Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე № ბს-225(კ-24) 4 მარტი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - შპს „მ...“

მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია

მესამე პირი - შპს „თ...“

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2018 წლის 18 ივნისს შპს „მ...მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 2018 წლის 27 აპრილს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ გამოსცა №30/8 გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, არ დაკმაყოფილდა შპს „მ...ის“ მოთხოვნა, შპს „ყ...სათვის“ ბუნებრივი გაზის აღრიცხვის კვანძის (მრიცხველის) შეცვლის აკრძალვის შესახებ. მოსარჩელის მოსაზრებით, აღნიშნულ ნაწილში გადაწყვეტილება არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რამდენადაც მოპასუხე მხარემ სრულყოფილად არ შეისწავლა და გამოიკვლია საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლივი შეფასების საფუძველზე, შპს „მ...ის“ მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილებულიყო. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში უკანონოა. ამასთან, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 27 აპრილის №30/8 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-4 პუნქტებს მოსარჩელე არ ასაჩივრებს.

მოსარჩელემ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 27 აპრილის №30/8 გადაწყვეტილების პირველი და მეორე პუნქტების ბათილად ცნობა და შპს „მ...ის“ საკუთრებაში არსებული ბუნებრივი გაზის აღრიცხვის კვანძის (მრიცხველის) შეცვლის შპს „თ...სათვის“ (შპს „ყ...ს“ უფლებამონაცვლე) აკრძალვის შესახებ შპს „მ...ის“ მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა შპს „ყ...“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 სექტემბრის განჩინებით შპს „ყ...ს“ უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა შპს „თ...“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „მ...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 27 აპრილის №30/8 გადაწყვეტილების პირველი და მეორე პუნქტები და მოპასუხე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, სადავო საკითხთან დაკავშირებით, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონით დადგენილ ვადაში გამოცემა დაევალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ივლისის განჩინებით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ივლისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს ,,მ...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ლიცენზიანტი ვალდებულია გამართულ მდგომარეობაში იქონიოს როგორც მთლიანი გამანაწილებელი ქსელი, ასევე, ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძები, რომლითაც ახორციელებს საცალო მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას და ამავე დროს, მოხმარებული ბუნებრივი გაზის აღრიცხვას, შემდგომში ანგარიშსწორების მიზნით. აღნიშნულს იგი ახორციელებს საკუთარი ხარჯითა და ფინანსური ხელშეწყობით, ხოლო ამ პროცესში მომხმარებელი ხელს უწყობს ლიცენზიანტს საკუთარი მოვალეობის შესრულებაში, მის ვალდებულებას კი მოხმარებული პროდუქციის საფასურის გადახდა წარმოადგენს. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს „საქართველოს მეტროლოგიის ცენტრის“ მიერ 2015 წლის 15 იანვარს შპს „მ...ზე“ გაცემული №GMCVC-00015/3-15 დამოწმების მოწმობის საფუძველზე, შპს „მ...ის“ ობიექტზე დამონტაჟებულია 2007 წელს გაუქმებული სტანდარტ „ГОСТ 8.563.-97-ით“ დასტანდარტებული ხარჯთაღმრიცხველი კონტროლერი „FLOBOSS 103“ №20812335. სააპელაციო პალატის მითითებით, დამოწმების მოქმედების ვადის მიუხედავად, ლიცენზიანტ შპს „ყ...ს“ (უფლებამონაცვლე შპს „თ...ს“) ჰქონდა უფლებამოსილება ობიექტზე დაემონტაჟებინა ბუნებრივი გაზის დანახარჯის მეტი სიზუსტით აღმრიცხველი მრიცხველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „მ...მა“.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს წარედგინა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ტექნიკური ექსპერტიზის 2023 წლის 29 მარტის №002085123 დასკვნა, რომლის მიხედვითაც შპს ,,მ...ის" ობიექტზე ბუნებრივი აირის მილსადენში, კომპრესორის მუშაობის პროცესში არ ფიქსირდება ისეთი პულსირებული ნაკადი, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს ბუნებრივი გაზის საზომი კომპლექსის "FLOW Boss 103" ტიპის მრიცხველის აღრიცხვის სიზუსტეზე. დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ პულსირებული ნაკადის არ არსებობის შემთხვევაში, ბუნებრივი გაზის საზომი კომპლექსი "FLOW Boss 103" მოხმარებული ბუნებრივი აირის რაოდენობას - აღრიცხავს ზუსტად და სრულად შესაძლებელია ასეთ შემთხვევაში, მისი, როგორც დაკანონებული გაზომვის საშუალების გამოყენება აღრიცხვის კვანძის სახით. კასატორის განმარტებით, შპს ,,მ...ს" აქვს გაზგასამართი სადგური. სადავო არ არის, რომ კომპანია, აღნიშნული სადგურით მოიხმარს ბუნებრივი გაზის საზომი კომპლექსი "FLOW Boss 103-ით" აღრიცხულ ბუნებრივ აირს. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს და ასევე განაწილების ლიცენზიანტის პოზიციის თანახმად, მარიგებელმა სვეტებმა უნდა აჩვენონ გახარჯული ბუნებრივი გაზის სხვა ოდენობა, ხოლო ბუნებრივი გაზის საზომი კომპლექსი ,,FLOW Boss 103-მა" უნდა აჩვენოს გახარჯული ბუნებრივი გაზის სხვა ოდენობა, რაც მოხდება იმ შემთხვევაში თუ ლიცენზიანტის მიერ შეიცვლება მრიცხველი და დამონტაჟდება ,,..." ტიპის მრიცხველი, რომლის კორექტორის დამოწმება საქართველოში არ ხდება, რაც დასტურდება ასევე სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 21 დეკემბრის №523 წერილით, რომელშიც მითითებულია, რომ EK სერიის აირის მოცულობის კორექტორები არ შედის საქართველოს კანონში პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-80 მუხლში აღნიშნულ დაკანონებულ გაზომვის საშუალებების ჩამონათვალში და შესაბამისად, არ ექვემდებარება დაკანონებული გაზომვის საშუალებების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციას და სავალდებულო დამოწმებას. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ ასევე არასწორად დაადგინა, რომ სტანდარტი ,,გოსტი"-ს განახლების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა შეიცვალოს დამონტაჟებული ტექნიკა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 13 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „მ...ს“ საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „მ...ს“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) 2.4 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით განაწილების ლიცენზიანტი ვალდებულია ექსპლუატაცია გაუწიოს და გამართულ მდგომარეობაში იქონიოს გამანაწილებელი ქსელი, ანგარიშსწორებისათვის მოაწყოს ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძი (აღრიცხვის კვანძები) და უზრუნველყოს მათი გამართული მუშაობა. ამავე წესის 7.1 მუხლის თანახმად, საცალო მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარება უნდა აღირიცხებოდეს ინდივიდუალურად. განაწილების ლიცენზიანტი ვალდებულია ამ მიზნით მოაწყოს აღრიცხვის კვანძი, შესაბამისად, შეიძინოს, დაამონტაჟოს და შეაკეთოს აღრიცხვის კვანძის მოწყობისათვის საჭირო მრიცხველი, საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა სახის მოწყობილობები, დანადგარები და სხვა საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფს აღრიცხვის სისტემის გამართულ მუშაობას და დაიცავს მას უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საჭიროების შემთხვევაში განაწილების ლიცენზიანტს უფლება აქვს, ხოლო ამ წესებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად ვალდებულია, მოხსნას, შეაკეთოს, დაამოწმოს და შეცვალოს აღრიცხვის კვანძი (მათ შორის, ბუნებრივი გაზის მრიცხველი ან/და მოცულობის კორექტორი), ასევე სხვა სახის მისი კუთვნილი მოწყობილობები, მათ შორის, დანადგარები, რომლებიც აღრიცხვიანობისთვის არის საჭირო. ბუნებრივი გაზის მრიცხველი, შესაბამისად, აღრიცხვის კვანძის შემადგენელი სხვა სახის დანადგარები, დაცული უნდა იყოს მათ მუშაობაში უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან, რათა არ მოხდეს ბუნებრივი გაზის მრიცხველის ჩვენების შეცვლა ან ხელყოფა („წესების“ მუხლი 7.4). აღრიცხვის კვანძი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებსა და სტანდარტებს. აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს ისე, რომ დაინტერესებულ პირს ჰქონდეს მრიცხველის ჩვენების აღების საშუალება, ასევე, განაწილების ლიცენზიანტს შეეძლოს, ამ წესების შესაბამისად, დაუბრკოლებლად განახორციელოს სხვა სახის სამუშაოები. საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგების უზრუნველსაყოფად, განაწილების ლიცენზიანტის მიერ სამუშაოების დაწყებამდე, მომხმარებელი ვალდებულია, აცნობოს მას სამუშაოს შესრულების ადგილზე მისთვის ცნობილი ნებისმიერი ხელშემშლელი ან/და სხვა უარყოფითი გარემოების შესახებ („წესების“ 7.5; 7.6 მუხ.). თუ, აუცილებლობიდან გამომდინარე, ბუნებრივი გაზის მრიცხველი უნდა დამონტაჟდეს საცალო მომხმარებლის კუთვნილ ტერიტორიაზე, ასეთ შემთხვევაში მომხმარებელმა უნდა უზრუნველყოს აღრიცხვის კვანძის დასაყენებლად და გაზგაყვანილობის გასაყვანად მოსახერხებელი ადგილი, რომ განაწილების ლიცენზიანტის წარმომადგენელს დღის განმავლობაში საშუალება მიეცეს მოაწყოს აღრიცხვის კვანძი და გაზგაყვანილობა, ჩაატაროს მისი ტესტირება, შეკეთება და რეგულარულად მოახდინოს მრიცხველის ჩვენების აღება („წესების“ 7.8 მუხ.). ამავე მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, განაწილების ლიცენზიანტი პასუხისმგებელია აღრიცხვის კვანძის მოწყობაზე (მათ შორის, ბუნებრივი გაზის მრიცხველის დაყენებაზე), ბრჯენის ტექნიკურად სწორად დადებასა და შესაბამისი აქტის შედგენაზე, რომელშიც დაფიქსირდება განაწილების ლიცენზიანტის წარმომადგენლის, საცალო მომხმარებლისა და მათგან აღრიცხვის კვანძის, მათ შორის, მრიცხველის შენახვაზე პასუხისმგებელი პირი. ამასთან: ა) დაზიანებული აღრიცხვის კვანძის, ასევე, მისი შემადგენელი მრიცხველების, სხვა სახის დანადგარებისა და მოწყობილობების აღდგენას, შეცვლასა და დამონტაჟებას უზრუნველყოფს განაწილების ლიცენზიანტი თავისი ხარჯით, გარდა ამ წესებითა და მოქმედი კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა. მითითებული დადგენილების მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზის მოხმარების აღრიცხვის კვანძის მოწყობას, მათ შორის, ბუნებრივი გაზის მრიცხველის შეძენას, შეცვლას, მოხსნას, შემოწმებას, დამოწმებას ან/და დამონტაჟებას უზრუნველყოფს განაწილების ლიცენზიანტი. გაწეული მომსახურების ხარჯების გადახდა საცალო მომხმარებელს ან მიმწოდებელს შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ წესებით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ბუნებრივი გაზის მრიცხველი შეიძლება შემოწმდეს საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოში და საქართველოში აკრედიტებული ნებისმიერი ლაბორატორიის მიერ, დაინტერესებული პირის მითითებით იმ შემთხვევაში, თუ ბუნებრივი გაზის მრიცხველის ცდომილება არ შეესაბამება მის დაშვებულ საპასპორტო ცდომილებას. მომხმარებლის აღრიცხვის კვანძის სათანადოდ მოწყობის ხარჯებს, მათ შორის, ბუნებრივი გაზის მრიცხველის დამოწმებისა და დამონტაჟების საფასურს გადაიხდის განაწილების ლიცენზიანტი (გარდა ამ წესებით განსაზღვრული ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარების შემთხვევებისა). ამავე მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად კი, ბუნებრივი გაზის მრიცხველის მოხსნის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიანტი ვალდებულია ბუნებრივი გაზის მრიცხველის მოხსნისთანავე დაამონტაჟოს სხვა მრიცხველი (მიუხედავად იმისა, საჭიროებს თუ არა ძველი (მოხსნილი) მრიცხველი, ამა თუ იმ გარემოებიდან გამომდინარე, ლაბორატორიულ ან/და სხვა სახის შემოწმებას). დასახელებული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით დგინდება, რომ ბუნებრივი აირის განაწილების ლიცენზიანტი თავად უზრუნველყოფს აღრიცხვის კვანძის მოწყობას, ისევე როგორც მისი ვალდებულებაა საჭიროების შემთხვევაში შეიძინოს, შეცვალოს, შეამოწმოს დაამოწმოს ან/და დაამონტაჟოს მოწყობილობა. ამ პროცესში მომხმარებელი/ბუნებრივი აირის შემსყიდველი ხელს უწყობს ლიცენზიანტს აღრიცხვის კვანძის მოსაწყობად მოსახერხებელი ადგილის შერჩევაში და ეხმარება მას საკუთარი ფუნქცია/მოვალეობების შესრულებაში. ის გარემოება, რომ ლიცენზიანტს აქვს როგორც კანონისმიერი, ისე ობიექტური ინტერესი უზრუნველყოს მომხმარებლისათვის ზუსტი საკონტროლო მრიცხველის მონტაჟი, სადავო საკითხს არ წარმოადგენს.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ‘’FloBoss 103’’ წარმოადგენს „ГОСТ 8.563.-97“-ით დასტანდარტებულ ხარჯთაღმრიცხველ კონტროლერს. საყურადღებოა, რომ სტანდარტი "ГОСТ 8.563.-97" სახელმწიფოთაშორისო სტანდარტების კატალოგის მიხედვით გაუქმებულია 2007 წელს, თუმცა ამავე კატალოგში არაფერია ნათქვამი მისი შემცვლელი სტანდარტის შესახებ.

განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადენს შპს ,,თბილისი-ენერჯის“ (შპს „ყ...ს“ უფლებამონაცვლე) ქმედების კანონიერების შეფასება, რომლითაც მოითხოვა შპს ,,მ...ის“ კუთვნილ გაზგასამართ სადგურზე აღრიცხვის კვანძის შეცვლა. ამასთანავე შესაფასებელია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 27 აპრილის №30/8 გადაწყვეტილების კანონიერება, რომლითაც შპს ,,მ...ის“ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო სასამართლო, აღნიშნავს, რომ უმთავრესი მიზეზი, რითაც ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიანტი შპს ,,მ...ის“ ობიექტზე არსებული აღრიცხვის კვანძის ახალი აღრიცხვის კვანძის შეცვლით აუცილებლობას ასაბუთებს, არის ქსელში აღმოჩენილი ბუნებრივი აირის დანაკარგი, რადგან ,,FloBoss 103’’ ტიპის მრიცხველს არ შეეძლო პულსირებული ნაკადის წარმოქმნის შემთხვევაში, სრულად აღერიცხა მოხმარებული ბუნებრივი გაზის ოდენობა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, საქმეში არსებულ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ტექნიკური ექსპერტიზის 2018 წლის 1 თებერვლის №000671218 დასკვნაზე, რომლის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი გაზს მოიხმარს კომპრესორის გავლით, რომელიც პერიოდულად ირთვება და ითიშება, ამ დროს მილსადენში გამავალი ნაკადი იქნება პულსირებული ხასიათის და დროში შესაბამისად არასტაბილური, რომლის არასტაბილურობა კომპრესორის წარმადობაზე იქნება დამოკიდებული. ბუნებრივი აირის ნაკადი მილსადენში იქნება პულსირებული, როგორც კომპრესორის ჩართვა-გამორთვისას, ასევე, კომპრესორის მუშაობის პერიოდში. ხოლო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ტექნიკური ექსპერტიზის 2018 წლის 20 თებერვლის №001135318 დასკვნით განისაზღვრა, რომ „FLOBOSS 103“ ტიპის ხარჯმზომი დამყარებულია სტანდარტული შემავიწროვებელი დიაფრაგმის გამოყენებაზე და იგი შეიძლება გახდეს პულსირებული ნაკადის არასწორად აღრიცხვის მიზეზი. ამავე დასკვნაში აღნიშნულია, რომ პულსირებული გაზის ნაკადის დროს მიზანშეწონილია გამოყენებულ იქნეს როტაციული გაზის მრიცხველი. დასკვნის თანახმად, 1. თუ ბუნებრივი გაზის გამზომი კვანძი აგებულია ,,FLOBOSS 103" ხარჯმზომზე, ISO 5167.1-4:2003, ISO 5167.5-2016 ან ГОСТ 8.586.1.-5:2005 სტანდარტის შესაბამისად, სრულიად შესაძლებელია, რომ ასეთი გამზომი კვანძით მომხმარებელზე მიწოდებული ბუნებრივი აირის მოცულობის აღრიცხვის უზუსტობის გამომწვევი მიზეზი იყოს აღნიშნულ გამზომ კვანძში გამავალი ნაკადის პულსირებული ხასიათი; 2. პულსირებული გაზის ნაკადის დროს უფრო მიზანშეწონილია გამოყენებული იქნეს როტაციული გაზის მრიცხველი“.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს, ,,მ...ის’’ მიერ წარმოდგენილ იქნა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ტექნიკური ექსპერტიზის 2023 წლის 29 მარტის №002085123 დასკვნა, რომლის მიხედვითაც შპს ,,მ...ის’’ ობიექტზე ბუნებრივი აირის მილსადენში, კომპრესორის მუშაობის პროცესში არ ფიქსირდება ისეთი პულსირებული ნაკადი, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს ბუნებრივი გაზის საზომი კომპლექსის ,,FLOW Boss 103’’ ტიპის მრიცხველის აღრიცხვის სიზუსტეზე. დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ პულსირებული ნაკადის არ არსებობის შემთხვევაში, ბუნებრივი გაზის საზომი კომპლექსი ,,FLOW Boss 103’’ მოხმარებული ბუნებრივი აირის რაოდენობას - აღრიცხავს ზუსტად და სრულად შესაძლებელია ასეთ შემთხვევაში, მისი, როგორც დაკანონებული გაზომვის საშუალების გამოყენება აღრიცხვის კვანძის სახით. ამავე დასკვნის მესამე პუნქტის მიხედვით, დროის ფიქსირებულ მონაკვეთში (24 საათი) შპს ,,მ...ის’’ ობიექტზე ბუნებრივი გაზის საზომი კომპლექსი ,,FLOW Boss 103’’-ის მიერ აღრიცხული მოხმარებული ბუნებრივი აირის მოცულობის სამჯერადი გაზომვით და მისი ჩვენების შედარებით გაზგასამართ სადგურზე არსებული ბუნებრივი აირის მარიგებელი სვეტების მიერ ჯამურად გატარებული ბუნებრივი აირის მოცულობა სრულ თანხვედრაშია მარიგებელი სვეტების მიერ ჯამურად აღრიცხული ბუნებრივი აირის მოცულობასთან.

სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 22 ნოემბრის ზეპირი განხილვის სხდომაზე ექსპერტიზის დასკვნის თანაავტორ ზ. გ-ის განმარტებით, მართალია გაზგასამართ სადგურზე, მისი მუშაობის პრინციპიდან გამომდინარე, არის ბუნებრივი აირის წყვეტილი ნაკადი, თუმცა აღნიშნული გავლენას არ ახდენს აღრიცხვის კვანძის მიერ მონაცემების აღრიცხვაზე, ვინაიდან წყვეტილი ნაკადი არ არის იგივე რაც პულსაცია. ექსპერტმა ასევე აღნიშნა, რომ ბუნებრივი აირის ხაზში პულსაციის გაზომვის მიზნით გამოყენებულია "honeywell"-ის მიერ წარმოებული ტენზომეტრული სენსორი, რომელიც გამოიყენება მაღალსიხშირული წნევის ცვლილების გაზომვისთვის, თუმცა მოცემულ შემთხვევაში გასაზომი სიხშირე იყო ნაკლები - 2 ბარი, რის გამოც აპარატი დაკალიბრდა. აპარატით დაფიქსირებული წნევის ცვლილებამ შეადგინა 1.8%, რაც ვერ მოახდენს გავლენას ბუნებრივი აირის ხარჯის სისწორეზე.

საქმეზე წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ საქმის მასალებში არსებული სხვადასხვა საექსპერტო დასკვნებით, დასტურდება „FLOBOSS 103“ ტიპის გაზის მრიცხველთან დაკავშირებით არსებული რისკები და აღნიშნული მრიცხველის მიერ დაფიქსირებული ჩვენების შესაძლო უზუსტობა. ამავე ექსპერტიზის დასკვნებით უპირატესობა ენიჭება როტაციულ აღმრიცხველებს. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლოს, სააპელაციო სასამართლოს მსგავსად, მიაჩნია, რომ შპს „ყ...ს“ (უფლებამონაცვლე შპს „თ...ს“) აქვს უფლებამოსილება ობიექტზე დაამონტაჟოს ბუნებრივი გაზის დანახარჯის სიზუსტით აღმრიცხველი მრიცხველი.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ვინაიდან შპს „მ...ს“ საკასაციო საჩივარზე დ. ა-ეის მიერ 29.04.204წ. №3096 საგადასახადო მოთხოვნით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დ. ა-ეს (...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „მ...ს“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება;

3. დ. ა-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს შპს „მ...ს“ საკასაციო საჩივარზე მის მიერ 29.04.204წ. №3096 საგადასახადო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე