Facebook Twitter

ბს-582 (კ-22) 20 მარტი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.03.2022წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს "ღ...მა" 14.09.2020წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიმართ და მოითხოვა შპს "ღ...ში" მოქალაქე ე. ჯ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარჯის ანაზღაურებასთან დაკავშირებით საკითხის შემოწმების (კონტროლის) შესახებ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 02.07.2020წ. Nს/კ649-56 შემოწმების აქტის ბათილად ცნობა, ასევე შპს "ღ...ის" ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 17.08.2020წ. N02/10550 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.10.2021წ. გადაწყვეტილებით შპს "ღ...ის" სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 02.07.2020წ. Nს/კ649-56 შემოწმების აქტი შპს "ღ...ში" მოქალაქე ე. ჯ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარჯის ანაზღაურებასთან დაკავშირებით საკითხის შემოწმების (კონტროლის) შესახებ, ასევე ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 17.08.2020წ. N02/10550 გადაწყვეტილება შპს "ღ...ის" ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.03.2022წ. განჩინებით სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.10.2021წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმის მასალების მიხედვით, 10.01.2020წ. პაციენტი ე. ჯ-ი კლინიკაში მივიდა თვითდინებით იმ მიზეზით, რომ 2 თვის მანძილზე ფიზიკური დატვირთვისას უჩიოდა ტკივილს გულის არეში, რის გამოც სურდა კორონაროგრაფიის ჩატარება. ზოგადი ანამნეზის მიხედვით დადგინდა, რომ პაციენტს აღენიშნებოდა ..., ასევე 2012 წელს გადატანილი ჰქონდა ..., რისთვისაც ჩატარებული ჰქონდა .... აღნიშნული დიაგნოზის გათვალისწინებით, პაციენტს მიეცა რეკომენდაცია ...ებაზე. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ პაციენტის მდგომარეობა არ საჭიროებდა გადაუდებელ ქირურგიულ ჩარევას, რის გამოც მას განემარტა, რომ ოპერაციული ჩარევა უნდა მომხდარიყო გეგმიური წესით, რისთვისაც საჭირო იყო წინასწარ დოკუმენტაციის (ფორმა 100, კალკულაცია) წარდგენა სოციალური მომსახურების სააგენტოში, რომლის მიერ საგარანტიო წერილის გაცემა განხორციელდებოდა დადგენილი წესით, გარკვეული დროის განმავლობაში. საქმეში დაცული ხელწერილიდან ირკვევა, რომ პაციენტისთვის მიცემული ზემოაღნიშნული რეკომენდაციისა და გადაუდებელი ჩარევის საჭიროების არარსებობის მიუხედავად, ე. ჯ-იმა უარი განაცხადა მოლოდინის რეჟიმში ყოფნასა და სოციალური მომსახურების სააგენტოსადმი მიმართვაზე, ამასთან, მოითხოვდა სამედიცინო მომსახურების გაწევას, კლინიკაში არსებული შიდა სტანდარტის შესაბამისად დადგენილი ღირებულების გადახდის სანაცვლოდ. ე. ჯ-ის მოთხოვნის გათვალისწინებით, პაციენტს იმავე დღეს (10.01.2020წ.) ჩაუტარდა ... და 13.01.2020წ. სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციებით გაეწერა სტაციონარიდან.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საკითხის მარეგულირებელი ნორმები მართალია, უდავოდ ითვალისწინებდა პაციენტისათვის გაწეული მომსახურების სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებას, თუმცა სამედიცინო ჩვენებიდან გამომდინარე ე. ჯ-ის შემთხვევა წარმოადგენდა გეგმიურ ქირურგიას, რომლის დაფინანსებისათვის კანონმდებელი სავალდებულოდ მიიჩნევს გარკვეული პროცედურული ნორმების დაცვას, რაზეც პაციენტმა უარი განაცხადა. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც პაციენტი თავად გამოთქვამდა სურვილს საკუთარი ხარჯებით დაეფინანსებინა ოპერაცია, შესაბამისი სამედიცინო ჩვენების არსებობისას, სამედიცინო დაწესებულებას არ ჰქონდა უფლება უარი ეთქვა კლინიკის სამედიცინო პროფილს მიკუთვნებული მომსახურების გაწევაზე, რამეთუ "პაციენტის უფლებების შესახებ" კანონის მე-5 მუხლიდან გამომდინარე, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უფლება აქვს სამედიცინო მომსახურების ყველა გამწევისაგან მიიღოს ქვეყანაში აღიარებული და დანერგილი პროფესიული და სამომსახურეო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება. ამასთან, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გაუგებარია, თუ რა სახის სარგებლის მიღება შეეძლო ჰოსპიტალს აღნიშნული ქმედებით. რაც შეეხება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ დარღვეულ იქნა განცხადების წარდგენის წესი, რომლითაც პაციენტი უარს აცხადებდა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული წესით დაფინანსების მიღებაზე, პალატის მოსაზრებით ე. ჯ-ის აღნიშნული ქმედება საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილების დანართი N1-ის 23-ე მუხლის 291 პუნქტის საფუძველზე შეიძლება გახდეს ერთი კალენდარული წლის განმავლობაში ამავე დადგენილებით სარგებლობის უფლების დაკარგვის და არა სამედიცინო დაწესებულების დაჯარიმების საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.03.2022წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ.

კასატორმა აღნიშნა, რომ N36 დადგენილების დანართი N1-ის 23-ე მუხლის 29-ე პუნქტის მიხედვით, დაუშვებელია მოსარგებლის სურვილის ან უარის განცხადების შემთხვევაში ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართი N1.1-ით, დანართი 1.3-ის პირველი და მე-2 პუნქტებით და 1.4-ით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობების შეცვლა, ხოლო ამავე მუხლის 291 პუნქტის თანახმად, ბენეფიციარს შეუძლია უარი თქვას აღნიშნული დადგენილების პირობებით სარგებლობაზე, რისთვისაც მან განცხადებით უნდა მიმართოს განმახორციელებელს. უარის თქმის შემთხვევაში, იგი კარგავს უფლებას ისარგებლოს ამ უკანასკნელი დადგენილებით განცხადებით მომართვიდან ერთი კალენდარული წლის განმავლობაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ, სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მიზნით პირი ვალდებულია განცხადებით მიმართოს განმახორციელებელს. კასატორმა მიუთითა, რომ განმახორციელებელს წარმოადგენდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო. შესაბამისად, ნორმის იმპერატიული მოთხოვნა იყო, რომ პაციენტს მიემართა განმახორციელებლისთვის განცხადებით. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლეოდა იმის საშუალებას, რომ პაციენტს თავად მიემართა განმახორციელებლისათვის, განმახორციელებლისათვის მიმართვა შეეძლო კანონიერ წარმომადგენელს ან ოჯახის წევრს. კასატორი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ დაწესებულებას ჰქონდა ხელწერილი, რომლითაც პაციენტი უარს ამბობდა დადგენილებით გათვალისწინებული პირობებით სარგებლობაზე. დაწესებულებას შეეძლო თავად გაეგზავნა განმახორციელებლისათვის ხელწერილი, რათა განმახორციელებელი ინფორმირებული ყოფილიყო, თუმცა კლინიკას ეს არ გაუკეთებია. განმახორციელებელმა არაფერი იცოდა და არანაირი დოკუმენტი არ ჰქონდა იმის შესახებ, რომ პაციენტი უარს ამბობდა დაფინანსებაზე. კასატორის მოსაზრებით პაციენტმა ვერ მიიღო დაფინანსება მაშინ, როდესაც მას კანონმდებლობით ამის უფლება ჰქონდა. კასატორი თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში პაციენტის ხელწერილი არ აკმაყოფილებს N36 დადგენილების 23-ე მუხლის 291 პუნქტის მოთხოვნებს, რადგან საქმეში არსებული ხელწერილის შესახებ განმახორციელებელი არ იყო ინფორმირებული არც პაციენტის და არც სამედიცინო დაწესებულების მხრიდან. კასატორის მოსაზრებით კლინიკის მხრიდან დადგენილების პირობები ისე შეიცვალა, რომ განმახორციელებელი არ იყო ინფორმირებული და რაც მთავარია, პაციენტმა ვერ მიიღო დაფინანსება იმ პირობებში, როდესაც ამის სრული უფლება ჰქონდა, შესაბამისად დაირღვა პაციენტის უფლებები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალების თანახმად, 10.01.2020წ. პაციენტი ე. ჯ-ი კლინიკაში მივიდა თვითდინებით იმ მიზეზით, რომ 2 თვის მანძილზე ფიზიკური დატვირთვისას უჩიოდა ტკივილს გულის არეში. ზოგადი ანამნეზის მიხედვით დადგინდა, რომ პაციენტს აღენიშნებოდა ..., ასევე 2012 წელს გადატანილი ჰქონდა ..., რისთვისაც ჩატარებული ჰქონდა .... აღნიშნული დიაგნოზის გათვალისწინებით, პაციენტს მიეცა რეკომენდაცია ...ებაზე. პაციენტს განემარტა, რომ ოპერაციული ჩარევა უნდა მომხდარიყო გეგმიური წესით, რისთვისაც საჭირო იყო წინასწარ დოკუმენტაციის (ფორმა 100, კალკულაცია) წარდგენა სოციალური მომსახურების სააგენტოში, რომლის მიერ საგარანტიო წერილის გაცემა განხორციელდებოდა დადგენილი წესით, გარკვეული დროის განმავლობაში. საქმეში დაცული ხელწერილიდან ირკვევა, რომ პაციენტისთვის მიცემული ზემოაღნიშნული რეკომენდაციისა და გადაუდებელი ჩარევის საჭიროების არარსებობის მიუხედავად, ე. ჯ-იმა უარი განაცხადა მოლოდინის რეჟიმში ყოფნასა და სოციალური მომსახურების სააგენტოსადმი მიმართვაზე, ამასთან, მოითხოვდა სამედიცინო მომსახურების გაწევას კლინიკაში არსებული შიდა სტანდარტის შესაბამისად დადგენილი ღირებულების გადახდის სანაცვლოდ. ე. ჯ-ის მოთხოვნის გათვალისწინებით, პაციენტს იმავე დღეს (10.01.2020წ.) ჩაუტარდა ... და 13.01.2020წ. სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციებით გაეწერა სტაციონარიდან.

20.01.2020წ. ვ. ჯ-იმა განცხადებით მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს და განმარტა, რომ მამამისმა, პაციენტმა ე. ჯ-იმა, ვერ მიიღო დაფინანსება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან, რადგანაც გადაუდებელი მდგომარეობიდან გამომდინარე იძულებულნი იყვნენ სასწრაფოდ გადაეხადათ თანხა და ითხოვა ამ ფაქტის დამადასტურებელი ინფორმაციული წერილის გადაცემა, რათა დაფინანსება მოეპოვებინა სხვა სტრუქტურაში. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ ზემოაღნიშნული განცხადება რეაგირებისათვის სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მონიტორინგის დეპარტამენტს გადაუგზავნა. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 02.07.2020წ. Nს/კ649-56 შემოწმების აქტით დადგენილია, რომ შპს ,,ღ...ში“ განხორციელდა მოქალაქე ვ. ჯ-ის 20.01.2020წ. №5697 განცხადებაში მოყვანილი ფაქტის შემოწმება(კონტროლი). აქტში აღნიშნულია, რომ ბენეფიციარს განცხადებით არ მიუმართავს განმახორციელებლისათვის, აღნიშნული დადგენილების პირობებით სარგებლობაზე უარის თქმის შესახებ. შესაბამისად, მიმწოდებელს არ ჰქონდა უფლება შეეცვალა დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების პირობები. აღნიშნულიდან გამომდინარე მიმწოდებლის მიერ დარღვეულია პროგრამის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ბ“ ,,ვ“ ქვეპუნქტების და 23-ე მუხლის 29-ე პუნქტის მოთხოვნები, რის გამოც მიმწოდებელს (შპს ,,ღ...ს“), პროგრამის მე-19 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, დაეკისრა ფინანსური ჯარიმა სახელმწიფო პროგრამით ასანაზღაურებელი თანხის ღირებულების (2100 ლარი) სამმაგი ოდენობით, რომელიც შეადგენს 6300 (2100x3) ლარს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილების 19.9 მუხლის თანახმად იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელმა პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებაზე უარი განუცხადა პროგრამის მოსარგებლეს, ან მომსახურება გაუწია დაგვიანებით (მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გარდა), ან არასრულად, ან არაჯეროვნად, მიმწოდებელი იხდის ჯარიმას გასაწევი/გაწეული მომსახურებისთვის განმახორციელებლის მიერ პროგრამით ასანაზღაურებელი/ანაზღაურებული თანხის ღირებულების სამმაგი ოდენობის სახით. მოცემულ შემთხვევაში კლინიკა სწორედ ზემოაღნიშნულ მუხლზე მითითებით დაჯარიმდა. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნულ მუხლში მითითებული ჯარიმის დაკისრების წინაპირობები მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ იყო, კერძოდ, მიმწოდებელს მომსახურების გაწევაზე უარი არ განუცხადებია პაციენტისათვის, ხოლო სამედიცინო მომსახურების არასრულფასოვნად ან/და არაჯეროვნად შესრულებასთან დაკავშირებით რაიმე სახის პრეტენზია მხარეების მიერ არ გაცხადებულა. კლინიკის დაჯარიმების საფუძვლად ადმინისტრაციული ორგანო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ბენეფიციარს განმცხადებლისათვის არ მიუმართავს განცხადებით დადგენილების პირობებით სარგებლობაზე უარის თქმის თაობაზე. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პაციენტმა ნების თავისუფალი გამოვლენით, ყოველგვარი ძალდატანებისა და ზეგავლენის გარეშე, თავად გამოთქვა სურვილი მომსახურების ღირებულების გადახდასთან დაკავშირებით, მას ჰქონდა სრულყოფილი ინფორმაცია თუ როგორ უნდა მომხდარიყო გეგმიური ქირურგიის დაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან. მან ხელწერილით განაცხადა უარი სოციალური მომსახურების სააგენტოში გეგმიური მომსახურების მიმართვის ელექტრონულ მოდულში დოკუმენტაციის ატვირთვაზე და იმაზეც, რომ ყოფილიყო მოლოდინის რეჟიმში. საფუძველსაა მოკლებული კასატორის მოსაზრება დაფინანსების მიუღებლობის გამო პაციენტის უფლებების დარღვევის თაობაზე, ვინაიდან პაციენტმა საკუთარი სურვილით თქვა უარი საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული წესით დაფინანსების მიღებაზე. დაუშვებელია მხარის რეალური ნების იგნორირება, თუ არ არის საკმარისად დიდი ალბათობა იმისა, რომ მხარე თვალთმაქცობს ან ცდება თავისი ნების გამოხატვაში (იხ. სუსგ 18.17.2018წ. Nბს-854-846(კ-16)). განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება ისეთი გარემოებების არსებობა, რომელიც მიუთითებს ნების გამოვლენის ნაკლზე.

რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილების 23-ე მუხლის 291 პუნქტის დარღვევის თაობაზე, მითითებული მუხლის თანახმად ბენეფიციარს შეუძლია უარი თქვას აღნიშნული დადგენილების პირობებით სარგებლობაზე, რისთვისაც მან განცხადებით უნდა მიმართოს განმახორციელებელს. უარის თქმის შემთხვევაში, იგი კარგავს უფლებას ისარგებლოს ამ უკანასკნელი დადგენილებით განცხადებით მომართვიდან ერთი კალენდარული წლის განმავლობაში. საკასაციო პალატა ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმა მავალდებულ მოთხოვნას ადგენს პაციენტის და არა კლინიკის მიმართ. პაციენტის ქმედება შეიძლება გახდეს მისთვის ერთი კალენდარული წლის განმავლობაში N36 დადგენილებით სარგებლობის უფლების დაკარგვის და არა სამედიცინო დაწესებულების დაჯარიმების საფუძველი. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კლინიკის მიერ არ მომხდარა ე. ჯ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების მოთხოვნის წარდგენა განმახორციელებლისათვის, ამდენად, არ დასტურდება კლინიკის მიერ განმახორციელებლისათვის ფინანსური ზიანის მიყენების ფაქტი.

საკასაციო პალატა მიუთითებს სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველ წინადადებაზე, რომლის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივების უარმყოფელ სამართლებრივად დასაბუთებულ არგუმენტაციას. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეამოწმა საკასაციო საჩივრის ფარგლებში, რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო პრეტენზია უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.03.2022წ. განჩინება;

3. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (ს/კ 205035120) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 28.04.2022წ. N02484 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: გ. გოგიაშვილი

თ. ოქროპირიძე