საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-105(კ-25) 25 მარტი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ზ.ქ-ა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2023 წლის 2 მარტს ზ.ქ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ. თბილისის საქალაქო სასამართლოში 2024 წლის 26 თებერვალს გამართულ სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და საბოლოოდ მოითხოვა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 9 თებერვლის IDP 8 23 00145532 და 2023 წლის 13 ივნისის IDP 0 23 00618520 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ზ.ქ-ას ოჯახის კრიტერიუმების გარეშე გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
სარჩელის თანახმად, ზ.ქ-ა წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირს - დევნილს, რომელსაც ჰყავს მეუღლე და 3 მცირეწლოვანი შვილი, რომლებთან ერთადაც ცხოვრობდა ქ. თბილისში, ... ქ. №5-ში. მას შემდეგ, რაც სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს 2016 წლის 18 აპრილის დასკვნით გამოიკვეთა, რომ შენობაში ცხოვრება სახიფათო იყო ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, ისინი დროებით გადავიდნენ მოსარჩელის მეუღლის დედის ბინაში, თუმცა ფართის სიმცირის გამო იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ დასახელებული ფართი და გადასულიყვნენ ქირით, რაც მძიმე მატერიალურ ტვირთს წარმოადგენდა მათთვის.
მოსარჩელის მითითებით, მან ავარიულ შენობაში ცხოვრების მიზეზით, 2019 წელს განცხადებით მიმართა სააგენტოს (რომელმაც წინასწარი შეფასებით მიანიჭა 3.5. ქულა), ხოლო 2023 წლის 7 თებერვალს განმეორებითი განცხადება წარადგინა, თუმცა სააგენტოს 2023 წლის 9 თებერვლის აქტით მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ნგრევად ობიექტში ცხოვრების და შემდგომ ქირით გადასვლის ფაქტი სრულიად საკმარისი იყო მისი ბინით დაკმაყოფილებისთვის, თუმცა სააგენტომ გულგრილობა გამოიჩინა მისი ოჯახის გადაუდებელი საჭიროებების მიმართ და არ შეაფასა ის გარემოება, რომ ნგრევადი ობიექტიდან სხვაგან საცხოვრებლად გადასვლა იყო იძულებითი ნაბიჯი მას შემდგომ, რაც ობიექტი დაილუქა და მასში ცხოვრება აიკრძალა.
მოსარჩელის განმარტებით, კომისიამ 2019 წლის 10 ოქტომბერს განიხილა ქ. თბილისში, ... ქ. №5-ში მდებარე ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად მცხოვრები დევნილი ოჯახების ახალაშენებულ კორპუსებში კრიტერიუმების გარეშე შესახლების საკითხი, რა დროსაც ზ.ქ-ას უკვე წარდგენილი ჰქონდა დადგენილი ფორმის განაცხადი, თუმცა სააგენტომ იგი არსებითად უთანასწორო მდგომარეობაში ჩააყენა და ქულათა არასაკმარისობის გამო მისი საკითხი უარყოფითად გადაწყვიტა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით ზ.ქ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 9 თებერვლის IDP 8 23 00145532 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ზ.ქ-ას ოჯახის კრიტერიუმების გარეშე გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ.ქ-ას, როგორც დევნილი პირის მიმართ გაცემულ მოწმობაში, მის დროებით საცხოვრებელ ადგილად (რეგისტრაციის ადგილი) მითითებული იყო ქ. თბილისი, ... ... ქ. №5, ... ასევე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ 2016 წლის 18 აპრილის, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №002184216 ექსპერტიზის დასკვნით, ქ. თბილისში, ... ქ. №5-ში მდებარე სამსართულიანი შენობის ტექნიკური მდგომარეობა მთლიანობაში იყო არადამაკმაყოფილებელი. აგურის შენობების დაზიანებათა შეფასების კლასიფიკაციით დაზიანებული იყო მე-3 ხარისხში და ასეთ ხარისხში დაზიანებულ შენობაში მნიშვნელოვნად დაქვეითებული იყო საექსპლუატაციო მედეგობა, ამდენად, მისი შემდგომი უსაფრთხო ექსპლუატაცია საჭიროებდა დროულად აღდგენა-გამაგრების ჩატარებას შენობის დეტალური გამოკვლევის საფუძველზე დამუშავებული პროექტით.
სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ 2019 წლის 11 ივნისს, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის მიერ ქ. თბილისი, ... ...ის ქ. №5, ინდ. საწ. „...“ ნგრევად შენობაში განხორციელდა აღწერა, რომლის თანახმად, მათ ადგილზე დახვდათ ბ.ქ-ა (მოსარჩელის ძმა), რომელმაც განაცხადა, რომ აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობდნენ თვითონ, დედა - მ.ქ-ა, მამა - გ.ქ-ა. მას ასევე, ჰყავდა ძმა ზ.ქ-ა, რომელიც იყო დაოჯახებული არადევნილ მეუღლესთან, ჰყავდა ორი შვილი და ცხოვრობდა მეუღლის მშობლების ბინაში ვაზისუბანში, ხოლო დღის განმავლობაში პერიოდულად იმყოფებოდა მათთან.
2019 წლის 25 ოქტომბერს, ზ.ქ-ამ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მისი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილების თაობაზე. გარდა ამისა, მოსარჩელემ 2023 წლის 7 თებერვალს კვლავ მიმართა სააგენტოს და იმის გათვალისწინებით, რომ მის ოჯახს ჰქონდა მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, მოითხოვა დროის მოკლე პერიოდში სააგენტოს მოეხდინა მონიტორინგი. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 9 თებერვლის №IDP 8 23 00145532 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, მოსარჩელეს პასუხად ეცნობა, რომ მის ოჯახს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადი შევსებული ჰქონდა ქ. თბილისში მდებარე ობიექტზე, ხოლო დევნილთა გრძელვადიანი განსახლების წესის საფუძველზე და ოჯახის მიერ წარდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, წინასწარი შეფასებით, მიენიჭათ 3.5 ქულა. მოსარჩელეს ასევე ეცნობა, რომ ქ. თბილისში დაგეგმილი დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მომდევნო ეტაპისათვის, განხორციელდებოდა შევსებული განაცხადების გადაფასება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული შეფასების კრიტერიუმების მიხედვით და ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი განიხილებოდა ქ. თბილისში არსებული საცხოვრებელი ფართებისა და ოჯახის სულადობის გათვალისწინებით, იმ ეტაპზე, რომელზეც საკმარისი იქნებოდა ზ.ქ-ას ოჯახისათვის მინიჭებული ქულა.
2023 წლის 29 მაისს ზ.ქ-ას წარმომადგენელმა სააგენტოს მიმართა განცხადებით და მოითხოვა ზ.ქ-ას მეოთხე შვილის ნ.ქ-ას (დაბადებული ... ... ...წ., პ/ნ...) დამატება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართის მიღების შესახებ განაცხადში ზ.ქ-ას ოჯახის წევრად და კუთვნილი ქულების დამატება. ასევე მან მოითხოვა სააგენტოს დროის უმოკლეს პერიოდში მოეხდინა ზ.ქ-ას ოჯახისთვის მინიჭებული ქულების გადაფასება და ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის მიღება ზ.ქ-ას ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ. აღნიშნული მიმართვის პასუხად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 13 ივნისის №IDP 0 23 00618520 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მოსარჩელეს 2023 წლის 9 თებერვლის №IDP 8 23 00145532 აქტის ანალოგიური ინფორმაცია მიეწოდა და დამატებით ეცნობა, რომ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით ღონისძიებების ფარგლებში მიმდინარე მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები ქალაქ თბილისსა და რეგიონებში, დასრულდებოდა 2025 წლის განმავლობაში. შესაბამისად, აღნიშნული პერიოდისთვის განხორციელდებოდა გადაუდებელი განსახლების საჭიროების მქონე დევნილი ოჯახების, მათ შორის მინიჭებული ქულების შესაბამისად, ზ.ქ-ას ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის განხილვაც.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელე ზ.ქ-ა აღწერის განხორციელების დროს არ ცხოვრობდა მისამართზე, უპირობოდ, სხვა მტკიცებულებათა მოპოვებისა და შეგროვების გარეშე, არ შეიძლებოდა გამხდარიყო მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხის არსებითად განხილვაზე უარის თქმის საფუძველი. ამასთან, საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე, მათ შორის სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებზე მითითებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ზ.ქ-ა ნამდვილად ცხოვრობდა/ცხოვრობს ქ. თბილისი, ... ... ქ. №5-ში მდებარე ობიექტში. გარდა ამისა, საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები - მონიტორინგის ჯგუფის ვიზიტის, გამოკითხული პირების, მოძიებული ინფორმაციის, ვიზიტების რაოდენობის, მოსარჩელე ზ.ქ-ას მიმართ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შესახებ ან სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან საკითხის სათანადოდ გამოკვლევას დაასაბუთებდა. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ იკვეთებოდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 9 თებერვლის IDP 8 23 00145532 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ზ.ქ-ას ოჯახის კრიტერიუმების გარეშე გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების წინაპირობების არსებობა.
რაც შეეხება 2023 წლის 13 ივნისის, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს №IDP 0 23 00618520 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებას, საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე ექვემდებარებოდა კრიტერიუმების გარეშე განსახლებას და მუდმივი საცხოვრებლით დაკმაყოფილებას, მისი მოთხოვნა კრიტერიუმების საფუძველზე მუდმივი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შესახებ (რაც თავის მხრივ გულისხმობდა მოსარჩელის მოთხოვნას მონიტორინგის დროულად ჩატარების შესახებ და შესაბამისი ქულების გადაფასებას) იყო უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მათი სამართლებრივი შეფასება და არ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას მოსარჩელის ნგრევად ობიექტში არ ცხოვრებასთან დაკავშირებით. პალატამ მიიჩნია, რომ მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელე ზ.ქ-ა აღწერის განხორციელების დროს არ იმყოფებოდა მისამართზე, უპირობოდ, სხვა მტკიცებულებათა მოპოვებისა და შეგროვების გარეშე, არ შეიძლებოდა გამხდარიყო მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხის არსებითად განხილვაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან დროებით არ ცხოვრება არ გამორიცხავდა ამავე მისამართზე ცხოვრების შესაძლებლობას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ მისცა მას შესაძლებლობა საფუძვლიანად მიეღო მონაწილეობა საქმის განხილვაში და დაჩქარებული წესით, ფორმალურად განიხილა დავა, ისე რომ არ მოისმინა სააგენტოს ზეპირსიტყვიერი ახსნა-განმარტება, რითაც დაარღვია შეჯიბრებითობის პრინციპი. კასატორმა მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების დასადასტურებლად, მიუთითა რომ ადმინისტრაციული წარმოების მასალების თანახმად, 2019 წლის 11 ივნისს განხორციელდა მონიტორინგი ქ. თბილისში, ... ქ. №5, ყოფილი „...ის“ მესამე სართულზე და შეივსო შესაბამისი აღწერის ფორმა. მონიტორინგის ჯგუფს მისამართზე დახვდნენ ბ.ქ-ა (მოსარჩელის ძმა) და მ.ქ-ა (მოსარჩელის დედა), ხოლო გ.ქ-ა (მოსარჩელის მამა) არ იმყოფებოდა მისამართზე. კასატორის მითითებით, აღნიშნულ მისამართზე მივიდა თავად ზ.ქ-აც, რომელმაც განმარტა, რომ მეუღლესთან და შვილებთან ერთად ცხოვრობდა მეუღლის მშობლების მისამართზე ქ. თბილისში, ...ის მე-3 მ/რ, მე-2 კვარტალი, კორპუსი №.., ბინა №...-ში, რომელიც წარმოადგენდა მის ფაქტობრივ მისამართს და ფიქსირდებოდა მის მიერ სააგენტოში წარდგენილ ყველა განცხადებაში. კასატორმა ასევე ყურადღება გაამახვილა, რომ ზ.ქ-ამ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადი შეავსო მონიტორინგის სამსახურის ვიზიტის შემდეგ, 2019 წლის 25 ოქტომბერს და განაცხადში კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ იგი არ ცხოვრობდა ნგრევად ობიექტში, ამდენად მისი განსახლება ვერ მოხდებოდა კრიტერიუმების გარეშე, როგორც ეს მოხდა მისი ოჯახის წევრების შემთხვევაში, რამდენადაც ისინი ცხოვრობდნენ ნგრევად ობიექტში და დაკმაყოფილებულ იქნენ ორ ოთახიანი ბინით.
კასატორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სააგენტოს უარი არ უთქვამს მოსარჩელისთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე და სადავოდ გამხდარი წერილით მას განუმარტა, რომ მისი ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი განიხილებოდა ქ. თბილისში არსებული საცხოვრებელი ფართებისა და ოჯახის სულადობის გათვალისწინებით, იმ ეტაპზე, რომელზეც საკმარისი იქნებოდა ოჯახისთვის მინიჭებული ქულა.
ამდენად, სააგენტომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე მითითებით მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს არ დაურღვევია ადმინისტრაციული წარმოების წესები და საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შესწავლის შედეგად, კანონის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 5 თებერვლის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იგი იმსჯელებს იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით ზ.ქ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 9 თებერვლის IDP 8 23 00145532 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ზ.ქ-ას ოჯახის კრიტერიუმების გარეშე გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, ხოლო მოსარჩელეს - ზ.ქ-ას თბილისის საქალაქო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია. აღნიშნული კი მიუთითებს იმაზე, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, კერძოდ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 13 ივნისის IDP 0 23 00618520 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში და საკასაციო სასამართლო მოკლებულია მასზე მსჯელობის შესაძლებლობას.
ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 9 თებერვლის IDP 8 23 00145532 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება და მოსარჩელის ოჯახის კრიტერიუმების გარეშე გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წინაპირობების არსებობა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს განსაზღვრავს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი.
საკასაციო პალატა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტსა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ; კერძოდ, ის სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. ამავე კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა. ამავე წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით კი დადგენილია, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი კი განსაზღვრავს კომისიის უფლებამოსილებას პრიორიტეტი მიანიჭოს და კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სააგენტოს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით. დასახელებული მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ობიექტებში დევნილი ოჯახების ცხოვრების ფაქტი დგინდება სააგენტოს მიერ განხორციელებული აღწერის შედეგების საფუძველზე. აღწერა განხორციელდება მონიტორინგის დეპარტამენტის ან/და სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული თანამშრომლების მიერ, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-5 პუნქტით დამტკიცებული „აღწერის ფორმის“ (დანართი №6) მიხედვით.
მითითებულ ნორმათა სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დევნილ ოჯახებს გააჩნიათ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლება. მოცემული უფლების რეალიზაცია დაკავშირებულია, ერთი მხრივ, დევნილის სტატუსის ქონასთან, მეორე მხრივ, კი დევნილთა ოჯახის შეფასების შედეგებთან. კერძოდ, უფლებამოსილი პირის მიერ ხდება დევნილი ოჯახის გადამოწმება, შეფასება, კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად ქულათა მინიჭება. სწორედ მინიჭებული ქულების ოდენობაზე არის დამოკიდებული ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრისით დაკმაყოფილების რიგითობის, პრიორიტეტულობის განსაზღვრა. სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ობიექტში ცხოვრების შემთხვევაში კი, დევნილთა განსახლება ხორციელდება პრიორიტეტულად, კრიტერიუმების გარეშე.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ზ.ქ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. მასზე გაცემულია დევნილის მოწმობა, სადაც დროებით საცხოვრებელ ადგილად (რეგისტრაციის ადგილი) მითითებულია ქ. თბილისი, ... ... ქ. №5, ... ასევე დადგენილია, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №002184216 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ... ქ. №5-ში მდებარე სამსართულიანი შენობის ტექნიკური მდგომარეობა მთლიანობაში იყო არადამაკმაყოფილებელი, აგურის შენობების დაზიანებათა შეფასების კლასიფიკაციით დაზიანებული იყო მე-3 ხარისხში. ასეთ ხარისხში დაზიანებულ შენობაში კი, მნიშვნელოვნად დაქვეითებული იყო საექსპლუატაციო მედეგობა და მისი შემდგომი უსაფრთხო ექსპლუატაცია საჭიროებდა დროულად აღდგენა-გამაგრების ჩატარებას შენობის დეტალური გამოკვლევის საფუძველზე დამუშავებული პროექტით.
საკასაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში ზ.ქ-ას ქ. თბილისი, ... ...ის ქ. №5, ინდ. საწ. „...“ ნგრევად შენობიდან განსახლება იმ მიზეზით არ მოხდა, რომ დევნილი ნგრევად შენობაში ფაქტობრივად არ ცხოვრობდა. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად არ შეიძლება მიჩნეულიყო მხოლოდ ის გარემოება (დამატებითი მტკიცებულებების კვლევის გარეშე), რომ მონიტორინგის განხორციელების დროს, ზ.ქ-ა არ იმყოფებოდა სადავო მისამართზე. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 დეკემბრის განჩინებაში მოცემულ სამართლებრივ მსჯელობაზე, რომლის თანახმად: „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მისამართზე პირთა ფაქტობრივად არცხოვრების დამადასტურებლად, სხვა მტკიცებულებათა შეგროვების გარეშე, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მხოლოდ ის გარემოება, რომ საკითხის გადაწყვეტის პროცესში განხორციელებული მოქმედების - მისამართზე გამოცხადების მომენტში, პირი ბინაში არ იმყოფებოდა ან დადგინდა, რომ გარკვეული დროის მონაკვეთში იგი მისამართზე არ ცხოვრობდა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნგრევად ობიექტში ცხოვრებისას პირი, გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლოა იძულებული გახდეს დატოვოს საცხოვრებელი და თავი სხვაგან შეაფაროს, რაც არ გულისხმობს იმას, რომ მან მიატოვა ჩასახლების ობიექტი, არ წარმოადგენს ნგრევად ობიექტში მაცხოვრებელს და შესაბამისად, მას არ უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი სახელმწიფოს მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისას“ (სუსგ №879(კ-23), 19.12.2023წ.).
საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სათანადოდ არ ყოფილა საქმის გარემოებები გამოკვლეული, ხოლო საქმეში არსებული მოწმეთა ჩვენებები ადასტურებდნენ ზ.ქ-ას ქ. თბილისი, ... ... ქ. №5-ში მუდმივად ცხოვრების ფაქტს იმ ეტაპამდე, სანამ მესამე შვილი შეეძინებოდა. ამასთან, მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ სადავო მისამართზე ერთად ცხოვრობდა მოსარჩელე თავისი ცოლ-შვილით და მისი ოჯახის წევრები (დედა, მამა, ძმა), შენობა კი შეფასებული იყო ნგრევად ობიექტად, რასაც შესაძლოა წარმოეშვა საცხოვრებლის დროებით დატოვების საჭიროება, რაც არ გამორიცხავდა მოსარჩელის ნგრევად ობიექტში ცხოვრების ფაქტს და მისი დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ოქტომბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა