საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1376(კ-24) 25 მარტი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ნ. ქ-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2024 წლის 28 თებერვალს ნ. ქ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2024 წლის 12 თებერვლის №ADP 8 24 00000108 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ნ. ქ-ის ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
სარჩელის თანახმად, ნ. ქ-ი წარმოადგენს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირს, რომელიც ომის შემდგომ, უკვე 30 წელია ცხოვრობდა ქ. თბილისში, ...ის ... №...-ში არსებულ საერთო საცხოვრებელში (... კორპ. 2), იყო აღნიშნულ მისამართზე ჩაწერილი და იხდიდა კომუნალურ გადასახადებს.
მოსარჩელის მითითებით, მისი საცხოვრებელი კორპუსი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს მიერ შეფასებულ იქნა, როგორც ავარიული, საცხოვრებლად უვარგისი, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მომეტებული საფრთხის შემცველი, რის შემდგომაც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო უზრუნველყოფის სააგენტომ დაიწყო კორპუსში მცხოვრებელ დევნილთა კრიტერიუმების გარეშე გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა. მიუხედავად ამისა, სააგენტოს 2024 წლის 12 თებერვლის ბრძანებით, მოსარჩელეს უარი ეთქვა ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მოსარჩელე ფაქტობრივად არ ცხოვრობდა მითითებულ საცხოვრებელში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით ნ. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2024 წლის 12 თებერვლის №ADP 8 24 00000108 ბრძანება; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე ნ. ქ-ის ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ივლისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ნ. ქ-ი წარმოადგენდა იძულებით გადაადგილებული პირს, რომლის მუდმივი საცხოვრებელი იყო აფხაზეთი, სოხუმი, ... №60. დროებით საცხოვრებელს კი წარმოადგენდა ქ. თბილისი, ..., ...ის ... №..., ... კორპუსი №2. პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2026 წლის 29 მაისის №005540716 დასკვნით, ქ. თბილისი, ..., ...ის ... №...-ში მდებარე №2 ორსართულიანი კორპუსის ტექნიკური მდგომარეობა იყო მწვავე ავარიული, შენობის ძირითადი კონსტრუქციების საერთო ფიზიკური ცვეთა აღემატებოდა 70% და არსებული სახით შენობის ექსპლუატაცია იყო დაუშვებელი.
სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2024 წლის 12 თებერვლის №ADP 8 24 00000108 ბრძანების თანახმად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2023 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე ნ. ქ-ის, სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე ობიექტში (ქალაქი თბილისი, ..., ...ის ... №..., ... კორპუსი №...) ფაქტობრივად არ ცხოვრების გამო, უარი ეთქვა ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.
სააპელაციო სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო სადავო აქტის გამოცემისას დაეყრდნო მოსარჩელის საცხოვრებელ მისამართზე განხორციელებული მონიტორინგის დროს მისი სახლში არყოფნის ფაქტს, კერძოდ, 2023 წლის 15 მაისს შედგენილი აღწერის ფორმის მიხედვით, მონიტორინგი განხორციელდა ქალაქი თბილისში, ..., ...ის ... №...-ში, სტუდქალაქში, სადაც იმყოფებოდნენ კ. ქ-ი და ნ. ჩ-ე, რომლებმაც განაცხადეს, რომ ნ. ქ-ი იმყოფებოდა შვილთან ...ში. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა „თ...ს“ აბონენტის ბრუნვის ისტორიაზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ამომრჩეველთა სიაში მითითებულ მონაცემებზე, კ. ქ-ისა და რ. კ-ის 2024 წლის 25 აპრილის ნოტარიულად დადასტურებულ განცხადებაზე და მიიჩნია, რომ მხოლოდ ის გარემოება, რომ კონკრეტულ დღეს, სააგენტოს მიერ მონიტორინგის განხორციელებისას მოსარჩელე არ იმყოფებოდა მისამართზე, არ ადასტურებდა აღნიშნულ შენობაში მისი არ ცხოვრების ფაქტს და მხოლოდ მეზობლად მცხოვრები პირების მითითება, რომ გადამოწმების პერიოდისათვის ის იმყოფებოდა შვილთან, ვერ მიიჩნეოდა, რომ ის შვილთან ან სხვა ნათესავთან ცხოვრობდა მუდმივად. ამასთან, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მონიტორინგის ჯგუფს სხვა მისამართზე მოსარჩელის ყოფნისა და ცხოვრების ფაქტი არც კი გადაუმოწმებია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინა მთელი რიგი გარემოებები, კერძოდ, სააგენტოს მითითებით, 2023 წლის 28 ნოემბრის დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით განისაზღვრა ქალაქ თბილისში, ...ის ... ...-ში მდებარე ... და ... კორპუსებში მცხოვრები დევნილ ოჯახთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა. აღნიშნულთან დაკავშირებით განხორციელდა აღწერა წარმოდგენილ ობიექტში ფაქტობრივად მცხოვრებ დევნილ პირთა დადგენის მიზნით, შედგა შესაბამისი ოქმები და მომზადდა ფოტომასალა. მონიტორინგი 2023 წლის 15 მაისს განხორციელდა ასევე მოსარჩელის მისამართზე და შეივსო შესაბამისი ფორმა. მონიტორინგის მიერ მოკვლეული ინფორმაციით დადგინდა, რომ მოსარჩელის ოჯახის ამ ეტაპზე განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა ფაქტობრივად არცხოვრების გამო.
კასატორის მითითებით, მონიტორინგის სამსახურს ადგილზე დახვდა კ. ქ-ი და მისი შვილი ნ. ჩ-ე, ხოლო მოსარჩელე, ნ. ქ-ი არ დახვდა, ვინაიდან იმყოფებოდა შვილთან ...ში. საქმეში ასევე წარმოდგენილი იყო 2023 წლის 17 მაისის ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, სადაც საცხოვრებელ მისამართზე თბილისი, ...ის ... ..., კორპ. ..., ბინა ..., ოჯახის წევრებს წარმოადგენენ კ. ქ-ი და მისი შვილი ნ. ჩ-ე.
სააგენტო „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე, ასევე საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსზე მითითებით აღნიშნავს, რომ მან საქმის გარემოებების გამოსაკვლევად გამოჰკითხა განმცხადებელი, ჩაატარა მონიტორინგი, დათვალიერება და გამოკითხვა, შესაბამისად გამოიყენა მის ხელთ არსებული ყველა საშუალება საკითხის სრულყოფილად გამოსაკვლევად, რის შედეგადაც დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის ოჯახის განსახლება ამ ეტაპზე გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა სადავო მისამართზე ფაქტობრივად არ ცხოვრების გამო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 დეკემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იგი იმსჯელებს იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2024 წლის 12 თებერვლის №ADP 8 24 00000108 ბრძანების კანონიერება და მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წინაპირობების არსებობა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს განსაზღვრავს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი.
საკასაციო პალატა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტსა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ; კერძოდ, ის სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. ამავე კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა. ამავე წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით კი დადგენილია, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი კი განსაზღვრავს კომისიის უფლებამოსილებას პრიორიტეტი მიანიჭოს და კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სააგენტოს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით.
მითითებულ ნორმათა სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დევნილ ოჯახებს გააჩნიათ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლება. მოცემული უფლების რეალიზაცია დაკავშირებულია, ერთი მხრივ, დევნილის სტატუსის ქონასთან, მეორე მხრივ, კი დევნილთა ოჯახის შეფასების შედეგებთან. კერძოდ, უფლებამოსილი პირის მიერ ხდება დევნილი ოჯახის გადამოწმება, შეფასება, კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად ქულათა მინიჭება. სწორედ მინიჭებული ქულების ოდენობაზე არის დამოკიდებული ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრისით დაკმაყოფილების რიგითობის, პრიორიტეტულობის განსაზღვრა. სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ობიექტში ცხოვრების შემთხვევაში კი, დევნილთა განსახლება ხორციელდება პრიორიტეტულად, კრიტერიუმების გარეშე.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნ. ქ-ი არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომლის სახელზეც გაცემულია დევნილის მოწმობა. მოსარჩელის მუდმივი საცხოვრებელია აფხაზეთი, სოხუმი, ... №60, ხოლო დროებით საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს თბილისი, ..., ...ის ... №..., ... კორპუსი №2. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 29 სექტემბრის №005540716 დასკვნით, ქ. თბილისი, ..., ...ის ... №...-ში მდებარე №2 ორსართულიან კორპუსის ტექნიკური მდგომარეობა იყო მწვავე ავარიული, შენობის ძირითადი კონსტრუქციების საერთო ფიზიკური ცვეთა აღემატებოდა 70% და არსებული სახით შენობის ექსპლუატაცია იყო დაუშვებელი.
დადგენილია, რომ 2015 წლის 17 მარტს ნ. ქ-იმა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მოთხოვნით მიმართა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს და საცხოვრებელი მისამართად მიუთითა - ქ. თბილისი, ..., ...ის ... №..., ... კორპუსი №2. ამასთან, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარში მოსარჩელე ნ. ქ-ის მიერ საცხოვრებელ მისამართად მითითებულ იქნა ქ. თბილისი, ..., ...ის ... №..., ... კორპუსი №2, სადაც ცხოვრობდა მარტო, მისი შემოსავალი იყო პენსია და დევნილის დახმარება. ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებით კი მოსარჩელემ მიუთითა გულის უკმარისობასა და შაქრიან დიაბეტზე. დადგენილია, რომ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის მიხედვით, ნ. ქ-ის ოჯახი შეფასდა 3 ქულით. 2.00 ქულა - საცხოვრებელი პირობები არის განსაკუთრებით მძიმე და რადიკალურად არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს (დევნილი ოჯახი ცხოვრობს ავტოფარეხში, შენობის კიბის უჯრედში, საყარაულო ჯიხურში, თვითნაკეთები ხის/ფიცრულ შენობაში, მიწურში, სარდაფში ან მსგავსი ტიპის იმ არასაცხოვრებელ ფართში, რომლის საცხოვრებელ ფართად გარდაქმნა შეუძლებელია). 1 ქულა - მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრისაგან.
სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2024 წლის 12 თებერვლის №ADP 8 24 00000108 ბრძანების თანახმად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2023 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე ნ. ქ-ის, სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე ობიექტში (ქალაქი თბილისი, ..., ...ის ... №..., ... კორპუსი №2) ფაქტობრივად არ ცხოვრების გამო, უარი ეთქვა ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ ქ. თბილისი, ..., ...ის ... №...-ში მონიტორინგის განხორციელებისას, მოსარჩელე მისამართზე არ იმყოფებოდა, ხოლო აღწერის დროს მისამართზე მყოფმა კ. ქ-ი და ნ. ჩ-ე განაცხადეს, რომ ნ. ქ-ი იმყოფებოდა შვილთან ...ში. ამასთან, მონიტორინგის ჯგუფს არ შეუმოწმებია მოსარჩელის სხვა მისამართზე ყოფნის/ცხოვრების ფაქტი. ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატას, რომ მხოლოდ ის ფაქტი, რომ სააგენტოს მიერ მონიტორინგის განხორციელებისას მოსარჩელე არ იმყოფებოდა მისამართზე, არ ადასტურებს აღნიშნულ შენობაში მისი არ ცხოვრების ფაქტს, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებში არსებობს საპირისპიროს დამადასტურებელი მტკიცებულებები.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს კ. ქ-ის და რ. კ-ის 2024 წლის 25 აპრილს ნოტარიულად დადასტურებული განცხადებაზე, რომლითაც მათ დაადასტურეს, რომ ბოლო 30 წელია ცხოვრობდნენ ქალაქი თბილისი, ..., ...ის ... №...-ში, ხოლო ამავე პერიოდში მათ მეზობლად უწყვეტად ცხოვრობდა ნ. ქ-ი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემებისა და საერთო საცხოვრებელში არსებული მძიმე საცხოვრებელი პირობების გამო პერიოდულად უწევდა ნათესავებთან დარჩენა. ამასთან, საქმეში მოცემულია „თ...ს“ აბონენტის ბრუნვის ისტორია, რომელიც ადასტურებს ქ. თბილისი, ..., ...ის ... №...-ში №5179353 აბონენტად ნ. ქ-ის რეგისტრაციას. ხოლო ცენტრალური საარჩევნო კომისიის ამომრჩეველთა სიის მიხედვით, 01.02.2024 წლის მდგომარეობით (საკასაციო სასამართლოში სამართალწარმოების მიმდინარეობის ეტაპზე ამომრჩეველთა სია გადამოწმდა 01.02.2025წ. მდგომარეობით) ნ. ქ-ის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იყო ქ. თბილისი, ..., ...ის ... №..., ... კორპუსი №2. გარდა ამისა, თავად საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის მიხედვით, ნ. ქ-ის შეფასებისას 3-დან 2.00 ქულა სწორედ სადავო მისამართზე ცხოვრების გამო (განსაკუთრებით მძიმე საცხოვრებელი პირობები, რადიკალურად არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს) მიენიჭა. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და ახსნა-განმარტებების საფუძველზე, ცალსახად დგინდება ნ. ქ-ის სადავო მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტი და მას უსაფუძვლოდ ეთქვა უარი ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არ ცხოვრების გამო საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 დეკემბრის განჩინებაში მოცემულ სამართლებრივ მსჯელობაზე, რომლის თანახმად: „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მისამართზე პირთა ფაქტობრივად არცხოვრების დამადასტურებლად, სხვა მტკიცებულებათა შეგროვების გარეშე, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მხოლოდ ის გარემოება, რომ საკითხის გადაწყვეტის პროცესში განხორციელებული მოქმედების - მისამართზე გამოცხადების მომენტში, პირი ბინაში არ იმყოფებოდა ან დადგინდა, რომ გარკვეული დროის მონაკვეთში იგი მისამართზე არ ცხოვრობდა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნგრევად ობიექტში ცხოვრებისას პირი, გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლოა იძულებული გახდეს დატოვოს საცხოვრებელი და თავი სხვაგან შეაფაროს, რაც არ გულისხმობს იმას, რომ მან მიატოვა ჩასახლების ობიექტი, არ წარმოადგენს ნგრევად ობიექტში მაცხოვრებელს და შესაბამისად, მას არ უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი სახელმწიფოს მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისას“ (სუსგ №879(კ-23), 19.12.2023წ.).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ივლისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა