ბს-1197(კ-22) 20 მარტი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.09.2022წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. შ-რმა 13.05.2022წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ მოპასუხის 19.04.2022წ. №1000632347 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.06.2022წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 19.04.2022წ. №1000632347 გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მ. შ-რის სახელზე სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.09.2022წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ მიუთითა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-15 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვა გაიცემა საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით. ამავე კანონის მე-18 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ ან თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სწორედ აღნიშნულ ნორმებზე მითითებით ეთქვა უარი მოსარჩელეს სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.12.2018წ. გადაწყვეტილებით მ. შ-რის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 02.11.2018წ. №1000632347 გადაწყვეტილება და სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მ. შ-რისთვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 17.03.2022წ. განჩინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 25.12.2018წ. გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში. მითითებული განჩინების საფუძველზე სააგენტომ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, რომლის ფარგლებში სახელმწიფო უსაფრთხოების კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოითხოვა ინფორმაცია მ. შ-რისთვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძვლების არსებობის თაობაზე. კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 14.04.2022წ. წერილით განმცხადებლისთვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემა მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული. პალატამ აღნიშნა, რომ მ. შ-რისთვის ბინადრობის ნებართვის საკითხის გადაწყვეტა პირდაპირ უკავშირდება იმ ინფორმაციის გაცნობასა და შესწავლას, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 14.04.2022წ. წერილით გათვალისწინებული დასკვნის გაკეთების მიზეზი გახდა. ამ მიზნით სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოითხოვა ინფორმაცია და დეტალურად გაეცნო მას. აღნიშნული ინფორმაციის გამოკვლევა განხორციელდა კანონის მოთხოვნათა დაცვით სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თუმცა მასში მითითებული ფაქტები საიდუმლოების შემცველობის გამო არ აისახა სასამართლო გადაწყვეტილებაში. მოცემულ შემთხვევაში უტყუარად დასტურდება, რომ გასაჩივრებული აქტის გამოცემის დროისთვის მოსარჩელე სტუდენტი იყო, ამასთანავე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის 19.04.2022წ. დოკუმენტის მიხედვით მოსარჩელის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება. სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურის მიერ წარდგენილი ინფორმაციის შეფასებისა და საქმეში დაცული მტკიცებულებების საფუძველზე სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია მოსარჩელის სახელზე სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.09.2022წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ. კასატორი მიიჩნევს, რომ სადავო აქტი მიღებული იქნა კანონიერების პრინციპის დაცვით. ბინადრობის ნებართვის სამართლებრივი ბუნება ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს დისკრეციულ უფლებამოსილებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. სააგენტო ვალდებული იყო სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ინფორმაცია გამოეთხოვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, რომლის წერილითაც დადგინდა, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით, მოსარჩელისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემა მიზანშეუწონელი იყო. ამდენად, სააგენტო დაეყრდნო კომპეტენტური ორგანოს დასკვნას და უპირატესობა მიანიჭა საჯარო ინტერესს, ამასთან განცხადების განმხილველი ორგანო კანონმდებლობით შეზღუდულია მოიპოვოს კონტრდაზვერვის დეპარტამენტოს დასკვნის გამაბათილებელი მტკიცებულება. საქმეზე „ლუპსა რუმინეთის წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ეროვნული საფრთხე განსხვავდება ხასიათისა და ბუნების მიხედვით, რის გამო იგი წინასწარ რთული განსასაზღვრია (§37). საქმეზე „ლეანდერი შვედეთის წინააღმდეგ“ ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ შვედების მთავრობას უფლება ჰქონდა დაედგინა ეროვნული უსაფრთხოების უპირატესი ინტერესი აპლიკანტის ინდივიდუალურ ინტერესთან შედარებით. კასატორმა აგრეთვე მიუთითა საკასაციო სასამართლოს 16.04.2020წ. (საქმე №ბს-815(კ-19)) და 07.10.2020წ. (საქმე №ბს-207(კ-20), №ბს-311(კ-20)) გადაწყვეტილებებზე და აღნიშნა, რომ უსაფუძვლოა მოსარჩელის მითითება დაუსაბუთებელი აქტით მისი უფლების დარღვევის თაობაზე, ვინაიდან კონკრეტულ შემთხვევაში პირს უფლება შეეზღუდა ლეგიტიმური მიზნის - სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მისაღწევად კანონით პირდაპირ გათვალისწინებული საფუძვლით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთანავე, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს არეგულირებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონი, რომლის მე-15 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის შესაძლებლობას, რომელიც გაიცემა უცხოელზე საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით. საქმის მასალებიდან, მათ შორის, სადავო აქტიდან და საკასაციო საჩივრიდან იკვეთება, რომ ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის ერთადერთი საფუძველი გახდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უარყოფითი დასკვნა. საკასაციო საჩივარი ეფუძნება მხოლოდ იმ გარემოებას, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ გაცემული უარყოფითი დასკვნის პირობებში, სააგენტო მოკლებული იყო მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი განიხილება და წყდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად (კანონის 17.10 მუხ.). საქართველოს მთავრობის 01.09.2014წ. №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მიხედვით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად სააგენტო ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან (13.5 მუხ.). განსახილველ შემთხვევაში სააგენტოს მიერ ინფორმაცია გამოთხოვილ იქნა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან, რომლის 14.04.2022წ. წერილით მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული მოსარჩელისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემა. კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები ითვალისწინებს ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესაძლებლობას, უკეთუ უცხოელი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს და ამის შესახებ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა. საკასაციო სასამართლოს მიერ 24.02.2025წ. №ბს-1197(კ-22) წერილით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა ის ინფორმაცია, რომელიც საფუძვლად დაედო მოსარჩელისთვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლად მიჩნევას. გამოთხოვილი ინფორმაციის შინაარსის გაცნობის შედეგად საკასაციო პალატა თვლის, რომ მოსარჩელისთვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლობა სათანადოდ არ არის დასაბუთებული. საქმეში დაცულია თბილისის სახელმწიფო სა...ო უნივერსიტეტის რექტორის 02.10.2018წ. ცნობა, რომლის თანახმად მ. შ-რი არის ამავე უნივერსიტეტის ...ის ფაკულტეტის ... პროგრამის ... სემესტრის სტუდენტი. მართალია, საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში უცხოელის ჩარიცხვის ან წარსულში ბინადრობის ნებართვის გაცემის ფაქტი იმთავითვე არ ავალდებულებს ორგანოს დააკმაყოფილოს წარდგენილი განცხადება, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარი საქმის გარემოებების სათანადოდ გამოკვლევის შედეგი იყოს და შესაბამის დასაბუთებას ეფუძნებოდეს. კონკრეტულ შემთხვევაში მხოლოდ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილზე მითითება, მისი შინაარსის გათვალისწინებით, არ ქმნის სადავო აქტის საკმარის დასაბუთებას. ამასთანავე მ. შ-რისთვის სასწავლო ნებართვის გაცემაზე უარის თქმის კანონიერებაზე ერთხელ უკვე იმსჯელა სასამართლომ და კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.12.2018წ. გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ უარი არ ეფუძნებოდა სრულყოფილად გამოკვლეულ ფაქტობრივ გარემოებებს, ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საქმის გარემოებათა ხელახლა გამოკვლევა და შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება. სასამართლოს კანონიერ ძალაში მყოფ გადაწყვეტილებაში არსებული მითითებების მიუხედავად, ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო აქტი გამოსცა სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის კონკრეტული საფუძვლების დადგენის გარეშე, სადავო აქტი არ შეიცავს მითითებას რაიმე ახალ გარემოებაზე ან დამატებით მტკიცებულებებზე, რაც საფუძვლად დაედო მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს არ ქმნის აგრეთვე კასატორის მითითება საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებებზე/განჩინებაზე. მითითებული გადაწყვეტილებები (სუსგ 16.04.2020წ. №ბს-815(კ-19), 07.10.2020წ. №ბს-207(კ-20), 07.10.2020წ. №ბს-311(კ-20)) არ შეიცავენ განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უარყოფითი დასკვნა იმთავითვე, ყოველგავრი შეფასების გარეშე უცხოელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს ქმნის, აღნიშნულ დავებში საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ გაეცნო კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უარყოფითი დასკვნის საფუძვლად არსებულ დოკუმენტაციას და მიიჩნია, რომ სააგენტოს ჰქონდა უცხოელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უფლება, საკასაციო პალატამ შეაფასა კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნის შინაარსი, საფუძვლები და მიიჩნია, რომ იგი მოცემულ შემთხვევაში კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით ქმნიდა ბინადრობის ნებართვის გაცემის დამაბრკოლებელ საკმარის წინაპირობას. საკასაციო სასამართლოს აღნიშნული განმარტება არ გულისხმობს იმას, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უარყოფითი დასკვნა მისი შინაარსისა და განსახილველი საქმის ფაქტობრივი გარემოებების მიუხედავად იმთავითვე, ყველა შემთხვევაში ქმნის ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საკმარის საფუძველს. სადავო აქტის მართლზომიერებას ასევე არ ადასტურებს მითითება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებზე („ლუპსა რუმინეთის წინააღმდეგ“ და „ლეანდერი შვედეთის წინააღმდეგ“). ევროპული სასამართლო არ უარყოფს სახელმწიფოს მიერ უცხოელის თავის ტერიტორიაზე შესვლის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას, თუმცა იმ პირობით, რომ სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებას ექნება შესაბამისი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი და რომ მასზე ქმედითი კონტროლი განხორციელდება. მითითებული გადაწყვეტილებებით არ გამოირიცხება აუცილებლობისა და პროპორციულობის საკითხების შეფასების, საჯარო და კერძო ინტერესის ურთიერთშეპირისპირების საჭიროება. ეროვნული უშიშროებისა და საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხის არსებობის შემთხვევაშიც კი გადაწყვეტილებები, რომლებმაც პირის უფლებებში ჩარევა გამოიწვია, უნდა დაექვემდებაროს სათანადო კონტროლს, კონტროლი უნდა განხორციელდეს დამოუკიდებელი, კომპეტენტური ორგანოს მეშვეობით, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში საიდუმლო ინფორმაციის გამოყენება შეეძლება (20.06.2002წ. „Al-Nashif v. Bulgaria“ (§123, 124), 15.11.1996წ. „Chahal v. The United Kingdom“ (§127, 145)). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მხოლოდ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილზე მითითება, მისი შინაარსის გათვალისწინებით, არ ქმნის სადავო აქტის საკმარის დასაბუთებას. სასამართლოს კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილების მითითებების მიუხედავად სააგენტოს არ დაუსაბუთებია სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის სათანადო საფუძვლების არსებობა, არ დგინდება კერძო და საჯარო ინტერესების სათანადო ურთიერთშედარება.
კასატორის მითითება იმაზე, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უარყოფითი დასკვნის არსებობა გამორიცხავდა სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, არ ასაბუთებს სადავო აქტის კანონიერებას, რადგან ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი ორგანოა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომლის დასკვნაც არის სააგენტოს გადაწყვეტილების განმსაზღვრელი ერთ-ერთი და არა ერთადერთი ფაქტორი, დაინტერესებული პირისათვის სამართლებრივ შედეგს იწვევს არა კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნა, არამედ საქმის გარემოებების გამოკლვევის, მათ შორის აღნიშნული დასკვნის შეფასების შედეგად სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება არ გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების საქმის გარემოებათა სათანადო გამოკვლევის გარეშე მიღების შესაძლებლობას. მხოლოდ ის გარემოება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს წერილის თანახმად, უცხოელისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემა მიზანშეუწონელია, არ ასაბუთებს სააგენტოს გადაწყვეტილების საქმის გარემოებათა გამოკვლევის შედეგად მიღებას. თავისი ნორმატიული უფლებამოსილებებიდან გამომდინარე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის განმარტებები სახელმწიფო უშიშროების თუ საზოგადოებრივი წესრიგისათვის საფრთხის შექმნის შესახებ რათქმაუნდა გასათვალისწინებელია, თუმცა არ გამოირიცხება სააგენტოს, როგორც უცხოელისათვის ბინადრობის მინიჭების საკითხზე გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს მიერ, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მოსაზრებების გაზიარებაზე უარის თქმა ან მათი გაზიარების მიუხედავად, საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშეპირისპირების შედეგად, პროპორციულობის პრინციპის დაცვით გადაწყვეტილების კერძო ინტერესების სასარგებლოდ მიღება (სუსგ 06.04.2023წ. №ბს-631(კ-21)).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.09.2022წ. განჩინება;
3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (საიდენტიფიკაციო კოდი 202307404) დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე 06.10.2022წ. №61232 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: გ. გოგიაშვილი
თ. ოქროპირიძე