საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
Nბს-633(კ-24) 10 მარტი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (მოპასუხე) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 აპრილის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს ,,ჯ...“).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2021 წლის 2 მარტს შპს ,,ჯ...მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2020 წლის 27 ივლისის N04-06/4343 გადაწყვეტილებისა და სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 28 იანვრის N10/540 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 5 მარტის განჩინებით, შპს ,,ჯ...ის“ სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით, შპს ,,ჯ...ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2020 წლის 27 ივლისის N04-06/4343 გადაწყვეტილება და სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 28 იანვრის N10/540 გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე მხარემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 აპრილის განჩინებით, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი №1-ის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტზე, საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღებისას ადმინისტრაციულმა ორგანომ სწორი შეფასება არ მისცა წარდგენილ მტკიცებულებებს, ასევე, საჩივრის მოტივებს იმის თაობაზე, რომ კლინიკას ჰქონდა ვალდებულება განეხორციელებინა ... სიმპტომატიკის მქონე პაციენტების ტესტირება COVID-19 ინფექციის გამორიცხვის მიზნით და გაეწია შესაბამისი სამედიცინო მომსახურება. აღნიშნული 2020 წლის 5 მაისამდე გათვალისწინებული იყო საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის 2013 წლის N36 დადგენილების დანართი N1.7-ით, თუმცა კლინიკას ამ მომსახურების შესაბამისი პროგრამული კოდით წარდგენის შესაძლებლობა არ ჰქონდა იმ მოტივით, რომ არ ფლობდა ინფექციური დაავადებების მკურნალობაში სანებართვო მოწმობის დანართს, რის გამოც 59 სამედიცინო შემთხვევა წარადგინა მიახლოებული პროგრამული კოდით; აგრეთვე, „წარდგენილი დოკუმენტაციის შეუსაბამობის“ პირობებში, მიმწოდებელს არ მიეცა პროგრამის პირობებით გათვალისწინებული კორექტირების განხორციელების შესაძლებლობა; ვერ მოხდა აღნიშნული შემთხვევების წარდგენა განმახორციელებლის მიერ მითითებული ახალი კორონავირუსული დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ვინაიდან ამ შემთხვევების ანაზღაურებაზე უარის თქმის თაობაზე კლინიკის ინფორმირება მოხდა ივლისის თვეში, როდესაც გასული იყო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარდგენის ვადა.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კლინიკას ჰქონდა ვალდებულება განეხორციელებინა ... სიმპტომატიკის მქონე პაციენტების ტესტირება COVID-19 ინფექციის გამორიცხვის მიზნით და გაეწია შესაბამისი სამედიცინო მომსახურება, რაც 2020 წლის 5 მაისამდე გათვალისწინებული იყო საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში და ამასთან, სადავო არაა ის გარემოება, რომ 59 სამედიცინო შემთხვევა სწორედ ამ პერიოდში ფიქსირდება, მიმწოდებელს უნდა აუნაზღაურდეს სამედიცინო მომსახურებაზე გაწეული ხარჯები.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ.
კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს განმარტებით, COVID-19 ინფექციის გამომრიცხავი სამედიცინო მომსახურება 2020 წლის 5 მაისამდე გათვალისწინებული იყო საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში, თუმცა სასამართლო არ აკონკრეტებს მოცემული სამედიცინო შემთხვევები რომელი კოდებით უნდა ყოფილიყო მოწოდებული. ამდენად, კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ უნდა დაადგინოს და მიუთითოს სადავო 59 სამედიცინო შემთხვევა რომელი კოდებით უნდა ყოფილიყო მიწოდებული სააგენტოსთვის. ამასთან, კასატორის განმარტებით, საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ შპს ,,ჯ...ის“ ... სამედიცინო ცენტრს განესაზღვრა ე.წ. ,,ცხელების კლინიკის“ სტატუსი, ახორციელებდა მარეგულირებელი კანონმდებლობით დაკისრებულ მომსახურებას და პაციენტებს ჩაუტარა ტესტირება COVID-19-ზე, ასევე, იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ ანაზღაურების თაობაზე კლინიკის ინფორმირება მოხდა ივლისის თვეში, როდესაც გასული იყო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარდგენის ვადა. ამავე საკასაციო საჩივარში კასატორმა იშუამდგომლა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 1 აგვისტოს განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი. ამავე განჩინებით, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ, არ დაკმაყოფილდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიერ 2020 წლის 27 ივლისს მიღებული იქნა N04-06/4343 გადაწყვეტილება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ 59 სამედიცინო შემთხვევა მოწოდებულია N... გადაუდებელი ამბულატორიის კომპონენტით და ხელოვნური კოდით ... - .... ფორმა 100-ში მითითებული დიაგნოზი (...), ... კოდი (... - არამდგრადი ...), ჩარევა და შემთხვევების აღწერა არ შეესაბამება შეტყობინების სისტემაში მოწოდებულ ხელოვნურ კოდს (... - ...). არცერთ შემთხვევაში არ არის ინტოქსიკაციის არცერთი კლინიკური ნიშანი. პაციენტთა ასაკი ყველა შემთხვევაში 5 წელზე მეტია. დაკვირვების და COVID-19 ინფექციის გამორიცხვის მიზნით აღებული იყო COVID-19 ტესტი. შემთხვევები არ უნდა ყოფილიყო მოწოდებული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტით. მსგავსი შემთხვევები მიმართულია ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის მართვის სპეციალურ პროგრამაში. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ინსპექტირების ეტაპზე ზემოაღნიშნულ შემთხვევებს განესაზღვრა სტატუსი ,,არ ექვემდებარება ანაზღაურებას“, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი N1-ის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
დადგენილია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა ადმინისტრაციული საჩივრით, 2020 წლის 24 აგვისტოს. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 28 იანვრის N10/540 გადაწყვეტილებით, შპს ,,ჯ...ის“ 2020 წლის 24 აგვისტოს ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-15 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების თანახმად, სამედიცინო დაწესებულებისთვის 59 პაციენტისთვის გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციით, აღნიშნული შემთხვევები არ უნდა ყოფილიყო მოწოდებული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტით. მსგავსი შემთხვევები მიმართულია ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის მართვის სპეციალურ პროგრამაში.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მოსარჩელე მხარის განმარტებაზე, რომლის თანახმად, კლინიკას ჰქონდა ვალდებულება განეხორციელებინა ... სიმპტომატიკის მქონე პაციენტების ტესტირება COVID-19 ინფექციის გამორიცხვის მიზნით და გაეწია შესაბამისი სამედიცინო მომსახურება, რაც 2020 წლის 5 მაისამდე გათვალისწინებული იყო საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის 2013 წლის N36 დადგენილების დანართი N1.7-ით, თუმცა კლინიკას ამ მომსახურების შესაბამისი პროგრამული კოდით წარდგენის შესაძლებლობა არ ჰქონდა, იმ მოტივით, რომ არ ფლობდა ინფექციური დაავადებების მკურნალობაში სანებართვო მოწმობის დანართს, რის გამოც 59 სამედიცინო შემთხვევა წარადგინა მიახლოებული პროგრამული კოდით.
საკასაციო პალატა მიუთითებს ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ დანართი N1.7-ის (ინფექციური დაავადებების მართვა) პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტზე (2020 წლის 5 მაისამდე მოქმედი რედაქცია), რომლის თანახმად, ამ დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის 35 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისთვის პროგრამა ითვალისწინებს ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვას, მათ შორის: გ.ა.) შესაძლო შემთხვევის ამბულატორიულ დიაგნოსტიკას (გარდა COVID 19-ის დასადგენი ტესტირებისა, რომელსაც ახორციელებს ცენტრი); გ.ბ) COVID 19-ის დადასტურებული შემთხვევის სტაციონარულ მკურნალობას; გ.გ) COVID 19-ის დაუდასტურებელი შემთხვევის მართვას, რომელსაც ესაჭიროება სტაციონარული მკურნალობა.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის განმარტების გათვალისწინებით, ადმინისტრაციული ორგანო ვერ უთითებს იმ პირობებში, როდესაც კლინიკას ჰქონდა ვალდებულება განეხორციელებინა ... სიმპტომატიკის მქონე პაციენტების ტესტირება COVID-19 ინფექციის გამორიცხვის მიზნით და გაეწია შესაბამისი სამედიცინო მომსახურება, რაც 2020 წლის 5 მაისამდე გათვალისწინებული იყო საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში, სადავო 59 შემთხვევაში, რომელი კოდით უნდა გადაეცა სამედიცინო დაწესებულებას აღნიშნული შემთხვევები. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას იმის თაობაზე, რომ სასამართლომ უნდა დაადგინოს და მიუთითოს სადავო 59 სამედიცინო შემთხვევა რომელი კოდებით უნდა ყოფილიყო მოწოდებული, იმ პირობებში, როდესაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სწორედ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება ვალდებულება დაასაბუთოს მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება.
საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ შპს ,,ჯ...ის“ ... სამედიცინო ცენტრს განესაზღვრა ე.წ. ,,ცხელების კლინიკის“ სტატუსი, ახორციელებდა მარეგულირებელი კანონმდებლობით დაკისრებულ მომსახურებას და პაციენტებს ჩაუტარა ტესტირება COVID-19-ზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო 59 შემთხვევაში პაციენტებისთვის COVID-19 ტესტის ჩატარების თაობაზე პირდაპირ არის მითითებული ორივე გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში. ამასთან, რაც შეეხება შპს ,,ჯ...ის“ ...ი სამედიცინო ცენტრის, როგორც ე.წ. ,,ცხელების კლინიკის“ სტატუსს, აღნიშნული განსაზღვრული იყო ,,საქართველოში ახალი კორონა ვირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შესაძლო შემთხვევების გავრცელების (ეპიდემია, პანდემია, ეპიდემიური აფეთქება) პრევენციისა და საეჭვო და/ან დადასტურებულ შემთხვევებზე რეაგირების მზადყოფნისათვის, ე.წ. „ცხელების კლინიკებად“ განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 30 მარტის №01-136/ო ბრძანების დანართი N1-ით.
https://test.ncdc.ge/Pages/User/LetterContent.aspx?ID=0e719148-ec64-44f7-8495-1d3bab3e0730
საკასაციო პალატა აქვე სადავო შემთხვევების ანაზღაურებაზე კლინიკის ინფორმირების თარიღის შესახებ კასატორის არგუმენტაციასთან დაკავშირებით, აღნიშნავს, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შედგენილი ,,ანაზღაურებაზე უარის“ და ,,სადავო“ სტატუსის მქონე შემთხვევათა რეესტრი N2/23088400, რომელზეც ფიქსირდება როგორც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, ასევე, კლინიკის წარმომადგენლის ხელმოწერები და თარიღი: 15.07.2020 წელი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო შემთხვევების წარდგენა განმახორციელებლის მიერ მითითებული ახალი კორონავირუსული დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სწორედ იმ გარემოების გამო ვერ მოხდა, რომ ამ შემთხვევების ანაზღაურებაზე უარის თქმის თაობაზე კლინიკის ინფორმირება განხორციელდა ივლისის თვეში, როდესაც გასული იყო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარდგენის ვადა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების პოზიციას იმის თაობაზე, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე სამედიცინო დაწესებულებას ჰქონდა ვალდებულება განეხორციელებინა ... სიმპტომატიკის მქონე პაციენტების ტესტირება COVID-19 ინფექციის გამორიცხვის მიზნით და გაეწია შესაბამისი სამედიცინო მომსახურება, რაც 2020 წლის 5 მაისამდე გათვალისწინებული იყო საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში და ამასთან, სადავო არ არის ის გარემოება, რომ 59 სამედიცინო შემთხვევა სწორედ ამ პერიოდში ფიქსირდება, მიმწოდებელს უნდა აუნაზღაურდეს სამედიცინო მომსახურებაზე გაწეული ხარჯები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის პირობებში, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით 2024 წლის 17 ივლისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 აპრილის განჩინება;
3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით 2024 წლის 17 ივლისის N20723 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
გიორგი გოგიაშვილი