საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-95(კ-25) 18 მარტი, 2025 წელიქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორი - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე - ბ. ქ-ე
მესამე პირი - საქართველოს პრეზიდენტი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 დეკემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2024 წლის 30 მაისს ბ. ქ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2024 წლის 19 აპრილს განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქართველოს პრეზიდენტისადმი თხოვნით საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე. ,,საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-19 მუხლის მე-9 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის და ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის საფუძველზე, მიღებულ იქნა უარყოფითი დასკვნა, რაც მოსარჩელის მოსაზრებით არამართებულია.
მოსარჩელემ, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2024 წლის 21 მაისის №1000945916 დასკვნის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის, არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ბ. ქ-ეის საკითხთან დაკავშირებით დადებითი დასკვნის გაცემის და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად საქართველოს პრეზიდენტისათვის გადაგზავნის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 8 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს პრეზიდენტი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებით ბ. ქ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2024 წლის 21 მაისის №1000945916 დასკვნა, ბ. ქ-ეისათვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხთან დაკავშირებით; სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა ბ. ქ-ეისათვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხთან დაკავშირებით დადებითი დასკვნის გამოცემა და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად საქართველოს პრეზიდენტისათვის გადაგზავნა. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 დეკემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის მე-17 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით შეიძლება მიანიჭოს სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურება აქვს ან რომლისთვისაც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კი პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო ინტერესების შეფასებისას მხედველობაში მიიღება შემდეგი გარემოებები: ა) სხვა ქვეყნის მოქალაქეს საქართველო საკუთარ სამშობლოდ მიაჩნია და იგი ან მისი წინაპარი არის: ა.ა) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ან ამ ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი; ა.ბ) სხვადასხვადროს პოლიტიკური მოსაზრებით ან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში წასული პირი. ამასთან, ამავე კანონის 17.3 მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებისათვის პირმა დადგენილ ფარგლებში უნდა იცოდეს საქართველოს სახელმწიფო ენა, საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები.
სააპელაციო პალატის განმარტებით, საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების თაობაზე მოსარჩელის განაცხადის ფორმაში მოქალაქეობის მინიჭების კანონიერ საფუძვლად მითითებულია სწორედ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და ,,ა.ბ“ ქვეპუნქტები. შესაბამისად, უდავოა, რომ ბ. ქ-ე მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების მოთხოვნას აფუძნებდა იმ გარემოებაზე, რომ საქართველო საკუთარ სამშობლოდ მიაჩნდა და იგი იყო სხვადასხვა დროს პოლიტიკური მოსაზრებით ან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში წასული პირი. ამასთან, კომისიის სხდომის ოქმით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ წარმატებით იქნა დაძლეული კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი გამოცდები, კერძოდ, მოსარჩელის მიერ გავლილი ტესტირების შედეგების მიხედვით, მისი ცოდნის დონე შეესაბამება საქართველოს მოქალაქეობის მოსაპოვებლად დადგენილ მოთხოვნებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ.
კასატორის განმარტებით, საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭება პირს განსაკუთრებულ სამართლებრივ სტატუსს ანიჭებს და განსხვავებით დაბადებით საქართველოს მოქალაქისგან, აღნიშნული პირი მოიპოვებს უფლებას კანონიერად ფლობდეს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას. ადმინისტრაციული ორგანო დაინტერესებულ პირთა მიერ წარდგენილი განცხადების საფუძველზე აფასებს სახელმწიფო ინტერესს, რა დროსაც მხედველობაში მიიღება კანონმდებლობით გათვალისწინებული გარემოებები. საქართველოს მოქალაქეობის მიღება ბ. ქ-ეს სურს საქართველოში საცხოვრებლად დასაბრუნებლად. საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭება კი არ არის დამოკიდებული მხოლოდ განმცხადებლის სურვილზე და დასაშვებია განსაკუთრებული დამსახურების ან სახელმწიფო ინტერესის არსებობისას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 25 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველი დავის ფარგლებში მოსარჩელე სადავოდ ხდის ბ. ქ-ეისათვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების თაობაზე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2024 წლის 21 მაისის №1000945916 უარყოფით დასკვნას. სადავო დასკვნის თანახმად, „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-19 მუხლის მე-9 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ბ. ქ-ეის მიმართ არ არსებობდა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული პირობები. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს - არსებობს თუ არა ბ. ქ-ეისათვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების თაობაზე დადებითი დასკვნის გამოცემის საფუძველი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველო მფარველობს თავის მოქალაქეს განურჩევლად მისი ადგილსამყოფლისა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება დაბადებით ან ნატურალიზაციით. საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და დაკარგვის წესი, სხვა სახელმწიფოს მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პირობები და წესი და საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის ფლობის პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით.
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეობის ძირითად პრინციპებს და ადგენს საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივ მდგომარეობას და საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საფუძვლებს. მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოქალაქეობა განმარტებულია, როგორც პირის საქართველოსთან სამართლებრივი კავშირი. ამავე კანონის მე-15 მუხლის თანახმად, სხვა ქვეყნის მოქალაქეს უფლება აქვს, მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით. სხვა ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება, გარდა საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებისა, ძალაში შედის საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ ამ პირის სხვა ქვეყნის მოქალაქეობიდან გასვლის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებისთანავე. „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით რეგლამენტირებულია ასევე საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებაზე უარის თქმის საფუძვლები, კერძოდ, მე-16 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, პირი საქართველოს მოქალაქეობას ნატურალიზაციით ვერ მოიპოვებს, თუ: ა) მას ჩადენილი აქვს საერთაშორისო დანაშაული მშვიდობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ; ბ) იგი მონაწილეობდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ადამიანის, სახელმწიფოს, საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში; გ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეუწონელია მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება; დ) იგი იძებნება საქართველოს ან სხვა ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების ან საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაციის (ინტერპოლის) მიერ ან/და მის მიმართ მიმდინარეობს საექსტრადიციო ან გაძევების პროცედურა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების ზოგადი პროცედურის მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პირი ამ კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში (საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება) საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადებას წარუდგენს სააგენტოს ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. ამავე კანონის 24-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად კი, საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე სააგენტოს დასკვნები საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს. კომისიის საქმიანობის წესი განისაზღვრება „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული დებულებით.
ამასთან, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლი ადგენს საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების მატერიალურ საფუძვლებს. მოცემული ნორმის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით შეიძლება მიანიჭოს სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურება აქვს ან რომლისთვისაც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო ინტერესების შეფასებისას, მათ შორის, მხედველობაში მიიღება შემდეგი გარემოებები: ა) სხვა ქვეყნის მოქალაქეს საქართველო საკუთარ სამშობლოდ მიაჩნია და იგი ან მისი წინაპარი არის: ა.ა) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ან ამ ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი; ა.ბ) სხვადასხვა დროს პოლიტიკური მოსაზრებით ან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში წასული პირი; ბ) სხვა ქვეყნის მოქალაქე საქართველოში ახორციელებს ისეთ ინვესტიციას ან მან საქართველოში განახორციელა ისეთი ინვესტიცია, რომლითაც სახელმწიფოს ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ან შეიტანა; გ) სხვა ქვეყნის მოქალაქე წარმატებულია სპორტის, მეცნიერების ან/და ხელოვნების სფეროში და მას სურს მოღვაწეობა საქართველოს სახელით განაგრძოს. მითითებული მუხლის მე-3 პუნქტი კი ადგენს, რომ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა პირმა საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებისათვის დადგენილ ფარგლებში უნდა იცოდეს: ა) საქართველოს სახელმწიფო ენა; ბ) საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბ. ქ-ე დაიბადა ... წლის ...ს, საქართველოში, მიღებული აქვს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა და მის სახელზე გაცემულია რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტი.
2024 წლის 19 აპრილს, ბ. ქ-ემ საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების მოთხოვნით №1000945916 განცხადებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს. განცხადებაში მიუთითა, რომ დაიბადა ... წლის ...ს, საქართველოში, ქ. ახმეტაში. ცხოვრობდა და სწავლობდა ...ს საჯარო სკოლაში. 1964 წელს მშობლებთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა თელავში, სადაც დაამთავრა №... საჯარო სკოლა. მუშაობდა რუსეთის ფედერაციაში სხვადასხვა ადგილას, ხოლო ...-... წწ. იყო სადაზღვევო კომპანია ,,...‘’-ის პრეზიდენტი. ჰყავს შვილი - ე. ქ-ე, რომელიც ცხოვრობს რუსეთში. მიაჩნია, რომ არის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში წასული პირი. მოსარჩელის მითითებით, საქართველო არის მისი სამშობლო, საქართველოში ჰყავს ნათესავები, ხოლო რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის შენარჩუნება პენსიის და სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით სურს.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2024 წლის 22 აპრილის №1000945916/1 წერილით მიმართა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და სთხოვა ეცნობებინა არსებობდა თუ არა ბ. ქ-ეისათვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების თაობაზე უარის თქმის კანონიერი საფუძვლები. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2024 წლის 8 მაისის SSG 9 24 00100898 მიმართვით, სააგენტოს ეცნობა, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს ბ. ქ-ეის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია.
საქართველოს დაზვერვის სამსახურის 2024 წლის 30 აპრილის N00002560 წერილით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ასევე ეცნობა, რომ ბ. ქ-ეის შესახებ საქართველოს დაზვერვის სამსახურს ინფორმაცია არ გააჩნია.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2024 წლის 20 მაისის MIA 5 24 01473180 წერილით ასევე დასტურდებოდა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში ბ. ქ-ეის მიმართ გაძევების პროცედურები არ მიმდინარეობს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციით, 2024 წლის 22 აპრილის მდგომარეობით, საკადრო შემოწმების შედეგად, ბ. ქ-ეის მიმართ ინფორმაცია არ მოიპოვება.
მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2024 წლის 10 მაისის სხდომის ოქმის თანახმად, მოქალაქეობის საკითხთა კომისიამ განიხილა საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების მსურველი უცხო ქვეყნის მოქალაქის ბ. ქ-ეის მიმართ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობის ფაქტი. კომისიამ მიიჩნია, რომ ბ. ქ-ე არ აკმაყოფილებდა საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნებს. მიღებული ინფორმაციისა და საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების შესახებ, ადმინისტრაციული წარმოების მასალებზე დაყრდნობით, კომისიამ იმსჯელა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–17 მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობის შესახებ და დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქის ბ. ქ-ეის მიმართ არ არსებობდა მითითებული ნორმით გათვალისწინებული პირობები (მომხრე – 4 (ოთხი); წინააღმდეგი – 2 (ორი)).
ამასთან, კომისიამ, „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ’’ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-19 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, ტესტირების (მატერიალური ფორმით) გზით შეაფასა განმცხადებლის ცოდნის დონე და დადგინდა რომ, ბ. ქ-ეის ცოდნის დონე შეესაბამება საქართველოს მოქალაქეობის მოსაპოვებლად დადგენილ მოთხოვნებს (მიღებული ქულები: სახელმწიფო ენა - 10 ქულა (დადებით შედეგად ითვლება არანაკლებ 7 ტესტზე სწორი პასუხის გაცემა) საქართველოს ისტორია - 10 ქულა (დადებით შედეგად ითვლება არანაკლებ 7 ტესტზე სწორი პასუხის გაცემა) სამართლის ძირითადი საფუძვლები - 10 ქულა (დადებით შედეგად ითვლება არანაკლებ 7 ტესტზე სწორი პასუხის გაცემა).
დასახელებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ბ. ქ-ეის მიმართ არ არსებობდა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებაზე უარის თქმის ფორმალური საფუძვლები. ბ. ქ-ეისათვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების თაობაზე უარყოფითი დასკვნა, ეფუძნება მხოლოდ ვარაუდს და არც 2024 წლის 21 მაისის №1000945916 დასკვნაში და არც მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2024 წლის 10 მაისის №5343 სხდომის ოქმში არ არის გამოკვლეული ბ. ქ-ეის სამშობლოდან წასვლის მიზეზი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში წასვლა, პირისათვის მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებაზე გადაწყვეტილების მიღებისას სახელმწიფო ინტერესების შეფასებისთვის სავალდებულოდ გასათვალისწინებელ გარემოებას წარმოადგენს. კანონმდებელი მითითებულ გარემოებას დაინტერესებული პირის საქართველოსთან განსაკუთრებულ კავშირად განიხილავს. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ კომისიამ სათანადოდ არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოები, არ დაასაბუთა უარყოფითი დასკვნის გამოცემის შესახებ გადაწყვეტილება და სადავო აქტი არსებითად დააფუძნა სუბიექტურ ვარაუდს. კომისიამ არ გამოიკვლია ბ. ქ-ეის ემიგრაციაში წასვლის პერიოდი და მოტივი. ასევე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ბ. ქ-ეს საქართველო მიაჩნია საკუთარ სამშობლოდ და მისი დედმამიშვილები ცხოვრობენ საქართველოში. ამასთან, კომისიის სხდომის ოქმით დგინდება, რომ მოსარჩელემ წარმატებით ჩააბარა კანონმდებლობით გათვალისწინებული გამოცდები და ბ. ქ-ეის ცოდნის დონე შეესაბამება საქართველოს მოქალაქეობის მოსაპოვებლად დადგენილ მოთხოვნებს. ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მიმართ ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" ორგანული კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული, საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებაზე უარის თქმის საფუძვლები არ გამოვლენილა, ხოლო საქმის მასალებით მოსარჩელის კავშირი საქართველოსთან დადასტურებულია, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ მართებულად ცნო ბათილად სადავო აქტი და მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით დაავალა საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხთან დაკავშირებით დადებითი დასკვნის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ვინაიდან სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 14.01.2025წ. №00300 საგადახდო მოთხოვნით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ 202307404) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 დეკემბრის განჩინება;
3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ 202307404) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 14.01.2025წ. №00300 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე