Facebook Twitter

საქმე Nბს-33(2კ-25) 20 მარტი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

კასატორი (მოპასუხე)-ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე)– შპს „ს...“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 სექტემბრის განჩინება

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 1 თებერვალს შპს „ს...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 2015 წლის 8 ოქტომბერს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიიღო N000414 დადგენილება, რომლითაც შპს "ს...” ცნო სამშენებლო სამართალდამრღვევად და ქ. თბილისში, ...სა და ...ს შორის (ს.კ. ...) მდებარე გაზგასამართი სადგურის რეკონსტრუქციისათვის დააჯარიმა 3 000 ლარით.

ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 30 ივლისის N000414 მითითებაში აღინიშნულია, რომ დარღვეულია ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ 15.09.2014 წლის N1473829 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტი. კერძოდ, შეცვლილია რევერსული აირის კომპრესორის ფორმა, მისი გაბარიტები შემცირებულია, აირის კომპრესორის გაბარიტი, შეცვლილია დამცავი კედლის ფორმა, დამატებულია აირის საშრობი. მითითებული ხარვეზის გამოსასწორებლად შპს “ს...ს” განესაზღვრა 20-დღიანი ვადა, რაც არ იყო საკმარისი დაფიქსირებული დარღვევების გამოსასწორებლად. მუხედავად ამისა, შპს ს...მა” მაინც შეძლო მითითების შესრულება. შემოწმების აქტი შედგა 10.08.2015წ. ანუ მითითებით დადგენილი ვადის გასვლამდე 10 დღით ადრე და მასში არასწორად აისახა არსებული მდგომარეობა (ისევე როგორც მითითებაში). დადგენილებაში მითითებულია, რომ შემოწმების აქტის შედგენის დროს დაფიქსირდა იგივე მდგომარეობა. ზემოაღნიშნული არ შეესაბამება სინამდვილეს, რაც დასტურდება მითითების და შემოწმების აქტის ურთიერთშედარებით. სადავო ბრძანების მიღებისას დაინტერესებულ მხარეს არ მიეცა შესაძლებლობა, კანონით დადგენილი წესით მონაწილეობა მიეღო საქმის განხილვაში და დაეცვა თავისი უფლებები.

მოსარჩელის განმარტებით, "პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის" კოდექსის 45-ე მუხლი მიემართება სამშენებლო დოკუმენტაციითა და სამშენებლო რეგლამენტით განსაზღვრული სანებართვო პირობების დარღვევას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელის მხრიდან სამშენებლო პირობები არ დარღვეულა. ზედამხედველობის სამსახურის მიერ შემოწმებული ობიექტი წარმოადგენს III კატეგორიის შენობა-ნაგებობას, კერძოდ, გაზგასამართ სადგურს, რომელზედაც ვრცელდება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N81 დადგენილება “ბუნებრივ გაზზე მომუშავე საავტომობილო გაზსავსები საკომპრესორო სადგურებისათვის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი ნორმები და წესები’’. მითითებული დადგენილების მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საწარმოს ტერიტორიაზე განთავსებული გაზმომარაგების და გაზგანაწილების სისტემა წარმოადგენს გაზის მეურნეობას, რომელიც არის ობიექტის შემადგენელი ნაწილი. გაზმომარაგების სისტემაზე ნებართვა (დამოუკიდებლადაც) არ გაიცემა, რაც შეეხება გაზსავსები საკომპრესორო სადგურის მშენებლობას, რეკონსტრუქციასა და ხელახალ აღჭურვას, იმავე დადგენილების მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, დოკუმენტაცია უნდა დამუშავდეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. სადავო აქტების მიღებისას არ იქნა შესწავლილი და გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ, ჰქონდა თუ არა ადგილი სამშენებლო სამართალდარღვევის ფაქტს, განხორციელდა თუ არა ისეთი ცვლილებები, რომელიც საჭიროებდა მშენებლობის ახალ ნებართვას, რეკონსტრუქციის საპროექტო დოკუმენტაციით შეთანხმებული იყო თუ არა ცვლილებები და ა.შ.

ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 20 ივლისის N000414 მითითების, 2015 წლის 8 ოქტომბრის N000414 დადგენილებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 31 დეკემბრის N840 ბრძანების ბათილად ცნობა. მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 8.10.2015წ. №000414 დადგენილების მოქმედების შეჩერება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის საფუძველზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 4 თებერვლის განჩინებით შპს ,,ს...ს” შუამდგომლობა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 8.10.2015წ. №000414 დადგენილების მოქმედების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. შპს "ს...ს” განემარტა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 08.10.2015წ. №000414 დადგენილების მოქმედება შეჩერებულია შპს "ს...ს” სარჩელის წარმოებაში მიღებით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 4 თებერვლის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს “ს...მა”. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის განჩინებით შპს “ს...ს” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ნოემბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; მოპასუხის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,ს...ს’’ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 31 დეკემბრის N840 ბრძანება შპს ,,ს...ს’’ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 8 ოქტომბრის N000414 დადგენილება და მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 31 დეკემბრის N840 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მუნიციპალურმა ინსპექციამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 სექტემბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 3.02.2013 წლის NQN198891 გადაწყვეტილებით, შპს ,,ს...ს’’ მიეცა თანხმობა ქ. თბილისში, ...სა და რკინიგზის დამხარისხებელ ჩიხს შორის დამცავი კედლის მოწყობის მიზნით განახორციელებინა საჭირო სამუშოები. ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 25.10.2013 წლის N12/13259540-16 ბრძანების თანახმად, ექსპლუატაციაში იქნა მიღებული ქ. თბილისში ...სა და რკინიგზის დამხარისხებელ ჩიხს შორის (ს/კ ...) მდებარე მშენებლობადამთავრებული ობიექტი (ავტოგასამართი სადგურის გაზგასამართ სადგურად რეკონსტრუქცია). სსიპ არქიტექტურის სამსახურის 11.09.2014 წლის NQN1473829 ბრძანებით გაიცა III კლასის მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა მშენებლობის სანებართვო მოწმობა.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 8 ოქტომბრის №000414 დადგენილებით - სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე შპს ,,ს...“ დაჯარიმდა 3 000 ლარით პროექტის დარღვევით III კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის.

დადგენილებაში აღინიშნულია, რომ შპს ,,ს...მა’’ ჩაიდინა საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 45-ე მუხლის (სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა) I-ლი ნაწილის ,,ა’’ პუნქტის ,,ა.ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევა. კერძოდ, ქ. თბილისში, ...სა და რკინიგზის დამხარისხებელ ჩიხს შორის შპს ,,ს...’’-ს მიერ განხორციელდა გაზგასამართი სადგურის რეკონსტრუქცია ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის N1473829 AR1245691 15.09.2014წ. ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის დარღვევით. ზემოაღნიშნული დადგენილება მოსარჩელის მიერ ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრდა, რაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 31 დეკემბრის N840 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 14.2, 25-ე, 45-ე მუხლებზე, ასევე „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების (ძალადაკარგულია საქართველოს მთავრობის 03/02/2020 N139 დადგენილებით ) 4.1, 19.1, 36.1, 37.1, 62.1 მუხლებზე, ასევე საქართველოს კანონის საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 1.1. მუხლზე.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტების მიერ შესაბამისი მტკიცებულებით ვერ იქნა გამყარებული ის გარემოება, რომ შეცვლილია რევერსული აირის კომპრესორის მოედნის ფორმა, შემცირებულია მისი გაბარიტი, შეცვლილია რევერსული აირის კომპრესორი, დამატებულია ბუნებრივი აირის საშრობი. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადასტურებულად არ მიიჩნია სამშენებლო სამშენებლო სამართალდარღვევის არსებობა. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის სათანადოდ გამოკვლეული და დასაბუთებული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოება. გამოსარკვევია განსახილველ შემთხვევაში ადგილი ხომ არ აქვს ისეთ ცვლილებებს, რომელთათვისაც საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მშენებლობის ნებართვის გაცემის ვალდებულებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 სექტემბრის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ იშუამდგომლა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე.

კასატორის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენელი არ იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ ერთ-ერთი სადავო აქტის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის საფუძველზე ბათილად ცნობას. კასატორი აღნიშნავს, რომ შპს “ს...” დაჯარიმდა III კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის. სასამართლოებმა შეფასების გარეშე დატოვეს საქმეში არსებული მტკიცებულებები. სასამართლოს თავადაც შეეძლო საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენა. კასატორი აღნიშნავს, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შეთანხმებული პროექტთან შედარებით შეცვლილი იყო შენობა-ნაგებობის (საყრდენი კედლის და კომპრესორის ბაქნის) ფორმა მოსარჩელეს მართებულად დაედო ადმინისტრაციული სახდელი. დაუსაბუთებელია სასამართლოების მითითება, რომ ადმინისტრაციული ორგანოს კვლევის საგანს წარმოადგენს განხორციელებული სამუშაოები არის თუ არა დასაშვები ცვლილების კატეგორიის.

კასატორის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი ყურადღებას ამახვილებს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების 62-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, სამშენებლო დოკუმენტში ამ მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტში განსაზღვრული ცვლილებების შეტანის შემთხვევაში დამკვეთი ვალდებულია, შეცვლილი საპროექტო დოკუმენტაცია და სათანადო ექსპერტიზის დასკვნა წარუდგინოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს ცვლილების დადასტურების/შეთანხმების მიზნით. მშენებლობის ნებართვის გამცემის მიერ სამშენებლო დოკუმენტში შეტანილი ცვლილების დადასტურება ხდება წერილობითი ფორმით. კორექტირებული პროექტი, საექსპერტო დასკვნა და შეთანხმების წერილი მშენებლობის ნებართვის განუყოფელი ნაწილია და უნდა დაერთოს ამ დადგენილებით განსაზღვრულ სამშენებლო დოკუმენტის ყველა ეგზემპლარს. ზემოხსენებული ნორმატიული მოწესრიგების პირობებში, იმ შემთხვევაში თუ სახეზე იქნებოდა მცირე მნიშვნელობის ცვლილება, რომელსაც არ დასჭირდებოდა წერილობითი მშენებლობის ნებართვას, მოსარჩელეს დასჭირდებოდა წერილობითი დასტური, რომლის არარსებობის შემთხვევაში სახეზე იქნებოდა დარღვევა, რადგან განსახილველ შემთხვევაში არქიტექტურის სამსახურის მიერ განხორციელებული სამუშაოების დადასტურება არ მომხდარა. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადასტურებულად არ მიიჩნია სამართალდარღვევის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. ამ მხრივ, კასატორი ყურადღებას ამახვილებს საქმეში დაცულ ფოტომასალაზე, რომლის საპროექტო დოკუმენტაციასთან შედარებით დგინდება, რომ რევერსული აირის კომპრესორი უფრო დიდი ზომის უნდა განთავსებულიყო. თავად მოსარჩელეც სადავოდ არ ხდის საპროექტო ტერიტორიაზე საშრობის განთავსების ფაქტს, რასაც აუცილებლობიდან გამომდინარე ხსნის. მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ საშრობი კომპრესორის შემადგენელი ნაწილია და ისინი ერთობლიობაში შეადგენენ გაზმომარაგებისა და განაწილების სისტემას, რაზეც ნებართვა დამოუკიდებლად არ გაიცემა. კასატორს უსაფუძვლოდ მიაჩნია ზემოაღნიშნული მსჯელობა, რადგან საქართველოს მთავრობის 15.01.2014წ. N81 დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივ გაზზე მომუშავე საავტომობილო გაზზსავსები საკომპრესორო სადგურებისათვის ტექნიკური რეგლამენტის“ მე-2 მუხლის 22-ე პუნქტის თანახმად, გაზის საშრობი არის დანადგარი გაზისაგან ტენის მოსაცილებლად ნამის წერტილის ტემპერატურამდე. კასატორის მოსაზრებით, კანონმდებელი გაზის საშრობს განიხილავს დამოუკიდებელ ობიექტად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 24 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენების წინაპირობები.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 20 ივლისის N000414 მითითების, 2015 წლის 8 ოქტომბრის N000414 დადგენილებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 31 დეკემბრის N840 ბრძანების კანონიერება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2013 წლის 3 თებერვლის NQN198891 გადაწვეტილებით შპს ,,ს...ს’’ მიეცა თანხმობა, განეხორციელებინა ქ. თბილისში, ...სა და რკინიგზის დამხარისხებელ ჩიხს შორის, დამცავი კედლის მოწყობის მიზნით საჭირო სამუშაოები დანართ N1-ში მონიშნულ სავარაუდო მონაკვეთზე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ გაცემული 3.07.2012წ. N20/9-869926 წერილისა და სქემის შესაბამისად.

ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 25 ოქტომბრის Nბ.12/13259540-16 ბრძანებით, ექსპლუატაციაში მიიღეს ქ. თბილისში, ...სა და რკინიგზის დამხარისხებელ ჩიხს შორის (ს.კ. ...) მდებარე მშენებლობადამთავრებული ობიექტი (ავტოგასამართი სადგურის გაზგასამართ სადგურად რეკონსტრუქცია).

ქ. თბილისის მერიის სსიპ საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს 2014 წლის 4 აგვისტოს N01/011611 წერილით შპს ,,ს...ს’’ ეცნობა, რომ განხილულ იქნა ქ. თბილისში, ...ისა და რკინიგზის ჩიხს შორის არსებული ავტოგაზგასამართი სადგურის რეკონსტრუქციის სამშენებლო პროექტი. წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაცია აკმაყოფილებს საქართველოში მოქმედ ხანძარსაწინააღმდეგო მოთხოვნებს.

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურს სამსახურის ოპერატიული დეპარტამენტის 2014 წლის 8 აგვისტოს N19439 წერილით შპს ,,ს...ს’’ ეცნობა, რომ ქ. თბილისში, ...ისა და რკინიგზის დამხარისხებელ ჩიხს შორის მის საკუთრებაში არსებულ ავტოგაზგასამართ სადგურზე დამატებითი კომპრესორის და გამშვები სვეტის მონტაჟის მიზნით ჩასატარებელი სამუშაოები არ ეწინააღმდეგება დეპარტამენტის მიერ დაგეგმილ დაცვით ღონისძიებებს.

სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 21 აგვისტოს N1443263 გადაწყვეტილებით, არქიტექტურის სამსახურმა დაადასტურა ქ. თბილისში, სექტორი ისანი, ...სა და რკინიგზის დამხარისხებელ ჩიხს შორის ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე დროებითი (საძირკვლის არმქონე) შენობა-ნაგებობის (მოსაცდელი ფარდულის) განთავსების შესაძლებლობა.

ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 15 სექტემბრის N1473829 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი - ისანი, ...ისა და რკინიგზის დამახარისხებელ ჩიხს შორის შპს ,,ს...ს’’ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ს.კ. ...) გაზგასამართი სადგურის რეკონსტრუქციის არქიტექტურული პროექტი. გაიცა მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა მშენებლობის სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2014 წლის 15 სექტემბრიდან 2014 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით.

2015 წლის 20 ივლისს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა შპს ,,ს...ს’’ მიმართ შეადგინა N000414 მითითება, რომლის თანახმად, შპს ,,ს...ს’’ მიერ დარღვეულია თბილისის არქიტექტურის სამსახურის 15.09.2011წ. N1473829 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტი. კერძოდ, შეცვლილია რევერსული აირის კომპრესორის მოედნის ფორმა და შემცირებულია მისი გაბარიტი. შემცირებულია რევერსული აირის კომპრესორის გაბარიტი. შეცვლილია დამცავი კედლის ფორმა და გაბარიტი. დამატებულია ბუნებრივი აირის საშრობი. დარღვევის გამოსწორების მიზნით სამართალდამრღვევს დაევალა ობიექტის შეთანხმებულ პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა 20 კალენდარული დღის ვადაში.

2015 წლის 10 აგვისტოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა შპს "ს...ს’’ მიმართ შეადგინა N000414 შემოწმების აქტი, რომლითაც ირკვევა, რომ მითითებით გათვალისწინებული პირობები ნაწილობრივ შესრულდა, კერძოდ, შეცვლილია რევერსიული არხის კომპრესორის მოედნის ფორმა და შემცირებულია მისი გაბარიტი. დანარჩენი დარღვევები არ არის გამოსწორებული.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 8 ოქტომბრის N000414 დადგენილებით, შპს ,,ს...’’ დაჯარიმდა 3 000 ლარით, პროექტის დარღვევით III კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის. ზემოაღნიშნული დადგენილება ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრდა, რაც არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 45-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტის ,,ა.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამშენებლო დოკუმენტაციითა და სამშენებლო რეგლამენტებით განსაზღვრული სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე მესამე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 3 000 ლარით.

ზემოაღნიშნული კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი, რომელშიც აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება. აღნიშნული მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად კი, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, რომ სადავო დადგენილება დაეფუძნა იმგვარ ფაქტობრივ მოცემულობას, რომ შპს “ს...მა” შეთანხმებული პროექტის დარღვევით მე-3 კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა განახორციელა, კერძოდ შემცირებულია რევერსული აირის კომპრესორის გაბარიტი, შეცვლილია დამცავი კედლის ფორმა და გაბარიტი, დამატებულია ბუნებრივი აირის საშრობი. ამდენად, უნდა შეფასდეს მოსარჩელის მიმართ მესამე კლასის მშენებლობის პირობების დარღვევისათვის განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრების მართებულობა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 36.1 მუხლზე, რომლის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი მშენებლობის ნებართვა გაიცემა: ა) ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე); ბ) არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე; გ) არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე; დ) სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას. დასახელებული დადგენილების მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ დადგენილების მიზნებისათვის შენობა-ნაგებობები და სამშენებლო სამუშაოები მშენებლობის ნებართვის გაცემისა და ექსპლუატაციაში მიღებისათვის იყოფა 5 კლასად: ა) I კლასი – შენობა-ნაგებობები, რომლებიც მშენებლობის ნებართვას არ საჭიროებს; ბ) II კლასი – შენობა-ნაგებობები რისკის დაბალი ფაქტორით; გ) III კლასი – შენობა-ნაგებობებირისკის საშუალო ფაქტორით; დ) IV კლასი – შენობა-ნაგებობები რისკის მაღალი ფაქტორით; ე) V კლასი – შენობა-ნაგებობები რისკის მომეტებული ფაქტორით (განსაკუთრებული მნიშვნელობის შენობა-ნაგებობები).

მითითებული (დადგენილების სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის) 62-ე მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტების თანახმად, თანახმად, მშენებლობის ახალ ნებართვას არ საჭიროებს სამშენებლო დოკუმენტის შემდეგი ცვლილებები: ა) შენობა-ნაგებობების (გარდა ამ პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტისა) მზიდი კონსტრუქციული ელემენტების ძირითადი გაბარიტების უმნიშვნელო შეცვლა, მაგრამ არა უმეტეს 0.1 მეტრისა (გარდა კოლონების ჰორიზონტალური კვეთის, საყრდენი კედლის სიგანის, რიგელების ვერტიკალური კვეთის, სართულშუა გადახურვის ფილებისა და კონსოლების კვეთის სიმაღლეების ცვლილებისა), რამაც არ უნდა გამოიწვიოს შენობა-ნაგებობების მშენებლობის განხორციელების დოკუმენტებით სამშენებლო რეგლამენტის მიხედვით განსაზღვრული კონსტრუქციული სისტემის მდგრადობის დასუსტება;ამავე ნორმის ,,ა1" ნაწილით, ა1) ქ. თბილისში, II კლასს მიკუთვნებული შენობა-ნაგებობების შემთხვევაში შენობა-ნაგებობების ინტერიერში მოქცეული მზიდი კონსტრუქციული ელემენტების შეცვლა, დამატება/მოკლება, რამაც არ უნდა გამოიწვიოს შენობა-ნაგებობის ექსტერიერის ან/და შენობა‑ნაგებობის ძირითადი კონსტრუქციული სქემის ცვლილება; ბ) II კლასს მიკუთვნებულ ობიექტებზე თითოეული სართულის განაშენიანების ფართობის შეცვლა ყოველ 100 მ2-მდე ფართობზე 3.0 მ2 სიზუსტით, III და IV კლასებს მიკუთვნებულ ობიექტებზე თითოეული სართულის განაშენიანების ფართობის შეცვლა ყოველ 200 მ2-მდე ფართობზე 1.0 მ2 სიზუსტით, რამაც არ უნდა გამოიწვიოს შენობა-ნაგებობების მშენებლობის განხორციელების დოკუმენტებით სამშენებლო რეგლამენტის მიხედვით განსაზღვრული კონსტრუქციული სისტემის მდგრადობის დასუსტება; გ) სართულის სიმაღლის ცვლილება მაქსიმუმ 0.2 მეტრით (II კლასს მიკუთვნებულ ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებზე მაქსიმუმ 0.3 მეტრით), რამაც არ უნდა გამოიწვიოს შენობა-ნაგებობების სამშენებლო დოკუმენტით სამშენებლო რეგლამენტის მიხედვით განსაზღვრული კონსტრუქციული სისტემის მდგრადობის დასუსტება, ტექნიკური სართულის გადაქცევა არასრულ სართულად და არასრული სართულის გადაქცევა სრულ სართულად; დ) ექსტერიერის გაბარიტების ცვლილება არა უმეტეს 0.4 მეტრისა; ვ) ინტერიერის არამზიდი და თვითმზიდი კონსტრუქციული ელემენტების გადაადგილება/შეცვლა ან/და დამატება/მოკლება; ზ) შენობა-ნაგებობების ცალკეული ლოკალური საინჟინრო-კომუნალური სისტემების შეცვლა, დამატება ან მოკლება; თ) სამშენებლო მასალებისა და პროდუქციის შეცვლა შესაბამისი ტექნიკური მახასიათებლების მქონე სხვა სამშენებლო მასალებითა და პროდუქციით; ი) შენობა-ნაგებობების ისეთი ნაწილების გადაადგილება/შეცვლა, რომლებიც ამ დადგენილების შესაბამისად არ საჭიროებენ მშენებლობის ნებართვას; კ) შენობა-ნაგებობის მიწისპირა ან/და მიწისქვეშა ნაწილის ჰორიზონტალური გადაადგილება გრუნტის ზედაპირთან მიმართებაში არა უმეტეს 1.0 მეტრისა; ლ) შენობა-ნაგებობის ნულოვანი ნიშნულის ვერტიკალური ცვლილება აბსოლუტურ ნულთან მიმართებაში არა უმეტეს 0.4 მეტრისა, რამაც არ უნდა გამოიწვიოს მიწისქვეშა სართულის მიწისპირა ან მიწისზედა სართულად გადაქცევა; მ) გრუნტის თვისებებიდან გამომდინარე, შენობა-ნაგებობის საძირკვლის (წერტილოვანი, ლენტური და მონოლითური ფილის შემთხვევაში) დამატებითი ჩაღრმავება არა უმეტეს 0.5 მეტრისა; ნ) გრუნტის თვისებებიდან გამომდინარე, შენობა-ნაგებობის ხიმინჯებიანი საძირკვლის დამატებითი ან ნაკლები ჩაღრმავება გრუნტის მყარ ნაწილამდე. ო) ნაგებობის ცალკეული კონსტრუქციული ელემენტების, მასალების, ნაკეთობების, აგრეთვე საინჟინრო სისტემების შეცვლა, რაც არ იწვევს (ნაგებობის გაბარიტების ცვლილების მიუხედავად) საანგარიშო დატვირთვების ან/და კონსტრუქციული გადაწყვეტის შეცვლას. პ) ქ. თბილისში (გარდა V კლასის შენობა-ნაგებობებისა) თუ წარმოებული მშენებლობის შედეგად სამშენებლო დოკუმენტში განხორციელდა ცვლილებები, რაც საჭიროებს მშენებლობის ახალ ნებართვას, თუმცა სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია და დამკვეთს უარი ეთქვა შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებაზე, დამკვეთის მიერ ექსპლუატაციაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოში წარდგენის შემდეგ აღნიშნული ორგანო უფლებამოსილია იმსჯელოს მშენებლობის ნებართვის გაცემის გარეშე უკვე განხორციელებული მშენებლობის ქალაქგეგმარებით მოთხოვნებთან შესაბამისობასა და მისი დასაშვებობის დადასტურებაზე. ასეთ შემთხვევაში, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ შეთანხმებული სამშენებლო დოკუმენტისაგან განსხვავებით, ნაწარმოები მშენებლობის დადასტურება ხდება წერილობითი ფორმით. განხორციელებული მშენებლობის გათვალისწინებით მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია. დადასტურების წერილი მშენებლობის ნებართვის განუყოფელი ნაწილია და უნდა დაერთოს ამ დადგენილებით განსაზღვრული სამშენებლო დოკუმენტის ყველა ეგზემპლარს; ჟ) მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უკვე განხორციელებული მშენებლობის დასაშვებობის დადასტურებაზე უარის თქმის შემთხვევაში, მშენებლობის ნებართვა გაიცემა ამ დადგენილების 63-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით.

საკასაციო სასამართლო ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მსგავსად ყურადღებას ამახვილებს საქმეში დაცულ ინჟინერ - კონსტრუქტორი ვ. კ-ეის ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის თანახმად, შპს ,,ს...ს’’ კუთვნილი გაზგასამართი სადგურის (ქ. თბილისი, ...სა და რკინიგზის დამხარისხებელ ჩიხს შორის) დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ დამცავი კედლის გაბარიტი შემცირებულია. ობიექტზე განთავსებულია დამცავი კედელი, რომელიც წარმოადგენს უსაფრთხოების გარანტს, აფეთქების თუ აალების შემთხვევაში და ასევე მიიჩნევა ცალკეულ კონსტრუქციულ ელემენტად. არ ახდენს გავლენას შენობა-ნაგებობის ძირითადი კონსტრუქციული სისტემის სიხისტეზე, სიმტკიცესა და მდგრადობაზე. გაზგასამართი სადგურის დამცავი კედლის ფორმა არ არის შეცვლილი, იგი არის იმავე ფორმის, რაც პროექტშია მითითებული, მისი გაბარიტი შემცირებულია უმნიშვნელოდ, რაც ხელს უწყობს გაზსავსებ სადგურზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეუფერხებელ მოძრაობას. კონსტურქციული თვალსაზრისით ცალკე მდგომი კედელი არ შეიძლება მიჩნეულ იქნას შენობა-ნაგებობის მზიდ კონსტრუქციად. ამდენად, კონკრეტული ობიექტის დათვალიერებისა და სამშენებლო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად ექსპერტის მიერ დადგინდა, რომ ამ შემთხვევაში ადგილი არ აქვს სამშენებლო რეგლამენტით განსაზღვრული სანებართვო პირობების დარღვევას და გაზგასამართი სადგურის რეკონსტრუქცია განხორციელებულია სამშენებლო რეგლამენტით გათვალისწინებული პირობების დაცვით. არსებული ცვლილება, რაც თავისი არსით წარმოადგენს საპროექტო დოკუმენტების ცვლილებას, მიჩნეულ უნდა იქნეს ნაგებობის ცალკეული კონსტრუქციული ელემენტის ცვლილებად, რითაც არ მომხდარა კონსტრუქციული სისტემის მდგრადობის დასუსტება და არ იწვევს საანგარიშო დატვირთვების ან/და კონსტრუქციული გადაწყვეტის შეცვლას და მიიჩნევა დასაშვებ ცვლილებად.

საქმეში ასევე წარმოდგენილია ინდ. მეწარმე და დამოუკიდებელი ექსპერტის, აუდიტორ დ. რ-ეის 2017 წლის 5 ივნისის N009/3-0 ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, ...სა და რკინიგზის დამახარისხებელ ჩიხს შორის არსებულ შპს ,,ს...ს’’ კუთვნილი გაზგასამართი სადგურის ტერიტორიაზე განხორციელებული რეკონსტრუქციისას არ არის დარღვეული სამშენებლო რეგლამენტი, ხოლო დაფიქსირებული შეუსაბამობები შეთანხმებულ პროექტთან და არსებული ცვლილებები წარმოდგენს შენობა-ნაგებობის ცალკეული კონსტრუქციული ელემენტების მასალების, ნაკეთობების, აგრეთვე საინჟინრო სისტემები ცვლილებას, რითაც არ მომხდარა კონსტრუქციული სისტემის მდგრადობის დასუსტება. შესაბამისად, არ იწვევს საანგარიშო დატვირთვების ან/და კონსტრუქციული გადაწყვეტის შეცვლას, რის გამოც ისინი მიიჩნევა დასაშვებ ცვლილებად და არ საჭიროებს მშენებლობის ახალ ნებართვებს.

საქართველოს მთვარობის 2014 წლის 15 იანვრის N81 დადგენილებით დამტკიცებული ბუნებრივ გაზზე მომუშავე სააავტომობილო გაზსავსები საკომპრესორო სადგურებისათვის ტექნიკური რეგლამენტის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საწარმოს გაზის მეურნეობა განმარტებულია, როგორც საწარმოს ტერიტორიაზე განლაგებული გაზმომარაგების (განაწილების) სისტემა, ამავე მუხლის 22-ე პუნქტის თანახმად, გაზის საშრობი დანადგარი ეს არის დანადგარი გაზისაგან ტენის მოსაცილებლად ნამის წერტილის ტემპერატურამდე. ამავე დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით გაზსავსები საკომპრესორო სადგურის მშენებლობის, გაფართოების, რეკონსტრუქციის, კაპიტალური რემონტისა და ხელახალი ტექნიკური აღჭურვისას უნდა დამუშავდეს საპროექტო დოკუმენტაცია საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის გამოვლენასთან დაკავშირებული პროცედურის სრულყოფილად ჩატარების ვალდებულება, ერთი მხრივ, საჯარო წესრიგის, ხოლო, მეორე მხრივ, კერძო პირის უფლების დაცვის მიზანს უნდა ემსახურებოდეს. „..ადმინისტრაციულმა ორგანომ უტყუარად უნდა დაადასტუროს იმ გარემოებათა არსებობა, რომელთაც განაპირობეს კონკრეტული სამართალდარღვევის ჩადენა, ამასთან სავარაუდო სამართალდარღვევა, თავისი შინაარსით, სრულად უნდა შეესაბამებოდეს კანონით ასეთად მიჩნეული ქმედების ნიშნებს..“(სუს 2020 წლის 23 ივლისის Nბს-53(კ-20) გადაწყვეტილება).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს იგი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

საკასაციო პალატის მოსაზრებით, სადავო საკითხის გადაწყვეტის მიზნით, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანოებმა სრულყოფილად უნდა შეისწავლონ საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და სადავო სამართალურთიერთობასთან მიმართებაში უნდა შეაფასონ შპს "ს...ს" გაზგასამართ სადგურზე რევერსული აირის კომპრესორის გაბარიტის ცვლილება, დამცავი კედლის ფორმის-გაბარიტის შემცირება და ბუნებრივი აირის საშრობის მოწყობა ქმნიდა თუ არა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 45-ე მუხლის “ა” პუნქტის "ა.ბ" ქვეპუნქტით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს შეთანხმებული ჰქონდა სარეკონსტრუქციო სამუშაოები. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოების მიერ შეფასება უნდა მისცემოდა იყო თუ არა თანხვედრაში ჩატარებული სამუშაოები ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 15.09.2014წ. N1473829 ბრძანებასთან ან ხომ არ იყო სახეზე უმნიშვნელო ცვლილებები, რომლებიც საკანონმდებლო რეგულაციით ახალ ნებართვას ან/და სამშენებლო პროექტში შეტანილი ცვლილებების დადასტურებას არ საჭიროებდა.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ქალაქ თბილისის მუნიციპალური ინსპექციის შუამდგომლობაზე საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ზეპირი მოსმენით განხილვასთან დაკავშირებით და მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ამ კოდექსის 391-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად საკასაციო საჩივრის დასაშვებობას ამოწმებს სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობა. კოლეგია უფლებამოსილია აღნიშნული საკითხი ზეპირი განხილვის გარეშე გადაწყვიტოს. ამავე კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 ნოემბრის Nბს-693(კ-კს-21) განჩინებაზე, სადაც საკასაციო პალატამ განმარტა, რომ „საქმის განხილვის ფორმის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა. აღნიშნული ემყარება საკასაციო სამართალწარმოების ბუნებას, კერძოდ, საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, არამედ მისი მსჯელობის საგანი საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების სწორი სამართლებრივი შეფასებაა. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლით განსაზღვრულია შემოწმების ფაქტობრივი საფუძველი. საკასაციო პალატა, აქვე, მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხზე იმსჯელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა არ ზღუდავს სასამართლოში მიმართვის კონსტიტუციურ უფლებას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქე ავთანდილ რიჟამაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 2. მოქალაქე ნელი მუმლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.“). განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქმის განხილვა საქალაქო და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში განხორციელდა ზეპირი მოსმენით, მხარეთა დასწრებით ჩატარდა არაერთი სასამართლო სხდომა. თავის მხრივ, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები საკმარისია სადავო საკითხის სამართლებრივი შეფასებისათვის. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობდა საქმის ზეპირი განხილვისა და მხარეთა პოზიციების დამატებით მოსმენის საჭიროება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 სექტემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა