხებოდა სახელმწიფო უსაფრთხოებას. ამასთან, განცხადების განმხილველი ორგანო კანონმდებლობით შეზღუდულია მოიპოვოს ისეთი მტკიცებულება, რომელიც სადავოს გახდიდა და გააბათილებდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნას.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 14 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 23 აგვისტოს №1000708307 გადაწყვეტილების კანონიერების შეფასება და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის ფ. ზ-ის მიმართ მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვა გაიცემა საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს. ამავე კანონის მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად (2018 წლის 31 მაისის რედაქცია), მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა უცხოელზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აქვს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 35000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში, და მისი ოჯახის წევრებზე. მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გასაცემად უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებას ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული ორგანოს სერტიფიცირებული შემფასებელი.
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს, რომ უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ. ამავე მუხლის ამავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი კი, უცხოელისთვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესაძლებლობას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-13 მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, სააგენტო უფლებამოსილია, ხოლო კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან. სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები, მიმართვის მიღებიდან 5 დღეში წარუდგენენ სააგენტოს მოთხოვნილ ინფორმაცია. თუ აღნიშნული ვადა საკმარისი არ არის წერილობითი ინფორმაციის გასაცემად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები ამის თაობაზე აცნობებენ სააგენტოს, რის შემდეგაც მათ მიეცემათ დამატებით ორდღიანი ვადა. საქართველოს სახელმწიფო ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ აღნიშნულ ვადებში სააგენტოსათვის საჭირო ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, ითვლება, რომ არ არსებობს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები (გარდა კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა) და სააგენტო ვალდებულია საკითხის განხილვა დაასრულოს კანონით განსაზღვრულ ვადაში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი განსაზღვრავს, რომ კონტრდაზვერვითი საქმიანობის პროცესში ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შედეგად მიღებული დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამართალდაცვითი მიზნებისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ გარემოებებზე: ა) ფ. ზ-ი (Z. P-H, დაბ: ...წ.) არის ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე (ს.ფ. 84-85); ბ) 2018 წლის 21 მაისის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, ფ. ზ-ი არის უძრავი ქონების მესაკუთრე მდებარე ქ. თბილისი, ...ს ქუჩა №22 (ნაკვეთი №...) (ს.ფ. 110-111); გ) კ. ზ-ის 2018 წლის 22 მაისის შეფასების დასკვნის თანახმად, ფ. ზ-ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებამ შეადგინა - 94 500 ლარი (დამრგვალებით), რაც შეფასების თარიღისათვის ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსით იყო - 38 800 აშშ დოლარი (დამრგვალებით) (ს.ფ. 95-109); დ) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 31 მაისის №1000610094 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ფ. ზ-ის განცხადება და მასზე გაიცა საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა 2018 წლის 1 ივნისიდან 2019 წლის 1 ივნისამდე (ს.ფ. 91-92); ე) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 12 მაისის №1000663634 გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა ფ. ზ-ის განცხადება და მას გაუგრძელდა საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა 2020 წლის 20 მაისამდე (ს.ფ. 89-90); ვ) ფ. ზ-იმ, 2020 წლის 27 მარტს განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემა მოითხოვა (ს.ფ. 80-83); ზ) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2020 წლის 30 მარტს №1000708307/1 წერილით მიმართა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და სთხოვა ეცნობებინა - არსებობდა თუ არა ფ. ზ-ისთვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები (ს.ფ. 112); თ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2020 წლის 22 აპრილის SSG 1 20 00052429 წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტების გათვალისწინებით, დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნდა ფ. ზ-ისთვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემა (ს.ფ. 113); ი) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 24 აპრილის №1000708307 გადაწყვეტილებით, ფ. ზ-ის, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, უარი ეთქვა მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე (ს.ფ. 114-115); კ) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით, ფ. ზ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 24 აპრილს №1000708307 გადაწყვეტილება ფ. ზ-ისთვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე და მოპასუხე - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა (ს.ფ. 116-123). თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 თებერვლის განჩინებით (ს.ფ. 125-141); ლ) სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, 2023 წლის 14 აგვისტოს №01/194441 წერილით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტისაგან გამოითხოვა ინფორმაცია, არსებობდა თუ არა მოსარჩელისათვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის კანონიერი საფუძვლები (ს.ფ. 158-159); მ) სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2023 წლის 16 აგვისტოს SSG 4 23 00185323 წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტების გათვალისწინებით, მოსარჩელისათვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემა მიზანშეუწონელია (ს.ფ. 160); ნ) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 23 აგვისტოს №1000708307 გადაწყვეტილებით, ფ. ზ-ის, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, უარი ეთქვა მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მიღებაზე (ს.ფ. 162); ო) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტს, 2023 წლის 14 აგვისტოს მდგომარეობით, ფ. ზ-ის შესახებ ინფორმაცია არ მოეპოვება. ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს 2020 წლის 18 მარტის №1511/2/20549 ცნობის თანახმად - ირანის ისლამური რესპუბლიკის სასამართლოს 2020 წლის 25 თებერვლის №981024 ნასამართლობის ცნობის თანახმად და საელჩოს მიერ ჩატარებული მოკვლევის საფუძველზე, ფ. ზ-ი ცნობის გაცემის თარიღამდე არ არის ნასამართლევი (ს.ფ. 145, 86).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის 2023 წლის 16 აგვისტოს SSG 4 23 00185323 წერილი წარმოადგენს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დასკვნას, რომელიც მომზადებულია ოპერატიული საქმიანობის შედეგად. მიუხედავად ამისა, იმ შემთხვევაში, თუ ცალსახად არ დგინდება მოსარჩელის მხრიდან სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხის შექმნის საშიშროება, ადმინისტრაციული ორგანო არ არის შეზღუდული გაითვალისწინოს ბინადრობის მაძიებელი პირის კონკრეტული მახასიათებლები. საკასაციო სასამართლოს მიერ 2025 წლის 7 მარტს №ბს-150(კ-25) მიმართვით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა ის ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც, მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული მოსარჩელისთვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემა. გამოთხოვილი ინფორმაციის შინაარსის გაცნობის შედეგად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ოპერატიულ ინფორმაციაში მითითებული გარემოებები არ ქმნის საფუძვლიან, ერთმნიშვნელოვან ვარაუდს, რომ მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას მოკლევადიან ბინადრობის ნებართვაზე (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 201 მუხლის შესაბამისად, დოკუმენტების საიდუმლო ხასიათის გამო მათი შინაარსის სასამართლოს გადაწყვეტილებებში ასახვის შესაძლებლობა არ არსებობს).
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხის გადაწყვეტა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. საქართველოს კანონმდებლობაში ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების ზოგადი განმარტება მოცემულია საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში, კერძოდ, მეორე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. იმავე კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა; დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. შესაბამისად, როდესაც ინტერესების დაპირისპირება გარდაუვალია, მნიშვნელოვანია მათი ჰარმონიზაცია და სამართლიანი დაბალანსება.
ხაზგასასმელია, რომ ადმინისტრაციული ორგანოსთვის საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების არსებობა, ერთმნიშვნელოვნად არ განაპირობებს მისი გამოყენებით მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერებას. სწორედ სასამართლოს კონსტიტუციურ ვალდებულებას წარმოადგენს გააკონტროლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული დისკრეციული უფლებამოსილების კანონიერება, კერძოდ, სასამართლომ უნდა შეამოწმოს, ხომ არ დასტურდება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დისკრეციული უფლებამოსილების კანონით დადგენილ ფარგლებს გადაცილებით და კანონის მიზნის უგულებელყოფით განხორციელება. ამგვარად, სასამართლო იცავს რა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის სფეროს, იმავდროულად, აქვს შესაძლებლობა მოახდინოს ზემოქმედება მმართველობის ამ სფეროზე, ვინაიდან არ არსებობს აბსოლუტურად დისკრეციული უფლებამოსილება, ისევე როგორც აბსოლუტური საკანონმდებლო განსაზღვრულობა, უფლებამოსილება ყოველთვის უკავშირდება კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებს, იმ ფაქტობრივი გარემოებების დადგენას, რომლებიც საფუძვლად დაედო ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, თანასწორობის, დასაბუთებულობის, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის, თანაფარდობის პრინციპების დაცვის მოთხოვნას. ხსენებული კრიტერიუმების სინთეზი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას შეაფასოს ზემოაღნიშნული ასპექტები.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი საიდუმლო ინფორმაციის შინაარსის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხოლოდ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილზე მითითება არ ქმნის სადავო აქტის საკმარის დასაბუთებას. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სადავო გადაწყვეტილება არ ემყარება საქმის გარემოებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევას. ამდენად, დასტურდება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ განახორციელა მისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით დაკისრებული ვალდებულება - სადავო გადაწყვეტილება გამოიცა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების და საქმის მასალების გამოკვლევისა და სათანადო შეფასების გარეშე, შედეგად, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სადავო აქტის ბათილად ცნობისა და მოსარჩელის მიმართ საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების წინაპირობას წარმოადგენდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ იძლევა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას. მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 სექტემბრის განჩინება;
3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/ნ 202307404) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 14.01.2025წ. №00298 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. მაკარიძე
ქ. ცინცაძე
ბ. შონია