საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1248(კ-24) 25 მარტი, 2025 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ე. შ-ა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა; ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2023 წლის 6 ივნისს ე. შ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ.
სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ, მოსარჩელემ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 28 აპრილის №5/23584 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისში, ...ს ქუჩა №...-ში (ს/კ №...), მიშენების ლეგალიზებაზე თანხმობის გაცემის შესახებ მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით ე. შ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 28 აპრილის №5/23584 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ქ. თბილისში, ...ს ქუჩა №...-ში მდებარე, სახელმწიფოსა და ე. შ-ას თანასაკუთრებად რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე (ს/კ ...) განხორცილებული მიშენების ლეგალიზებაზე თანხმობის გაცემის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ივლისის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2023 წლის 20 აპრილს, ე. შ-ას წარმომადგენელმა ზ. ხ-იმა №52846/ფ განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რათა მოეპოვებინა უძრავი ქონების მესაკუთრისგან - სახელმწიფოსგან თანხმობა მათ თანასაკუთრებაში არსებული უძრავ ქონებაზე უნებართვოდ განხორციელებული მიშენების ლეგალიზებაზე.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 28 აპრილის №5/23584 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ე. შ-ას წარმომადგენელს - ზ. ხ-ის განემარტა, რომ სააგენტოს მიერ ქონების განკარგვა ხორციელდებოდა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხოლო ხსენებული კანონი არ ითვალისწინებდა უძრავ ქონებაზე კერძო პირის საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით თანხმობის გაცემას, ამასთან, უძრავი ქონება, რომელზეც არ არის გაცემული ან არ არსებობს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი და არ წარმოადგეს ფიზიკური ან/და იურიდიული პირის საკუთრებას, ექვემდებარება სახელმწიფოს საკუთრებად დარეგისტრირებას და განკარგვას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ სახელმწიფოსა და ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე განხორციელებული მიშენების ლეგალიზებაზე თანხმობის გაცემა არ გულისხმობს სახელმწიფო ქონების განკარგვას. თანხმობის გაცემა არის საფუძველი იმისა, რომ მოსარჩელის განცხადება ლეგალიზების შესახებ განხილული იქნეს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ლეგალიზების საკითხზე გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური, რომლის ერთ-ერთი ფუნქცია არის უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღება იმ შემთხვევაში, თუ იგი არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების მე-3 მუხლის ჰ7 პუნქტის თანახმად, სააგენტოს ერთ-ერთი უფლებამოსილებაა დაინტერესებული პირების მიმართვის საფუძველზე, სახელმწიფოს, როგორც მესაკუთრის/თანამესაკუთრის მიერ თანხმობის გაცემა, თუმცა, აღნიშნული არ გულისხმობს და არ მოიაზრებს სახელმწიფო ქონების განკარგვას. ამგვარ თანხმობაში უნდა მოვიაზროთ სახელმწიფოს, როგორც მესაკუთრის/თანამესაკუთრის მიერ გამრიცხველიანებაზე, კორექტირებაზე და ა.შ. თანხმობის გაცემა.
სახელმწიფო ქონების განკარგვის (პრივატიზება) საკითხი რეგულირდება „სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონით, ხოლო, სააგენტოს დებულების მე-3 მუხლის ჰ7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა არეგულირებს სახელმწიფო ქონების პრივატიზებისაგან განსხვავებულ შემთხვევებს. ამდენად, აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, არასწორად მიიჩნია, რომ სააგენტოს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეწინააღმდეგება კანონს, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძველია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო საკითხს წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 28 აპრილის №5/23584 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისში, ...ს ქუჩა №...-ში (ს/კ №...) მიშენების ლეგალიზებაზე თანხმობის გაცემის შესახებ მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძვლიანობა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა სამართლებრივი აქტებით და ამ დებულებით. დებულების მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, სააგენტოს მიზნებია: ა) სახელმწიფო ქონების მართვა და განკარგვა. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ7“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, სააგენტო ახორციელებს დაინტერესებული პირების მიმართვის საფუძველზე, სახელმწიფოს, როგორც მესაკუთრის/თანამესაკუთრის, მიერ თანხმობის გაცემას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისში, ...ს ქუჩა №...-ში, ს/კ №..., 2015 წლის 15 ოქტომბრიდან თანასაკუთრების უფლებით აღრიცხულია სახელმწიფოს (შენობა-ნაგებობები: №1-2 საერთო ფართით 655.5კვ.მ., №6 ფართით - 11.13კვ.მ, №7-8-9 საერთო ფართით - 179.07კვ.მ) და ე. შ-ას (შენობა-ნაგებობა №3-4 დან (ლიტ. „ვ“) 50 კვ.მ.) სახელზე.
2020 წლის 30 ნოემბერს, ე. შ-ას წარმომადგენელმა ზ. ხ-იმა №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ქ. თბილისში, ...ს ქუჩა №...-ში (ს/კ: ...) მდებარე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020წლის 04 დეკემბრის №486648 წერილით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ეთხოვა პოზიციის დაფიქსირება ქ. თბილისში, ...ს ქუჩა №...-ში მდებარე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციასთან დაკავშირებით.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2021წლის 26 იანვრის №7/2097 წერილით, მარეგისტრირებელ ორგანოს ეცნობა, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სააგენტოს მიერ თანხმობის გაცემას უძრავი ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრირებასთან დაკავშირებით. ამასთან, წარმოდგენილი შიდა აზომვითი ნახაზის მიხედვით იზრდებოდა (რეგისტრირებული ფართი 50 კვ.მ, სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი ნახაზი 84 კვ.მ) რეგისტრირებული უძრავი ქონების ფართი.
2023 წლის 20 აპრილს, ე. შ-ას წარმომადგენელმა ზ. ხ-იმა №52846/ფ განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ქ. თბილისში, ...ს ქუჩა №...-ში მდებარე სახელმწიფოსა და ე. შ-ას თანასაკუთრებად რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე (ს/კ: №...) განხორციელებული მიშენების ლეგალიზებაზე თანხმობის გაცემა. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 28 აპრილის №5/23584 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ე. შ-ას წარმომადგენელს ზ. ხ-ის განემარტა, რომ სააგენტოს მიერ ქონების განკარგვა ხორციელდება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხოლო ხსენებული კანონი არ ითვალისწინებს უძრავ ქონებაზე კერძო პირის საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით თანხმობის გაცემას, ამასთან, უძრავი ქონება, რომელზეც არ არის გაცემული ან არ არსებობს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი და არ წარმოადგენს ფიზიკური ან/და იურიდიული პირის საკუთრებას, ექვემდებარება სახელმწიფოს საკუთრებად დარეგისტრირებას და განკარგვას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების ფორმებია: ა) აუქციონი; ბ) პირდაპირი მიყიდვა: ბ.ა) პირდაპირი მიყიდვა; ბ.ბ) პირდაპირი მიყიდვა კონკურენტული შერჩევის საფუძველზე; გ) უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ დაუსაბუთებელია მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია სადავო საკითხთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ სახელმწიფოსა და ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე განხორციელებული მიშენების ლეგალიზებაზე თანხმობის გაცემა არ გულისხმობს სახელმწიფო ქონების განკარგვას, არამედ თანხმობის გაცემა არის საფუძველი, რომ მოსარჩელის განცხადება, ლეგალიზების შესახებ განხილული იქნეს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის №660 ბრძანებულებით დამტკიცებული პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი განსაზღვრავს უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესს (მუხლი 1.1). მოცემული წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარდგენილ განცხადებას თან უნდა დაერთოს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საკადასტრო რუკა, ხოლო თუ მიწის ნაკვეთი სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის (სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის) საკუთრებაშია, აგრეთვე განმცხადებელსა და მესაკუთრეს შორის დადებული შესაბამისი ხელშეკრულება ან თანხმობა, გარდა მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე მიშენება-დაშენებისა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განხორციელებული მშენებლობის ლეგალიზება და სახელმწიფოს მიერ ქონების განკარგვა არსებითად განსხვავებული სამართალურთიერთობებია. სახელმწიფო ქონების განმკარგავი ორგანოა - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, ხოლო მუნიციპალიტეტის ორგანოები ახორციელებენ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან ითხოვს არა ქონების განკარგვას, არამედ როგორც ქონების თანამესაკუთრისგან ლეგალიზებაზე თანხმობას, რის თაობაზეც საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო. ამდენად, საკასაციო სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია კასატორის პოზიცია და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მოპასუხე მხარის მიერ ვერ იქნა დასაბუთებული მის მიერ გამოცემული აქტის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობა, რაც სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალების წინაპირობას წარმოადგენდა.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად არსებითად სწორად შეაფასა საქმის გარემოებები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ბ. შონია
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. მაკარიძე