საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-367(კს-24) 10 მარტი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - ნ.ფ-ა
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - ჯ.ფ-ა
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო)
გასაჩივრებული განჩინება - - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ნოემბრის განჩინება (თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 02 მარტის განჩინების გაუქმების მოთხოვნით წარდგენილი კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი)
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 თებერვლის განჩინება (თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ნოემბრის განჩინების განმარტებაზე უარი; დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 2 მარტის განჩინებით ნ.ფ-ას, გ.ჯ-ას და ჯ.ფ-ას სარჩელზე, მოპასუხეების - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიმართ, სასარჩელო მოთხოვნების ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება დაუშვებლობის მოტივით. კერძოდ, სარეზოლუციო ნაწილში მიეთითა შემდეგი: 1. ნ.ფ-ას, გ.ჯ-ას და ჯ.ფ-ას სარჩელი, მოპასუხეების - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიმართ, შეწყდეს დაუშვებლობის გამო შემდეგი სასარჩელო მოთხოვნების ნაწილში:
(5) ,,სასამართლომ აღიაროს - სამინისტროს სარეგისტრაციო ბაზის მონაცემების და 13/09/13 ცნობის საფუძველზე გ.ჯ-ა №... საოჯახო ნომერში მართლსაწინააღმდეგოდ ჩაწერილი მესამე პირის - რ.გ-ას (პ/ნ...) არსებობა არის თუ არა სამინისტროს მოსამსახურეების ბრალეული ქმედებით სარეგისტრაციო ბაზის მონაცემების გაყალბება, ცნობა 13/09/2013წ ოჯახის ერთიანობის დარღვევის და საბუთის გაყალბება და განმარტოს აქვს თუ არა ადგილი შშმ/პ ოჯახის უფლებების დარღვევას; - „დაკმაყოფილდეს“;
(6) ,,სააგენტოს №03-43/ო ბრძანებაში ჩანაწერი: „ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროებების არარსებობის გამო, უარი ეთქვას ქ. ზუგდიდში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.“- და სხდომის ოქმი (№79)-ის 104-ე გვერდი „უარი -ამ ეტაპზე განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენს „დაურეგისტრირებელ სახლში ცხოვრების გამო (დააკლდა ქირა 1,5 ქულა: მძიმე საცხოვრებელი პირობები არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს 2 ქულა); კომისიის ოქმის გადაწყვეტილების სააგენტოს ბრძანებაში ცვლილებით ასახვა, ორივე აქტის მონაცემების გაყალბება, - დაადასტუროთ და საფუძვლად დაუდოთ გადაწყვეტილებას-„დაკმაყოფილდეს“;
(7) ,,სასამართლომ აღიაროს სააგენტოს №03-43/ო ბრძანება და სხდომის ოქმი (№79)-ის 104-ე გვერდის მონაცემები საქმეში არსებულ „საექსპერტო დასკვნის“ მონაცემებზე დაყრდნობით და განმარტოს ,,ექსპერტიზის აქტის“ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი „საექსპერტო დასკვნის“ 2018წლიდან 2022წლამდე განზრახ დამალვა“, №79 ოქმში „საექსპერტო დასკვნის“ მონაცემების არასახვა და შეუფასებლად დატოვება, სხვა საპირისპირო მონაცემის ასახვა და შშმ/პირთა დაუხმარებლობა, კომისიის მიერ მოსარჩელეების მიმართ განზრახი ქმედებით ჩადენილი ბრალეულობა?! - „დაკმაყოფილდეს“;
(8) ,,შეფასდეს მოსარჩელეების „განცხადებები“ და „ადმინისტრაციული საჩივრები“ სამინისტროში და სააგენტოში; №114085; №15095; №620 49; №62427; №62494; №4917, №6420 და №6695; №10284; მათი შესაბამისობა საპასუხოდ გამოცემულ №03/1258; №03/3726; №03/5805 ადმინისტრაციულ აქტებთან მიმართებაში და სააგენტოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციული წერილობითი აქტებით მოწოდებული პასუხების შესაბამისობა „განცხადებებთან“ და „ადმინისტრაციულ საჩივრებთან“ სზაკ მე-VI და XIII თავების შესაბამისად და აღიარებულ იქნეს მოპასუხე მხარის ბრალეულობა.- „დაკმაყოფილდეს“;
(9) ,,სასამართლომ აღიაროს - მინისტრის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის, მე-3 და მე-4 მუხლების შესაბამისად, თუ რატომ არ გახდა 11 ქულიდან 3,5 ქულის დაკლების შემდეგაც დარჩენილი 7,5 ქულა გრძელვადიანი 2 ოთახიანი ბინით უზრუნველყოფის საფუძველი და არის თუ არა კომისიის უმოქმედობა დევნილთა შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ“ „დ“ „ე“„კ“ პუნქტების, განსახლების წესის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის, მე-3 და მე-4 მუხლების წინააღმდეგ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება?! „დაკმაყოფილდეს“; (10) ,,30/10/2018 წლის „ზუგდიდექსპერტიზის აქტი“ №276 და მასში ასახული „საექსპერტო დასკვნა“ იყო თუ არა ქულის გარეშე ფართით დაკმაყოფილების შესაძლებლობა და განსახლების წესის მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და ამ წესის მე-3–მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების და ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად კომისიამ კრიტერიუმების გარეშე დააკმაყოფილოს დევნილი ოჯახი- მოსარჩელეებისათვის საცხოვრებელი ფართის გადაუცემლობა შშმ/პ კანონიერი უფლების უხეშად დარღვევა და „აღიაროს“ დავკარგეთ თუ არა 2 ოთახიანი ბინა ზუგდიდში კომისიის ბრალეულობით?! „დაკმაყოფილდეს“;
(12) ,,ვითხოვთ გადაწყვეტილებით ,,აღიაროთ“ „დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის“ ოქმი №79-ში ასახული ჩანაწერი „უარი ამ ეტაპზე განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენს „დაურეგისტრირებელ სახლში ცხოვრების გამო“-იყო თუ არა „დაურეგისტრირებელ სახლში ცხოვრება“ დევნილი ოჯახისთვის გრძელვადიან განსახლებაზე უარის თქმის საფუძველი და გვადგას თუ არა ბინის გადმოუცემლობით მორალური ზიანი?!“-
„დაკმაყოფილდეს“;
(13) ,,მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის მე-3 და მე-4 მუხლების შესაბამისად სოციალური კრიტერიუმის ,,ზ“ პუნქტის ,,ასაკით პენსიონერი, რომელიც ცხოვრობს მარტო, ან ოჯახი, რომლის წევრთა ნახევარზე მეტი არის ასაკით პენსიონერი ენიჭება 1 ქულა“ - სასამართლომ აღიაროს, - იკვეთება თუ არა სააგენტოს დეპარტამენტის განცხადების მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს მოსამსახურის ბრალეულად თუ ,,დევნილთა ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს ენიჭება პრიორიტეტი“- გ.ჯ-ა სამსულიანი ოჯახში, 2 ასაკით პენსიონერია-დაუდევრობით დააკლდა 1 ქულა და მინიჭებული იყო 11 ქულა, 12 ქულის ნაცვლად; - გასწორდეს ,,ზ“ პუნქტის შესაბამისად და მოსარჩელე ოჯახს დაუბრუნდეს 12 ქულა /,,დაკმაყოფილდეს“/; 2. ნ.ფ-ას, გ.ჯ-ას და ჯ.ფ-ას მიერ აღძრული სარჩელი, მოპასუხეების - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიმართ, სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში - (4) ,,დაევალოს სამინისტროს 13/09/13 ცნობის საფუძველზე გ.ჯ-ა №... საოჯახო ნომრიდან ამოიღონ მართლსაწინააღმდეგოდ სამინისტროს დევნილთა სარეგისტრაციო ბაზაში ჩაწერილი მესამე პირი - რ.გ-ა (პ/ნ...) და მიანიჭონ სხვა სარეგისტრაციო ნომერი „უპირობოდ დაკმაყოფილდეს“ - შეწყდა საქმის წარმოება დავის საგნის არარსებობის გამო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 2 მარტის განჩინებაზე მოსარჩელეებმა წარადგინეს კერძო საჩივარი და მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 2 მარტის განჩინების (დაუშვებლობის გამო საქმის წარმოების ნაწილობრივ შეწყვეტის შესახებ) გაუქმება, ცამეტივე სასარჩელო მოთხოვნის დასაშვებად ცნობა და განსახილველად დაბრუნება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ნოემბრის განჩინებით, ნ.ფ-ას, გ.ჯ-ას და ჯ.ფ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 02 მარტის განჩინება.
2023 წლის 29 დეკემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, კანცელარიის მეშვეობით, წერილობითი განცხადებით მიმართეს გ.ჯ-მა, ჯ.ფ-ამ, ნ.ფ-ამ და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვეს დამატებითი გადაწყვეტილების მიღება. ხოლო ამავე კოდექსის 262-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ნოემბრის განჩინების განმარტება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2024 წლის 23 თებერვლის განჩინებით, შუამდგომლობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ნოემბრის განჩინების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ასევე არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა დამატებითი გადაწყვეტილების (განჩინების) გამოტანის თაობაზე.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262.1. მუხლი და მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ნოემბრის განჩინების შინაარსი არ არის ბუნდოვანი, იგი არის ცალსახად, გარკვევით და ნათლად ჩამოყალიბებული, არ შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ ან შეუსაბამო დებულებებს, შესაბამისად, განჩინება განმარტებას არ საჭიროებს და არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით მისი განმარტების წინაპირობები.
რაც შეეხება დამატებითი გადაწყვეტილების მიღებას, პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლი რომელშიც რეგლამენტირებულია დამატებითი გადაწყვეტილების მიღების საკითხი და საფუძვლები. მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლი პირდაპირ და იმპერატიულად ადგენს იმ პირობებს თუ რა შემთხვევაში შეიძლება დამატებითი გადაწყვეტილების მიღება. მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად, მიიჩნია, რომ სახეზე არ არის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262.1 მუხლით დადგენილი დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი ისე სამართლებრივი წინაპირობები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 თებერვლის განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა ნ.ფ-ასა და ჯ.ფ-ას მიერ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 აპრილის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ.ფ-ასა და ჯ.ფ-ას კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ნოემბრის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 თებერვლის განჩინებებზე უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი ქმნის სამართლიანი სასამართლოს სამართლებრივ გარანტიას, რომელიც მოიაზრებს ყველა იმ სამართლებრივ მექანიზმს, რომელიც უზრუნველყოფს უფლებებისა და კანონიერი ინტერესების სასამართლო წესით სრულყოფილი და ეფექტური დაცვის შესაძლებლობას. სამართლიანი სასამართლოს კონსტიტუციური უფლება თავისი არსით ინსტრუმენტული უფლებაა, რომელიც ქმნის კონსტიტუციითა და კონვენციით რეგლამენტირებული სხვა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კონსტიტუციურ გარანტიას, ასევე, წარმოადგენს ხელისუფლების შტოებს შორის შეკავებისა და გაწონასწორების არქიტექტურის უმნიშვნელოვანეს ნაწილს. (სუსგ, 16.03.2023, №ბს-1508(კს-22)).
სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ - ერთ ფუნდამენტურ უფლებრივ ელემენტს წარმოადგენს სასამართლოს ქმედითი ხელმისაწვდომობის უფლება, მათ შორის, სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების გზით უფლების სრულყოფილად დაცვის შესაძლებლობა. გასაჩივრების უფლება სამართლიანი სასამართლოს უფლების, უფრო ზუსტად კი, სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების მნიშვნელოვანი უფლებრივი კომპონენტია. სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის შეუძლებლობის პირობებში, სასამართლოსათვის მიმართვა არ იქნებოდა სრულყოფილი უფლებადაცვითი საშუალება. სამართლიანი სასამართლოს უფლება პირს აღჭურავს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების რევიზიის კონსტიტუციური შესაძლებლობით და ამ გზით იცავს მას დაუსაბუთებელი და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად უფლების დარღვევისაგან.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, „სასამართლო უფლება“, განსაკუთრებით სასამართლოსადმი წვდომის უფლება არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება გარკვეულ შეზღუდვებს, მათ შორის, შეზღუდვა მოიცავს მხარის ვალდებულებას საჩივარი წარადგინოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის დაცვით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ნოემბრის განჩინებაზე წარდგენილ კერძო საჩივარზე მსჯელობის ფარგლებში საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმადაც, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება. მითითებული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, კანონმდებელმა კერძო საჩივარზე ორსაფეხურიანი საქმის წარმოება დაადგინა, შესაბამისად, მისი განხილვა მთავრდება კერძო საჩივრით გასაჩივრებული განჩინების შემოწმებით ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში და ასეთ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება, განსახილველ შემთხვევაში კი, პალატის 2023 წლის 27 ნოემბრის განჩინება საბოლოოა (კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე) და საკასაციო სასამართლოს მხრიდან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
რაც შეეხება ნ.ფ-ასა და ჯ.ფ-ას მიერ კერძო საჩივარში მითითებულ სადავოდ ქცეულ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 თებერვლის განჩინებას, აღნიშნულზე საკასაციო პალატა განმარტავს შემდეგს:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ნოემბრის განჩინებაზე (კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე) ნ.ფ-ასა და ჯ.ფ-ას მიერ წარდგენილი იქნა განცხადება განჩინების (27.11.2023 წელი) განმარტების და დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის მოთხოვნით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 თებერვლის განჩინებით შუამდგომლობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ნოემბრის განჩინების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ასევე არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა დამატებითი გადაწყვეტილების (განჩინების) გამოტანის თაობაზე.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 თებერვლის განჩინება წარმოადგენს ზემდგომი სასამართლოს მიერ კერძო საჩივრის თაობაზე მიღებულ განჩინებას, რომლის გასაჩივრებაც დაუშვებელია, წარმოადგენს კერძო საჩივართან დაკავშირებული მსჯელობის შედეგს და გამომდინარეობს კერძო საჩივარზე მიღებული განჩინებიდან. ამდენად, ვინაიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ნოემბრის განჩინება მიღებულია კერძო საჩივრის ფარგლებში, რომელიც საბოლოოა და სსსკ-ის 419.3 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე არ საჩივრდება, აღნიშნული განჩინების განმარტებაზე და დამატებითი გადაწყვეტილების მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინებაც არ ექვემდებარება გასაჩივრებას, რის გამოც აღნიშნული განჩინების კანონიერების შემოწმების შესაძლებლობას მოკლებულია საკასაციო სასამართლო, რაც კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თბილისის სააპელაციო პალატის ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ 2024 წლის 23 თებერვლის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტში გასაჩივრების უფლების განმარტება, დამოუკიდებლად არ წარმოშობს განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობას, რამდენადაც განჩინების/გადაწყვეტილების გასაჩივრების საპროცესო შესაძლებლობას ქმნის შესაბამისი ნორმატიული საფუძველი და არა სასამართლოს განმარტება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 396-ე, 414-ე, 419, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ.ფ-ასა და ჯ.ფ-ას კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ნოემბრის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 თებერვლის განჩინებებზე დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
გიორგი გოგიაშვილი